Home რუბრიკები პოლიტიკა ალასანიას თამაში და მიზანში ამოღებული საქართველო

ალასანიას თამაში და მიზანში ამოღებული საქართველო

670

2012 წლის არჩევებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა ძალამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო. სირთულების მიუხედავად, ნორმალიზაციის პროცესს მთლიანობაში დადებითი დინამიკა ახასიათებს. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდა (მაგალითად, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება) და საზოგადოების ნაწილში გაჩნდა იმედი, რომ მხარეები გაცილებით რთული, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას მიუახლოვდებიან. თუმცა ბოლო დროს ვითარება ორმხრივ ურთიერთობებში ერთობ დაიძაბა და მოსკოვიდან გამაფრთხილებელი სიგნალები გაისმა. ისევე, როგორც ადრე, ამის მიზეზი საქართველო-აშშ-ის (და ნატოს) თანამშრომლობის გაღრმავება გახდა.

ცეკვები წითელ ხაზთან

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური შინაარსის ორი განცხადება გაავრცელა. ციტატა 2 ოქტომბრის განცხადებიდან: “მოსკოვში ყურადღება მიაქციეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რამდენიმე ხნის წინათ გავრცელებულ ცნობებს საქართველოში სირიის ოპოზიციის ბოევიკებისთვის ამერიკული საწვრთნელი ბანაკის შექმნის გეგმების შესახებ. ცხადია, რომ თბილისის ამგვარი გადაწყვეტილება, თუკი ის მიღებული იქნებოდა, მიაყენებდა სერიოზულ ზიანს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს”. განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამი იყო, რომ, ასეთი ბანაკის შექმნის შემთხვევაში, “გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, რომელსაც ამჟამად ადგილი აქვს”, “ამიტომ ჩვენ სერიოზულად აღვიქვით ოფიციალური უარყოფები, რომლებიც თბილისში, მათ შორის პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთდა. ამ თემას ყურადღებით დავაკვირდებით”. სკანდალს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც “ფორეინ პოლისიმ” ამ ჰიპოთეტურ ბანაკზე წერილი გამოაქვეყნა, ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით. 8 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც შემდეგი აბზაციც იყო: რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართულ მასმედიაში გავრცელებული ცნობების გამო, საქართველოში, ნატოს ინტრესებიდან გამომდინარე, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა სტაბილიზაციას ამიერკავკასიაში”. ამ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ცნობებზეა საუბარი, თუმცა საქმე, სავარაუდოდ, ე. წ. “ნატოს საწვრთნელ ცენტრს” შეეხება _ ეს თემა ქართულ მედიაში საკმაო ხანია ტრიალებს, არაერთი კომენტატორი ამ ნიადაგზე ჩახლართულ სპეკულაციებს აგებს და საქართველოში ლამის ნატოს ბაზის გახსნაზე მსჯელობს.

სინამდვილეში, არანაირი ბაზის გახსნა არ იგეგმება. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის _ უილიამ ლაჰიუს განცხადებით, “საკითხი, რომელზეც ხალხი მსჯელობს პარტნიორობის საწვრთნელი ცენტრია, რომელიც იქნება საქართველოს კუთვნილებაში, სადაც წვრთნა და სწავლება მოხდება. ნატო მსჯელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი ცენტრის განვითარებაში დახმარების საკითხზე. ჩვენ, უბრალოდ, დავეხმარებით მათ მრჩევლებით. არ შეგვიძლია, ამას ვუწოდოთ ნატოს ბაზა. ეს არის საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის ანალოგიც სხვა ქვეყნებშიცაა განთავსებული, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნებში”. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია ქართულ საწვრთნელ ცენტრზე, რომელსაც ნატო დახმარებას აღმოუჩენს. არაფერი ახალი პრაქტიკაში არ არის. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ კურსები “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში, მაგალითად, თებერვალში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წვრთნა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის, ესტონეთის, სომხეთისა და იორდანიის) სამხედროებმა და ადგილობრივმა ინსტრუქტორებმა გაიარეს. ბუნებრივია, ამას არანაირი დიპლომატიური სკანდალი არ მოჰყოლია (და ვერც მოჰყვებოდა) და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახალ საწვრთნელ ცენტრში რაიმე პრინციპულად განსხვავებული მოხდება, მაგრამ სპეკულაციები ამ თემაზე საქართველოში მაინც გრძელდება და საკითხის განხილვაში უკვე რუსეთის საგარეო უწყებაც ჩაერთო. თუნდაც მინიშნება საქართველოში ნატოს ძალების ან ობიექტების შესაძლო განლაგებაზე კრემლისთვისწითელი ხაზისგადაკვეთის ტოლფასია.

