Home რუბრიკები პოლიტიკა “სააკაშვილის მოწმეები” და მათი 13 მცნება

“სააკაშვილის მოწმეები” და მათი 13 მცნება

582

15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სახელობის ტოტალიტარულმა სექტამ საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. როდესაც საგანგებო მზადებისა და მობილიზაციის შემდეგ რუსთაველზე იმდენ მხარდამჭერს ვერ გამოიყვან, რამდენიც “ძველ ოპოზიციას” ექსპრომტად, ასე ვთქვათ, “ცალი ხელით” გამოჰყავდა, მრავლისმნახველი ქართული აუდიტორიის გაკვირვების პრეტენზია, ალბათ, არ უნდა გქონდეს. ამ აქციის შემდეგ, სავარაუდოდ, დასრულდება კონსპიროლოგიური მონოლოგები მოსალოდნელ “ერთიან ნაციონალურ მაიდანზე”, რადგან ამ ძალებით დედაქალაქის პარალიზებას ნამდვილად ვერ მოახდენენ; მაქსიმუმ, ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შტურმი მოაწყონ (პოტენციური მხარდამჭერების დასახსნელად).


თუმცა აქციის მონაწილეთა მოკრძალებული რაოდენობა ამ შემთხვევაში მეათეხარისხოვანია. მისი მთავარი შედეგი კი ისაა, რომ არც ერთი სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აშკარა სატელიტების გარდა, “ნაცმოძრაობას” სათოფეზე არ გაეკარა და “ანექსიასთან ბრძოლის” საქმეში მასთან თემატური თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს. ამ თვალსაზრისით, ყოფილმა მმართველმა პარტიამ იზოლაციის გარღვევა ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ნებისმიერი “მაიდნის” თუ “ფერადი რევოლუციის” ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის ფართო ტაქტიკური ალიანსი იზოლაციაში მოქცეული, კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთი იზოლირებული პარტიის მიერ მოწყობილი “მაიდანი” ჯერ არავის უნახავს. გასულ შაბათს ნათლად გამოჩნდა, რომ “ნაცმოძრაობა” მარტოდმარტოა და მასთან მიახლოებას არავინ აპირებს. ის იზოლირებულია, როგორც ტოტალიტარული სექტა, რომელიც პირველ წინადადებაში ვახსენეთ და, ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ 15 ნოემბრის შემდეგ სოციალურ ქსელებშინაცმოძრაობას” “სექტასგაცილებით ხშირად უწოდებენ, ვიდრე წინა თვეებში და აქ საქმე, სავარაუდოდ, არა მხოლოდ იმ კვაზირელიგიურ ექსტაზშია, რომლის არაერთი გამოვლინება 15 ნოემბერს ვიხილეთ. “ნაციონალები” თვლიან, რომ ეს შედარება შეურაცხმყოფელია, თუმცა მას საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს. უცხოელმა მეცნიერებმა და სამართალდამცავებმა ტოტალიტარული სექტების შესწავლას საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დაახარჯეს და შესაძლებლობა მოგვცეს, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ 13 პუნქტი, რომელიც ამ ფართოდ გავრცელებულ მეტაფორას ნამდვილად ამყარებს:

1) ჯგუფის წევრები მორჩილად ემსახურებიან ლიდერს და მის სიტყვებსა და ქმედებებს ეჭვქვეშ არ აყენებენ;

2) ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ჯგუფს და ლიდერს, აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც სხვებისგან გამოყოფს და მათზე მაღლა აყენებს;

3) ჯგუფის წევრები საკუთარ თავს ჭეშმარიტებას ნაზიარები ელიტის წარმომადგენლებად თვლიან, დანარჩენებს კი _ შემცდარ ბრბოდ, რომელიც ჯიუტად ეწინააღმდეგება იმას, რომ ჯგუფის წევრებმა გადაარჩინონ (იხსნან);

4) განსხვავებული შეხედულებების მატარებელნი არ განიხილებიან, როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები, არამედ მხოლოდ როგორც მარიონეტები, რომელთა უკან ლამის დემონური ბუნების მქონე ძალები დგანან;

5) ჯგუფის ლიდერი არავითარ შემთხვევაში არ განიხილება როგორც წარუმატებლობის პირველწყარო; პრობლემების მიზეზად არასაკმარისი რწმენა და საზოგადოების ზოგადისიბნელეგანიხილება;

6) ლიდერს ზებუნებრივი ძალების რჩეულად მიიჩნევენ (ჩვენს პოლიტიკურ მითოლოგიაში ამ როლს აშშ-ს ხელისუფლება და აბსტრაქტული “,დასავლეთი” ასრულებენ);

7) შიდა დისციპლინა, ჯგუფის წევრების კონტაქტები გარე სამყაროსთან მკაცრად კონტროლდება, მუშაობს თვალთვალისა და დასმენის მანქანა, მიზანმიმართულად ინერგება აზრი, რომ ლიდერმა ყველაფერი იცის;

