Home რუბრიკები საზოგადოება ღმერთო გვიშველე…

ღმერთო გვიშველე…

729

თავისუფლების წყარო დამოუკიდებლობიდან იღებს სათავეს, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება არ ნიშნავს თავისუფლებას. მთავარი მაინც არის ის, რას ემიჯნები და რისგან ხდები დამოუკიდებელი. სხვადასხვაა ქვეყნისა და ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ქვეყანას საკუთარი თავი თუ თვითონ ეკუთვნის (როგორც ილია ბრძანებდა “მგზავრის წერილებში”), მაშინ ის დამოუკიდებელია, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში პიროვნება შეიძლება სულაც არ იყოს თავისუფალი, მიუხედავად იმისა, მას ეს უფლება კანონით აქვს თუ არა გარანტირებული. თუ ადამიანის ბუნება მიდრეკილია გაუცნობიერებელი ვნებების მორჩილებისკენ, ვერანაირი კანონი და თავისუფლების ქადაგება ვერ იხსნის მას მონობისგან.


შეიძლება არც ისე სასიამოვნო შედარება იყოს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი “ქართული თავისუფლება” ეზოში დაბმული ძაღლის ყოფას მაგონებს. ძაღლს დღისით აბამენ, საღამოს კი აუშვებენ ხოლმე და მთელი დღის განმავლობაში სივრცეშეზღუდული ძაღლი “თავისუფლებას” რომ იგრძნობს, დარბის, ღობე-ყორეს ედება და ასე ხარჯავს მოზღვავებულ ენერგიას. მერე ბეზრდება ეს უაზრო მოძრაობა და დუნდება. ღამით ძაღლს არ აჭმევენ და გამთენიისას, რომ მოშივდება, თვითონ მიდის დასაბმელთან, რადგან ინსტიქტით ხვდება, რომ იქ საკვებს მიუტანენ.

ზემოთ “ქართული” თავისუფლება ვახსენე, მაგრამ აქვე ვსვამ კითხვას _ არის კი სხვაგან ადამიანის თავისუფლების პრობლემა უფრო ჰუმანურად გადაწყვეტილი? ვეჭვობ, არა! ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში “ძაღლს” უფრო გრძელი ჯაჭვით აბამენ და როცა აუშვებენ, იმდენს არ ირბენს, რამდენსაც ჩვენებური “ძაღლი”, რადგან თავიდანვე უფრო ვრცელი არეალი ჰქონდა დათმობილი და, შეზღუდულობის განცდა ნაკლებად აწუხებს. ამგვარი თავისუფლება იმედგაცრუების დამთრგუნველი განცდით შერყეული პროტესტის ტალღებზე იწყებს ქანაობას. თავისუფლებამ ვერ იკმარა მატერიალური კეთილდღეობა. დემოკრატიული სამყარო კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მიწიერი ბედნიერება და ადამიანის თავისუფლება მეტწილად მატერიალურ კეთილდღეობაზეა დაფუძნებული და ყველაფერს აწესრიგებს პური და სანახაობა. თანამედროვე სამყარომ თავისუფლებას შინაარსი შეუცვალა და ადამიანები მიუშვა იმ ვნებების დაკმაყოფილებისაკენ, რომლებიც მათ თავიანთი დაცემული ბუნებისგან მოსდგამდათ. ამ გზით თუ ვივლით, ყველაფერი მარტივია და აღარ გვჭირდება ეგოიზმისგან თავის დაღწევა, მანკიერი ჩვევებისგან გათავისუფლება, თავის დაცვა არასწორი წარმოდგენისა და ამპარტავნობისგან. არადა, სრულყოფილ პიროვნულ თავისუფლებას სწორედ სულის ამ მომაკვდინებელ ჩვევებთან ბრძოლაში უნდა მოვიპოვებდეთ. თავისუფლების არსის თანდათანობითი შეცვლა და მისი გადაყვანა მიშვებულობის შენიღბულ კალაპოტში, კარგა ხანია, მიმდინარეობს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ბევრი რამ, რაც აქამდე მიუღებელი იყო ჩვენს საზოგადოებაში, დღეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მანკიერებაა, აგრეთვე, სხვათა ჩვევების განუსჯელად აყოლა. ჩვენი ახალგაზრდობა, ქალაქში თუ სოფლად, დახეულ ჯინსს იცვამს. ასეა ევროპაში და აქაურებიც ბაძავენ მათ. ერთი შეხედვით ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ ევროპას მობეზრდა ახალი, დაუხეველ-დაუკერებელი ტანსაცმლის ჩაცმა, მოყირჭდა სიმდიდრე და, ფუფუნებამ სულიერი სიმშვიდე რომ ვერ მოუტანა, პროტესტის ნიშნად სიმდიდრეს მოგონილი სიღატაკე დაუპირისპირა. ჩვენს ახალგაზრდებს და მათ მშობლებს არ გაუვლიათ ფუფუნებით მოყირჭების პერიოდი, არ გაუცვეთიათ ახალი ტანსაცმელი, ევროპიდან შემოტანილი ე. წ. მეორადებით შეიმოსნენ და როგორ უნდა მიბაძონ ევროპელებს?