საქმე, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმ მძიმე მარცხშია, რომელიც ქართულმა დიპლომატიამ (უფრო ფართოდ კი, დასავლელი პარტნიორების პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში) უელსის სამიტზე იწვნია. საქართველომ ვერ მიიღო მაპი და ნატოში გაწევრებას რეალურად ერთი მილიმეტრითაც ვერ მიუახლოვდა, ალიანსის ევროპელი წევრები რუსეთის გაღიზიანებას მოერიდნენ და მათი გადარწმუნებით თავი არც ამერიკელებს მოუკლავთ. ამ არასახარბიელო შედეგის გადასაფარევად საქართველოს მისცესგაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი”, დაახლოებით ისე, როგორც ატირებულ ბავშვს სათამაშოს აძლევენ. მაგრამ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს თამაში არ მიიღო, დაიწყო ცინიკური სკეპტიციზმით სავსე საუბრები დასავლელი მოკავშირეების უძლურებაზე, რომელიც, როგორც წესი, სრულდებოდა მარტივი დასკვნით: “ან მიგივიღონ, ან თავი დაგვანებონ”. სავარაუდოდ, სწორედ ამის პასუხად მართლმორწმუნე ატლანტისტებმა საქართველოში დაიწყეს მსჯელობა ახალი საწვრთნელი ცენტრის დიდ, ლამის იდუმალ მნიშვნელობაზე, თითქოსდა რამდენიმე ინსტრუქტორი ან მათთან ერთად გამოგზავნილი რამდენიმე ათეული ბროშურა (პლუს ამას შეიძლება ზურგჩანთები ან რამე სხვა არალეტალური არჭურვილობა გვაჩუქონ) უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს ქმნის. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, აპროტესტებს არა მხოლოდ და არა იმდენად კონკრეტული საწვრთნელი ცენტრის შექმნას, რამდენადაც გარკვეეულ ტენდენციას ქართულ პოლიტიკაში, რომელზეც, ალბათ, შედარებით ვრცლად უნდა ვისაუბროთ.

სირიელი მეამბოხეებიღა გვაკლდა

როდესაც “ფორეინ პოლისიმ”, თეთრი სახლის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში აშშ-ის თავდაცვის მდივნის _ ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნა შესთავაზა, ადგილობრივი კომენტატორების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს იდეა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დაუკავშირა. საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ის იყო ერთდერთი ოფიციალური პირი, რომელმაც, ფორმალური თვალსაზრისით, ამ შეთავაზების არსებობა არ უარყო. ბევრს ალასანიას 30 აპრილის განცხადება გაახსენდა, როდესაც მან (ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე) ნატოს საქართველოში “თავდაცვითი საშუალებების განთავსება” შესთავაზა. ის განცხადება ერთობ ბუნდოვანი იყო, მაგალითად, ნატოს გენმდივნის მოადგილემ გაიგო ის, როგორც მოწოდება საქართველოში ნატოს ძალების მუდმივი განთავსებისკენ, ზოგმა მის უკან საქართველოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსების სურვილი დაინახა, იყო სხვა ვერსიებიც, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ _ ალასანიამ ეს განცხადება ხელისუფლების პირველ პირებთან შეუთანხმებლად გააკეთა, რისთვისაც მკაცრად გააკრიტიკეს. ახლა საუბარი სირიელი მემბოხეების საწვრთნელ ბანაკზე მიდგა და ამას ისევ ალასანიას უკავშირებენ, მაშინ, როდესაც მთავრობის სხვა წარმომადგენლები ყველაფერს უარყოფენ. აქვე, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობიდან ყველაზე მწვავე, ფაქტობრივად, კონფრონტაციულ განცხადებებს რუსეთის მისამართით სწორედ თავდაცვის მინისტრი აკეთებს.