8) ახალი წევრების მოზიდვისა და ძველების შენარჩუნებისთვის გამოიყენება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური ტექნოლოგიები (ის, რასაც პროპაგანდის მიმართ “ტვინის გამორეცხვას” უწოდებენ) და დამორჩილების სხვა საშუალებები;

9) ჯგუფის წევრები გამუდმებით ცდილობენ, გაამარტივონ სამყაროს სურათი და ურთულესი პრობლემები მარტივი სქემების ფარგლებში (“შავითეთრი”, “სიკეთებოროტება”) მოაქციონ;

10) ჯგუფის წევრებს ახასიათებთ მუდმივი, მიზანმიმართული სწრაფვა შემოსავლის ნებისმიერი წყარო ჯგუფის (და ამავე დროს პირად) ინტერესებს დაუქვემდებარონ;

11) განდგომილები განიხილებიან, როგორც დამნაშავეები (ცოდვილები), რომელთა დასჯა ჯგუფის ნებისმიერი წევრისწმინდამოვალეობაა;

12) ჯგუფის წევრები რეგულარულად, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უადგილოდ, იმეორებენ მოკლე, იოლად დასამახსოვრებელ ტექსტებს, ერთგვარ მანტრებს, რომლებიც მედიტაციის საშუალებას წარმოადგენს და სიხარულსაც ანიჭებთ (“მიშა მაგარია” და ა. შ. განხილულ შემთხვევაში ყურადღება, ალბათ, იმაზეც უნდა გავამახვილოთ, რომ არსებობს სიძულვილის მობილიზაციაზე ორიენტირებული ფორმულებიც, მაგალითად, “რუსეთი-რუსეთი-რუსეთი…”, “პუტინის ოლიგარქი და ჰაკიმ-ფაშა” და სხვ.);

13) ლიდერის ბრძანება ჯგუფის წევრებისთვის კანონზე და ნებისმიერ სხვა შემზღუდავ ნორმაზე მაღლა დგას.

ასე რომ, ალბათ, მაინც არსებობს საფუძველი, რომ “ნაცმოძრაობა” ტოტალიტარულ სექტას შევადაროთ და დროდადრო “სააკაშვილის მოწმეებად” მოვიხსენიოთ. სხვათა შორის, თავად ფიგურანტმა თავის ვიდეომიმართვაში სცადა, იზოლირებულობა არა საკუთარ ჯგუფთან, არამედ მოწინააღმდეგესთან დაეკავშირებინა (პიარში აპრობირებული ხერხია): “ ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენს საქართველოს მეგობართა დიდი არმია ჰყავს; ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო – ამაყი, ღირსეული, განსაკუთრებული ქვეყანა”. თუ პოლიტიკაზე ვისაუბრებდით, ალბათ, ვიტყოდით, რომ ეს საზოგადოების გახლეჩისა და სამოქალაქო ომის რიტორიკაა, მაგრამ ვინაიდან კვაზირელიგიაზე ვმსჯელობთ, ყველაზე საინტერესო აქ, ალბათ, ის პარალელური, წარმოსახვითი საქართველოა, რომელშიც სააკაშვილის მიმდევრები ცხოვრობენ. როგორც ჩანს, იმ საქართველოში მიწაზე ხოხვა ჰალსტუხით კბილებში სიამაყისა და ღირსების უტყუარი ნიშანია, ხოლო პატიმრების გაუპატიურება, სავარაუდოდ, _ განსაკუთრებულობის უმაღლესი გამოვლინება. ეს სხვა სამყაროა, სხვა განზომილება, სააკაშვილის მოწმეთა “სხვა საქართველო”, რომლის შესწავლისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ბინადრებს განსხვავებული ლოგიკა, მოტივები თუ ეთიკის კოდექსი აქვთ. ჰოლივუდურ ფილმებში (რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხდება), რომელიც სამართალდამცავების და ტოტალიტარული სექტების წარმომადგენლების ურთიერთობას ასახავს, ერთ-ერთი საკვანძო იდეა შემდეგია: არ შეიძლება გაშიფრო სექტანტების მოტივები, თუ მათ მიკრო-სამყაროს კარგად არ შეისწავლი _ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, შაბლონუმა მოქმედებებმა შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაგაშვებინოს. “ნაცმოძრაობასთან” დკავშირებით, ალბათ, არა უბრალოდ პოლიტიკაზე, არამედ ძნელად გასაშიფრ, კვაზირელიგიური იმპულსებით დამძიმებულ, სხვა “პარალელურ პოლიტიკაზე” უნდა ვიმსჯელოთ.