ეს სიტუაცია მაგონებს მარულაში შეჯიბრისას ერთი წრით ჩამორჩენილ მხედარს, რომელსაც ხელმეორედ დაეწივნენ და ასე საქილიკოდ აღმოჩნდა მოწინავეთა რიგებში.

არაბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნა სულიერად ამახინჯებს ადამიანს და ის უნებურად კარგავს პიროვნულ თვისებებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ორ ათეულზე მეტი წელი გავიდა. ისტორიისთვის ეს წამიც არ არის, მაგრამ საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ შევიცნოთ, რა გვინდა, სად მივდივართ და რატომ მივდივართ იქ, სადაც მივდივართ. ჩვენ ამ კითხვათაგან არც ერთის პასუხი არ გვაქვს: არ ვიცით, რა გვინდა, არ ვიცით, სად მივდივართ და არც ის ვიცით, რატომ მივდივართ იქ, სადაც თითქოსდა მივდივართ.

დიდი სურვილი გვაქვს, კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამას. გვინდა, ერთ მუშტად შეკრული, ერთსულოვანი ხალხი ვიყოთ, მაგრამ ვერ ვაღწევთ ერთსულოვნებას, რადგან ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები თვითონვე ჩავხერგეთ მტრობით, შუღლით, გაუტანლობითა და სიძულვილით. დაქუცმაცებული ვართ პარტიულ ჯგუფებად და ყველა ჯგუფი ცდილობს, თავის გარშემო სხვების გაერთიანებას.

ჩვენ დავანგრიეთ აშენებული და ახალი არ ავაშენეთ. მიწასთან გავასწორეთ ფაბრიკაქარხნები, კაპიკებად გავყიდეთ ძვირად ღირებული დანადგარები. აგურებად დავშალეთ შენობები და ახლა იმაზე ვწუწუნებთ, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, რომ თავის გატანის არანაირი საშუალება არ არსებობს. სამაგიეროდ, ჯერაც გვაქვს იმედი ღვთისგან ვინმე მხსნელის მოვლინებისა, რომელიც იქნება ძალიან მდიდარი და ხალხს გულუხვად ჩამოურიგებს დოლარებს. ამ იმედით მოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე: ბუშს, გენშერს, ბეიკერს იცნობს და დოლარებში გვაბანავებსო. მან კი თავისი კლანი გაამდიდრა, ხალხი კი სისხლში აბანავა.

ჩვენ (ხალხმა) რამდენიმეჯერ ჩავატარეთ არჩევნები და, პირველის გარდა, ყოველთვის დავმარცხდით. დავმარცხდით მაშინაც, როცა თავი გამარჯვებული გვეგონა, ვინაიდან, ვინც ერის წინამძღოლად წარმოგვიდგინეს, “არაქართულად იყო გაწვრთნილი”.

