Home რუბრიკები საზოგადოება “ნაცმოძრაობა” ცდილობს, საქართველოში უკრაინული მაიდნის სცენარი გადმოიტანოს

“ნაცმოძრაობა” ცდილობს, საქართველოში უკრაინული მაიდნის სცენარი გადმოიტანოს

594

2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” შეიქმნა.  ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” წარმოვადგენთ ახალგაზრდებისგან  დაკომპლექტებულ ძალას, რომელსაც გვაერთიანებს პატრიოტულ-ეროვნული სულისკვეთება. ჩვენ წლების მანძილზე ყოველთვის ვიბრძოდით “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი სატელიტი ორგანიზაციების წინააღმდეგ”. ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და მომავალ გეგმებზე “საქართველო და მსოფლიოს” “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ყუფარაძე ესაუბრა.


_ ამ დღეებში თქვენი ორგანიზაცია ხშირად საუბრობს დევნისა და მუქარის შესახებ.

_ როგორც კი ინტერნეტში გამოჩნდა ჩვენი გვერდი და აქტივობა, კერძოდ, აქციამდე 2-3 დღით ადრე, დაიწყო ჩვენი მიზანმიმართული დევნა და შეურაცხყოფა, მათ შორის სოციალური ქსელით მოდიოდა შეტყბინებები: “ცოცხები მოგენატრებათ”. ასევე, დაიწყეს ხალხის შემოგზავნა ჩვენს ორგანიზაციაში, რათა შიგნიდან გაერკვიათ, თუ ვინ ვიყავით. მოხდა პატარა ინციდენტებიც, რომლებიც ჩვენსავე ორგანიზაციაში დასრულდა, მაგრამ აქციის დღეს, 1 საათით ადრე, სანამ მივიდოდით “თავისუფალი ზონის” ოფისთან, მათ უკვე შეკრებილი ჰყავდათ ზონდერბრიგადები (30 კაცი _ შსს-სა და თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომლები, ახალაიას ხალხი).

_ რატომ მაინცდამაინცთავისუფალი ზონა”?

_ ამას კითხვა რად უნდა? შს მინისტრიც კი გამოდის და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია ამზადებს არეულობას… ან რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია გინახავთ, რომ რომელიმე პარტიის ოფისში იჯდეს? ან კიდევ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს _ კობა ხაბაზს დატოვებული აქვს “ნაციონალური მოძრაობა”?

_ თუ შს მინისტრი ასეთ ინფორმაციას ფლობს, თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებს მისი უწყება არაფერს?

_ როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ პოლიტიკური სარჩული დაედოს ამ საქმეს. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. თუმცა “თავისუფალი ზონიდან” მოდის სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ მათთან ისეთი ხალხი იკრიბება, რომლებიც მთლიანად “ნაცმოძრაობაზე” არიან დამოკიდებულნი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ “თავისუფალი ზონა” ვერ გარკვეულა, ვინ ვართ. ამიტომაც გვაკრავენ იარლიყებს, რომ “ქართული ოცნების”, ნინო ბურჯანაძისა და თვით ვლადიმერ პუტინის ხალხი ვართ. ჩვენ უკან არანაირი პოლიტიკური პარტია არ დგას. ვერაფერს გვიმტკიცებენ და ამიტომაც მიდის ეს ბინძური პროვოკაციები სოციალურ ქსელში.

დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ ჩვენი აქციის შემდეგ გიგა ბოკერიამ დაურეკათავისუფალი ზონისლიდერებს და უთხრა: “რაში გიხდით ამდენ ფულს? თაგვებივით სოროებში რომ შეძვრეთ?”. ასევე, მეორე დღეს, როცა ჩვენი აქტივისტები შევიდნენ ბაჩო ახალაიას პროცესზე და მას მკვლელი უწოდეს, იმავე საღამოს მისმა მეუღლემ _ ანი ნადარეიშვილმა განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომელშიც იგრძნობოდა პირდაპირი მუქარა _ “საქმეს გაგირჩევთ 29-შიო”. ჩვენ ამ პროვოკაციას არ წამოვეგებით.

_ სხვა ორგანიზაციებთან თუ თანამშრომლობთ?

_ ჯერჯერობით არა. ისე, “ევრაზიის კავშირმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ მინდა, აქვე განვაცხადო, რომ არავისთან ვთანამშრომლობთ.

_ თქვენი ორგანიზაციის შექმნის მიზანი რა იყო?

_ მთავარი მიზანია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი ორგანიზაციების გაქრება პოლიტიკური სივრციდან. მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის” “მზაკვრული გეგმების შემსრულებლებს”, გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ!

_ ამჟამად რამდენი წევრი ჰყავს ორგანიზაციას?

_ ჯერჯერობით 500, მაგრამ ეს მხოლოდ თბილისის მაჩვენებელია და ჩვენ ვაპირებთ რეგიონებში მუშაობასაც. ხალხი მოდის ჩვენთან იმიტომ, რომ აღარ სურს “ნაციონალური მოძრაობის” დანახვა და გაგონება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ “ნაცმოძრაობის” წევრები დააკავეს, ყველა ვხედავთ, რომ, სანამ კუბლაშვილი იკავებს თავის პოსტს, ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შსს-სა და პროკურატურაშიც უჭირთ მუშაობა გამომძიებლებს, რადგან იქ ჯერ ისევ არიან “ნაცმოძრაობის” კადრები. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი ორგანიზაციის წევრს ერთ-ერთმა პროკურორმა, როცა გაიგო, თუ ვინ იყო და სად მოღვაწეობდა, სთხოვა _ რაიმე გააკეთეთ, “ნაციონალების” კადრები ჩვენი სისტემიდანაც რომ წავიდნენო.

სხვადასხვა უწყებაში დღესაც ძალიან ბევრი “ნაციონალია” დარჩენილი. ისინი მიზანმიმართულად აფერხებენ მუშაობას _ “ნაცმოძრაობის” მიზანი ქაოსისა და საბოტაჟის მოწყობაა. კარგად გვესმის, რა რთულია, ადამიანი ხელაღებით გაათავისუფლო სამსახურიდან, ამიტომ მოვუწოდებთ შსს-ს, დაარეგულიროს ეს საკითხი. თავად “ნაციონალური მოძრაობა” საკმაოდ დიდი მანქანაა, დიდი ფულიც აქვს და ცდილობს, საქართველოში უკრაინული მაიდნის სცენარი გადმოიტანოს. გვაქვს ინფორმაცია, რომ “თავისუფალ ზონას” და ასევე ე. წ. პიკასოს კლუბს უკრაინაში ე. წ. მემარჯვენე სექტორთან ერთად გავლილი აქვთ სწავლება, წვრთნები და მომზადებულნი არიან; ცდილობენ, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რათა ის მაიდანში გადაიზარდოს. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ “სამართალდამცავთა ლიგა” აქტიურად არის ჩართული ამ პატარ-პატარა ნაცორგანიზაციებთან მუშაობაში და ერთობლივად მოქმედებენ. “სამართალ დამცავთა ლიგაში” გაერთიანებულნი არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა წინააღმდეგაც ახლაც მიდის სასამართლო პროცესები. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან “ნაცმოძრაობაზე”, ანუ თვითგადარჩენის რეჟიმში იმყოფებიან.

ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ზაზა ჭაია (ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე), ლევან გვაზავა (ვანო მერაბიშვილის მოადგილე), ირაკლი ფირცხალავა (დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი) და კიდევ ბევრი ყოფილი თანამშრომელი და მაღალჩინოსანი. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და ბრალიც აქვთ წარდგენილი. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here