დღეს ხშირად საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს ყველა ვიდეოფირი, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის წლებში პატიმრების თუ სხვა პირების არაადამიანურ წამებას ასახავს. პირადად მე ამას მხარს ვუჭერ (ცხადია, მსხვერპლთა ანონიმურობა დაცული უნდა იყოს), რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდებოდა მის თავს 9 წლის განმავლობაში. კონსტიტუციის ოცდამეოთხე მუხლის შინაარსი (ინფორმაციის თავისუფალი მიღება და სხვ.) და ზოგადი სულისკვეთება, ალბათ, უფრო ფირების გასაჯაროებისკენ გვიბიძგებს, ვიდრე დამალვისკენ. მაგრამ, ამავე დროს, არ ვეთანხმები იმ კომენტატორებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ფირების გასაჯაროების შემდეგ “ნაცმოძრაობის” ბევრ მხარდამჭერს “თვალები აეხილება” და თავის ბელადს თუ “გურუს” ზიზღით დაშორდებიან. უკვე გამოქვეყნდა საკმარისი რაოდენობის დოკუმენტი იმისთვის, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ 2003-12 წლებში საქართველოს სადისტური, არსებითად ფაშისტური რეჟიმი მართავდა, რომლის შემდეგაც “ნაცმოძრაობის” არაერთი ყოფილი მხარდამჭერი შეძრწუნდა და გაეცალა მას. მაგრამ მათზე, ვინც სააკაშვილთან დარჩა, ამ ფირების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ისინი უკვე გადასახლდნენ “პარალელურ საქართველოში”, სადაც ლოგიკის თუ ზეობის კანონები ფრიად განსხვავებულია.

ამ კონტექსტში შეგვიძლია, გავიხსენოთ ცნობილი “აუმ სინრიკე” _ მას შემდეგ, რაც მისმა თავკაცმა სეკო ასაჰარამ ტოკიოს მეტროში გაზის (ზარინის) გაშვების ბრძანება გასცა, რომელსაც ათობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ათიათასკაციანი ტოტალიტარული სექტის წევრების ნახევარმა (ესეც _ დაახლოებით, ექსპერტების შეფასებები განსხვავებულია) მისი რიგები დატოვა. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ დაახლოებით 5000 იაპონელი ასახარას ერთგულ მიმდევრად დარჩა! ნორმალური ადამიანისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება გაამართლო უბინძურესი ტერორისტული აქტი, მაგრამ სექტის დახშულ სივრცეში, ასახარას “პარალელურ იაპონიაში” (საინტერესოა, ამაყს უწოდებდნენ თუ ღირსეულს?), როგორც ჩანს, ესეც შესაძლებელი იყო. შემდეგ დაიწყო “აუმ სინრიკეს” ნელი კვდომის პროცესი, თუმცა დღესაც კი ის სხვადასხვა შეფასებით 500-დან 1500-მდე მიმდევარს ითვლის, რომელთაც ნებისმიერი ვიდეოს გასაჯაროება პოზიციას, სავარაუდოდ, არ შეაცვლევინებს.

ეს უცნაური კანონზომიერება არაერთი დასავლური ტოტალიტარული სექტის ისტორიაში ჩაიწერა. მას შემდეგ, რაც მისი წევრები შეიტყობდნენ, რომ მათი გურუ ბანალური ქურდი ან, მაგალითად, პედოფილია, წევრთა ნახევარი ტოვებდა ჯგუფს, მაგრამ ნახევარი ჩადენილი დანაშაულის გამართლებას პოულობდა და მის რიგებში რჩებოდა. მთავარი პრობლემა კი (მათთვის) ის იყო, რომ ამის შემდეგ ახალი წევრების ნაკადი მკვეთრად მცირდებოდა და იწყებოდა ჯგუფის აგონიის ნელი, დროში გაწელილი პროცესი.

საქართველო (ამ დონეზე მაინც) სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იწამოს ის, რაც გაუხარდება, გამოაცხადოს მიხეილ სააკაშვილი მესიად, ახალაია და მერაბიშვილი _ მის წამებულ მოციქულებად, ხოლო მეგის ქარდავა _ წინასწამეტყველად. კანონი ამას არ კრძალავს და, ვიდრე ქვების სროლას არ დაიწყებენ, შეუძლიათ, გააკეთონ ის, რაც მოეხასიათებათ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ჯგუფი იზოლირებულია, არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს, ხოლო მისი კვდომის პროცესს, რომელიც სავსებით ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარეობს, სავარაუდოდ, ვერაფერი შეაჩერებს. ალბათ, ეს კარგი მომენტია იმისთვის, რომ დავიწყოთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ეგზოტიკური კვაზირელიგიური სექტის, საფუძვლიანი შესწავლა, ხოლო პოლიტიკის კონტექსტში მასზე აღარ ვისაუბროთ, რადგან ის მის ფარგლებს აშკარად გასცდა და მიხეილ სააკაშვილის სახელობის პარალელურ საქართველოში გაიჭრა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here