Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, უბრალოდ, არ...

აკაკი ასათიანი: იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, უბრალოდ, არ უნდა მოგინდეს

487

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი.


_ ბატონო აკაკი, მმართველ გუნდში, კერძოდ, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, არსებულმა დაპირისპირებამ უკვე იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ ექსპერტების გარკვეული ნაწილი მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდა. რეალურია ეს საფრთხე და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას?

_ მე პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ ამას, ვინაიდან პრეზიდენტის შტო არ არის იმდენად ძლიერი, რომ მათი დაპირისპირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნას. ჩემი აზრისთ, ეს უფრო საზოგადოებრივი კრიზისია, მორალური და ასევე კონსტიტუციური. ზუსტად ამითაა გამოწვეული მთელი რიგი გაუგებრობები, ვინ სად მიდის, ვის ეკუთვნის ამა თუ იმ შეხვედრაზე ან კონფერეციაზე გამოსვლა და ა. შ. ეს თავისთავად უკვე არის ძალიან ცუდი ნიშანი და, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ, ამით საპირისპიროს ვამტკიცებთ. ზოგადად ამ ყველაფერს, როგოც ჩანს, სარჩულად კიდევ სხვა რაღაც უდევს, მაგრამ ახლა ამაზე მარჩიელობისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, სამწუხარო და საუბედურო ის არის, რომ პროცესები გადასულია პიროვნულ დაპირისპირებაში, პიროვნულ ჭიდილში და უთანხმოებაში…

_ პიროვნულ დაპირისპირებას რაც შეეხება, ერთერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა კიდეც, _ მარგველაშვილი სულ სხვა ადამიანი მეგონა და შევცდიო. თქვენი აზრით, რა იყო ივანიშვილისთვის მოულოდნელი და რატომ შეიცვალა თვითონ მარგველაშვილი ასე რადიკალურად პრეზიდენტის რანგში?

_ დავანებოთ თავი მარგველაშვილს, ის კი არ შეიცვალა, ასეთივე იყო და, უბრალოდ, გამოჩნდა ეს. ახლა რაც შეეხება ივანიშვილს, მან ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების სახით, მაგრამ ახლა იმაზე საუბარს, რომ ვიღაც ასეთი მეგონა და სულ სხვანაირი ყოფილაო, აზრი არ აქვს. კაცი რომ გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, უბრალოდ, არ უნდა მოგინდეს. აი, სად დაუშვა ივანიშვილმა შეცდომა. ასე რომ, რაც დღეს ხდება, ეს უკვე მარგველაშვილის კი არა, მისი ბრალია.

_ ფაქტია, რომ სახელისუფლო გუნდში სერიოზული განხეთქილებაა. ეს ქვეყნისთვისაც ხომ საზიანოა?

_ ქვეყნისთვის, რასაკვირველია, ყოველთვის სტაბილურობა ჯობია, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ ამას, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით _ მითუმეტეს. რაც შეეხება თვითონ მმართველ გუნდს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს დაპირისპირება დააზარალებს მარტო მარგველაშვილის ბანაკს (თუ არსებობს ასეთი) ან მარტო ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ასე არ იქნება; ეს აზარალებს ორივეს და მთლიანად სისტემას, ამ ხელისუფლებას. ამის ნიშნები უკვე არის და დავინახეთ არჩევნების დროს, როცა აქტივობა  ძალიან დაბალი იყო. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია თვითონ მმართველ ელიტაზე, _ გამონახავენ საერთო ენას და შეძლებენ დაძაბულობის განმუხტვას, პროცესები ჩაჯდება გარკვეულ კალაპოტში, თუ არა და სანამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს, არ ვიცი, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მართლა გაჩნდება პოლიტიკური კრიზისის ნიშნები…

_ საუბარია იმაზეც, რომ, თუკი ხელისუფლებაში დაპირისპირება გამწვავდა, მარგველაშვილმა, შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური ბირთვი შექმნას და მის გარშემო გაერთიანდესნაციონალებისგარკვეული ნაწილი. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?

_ ერთი რამ ცხადია: “ნაციონალებს” აშკარად უხარიათ ეს ამბავი. ახლა თუ მათ იმედი აქვთ, რომ მარგველაშვილი არის ის ბერკეტი, რომლითაც ამოტრიალდება ხელისუფლება, სისულელეა. იმედი მაქვს, ამას თვითონ მარგველაშვილიც აცნობიერებს და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რამე ბირთვის შექმნას არ აპირებს… ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მას ეს არანაირად ხელს არ აძლევს, არაფერს მისცემს; ასე რომ, არარეალურად მეჩვენება ეს ვერსია. სხვა გეგმა თუ აქვთ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით მარგველაშვილისთვის უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, ვიდრე არსებული მდგომარეობაა…

_ რამდენიმე დღის წინათ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობამალე დაბრუნდება ხელისუფლებაშიო. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?

