Home რუბრიკები პოლიტიკა არამკითხე პროკურორი და ეშმაკის ადვოკატი

არამკითხე პროკურორი და ეშმაკის ადვოკატი

698

ძებნილი სააკაშვილი ბოლო დროს აშკარად გამოცოცხლდა. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს სულ უფრო ხშირად აკეთებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ღონისძიებას დაესწროს. მას, სავარაუდოდ, სურს, თავი მოქმედ, აქტიურ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს და, შესაბამისად, გაამყაროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლება მას, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს და რეალურ კონკურენტს, დევნის. ამავე დროს, მთავრობის მოქმედება ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სულ უფრო გაუგებარი და ძნელად გასაშიფრი ხდება.


გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მორიგი მარცხი განიცადა _ საბერძნეთის სასამართლომ ქართულ მხარეს დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარი უთხრა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მისამართით კრიტიკა ამ დღეებში ხშირად გაისმის, მომხდარი, ალბათ, არა მხოლოდ მისი ბრალია. ახალმა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომნაციონალურ მოძრაობასდამატებითი არგუმენტები და პოლიტიკურ დევნაზე საუბრის შესაძლებლობა მისცა. მართალია, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მათ მოსაზრებებს არ იზიარებს, მაგრამ უცხოეთში სიტუაცია განსხვავებულია. ჩვენ შეგვიძლია მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ და შევეცადოთ, სიტუაციას უცხოელების თვალით შევხედოთ, არა სააკაშვილის ლობისტების, არამედ ჩვეულებრივი დამკვირვებლების თვალით.

13 ოქტომბერს შსს-მ გამოაცხადა, რომ ადამიანის მძევლად ჩაგდების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც 10 ოქტომბერს მოტყუებით შეაღწიეს რამინ გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გაიტაცეს მისი შვილი იოსებ გიორხელიძე და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. პოლიციამ ამ ეპიზოდში ძალიან კარგად იმუშავა, გატაცებული გაათავისუფლა, ოთხი პირი დააკავა და იარაღიც ამოიღო. შემდეგ ავანსცენაზე გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და ასეთი განცხადება გააკეთა: “ეს ადამიანები, ეს კრიმინალები მუშაობდნენ სოდ-ში და კუდ-ში, რომლებიც მე გავყარე, როცა დავინიშნე ორი წლის წინ. მინდა შევახსენო მოსახლეობას, თუ ვის ხელში იყო საქართველო. აი, სწორედ ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი სამინისტრო და ესენი მართავდნენ სახელმწიფოს. ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევი არის და მე ვიცი, რომ მინისტრი და სამინისტრო მუშაობს ამის თაობაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. ეს შემთხვევითი არ არის. მე ძალიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება”.

საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ მოსაზრებას, სავარაუდოდ, გაიზიარებს, მაგრამ უცხოელი დამკვირვებელი, დიდი ალბათობით, აღიქვამს ამას, როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის ირიბ (თუ არა პირდაპირ) დარღვევას, რომელიც გამსჭვალულიაკუდიანებზე ნადირობისსულისკვეთებით, რადგან პრემიერს თავისი ბრალდება კონკრეტული მტკიცებულებებით არ გაუმყარებია. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას გატაცებასთან “ნაცმოძრაობის” კავშირის თაობაზე: “ვიცი ის, რომ ხალხმა ჩაიდინა დანაშაული და ბრალდებულებს წარედგინათ შესაბამისი მუხლებით ბრალდება. ის, რომ ამ საქმის უკან დგას რაიმე პოლიტიკური დავა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. “ნაციონალური მოძრაობის” კავშირი რა შუაშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან”.