მაცხოვარი სიკეთის მარცვალს ღარიბებში ეძებდა. ღარიბებს არ აქვთ ქონება, მაგრამ შერჩენილი აქვთ გულწრფელობა და თავმდაბლობა; მათში უფრო იპოვება ის ღვთიური სულიერი საგანძური, სოფელს კი არ უყვარს ჭკვიანი ღარიბი. ფიქრობენ, ჭკუა რომ ჰქონდეს, მდიდარი იქნებოდაო. პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და ლამის მთელი საქართველო აიყოლია, ფიქრობდნენ, მილიარდერია და გვიშველისო. მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ის გახდამხსნელი და გადამრჩენი”. მაინტერესებს, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, უარს იტყოდა თანამედროვე რაინდიძე მისი ქალიშვილის შერთვაზე? მართალია, სოლომონ ისაკიჩი ლიტერატურული პერსონაჟია, მაგრამ იმნაირი კაცი, თავისი მილიონებით დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა, უეჭველად გახდებოდა პრეზიდენტი ან პრემიერი. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია.

უცნაურიაჩვენეულიმონანიებაც

საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოაკვლევინეს (სულერთია!), ამით უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეს ღვთისა და ერის წინაშე. ისინი, ვინც მას ებრძოდნენ, ახლა ურცხვად ამბობენ, შევცდით და მოვინანიეთო. თურმე რა ადვილი ყოფილა ცოდვისგან განთავისუფლება… ტელევიზიით იტყვი, _ მოვინანიეო და მორჩა! შეგიძლია ისევ ჭკუის მასწავლებლად მოევლინო ხალხს, ისევ იბობოქრო და სხვები აკრიტიკო, ერთი სიტყვა “მოვინანიეო” რომ წამოგცდა, ამით ცოდვა მოგეხსნა და უკვე “განწმენდილს” შეგიძლია თავაწეული დადიოდე, არაფრის გრცხვენოდეს და არავის გერიდებოდეს.

ღმერთო, გვიშველე! შენ მოგვმადლე საკუთარ ცოდვებზე გლოვის ნიჭი, მონანიების ნიჭი, საკუთარი სულის დანახვის ნიჭი და ბევრი სხვა ღვთიური ნიჭი, რომლებიც ჩვენში მოვაკვლევინეთ სატანას ამპარტავნობისა და მედიდურობის სანაცვლოდ.

რატომ გვინდა, ასე ნეტარებით ვიცხოვროთ ჩვენ მიერ გამოგონილ ილუზიურ სამყაროში? რატომ ვეძებთ მეგობრებში მტრებს და მტრებში მეგობრებს?

იქნებ ეჭვისა და უნდობლობის ჭია შეეპარა ამ სტრიქონების ავტორს და რეალობის აღქმის უნარი აღარ აქვს? გამორიცხული არაფერია, მაგრამ რა ვქნა, როცა ვერ ვხედავ მეგობარ ქვეყნებს ჩემი ქვეყნის გარშემო? რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო თუ ჩამოგვაჭრა, “მეგობარ” თურქეთს რატომ არ ვეუბნებით, რომ არტანუჯი, ტაო-კლარჯეთი და ტრაპიზონის მხარე დაგვიბრუნოს?

საინგილო რატომ შევატოვეთ აზერბაიჯანს ან რად გავჩუმებულვართ სომხური აგრესიის წინაშე?

“მეგობარი” ევროპა და აშშ რატომ ნერგავს ჩვენს საზოგადოებაში გარყვნილებასა და უზნეობას? რატომ ებრძვის ჩვენს ტრადიციებსა და ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენას, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნულობა და მეობა?

ცხადია, ყოველ მათგანს თავისი ინტერესები ამოძრავებს. ჩვენ კი რატომ უნდა დავუკრათ კვერი ყველაფერზე, რატომ უნდა ვთქვათ ყოველგვარ შემოთავაზებაზე თანხმობა?

ჩვენი რომ გავიტანოთ, ამისათვის მეტი სიმტკიცეა საჭირო, მაგრამ როგორ ვიქნებით მტკიცენი, როცა ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ დაგვილაგებია, ერთი დედ-მამის შვილები ვერაფერში მოვრიგებულვართ და მუდმივად ომის, დავა-კამათისა და აურზაურის რეჟიმში გვიხდება ცხოვრება?