მიუხედავად იმისა, ვის მოუვიდა თავში ეს იდეა, ამ ადამიანის ფსიქიკურმა ადეკვატურობამ შეიძლება სერიოზული ეჭვი გამოიწვიოს. სირიელი მეამბოხეების რიგებში ბევრი რადიკალი ისლამისტია, რომელთა მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გუშინ ისინი ომობდნენ სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ, დღეს ერაყში პროამერიკულ ხელისუფლებას ებრძვიან. არავინ იცის, რას გააკეთებენ ისინი ხვალ _ იომებენ ჩეჩნეთში რუსების წინააღმდეგ თუ რომელიმე არაბულ ქვეყანაში დასავლელ ჟურნალისტებს თავებს დააჭრიან. გლობალური ჯიჰადის სტიქიის პროგნოზირება ძნელი და პრაქტიკულად უმართავია (კლასიკური ჯიჰადი ცოტა სხვა რამ არის, აქ საუბარი ამ ფენომენის თანამედროვე რადიკალურ ინტერპრეტაციას ეხება). უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად მოამზადებენ, მომავალში ტერორისტული ინტერნაციონალის აქტიური მებრძოლი გახდება, ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ავღანეთის და არაერთი სხვა ქვეყნის უახლესი გამოცდილება. რა მოიგო პაკისტანმა, რომლის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მსგავსი ბანაკები? რამდენი სისხლი დაიღვარა იქ? ვის მოუვიდა თავში პაკისტანზე გაცილებით სუსტ და დაუცველ საქართველოში ასეთი ბანაკის შექმნის იდეა, რომელსაც, საშიშროების თვალსაზრისით, მხოლოდ კრაზანების ბუდეს თუ შევადარებთ?

“მამაჩემო, არ ინერვიულო, ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთ”, _ აქვეყნებს “ბლუმბერგი” პანკისელი ქისტის _ თარხან ბათირიშვილის ნათქვამს (სირიაში ეს გავლენიანი საველე მეთაური ცნობილია, როგორც აბუ უმარ აშ-შიშანი). ბათირიშვილის მამის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მასთან ერთად “ათასობით მებრძოლი მოდის. უფრო მეტიც იქნება. რუსეთსაც მივწვდებით და შური უნდა ვიძიოთ”. ამ პუბლიკაციის შემდეგ ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო აქტიური მსჯელობა იმაზე, რომ ბათირიშვილი და მისი თანამოაზრეები შეცდებიან, გამოიყენონ პანკისის ხეობა და ზოგადად საქართველოს ტერიტორია, როგორც ბაზა, რომელზეც დაყრდნობით რუსეთზე იერიშებს მიიტანენ. აბა, სად მოდის ის “ათასობით მებრძოლი” თუ არა საქართველოში? “ბლუმბერგის” ინფორმაცია სხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ ტოვებს. მოვლენები შეიძლება ძალზე დრამატულად განვითარდეს (ამაზე არა მხოლოდ განხილული ინფორმაცია მიუთითებს), ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს _ ან რუსებთან ერთად აქტიურად შეებრძოლება ამ რაზმებს, ან კრემლი, დიდი ალბათობით, მასტერორისტების თანამზრახველადგამოაცხადებს და დაბომბავს პანკისის ხეობას ან საქართველოს სხვა რაიონებს, რომლებსაც ბოევიკების თავშესაფრად ჩათვლის. გამორიცხული არაა, პანკისში დაახლოებით იგივე სიტუაცია შეიქმნას, რაც 1999-2002 წლებში. ცხადია, თითოეული ჩვენგანი იმედოვნებს, რომ პანკისელი ქისტები არ დაუშვებენ ხეობის გადაქცევას “ცხელ წერტილად”, ხოლო მთავრობა წინ აღუდგება ქვეყნის ტერიტორიაზე “ათასობით მებრძოლის” მიერ საყრდენი ბაზების შექმნას, მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ _ როდესაც ქვეყანას მსგავსი საფრთხეები ემუქრება, მხოლოდ კლინიკური იდიოტი თუ იფიქრებს საქართველოში სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელი ბანაკის გახსნაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი, მრავალფეროვანი რელიეფის მქონე ტერიტორია აქვს და, აგრეთვე, უამრავი სამხედრო ბაზა შესანიშნავი ინფრასტრუქტურით. ასე რომ, შეუძლია, სირიელი მეამბოხეები საკუთარ ტერიტორიაზე მოამზადოს, მაგრამ ამერიკელები ამას არ აკეთებენ. საინტერესოა, რატომ?

