Home რუბრიკები პოლიტიკა ფარული “ნაცები” ქართულ პოლიტიკაში

ფარული “ნაცები” ქართულ პოლიტიკაში

726

“ოცნების” სახელით ხელისუფლებაში დარჩენილი “ნაციონალები” დღემდე უთხრიან ძირს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამ უპრინციპო მედროვე მარიონეტების ორპირობა საზოგადოებას უკიდურესად აღიზიანებს, თუმცა მათი ინტეგრაცია მმართველ გუნდში ხან კოაბიტაციით, ხანაც სხვა გაუგებარი მოტივებით თანმიმდევრულად ხორციელდება. ეს პოლიტიკოსები თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არაჩვეულებრივად ერგებიან ნებისმიერ ახალ მთავრობას და მშვენივრად იციან, როდის უნდა დაიწყონ ძველი ხელისუფლების კრიტიკა. 


ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს, ღირებულებებისა და პოზიციების რადიკალური ცვლილება ისედაც აშკარაა. დროსთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ არსებული სიმპათიები უკვალოდ ქრება და “მეოცნებე ფარული ნაცები”  “მოღალატედ” და “ხალხის მტრად” რაცხავენ მას, ვისთვის ტაშისკვრითაც ორიოდე წლის წინათ ხელისგულები ჰქონდათ დაკოჟრილი.

დავით უსუფაშვილი:

“2003 წლის ნოებრიდან ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა… სახელმწიფო დაწესებულებებში ისეთი ადამიანები მოვიდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომელთაც სურვილიც აქვთ, ენთუზიაზმიც და სათანადო ცოდნაც იმისათვის, რომ არაეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებიდან წარმატებული სახელმწიფო უწყებები ჩამოაყალიბონ. საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ აიწია საქართველოს “აქციების” ფასმა. 90-იანი წლების მიწურულს საერთაშორისო საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა საქართველოთი, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეს დამოკიდებულება კვლავ შეიცვალა, საქართველო კვლავ ჩადგა პერსპექტიულ სახელმწიფოთა რიგში და მის მიმართ ყურადღება და ინტერესი გაიზარდა” (2004წ.).

 “მათი დამსახურებით, სიღარიბეშია ჩვენი მოსახლეობის ნახევარი, ტერიტორიების სერიოზული ნაწილი ოკუპირებულია და გვყავს უამრავი დევნილი, ვერც დემოკრატიული ინსტიტუტები განავითარეს, ვერც ნატოს დავუახლოვდით, რუსეთთან ვერ დაალაგეს ურთიერთობა და პრაქტიკულად, ის შანსი, რომელიც ხელისუფლებას 8 წლის წინათ მიეცა, გაიფლანგა თვითტკბობაში” (2011წ.).

კახი კალაძე:

“პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი ხალხის საკეთილდღეოდაა გადადგმული. მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს, ვერ მოერევა. აღარ მინდა გავიხსენო “ვარდების რევოლუციამდელი” ჩვენი ცხოვრება. ყაჩაღობები, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება, რომელიც, როგორც იცით, ჩემმა ოჯახმაც იწვნია. ის წლები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ჩვენი ქვეყანა დაღუპვისკენ მიდიოდა. ბოლო ოთხი წელიწადია, საქართველო ვითარდება და შენდება. არა მგონია, რომ რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში მომხდარიყო ასეთი რადიკალური სასიკეთო ცვლილებები, როგორიც საქართველოში მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში” (2008 წ.).

“დღეს არის სულ სხვა რეალობა, სულ სხვა საქართველო, დღეს ქვეყანას ჰყავს ხალხის მთავრობა და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიხეილ სააკაშვილი კი ბოლო დროს გაკეთებული თავისი განცხადებებით ქართველი ხალხის მტერი ხდება და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის” (2013წ.).

თენგიზ კიტოვანი:

“ეს ახალგაზრდები, რომლებიც გაერკვნენ შევარდნაძის პოლიტიკის შიდა სამზარეულოში და საკუთარი თვალით ნახეს, თუ საით მიჰყავდა მას ქვეყანა, წინ აღუდგნენ. რა არის ამაში არასწორი? სანამდე უნდა გაგრძელებულიყო შევარდნაძისა და მისი კლანის მიერ ხალხის ტანჯვა-წამება? აქედან ვადევნებ თვალს ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის მოქმედებებს და მხარს ვუჭერ მათ” (2003 წ.).

“სააკაშვილის რეჟიმის დამხობა იყო საჭირო და აუცილებელი. მან დაკარგა საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედი. 2008 წლის ომის დროს ქვეყანა დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. გაგახსენებთ, რომ მოსკოვში საგანგებოდ ჩამოვიდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი და ქვეყნის სამხედრო სარდლობა. მთავარი თემა იყო ყარსის ხელშეკრულება. უფრო მეტიც, დღემდე არავინ გამცა პასუხი, რა უნდოდა სომხეთის სპეცნაწილებს ბორჯომის ტეროტორიაზე, რა პირობით შემოიყვნა ისინი იქ სააკაშვილმა” (2012წ.).

ალექსანდრე შალამბერიძე:

“ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილს დავასახელებ. მან შეძლო, უკანასკნელ წლებში გაჩერებული დრო დაეძრა. მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და მონდომებით 10 წლით გავუსწარით მოვლენებს” (2003წ.).

“ეს სააკაშვილი “თხა და გიგოსავით” რომ დამდგარა უკრაინის რუკასთან, რას აკეთებს? ჩვენ ხომ დაგვღუპა და ახლა უკრაინას მიადგა. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, მიშა უნდა დაისაჯოს, იმიტომ, რომ ყველა ბოროტების სათავე სწორედ ეგ არის” (2014 წ.).

დავით ბერძენიშვილი:

“სააკაშვილმა იმიტომ დატოვა სახელისუფლო პარტია (“მოქალაქეთა კავშირი” _ რედ.), რომ უკეთეს საქართველოში ეცხოვრა და რეალურად გადაეჭრა ხალხის პრობლემები. ეს დაინახა და დაუფასა კიდეც ქართველმა ერმა! შევარდნაძესთან ნამყოფი პოლიტიკოსებიდან სწორედ სააკაშვილი მიიჩნიეს თავის ორიენტირად. ჩვენს უკან საქართველოა, ამაზე მეტი გარანტია რა უნდა იყოს?” (2003წ.).

“სააკაშვილმა იმხელა შეცდომა დაუშვა, რომ ქვეყანამ უთხრა უარი, შარშან პირველ ოქტომბერს და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას უარს საკუთარი პარტია ეუბნება”… (2013 წ.).

შალვა რამიშვილი:

“მე პირადად ვიცნობ მიშა სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას, ვიცი მათ მიერ განვლილი გზა და შეხედულებები. ისინი პატიოსანი ადამიანები არიან და ქრთამს არ აიღებენ, რითაც შემცირდება კორუფციის დონე ქვეყანაში” (“ექო,” 2003 წ.)

“იცოდეს მიშამ: ჩემი საქმეში ჩართვის შემდეგ მას ძალზედ ეწყინება ან ეტკინება!… მხოლოდ ეს მომცემს ძალას, რათა ყველა ჩაგრულის, უსამართლოდ გასამართლებულის, სასოწარკვეთაში მყოფი ჩემი თანამემამულის სახელით პასუხი ვაგებინო მიშა სააკაშვილსა და მის დამქაშებს. ასე რომ, გქონდეთ ჩემი იმედი! დამიჭირეთ მხარი! დანარჩენი კი მე ვიცი!” (2009წ.).

მოამზადა

ბედისა დუმბაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here