ჩვენი უბედურება ურთიერთდაპირისპირებაა, რომელიც შორეული წარსულიდან მოდის და ჯერაც არ დამთავრებულა. სხვადასხვა ეპოქაში ჩვენ ერთმანეთს ვუჩიოდით რომში, თეირანში, კონსტანტინეპოლში, მერე სტამბოლში, კრემლში და ახჰლა კი ვაშინგტონსა და სტრასბურგში დავრბივართ…

სხვისი ქვეყნის ძლიერებისთვის კი, მოგეცათ ლხენა, თავი არ დაუზოგავთ ქართველებს, სამშობლოს კი ცოტანი თუ გამოადგნენ. გავიხსენოთ შაჰაბასის კარზე უნდილაძისა და სააკაძის ღვაწლი, ეგვიპტეში _ მამლუქები, რუსეთში _ პეტრე ბაგრატიონი, სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია და სხვანინიჭიერება არ გვაკლია, მაგრამ შეგვიძლია, პირველკაცობისთვის ბრძოლას შევწიროთ ყველაფერი და ვიყოთ უკიდურესობამდე დაუნდობელნი.

თავისუფლება და დამოუკიდებლობა, უწინარესად, ფიქრისა და განსჯისთვის უნდა გამოგვეყენებინა. ვითარდებიან ისინი, ვინც წარსულის შეცდომებს არ იმეორებენ. ჩვენ არაფერი გავითვალისწინეთ, ისევ ისა ვართ, რაც ოდეს ვიყავით: გათითოკაცებულნი, ერთმანეთს დაპირისპირებულნი, მოყვასის წარმატებით დაბოღმილნი. ლექსები, სიმღერები, ანდაზები კი მავნე ჩევების უარმყოფელი გვაქვს. ვმღერით სიყვარულზე და გულში სიძულვილი გვაქვს ჩაკირული, სიკეთეს ვქადაგებთ და ქმედებით საპირისპიროს ჩავდივართ. წარამარა გავიძახით, ღმერთი ჩვენთან არისო, მაგრამ იმას ვერ ვხედავთ, რომ დიდი ხანია, ის აღარ არის ჩვენთან. ვერა ვგრძნობთ, რომ ბნელი ძალების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით. სატანა მიდის იქ, სადაც ღმერთი არ ეგულება.

აშკარაა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ სასტიკი ომია გაჩაღებული. ჩვენ ამ ომისათვის ცუდად ვართ მომზადებული. არ მინდა, ვინმე განვსაჯო, მხოლოდ მხილების უფლებას მივცემ საკუთარ თავს. ვწუხვარ, რომ ჩემსავით ცოდვილია ჩვენი მოძღვრების გარკვეული ნაწილი და არ ვიცი, აქვს თუ არა მადლი ცოდვილის მიერ დალოცვილ ცოდვილს. ჩვეულებრივი მოკვდავი კი არა, თვით წმინდანებიც ჩიოდნენ ამ ვითარებაზე. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ახალგაზრდობაში წერდა: “მინდოდა, წინამძღვარი მყოლოდა, მაგრამ ვერსად ვპოვე ისეთი, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებდა”… წმინდა ეგნატეს, ეტყობა, სხვა სატკივარი აწუხებდა. მას, ალბათ, ზოგიერთი მოძღვრის განათლების დონე არ აკმაყოფილებდა, ჩვენს სინამდვილეში კი აღნიშნულთან ერთად სხვა პრობლემებმაც იჩინეს თავი. მატერიალური უზრუნველყოფისკენ სწრაფვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ეკლესიის შიგნითაც. სამწუხაროდ, თუ ძალიან მოინდომებთ, ლუარსაბ თათქარიძეს მიაგნებთ მოძღვრის ანაფორაში. ნუთუ, ადამიანები მხოლოდ ამ სოფლისთვის არიან შექმნილნი და მხოლოდ იმ საგნებისთვის ზრუნავენ, რომლებსაც ვეღარ წაიღებენ კუბოს კარს იქით. რა შერჩება სულს, ხორცთან გაყრის შემდეგ? _ ამ კითხვაზე პასუხი იპოვება მხოლოდ სახარებასა და წმინდა მამების წერილებში, რომლებსაც ზერელედ კითხულობენ წარმავლობის მოჩვენებით სიამტკბილობას გამოდევნებული ნაყროვანი მამები (ღმერთმა დაგვიფაროს, ყველანი ასეთები იყვნენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ არიან ასეთებიც). მართალია, უარყოფით მოვლენებზე რეაგირებას ხშირად ახდენს ქართული ეკლესია, მაგრამ ეს რეაგირება ისე სუსტი და უნიათოა, მხოლოდ მოვალეობის მოხდის საშუალებად თუ გამოადგებათ. ვაჭრობა სულიერი მოძღვრების საქმე არ არის. მაცხოვარმა თვითონ გამოყარა საყდრიდან მოვაჭრენი, სულიერი მოძღვრები შემოწირულობებით უნდა კმაყოფილდებოდნენ. არ უნდა იყოს შეჯიბრება, ვის უფრო ახალი და ძვირად ღირებული ავტომანქანა ეყოლება. გადაადგილების თანამედროვე საშუალება ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ ის უნდა იყოს მხოლოდ გადაადგილების საშუალება და არა კმაყოფილებისა და სიხარულის მომნიჭებელი ნივთი. ხალხის თვალში სისადავემ და უბრალოებამ უნდა გამოარჩიოს სულიერი მოძღვარი. მაცხოვარი ჯორით ჩავიდა იერუსალიმში. მართალია, მაშინ “ჯიპები” არ იყო, მაგრამ ძე ღვთისას განა გაუჭირდებოდა გამორჩეული ბედაურის პოვნა?