პოკერი ბლეფის გარეშე ვის გაუგია?!

თუ დადასტურდება ვარაუდი იმის თაობაზე, რომ “სირიული გეგმის” უკან თავდაცვის მინისტრი იდგა, კომენტატორებს მიეცემათ კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ შემდეგი პოზიცია გაამყარონ: ირაკლი ალასანია “კერძო საგარეო პოლიტიკას” ატარებს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ეს საკითხი ადრე არაერთგზის განიხილებოდა და მასთან დაკავშირებით ორი ძირითადი ვერსია გამოიკვეთა.

ერთერთის თანახმად, ალასანიას სურს, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს და ამისთვისახალი ცივი ომისფაქტორი გამოიყენოს. კერძოდ, თავი წარმოაჩინოს, როგორც აშშთან მჭიდრო ალიანსზე და რუსეთთან დაპირისპირებაზე ორიენტირებულმა ლიდერმა, მარტივად რომ ვთქვათ, “გაუმჯობესებულმა მიშამ”, ახალი ხელისუფლების სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რომელთაც, ნატოს ქების მიუხედავად, საქართველო რეალურად ფინური ტიპის ნეიტრალიტეტისკენ მიჰყავთ (ასეა ეს თუ არა, ცალკე საუბრის თემაა. ამ შემთხვევაში საუბარია ალასანიას წარმოჩენაზე ასეთ პოლიტიკოსად). ხელისუფლება კი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს ალასანიას “კერძო საგარეო პოლიტიკის” აბსოლუტურ დაუშვებლობას, ვერ აკავებს და ვერ სჯის თავდაცვის მინისტრს, რადგან მას ამერიკელები მფრაველობენ.

თუმცა არის კიდევ ერთი, შედარებით ნაკლებად გავრცელებული და ერთობ კონსპიროლოგიური ვერსია, რომელის ფარგლებში მთავრობის სხვადასხვა წარმომაგენელთა ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები განიხილება, როგორც ერთიანი თამაშის ნაწილი, რომელსაც საქართველოს არაოფიციალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს. ამ ჰიპოთეტური თამაშის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ კეთდება (ხშირად ურთიერთგამომრიცხავი) განცხადებები, რომელთა მიზანი, ერთი მხრივ, ამერიკელებისა და რუსების დამშვიდებაა; მეორე მხრივ კი, დროის მოგება, რათა საქართველომ გეოპოლიტიკური ქარიშხლის დასრულებამდე უვნებლად მიაღწიოს (ანუ იმ მომენტამდე, ვიდრე ერთ-ერთი გლობალური ძალის დომინირება რეგიონში აშკარა არ გახდება ან ისინი უპრობლემო კონდომინიუმის რაღაც ფორმას არ გამონახავენ, როგორც ეს სპარსეთში ერთი საუკუნის წინათ რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიებმა გააკეთეს). ამ გადასახედიდან ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგობრივი განცხადებები მხოლოდ თეატრალური წარმოდგენის ნაწილია, რომელიც ყველა დაინტერესებული მაყურებლის დამშვიდებას ემსახურება. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, კერძოდ კი, სამკუთხედში “ღარიბაშვილი-ალასანია-მარგველაშვილი” ძალთა განლაგების შესახებ განგებ დამახინჯებული სურათის გავრცელებას – გარე მოთამაშეების მანიპულაციების თუნდაც ნაწილობრივი ნეიტრალიზებისთვის. პატარა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ისტორიაში მსგავსი დამაბნეველი პოლიტიკის გატარების არაერთი მაგალითი არსებობს.