_ როგორ უნდა დაბრუნდნენ, არ ვიცი. გააჩნია, რას გულისხმობენ. ჯაფარიძეს არჩევნებით დაბრუნება თუ ჰქონდა მხედველობაში, ჩემი აზრით, ამის შანსი მათ არ აქვთ, სხვა კიდევ რა გზა არსებობს?

_ მაგალითად, გადატრიალება.

_ ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ “ნაცმოძრაობამ” ეს თუ დააპირა, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება პირდაპირ პოლიტიკური და სამართლებრივი აღსასრული მათთვის. მოსახლეობა ისედაც აღრენილია და ვერ უპატიებია ხელისუფლებისთვის, რომ ესენი დაუსჯელები დადიან და ახლა ამათ გადატრიალება რომ მოაწყონ, მტრისას, აქ ამბავი ატყდება _ ხალხს ვერაფერი გააჩერებს… რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ვიმეორებ: ამ გზით უახლოეს თვალსაწიერ მომავალში “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ეს არის ის რეალობა, რომელიც მათ თვითონვე შექმნეს და, თუ რამეში ვარ დარწმუნებული, ამაში ვარ…

_ ალბათ, ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს დასავლეთის მხარდაჭერაც წარმოადგენს, რაცნაციონალებსნამდვილად არ აკლიათ. არ ფიქრობთ, რომ სწორედ დასავლურმა, განსაკუთრებით ამერიკულმა პროპაგანდამ შეიძლება მათ დაბრუნების პერსპექტივა გაუჩინოს?

_ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის პოლიტიკა ყოველთვის მათივე ინტერესებიდან ამოდის. სააკაშვილი კი პოლიტიკური გვამია და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ასეთ ფიგურას მხარს, უბრალოდ, არავინ დაუჭერს. მას შეიძლება თავშესაფარი მისცენ, სამსახური და ყველაფერი, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გამორიცხულია. მან უკვე ამოწურა თავისი მისია და ამით ყველაფერი დამთავრდა. ასე რომ, სააკაშვილს შეიძლება კი უნდა დაბრუნება, მაგრამ ის უკვე აღარ დგას დღის წესრიგში.

_ მაშინ რით აიხსნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება?

_ ჩემი აზრით, ეს იყო გაფრთხილება: თავი დაანებეთ სააკაშვილს, თორემ მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებთო, ანუ ამერიკა, ფაქტობრივად, იძულებულია, რომ კბილებით დაიცვას ეს ადამიანი.

_ და რატომაა იძულებული, როგორ ფიქრობთ?

_ ძალიან მარტივი ასახსნელია, ამ ცხრა წლის მანძილზე რა უბედურებებიც დაატრიალა სააკაშვილმა, მათ ხომ იცოდნენ? მეტიც, მხარს უჭერდნენ და “დემოკრატიის შუქურას” ეძახდნენ. ჰოდა, ახლა დამნაშავე რომ უძახონ ამ კაცს, მათთვისაც ხომ იქნება სირცხვილი და საერთაშორისო თავისმოჭრა?! ამიტომ სხვა გზა არ აქვთ, უნდა დაიცვან.

_ გამოდის, რომ სააკაშვილის სამართლებრივ დევნას აზრი არ აქვს?

_ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, ბოლოს და ბოლოს. ხალხმა ამიტომ მისცა ხმა “ქართულ ცნებას”. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი დაზარალებულია და ახალგაზრდა ბიჭებია დახოცილი, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. რაც შეეხება ამ სამართლიანობის სისრულეში მოყვანას, არავის გვიხარია დაჭერები და დაპატიმრებები, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ერთი რამ ამერიკელებმაც უნდა გაითვალისწინონ და ევროპელებმაც, პარტნიორებად რომ მივიჩნევთ: კანონზე მაღლა ამ ქვეყანაში არავინ დგას. ის, რაც უკრაინას გაუკეთეს ტიმოშენკოს შემთხვევაში, მოიპარა, მაგრამ უნდა გამოუშვათო, იყო მთლიანად სახელმწიფოს შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, იმავე სტანდარტით მოქმედებენ ზოგიერთები ჩვენს მიმართაც, ამიტომ ხელისუფლებას მართებს მეტი პრინციპულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს მობილიზებული, რომ მმართველ გუნდს, ფაქტობრივად, არ ჰქონდეს  უკან დასახევი გზა. აი, ამ წნეხით ის შეიძლება აიძულო, აღადგინოს სამართლიანობა და იმავე დასავლეთსაც დაანახო, რომ, თუ ისინი ამას ხელს შეუშლიან, მაშინ საქართველო მათთვის ვერ იქნება მთლად საიმედო პარტნიორი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here