კაცობრიობას სულიერი გაკოტრების ხანა დაუდგა. ეს თვალნათლივ ჩანს თანამედროვე ევროპაში, საითაც ჩვენ თვალდახუჭული და გონდაკარგული მივემართებით. იქ კი გააფთრებით ებრძვიან მართლმადიდებლობას, ვინაიდან მართლმადიდებლური რწმენა ზღუდავს თავისუფლების ნიღბით მოარულ თავაშვებულებას. მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შეიძლება იმის გაგება, თუ რა იტვირთა ქრისტემ კაცობრიობის გადასარჩენად. დასავლეთში კი ვერ გაუძლეს ჭეშმარიტ ქრისტიანობას, ვერ გაუმკლავდნენ მიწიერ ვნებებს და სარწმუნოებაც მოირგეს თავის ნებაზე, ხორცის დასატკბობად და სულის საზიანოდ. ნუთუ ჩვენც ამ გზას დავადექით?

დასავლეთელი პოლიტიკოსები ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს იქედნურად ეკითხებიან _ თქვენ მომავლისკენ ორიენტირებულ ქვეყანას წარმოადგენთ თუ წარსულით შეპყრობილნი ხართო. სამწუხაროდ, არავინ იძლევა სწორ პასუხს. ვერავინ ბედავს იმის თქმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წარსულიდან მოწყვეტას, არ ვაპირებთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმას. ჩვენ არ ვივლით მომავლისკენ უწარსულოდ და “თავისუფალი ევროპიდან” ყველაფერს ვერ მივიღებთ განუსჯელად. არ შევუწყობთ ხელს გარყვნილების პროპაგანდასა და გავრცელებას, რაც “სქესობრივი უმცირესობის უფლებათა დაცვის” ნიღბით უნდათ შემოგვაპარონ.

წარსულზე უარის თქმა ნიშნავს მშობლიურის განცდის დაკარგვასა და ემიგრანტული უფესვო ცნობიერების ჩანერგვას.