საინტერესოა, რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? ივანიშვილი რთულ პარტიას ათამაშებს თუ, უბრალოდ, დინებას მიუყვება და მის მიერვე დაწინაურებული კადრების ამბიციებს ვერ უმკლავდება? საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკაში მეტი სიცხადის შეტანას მოითხოვს (საგარეო პოლიტიკას ეხება ეს თუ საკადროს), მაგრამ, როგორც წესი, არავინ ფიქრობს იმაზე, რამდენად საჭიროა და (რაც მთავარია!) რამდენად უსაფრთხოა ქვეყნისთვის ეს დამატებითი სიცხადე ამ ეტაპზე.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. სასწრაფოდაა ჩასატარებელი რეფერენდუმი რათა ერთხელ და სამუდამოდ დაედოს ზღვარი ,,გაურკვეველი მრავალფეროვნებიდან გარკვეულ ერთფეროვნებაზე გადასვლას”, სასწრაფოდ უნდა დაიდოს ,,ჩარჩო ხელშეკრულება” რუსეთთან რომელსაც ხალხის ნება დაედება საფუძვლად
    .ტ.დ. ერმა უნდა მიიჩნიოს არა რომელიმე რიგით მოსაზრებად, რომელიც ბევრია ქაღალდზეა დაწერილი, ან რომელიმე სექტის თუ კლანის მორიგ თეორიად, არამედ ის უნდა მიიჩნიოს ერის ღირსებისა და კეთილდღეობის გზად და საქმედ. ტ.დ. უნდა გახდეს თანამედროვე რეალობიდან აღმოცენებული ცდომილებების კანონიერი საზღვარი და დასასრული.
    ტ.დ.-სადმი ერის ისტორიული სწრაფვა და სიყვარული უნდა შეერწყას ერის შეხედულებათა დღევანდელ რეალობას. შეხედულება კი ფასობს მაშინ, როდესაც იგი ადამიანის ანუ კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე რეალური ცდებითაა გამყარებული.

    ტ.დ.-ს არსი ის არის, რომ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ტრადიციაზეა აგებული, უნდა იყოს ხელახალი გააზრება დაგროვილი ისტორიული გამოცდილებისა, რომელსაც სათუთად შევინახავთ, გვერდით ვიმყოფებთ და მუდამ განვაახლებთ რაც მისი ფეტიშათ ქცევის საშუალებას არ მოგვცემს.

    ტ.დ. იქნება ნაყოფი ერის ისტორიული გამოცდილებისა, რომელიც თავად დროებამ მოგვიტანა.

    ტ.დ. უნდა გახდეს კომპასი თავადვე ერის ხელში, რომლის ორიენტირი იქნება მშვიდობა, საზომი კი პრაქტიკა, რომელიც რეალობიდან გამომდინარე დასკვნების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

    ტ.დ.–ის გზა იქნება გზა გაურკვევლობიდან გამორკვევისაკენ, ბურუსიდან ნათლისაკენ, არცოდნიდან ცოდნისაკენ, რომელსაც საზღვარი არასოდეს დაედება და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან იგი ისეთივე ევოლუციურია როგორიც თავად საზოგადოებაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here