ამის შემდეგ “ნაცმოძრაობის” აქტიურმა მხარდამჭერმა, ყოფილმა პოლიციელმა გოგა ონიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ნათქვამი იყო, რომ ორი დაკავებული: “დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია ნამდვილად მუშაობდნენ კუდ-ში, მაგრამ არჩევნებამდე 3 თვით ადრე იქნენ გათავისუფლებული სამსახურიდან და გადავიდნენ ირაკლი ალასანიას პარტიაში, ხოლო ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაინიშნენ სამხედრო პოლიციაში, სადაც იმუშავეს ერთი წელი”. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ალბათ, საუბარი ორ ძირითად ვერსიაზე მოგვიწევს _ ან ამ პირებს უცებ აეხილათ თვალი და სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს გაეცალნენ, ან კიდევ ისინი ბანალურად შეაგზავნეს ალასანიასთან, როგორც აგენტები. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ალასანიას თავი მოაქვს გამოჩენილ ექსპერტად კონტრდაზვერვის დარგში, კოალიციის ფორმირების პერიოდში “საკადრო ფილტრი” ყველაზე ცუდად მის პარტიაში მუშაობდა და ამ თემაზე, თავის დროზე, რამდენიმე განცხადება გაკეთდა. ალასანიამ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ბრალდებულებს “თავისუფალ დემოკრატებთან” კავშირი არ ჰქონიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი სამხედრო პოლიციაში სწორედ მაშინ მოხვდნენ (2013-ის იანვარი), როდესაც სისტემაში ალასანიას კადრების აქტიური შემოდინება დაიწყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განხილულ პერიოდში ოპოზიციური კოალიციის საქმიანობაში ჩართულ ყველა აქტივისტს როდი უფორმდებოდა პარტიის ფორმალური წევრობა პარტბილეთის საზეიმო გადაცემით. ცხადია, გამორიცხული არ არის, რომ ონიანი ტყუის, ხოლო ალასანია სიმართლეს ამბობს, თუმცა იმის საბოლოო დადგენა როგორ, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ორი პირი სამხედრო პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი “თავისუფალ დემოკრატებთან”, ალბათ მაინც აუცილებელია.

თუმცა აქ მთავარია სხვა რამ _ პრემიერმინისტრის განცხადებები ასეთ თემებზე უნდა კეთდებოდეს მხოლოდ ფაქტებზე და არა ეჭვებზე და ვარაუდებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულები მალე ხელს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაადებენ ან ღარიბაშვილი რაღაც სხვა, საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობ ინფორმაციას ფლობს _ ჯერ უნდადაიდოსფაქტი და შემდეგ გაკეთდეს შეფასება, გამოითქვას ეჭვი ან ვარაუდი (ესეც საკმაოდ ფრთხილად, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავიდან ვერ აიცილებს ბრალდებებსნაციონალებისმიზანმიმართულ დევნაშევიწროებაზე.

რამდენიმე თვეა, შინაგან საქმეთა მინიტრი თავის ინტერვიუებში მიუთითებს იმაზე, რომნაციონალები” “მაიდანისთვისემზადებიან, ხოლო ამას წინათ მისმა მოადგილემ ლევან იზორიამრუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება 315- მუხლით, რაც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს. გადის დრო, მაგრამ შსს-ს მაღალჩინოსნების მსგავს მონოლოგებში კონკრეტიკის დოზა არ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომნაციონალებიმართლაც ემზადებიან პუტჩისთვის, დამოუკიდებელი დამკვირვებლების თვალში ყოველივე ეს, სავარაუდოდ, გამოიყურება, როგორც პოლიტიკური ოპონენტისმუდმივ ეჭვმიტანილადგადაქცევის მცდელობა ან სულაც, როგორც მესიჯინაცმოძრობისწევრების მიმართ _ “ჭკუით იყავით, თორემ შეთქმულების მონაწილეებად გამოგაცხადებთ”. ასეთი განცხადებები ხელს უწყობს “ნაციონალებს” იმაში, რომ პოლიტიკურ დევნაზე სულ უფრო ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ისაუბრონ.