ასეთ მომავალს ვერავინ შესთავაზებს ჩვენს მეზობელ სომხებს და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი ისტორიით ამაყობენ დანარჩენი მსოფლიოს წინაშე, არავინ ეუბნება წარსულით შეპყრობილნი ხართო. ეს იმიტომ, რომ სომხებმა, ჩვენგან განსხვავებით, მოახერხეს ამ პლანეტაზე ერთ-ერთ უძველეს ერად წარმოეჩინათ თავი. ჩვენ კი პირიქით გავაკეთეთ: მიზანმიმართულად გავაბუნდოვანეთ კოლხეთი და იბერია. ეგრისის მნიშვნელოვან ნაწილს აფხაზეთი დავარქვით და ამ ტერიტორიაზე დასახლებულ ადიღებს ვუწოდეთ აფხაზი. ყველაფერი ეს შეგნებულად კეთდებოდა ამ არეალში კოლხური (მეგრული) კვალის წასაშლელად. ამას შედეგად მოჰყვა ის, რისი მოწმენიც ახლა ვართ. ნათქვამია: უპატრონო ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონენო. თურქეთი აჭარის მიერთებას აპირებს და ამას არც მალავს. ამ მიმართულებით გააქტიურდა ამ დიდი მუსლიმანური სახელმწიფოს აგენტურა. უკვე ყალყზე დგას ქართველი მუსლიმანობა და ქართულ მიწაზე მეჩეთების აშენებას ითხოვს. ეს აჭარის ანექსიის წინასწარი სამზადისია. აქეთ კი სომხები ეძებენ “თავიანთ დაკარგულ მიწებს” საქართველოში. მათ ახლახან და უკვე მერამდენედ დააყენეს საკითხი, ჩვენს მიწაზე “არსებული” და თითქოს ჩვენ მიერ “წართმეული” 365 სომხური ეკლესიის დაბრუნებაზე, მის კუთვნილ მამულებთან ერთად. ამდენი ეკლესია და მისი კუთვნილი მამულები კი, ალბათ, ნახევარ საქართველოს მოიცავს. ეტყობა, დაშნაკებისგან განსხვავებით, სომხეთის ეკლესიამ ქართული მიწების მითვისების მიზნით ახალი, “მშვიდობიანი” გეგმა მოიფიქრა. საქართველოს პატრიარქმა კი სომხური მხარის პრეტენზიების შესწავლა და სიმართლის დადგენა ისტორიკოსებს მიანდო. ვნახოთ, რა პასუხს გასცემენ “მოძმე” სომხებს ჩვენი მთავრობა, საპატრიარქო და IX საუკუნის იქით გასახედად თვალებდავსებული მეისტორიენი.

ჩვენს ქვეყანაში ერთბაშად უამრავმა პრობლემამ წამოჰყო თავი. ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ტრადიციული ღირებულებების მქონე აღარ არის და ტრადიციის დაცვა ჩამორჩენილობად მიაჩნია. ამდენი პრობლემების ფონზე ქართველთა მხრიდან წინა პლანზე წამოიწია მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ. უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაიგდოს თანამდებობა ხელში, როგორ გამდიდრდეს და მოიწყოს უზრუნველი ცხოვრება, როგორ გაძღეს თუნდაც გაუბედურებულ, შაგრენის ტყავივით დამცრობილ და ბუნდოვანი მომავლის მქონე ქვეყანაში.

პირველ რიგში, მე მაინც “მშივრების” იმედი მაქვს. მაძღრებს არაფერი უკეთებიათ ამ ცისქვეშეთში. მაძღარი ვერ ამოკვეთდა კლდეში ვარძიას, მაძღარი კაცი ვერ დაწერდა “ვეფხისტყაოსანს”, მაძღარი ვერ შექმნიდა ქართულ ანბანს, მაძღარნი და ნაყროვანნი ვერ მოიგებდნენ დიდგორის ომს… ისე ნუ გამიგებთ, თითქოს სიდუხჭირის მქადაგებელი ვიყო. არა და არა! უბრალოდ, ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი, მინდა, გავიმეორო: “ადამიანი ბედნიერია მაშინ, როცა მას არა აქვს სამყოფზე მეტი”. სიხარბისგან დავიცვათ სული და მაშინ გვეყვარება ღმერთი, სამშობლო და მოყვასი.

სულით მშივრები იგებდნენ ყველა ომს ამ ცისქვეშეთში!

გიორგი სიჭინავა,

მწერალი

 

1 COMMENT

  1. ერი, სათითაო კაცად იქცა,ყველა გამალებულ მარათონშია ჩაბმული, იქნებ, იმ დაწყევლილი გრანტებიდან რამე ერგოთ, დაწყევლილი იმიტომ, რომ, გრანტებს მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობის დათმობის სამაგიეროდ იძლევიან…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here