“ქართულმა ოცნებამ” თავად აირჩია კანონის მკაცრი დაცვის და მასთან დაკავშირებული ეთიკის გზა. ახალმა ხელისუფლებამ არ აკრძალა “ნაცმოძრაობა” როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოითხოვდა (და ახლაც მოითხოვს). მან არ მიმართა “ნაციონალების” ტოტალურ დაპატიმრებებს და მათთვის საგანგებო ტრიბუნალი არ შეუქმნია, არ უწამებია ისინი მტკიცებულებების მოპოვებისთვის და ა.შ. ეს სწორი არჩევანი იყო და ხელისუფლებამ მას ბოლომდე უნდა უერთგულოს, გაცილებით ფრთხილი იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებაში და დაიცვას უკლებრივ ყველა, მათ შორის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო აღგვიქვამს, როგორც ველურ ტომს, რომელიც ნიღბავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას რიტორიკით კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის აღდგენაზე. თუმცა გაცილებით საშიშია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური იდეების დისკრედიტაცია, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება. გამოძიებების ნელი ტემპით, პროკურატურის უთავბოლოობით, სამართლიანობის აღდგენის ფორმით და შინაარსით უკმაყოფილო ადამიანების ნაწილი უკვე დაუფარავად ოცნებობს ხისტ მეთოდებზე, “რკინის ხელზე” და, საბოლოო ჯამში, დიქტატორზე, რომელიც “ნაცმოძრაობის” პრობლემას დღის წესრიგიდან შემჭიდროებულ ვადებში მოხსნის. ამ ფონზე, მუდმივი საფრთხის შეგრძნების პირობებში, ისეთი განცხადებები, რომლებიც ღარიბაშვილმა ადამიანის გატაცებაზე გააკეთა და ჭიკაიძის ნახევრადკონსპიროლოგიური თეორიები, მთელ რიგ ჯგუფებში ბადებს სურვილს, პროცესი სამართლებრივი, კალაპოტიდან “ნაციონალების” წინააღმდეგ მიმართული ჯიჰადის კალაპოტში გადაიტანოს. არავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილის არაადამიანურმა რეჟიმმა უამრავი ოჯახი გააუბედურა, მაგრამ თუ ეს სტიქია იმძლავრებს, საქართველო დაკარგავს შანსს ხელშესახებ პერსპექტივაში სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ყველაზე საინტერესო და, ალბათ, ყველაზე საზიზღარიც ამ ისტორიაში პოლიტიკური ქვეტექსტია. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აქვს ახალი იდეები 2016 წლის არჩევნებისთვის, გარდა იმისა, რომ კამპანია ისევ შავთეთრ ბიპოლარულ დაყოფაზე (“ჩვენ და მტრები”) დააფუძნოს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აკეთებს ღარიბაშვილი (სხვებთან ერთად) ამ მოდელის გამყარებაზე ორიენტირებულ განცხადებებს მაშინაც კი, როდესაც ამისგან თავი აშკარად უნდა შეიკავოს. რა საჭიროა ეს მუდმივი, დროში გაწელილი დემონიზაცია, მაშინ როდესაც “ოცნების” ამომრჩევლებმა ისედაც იციან, რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი? ხომ არ არის ეს 2016 წლის არჩევნებამდე 2012 წლის პრობლემატიკის ხელოვნური “მითრევის” მცდელობა? ყოფილი მაღალჩინოსნების ბნელი წარსულით სამართალდამცავები (და მხოლოდ ისინი!) უნდა დაკავდნენ, პრემიერი კი, ალბათ, აწმყოსა და მომავალზე უნდა გვესაუბრებოდეს, რომელთაგან პირველი ძალზე მძიმე, ხოლო მეორე ფრიად ბუნდოვანია.

ყოფილი მაღალჩინოსნების და, საზოგადოდ, “ნაციონალების” უფლებების დაცვა დღეს ძალზე არაპოპულარულია. ბევრ, 2003-12 წლებში აქტიურ უფლებადამცველს თუ სამოქალაქო აქტივისტს, უბრალოდ, არ შეუძლია დაძლიოს ზიზღი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ქვეყანას ამდენი უბედურება დამართეს. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას _ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციით. ვიდრე “ნაცმოძრაობა” არ არის აკრძალული, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია (ეს, დიდი ალბათობით, არც არასოდეს მოხდება დასავლელი პარტნიორების პოზიციის გამო), ხელისუფლება ვალდებულია, მოეპყროს მას, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სავსებით ლეგიტიმურ პოლიტიკურ პარტიას. კერძოდ კი, არ დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მხარდამჭერებთან მიმართებაში და არ შეეცადოს, ის “დამნაშავეობის პრეზუმფციით” ჩაანაცვლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერასოდეს მოიგერიებს ბრალდებებს პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ხელს შეუშლის საქართველოს ჩამოყალიბებას სამართლიან, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here