Home რუბრიკები პოლიტიკა “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”

“კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”

606

23 სექტემბერს სასტუმრო “ბეტსიში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის ორგანიზებით, გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ, სპეციალური რეზოლუციაც მიიღო (იხ. გვ.6). აღინიშნა ისიც, რომ აღნიშნული კონფერენციის ჩატარება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენმა ქვეყანამ გარედან მართული არაერთი სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა და მძიმე შედეგებს დღემდე იმკის.

სამეცნიერო კონფერენციაზე გამომსვლელებმა, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარებისა და მოსალოდნელი რყევების შესახებაც ისაუბრეს და შეეცადნენ, გაეცათ პასუხი კითხვისთვის: უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა სახელმწიფო გადატრილების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ან სულაც საქართველოში? დასასრულ, მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა მხოლოდ ერის კონსოლიდაციაშია.

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი:

_ უკრაინაში დაწყებული პროცესები არ არის ერთი ლოკალური შემთხვევა _ ეს დიდი საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც რუსეთის საზღვრების გარშემო მუდმივი ქაოსის კერების შექმნას ითვალისწინებს. ამ პროცესის ორგანიზატორები უკრაინის კვალდაკვალ, მალე მთლიანად ამიერკავკასიის “აფეთქებას” შეეცდებიან. მათ ამისთვის საკმარისი ბერკეტები გააჩნიათ და ამ ქვეყნებში უკვე საკმარისი საფუძველიც აქვთ ამ ყველაფრისთვის შექმნილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ გამოუვათ, მაგრამ ასე ცალსახადაც ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რადგან მასში სერიოზული ძალები არიან ჩართულნი და, დიდი ალბათობით, ეს პროცესები ამიერკავკასიაში გადმოინაცვლებს.

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე:

_ ვინც რუსეთის ისტორიას იცნობს, კარგად მოეხსენება, რომ ბოლო მომენტში რუსეთი ყოველთვის ფენიქსივით აღსდგება ხოლმე. დღესაც ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება უკრაინას, უნდა ითქვას, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთი გამიზნულად მოქმედებს. ჯერ კიდევ ოტო ფონ ბისმარკი გეგმავდა, უკრაინა ისეთ პოზიციაში აღმოჩენილიყო, რომ რუსეთთან მუდმივად დაპირისპირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო. უნდა ითქვას ისიც, რომ დასავლეთს არაჩვეულებრივი პიარი აქვს. რაც მთავარია, ეს არის ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ევროპა აღარ არის ქრისტიანული, ის წარმართობას დაუბრუნდა. ამას გარდა, ევროპაში მალე სუვერენულ სახელმწიფოთა ადგილი არ იქნება. ვფიქრობ, გამოსავალია, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის აქტიურობა, ხალხთან აქტიური მუშაობა, რათა ყველამ გააცნობიეროს, რა ხდება რეალურად.

ალი ბაბაევი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე:

_ მადლობა ორგანიზატორებს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვუერთდები რეზოლუციას, რომელიც დღეს აქ წარმოადგინეს, რადგან აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ და სამხრეთ კავკასიის მოსახლეობამ გააანალიზოს და გაითვალისწინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. დღეს რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი უკრაინელი ხალხის გენოციდი.

ვამაყობ, რომ საქართველოში მცხოვრები აზებაიჯანელი ვარ, ჩვენ დაგვატერორეს საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ სააკაშვილის მმართველობის ათწლიან სისასტიკეს გავუძელით და უნდა ითქვას, რომ საქართველო 1 ოქტომბერმა გადაარჩინა, თუმცა, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ამ ხელისუფლებაშიც ბევრია სახეშეცვლილი. ამას ვამბობ მე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. “ნაციონალურ მოძრაობას” სურდა საქართველოს დაშლა და დღეს საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც აქვს დღევანდელ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა. ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა საქართველოში 90-იანი წლების განმეორება აღარ დავუშვათ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, დღეს აზერბაიჯანი მოწინავე ეკონომიკური ქვეყანაა. ძალიან მომწონს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტი აირჩია და რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც შეძლოს.

ნაციონალურ მოძრაობას” ეროვნული შუღლის ჩამოგდება სურს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჩემი თვალით ვნახე, როგორც ცდილობდნენ გარდაბანში არეულობის პროვოცირებას. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. დღეს ხელისუფლება ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, მაგრამ მთავარია, ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს. მომწონს ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაშიც. ხელისუფლება არ აჰყვა “ნაციონალებს” და არ დაუპირისპირდა რუსეთს. პირიქით, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა კვლავ აღდგა, ქართული პროდუქციაც კვლავ გავიდა რუსეთის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ევროპული ცივილიზაციაც გვინდა, მაგრამ უმთავრესია, კავკასიაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

იური მეჩითოვი, გლობალური განვითარების კვლევის ჯგუფის ექსპერტი:

_ ჩემი გამოსვლის თემაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და შესაძლო მაიდანი სომხეთში. როდესაც მაიდანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის ტექნოლოგიები უნდა განვიხილოთ, რომელთა მიხედვით ეს მაიდანი მომზადდა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ტექნოლოგიებს, ვინაიდან, უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაიდანი პირველებმა სწორედ ჩვენ გავიარეთ. მაიდანის რეალობაში იმპლემენტაციის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ამისთვის საჭიროა ხალხის უკმაყოფილება, სუსტი მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკრიტიკებენ ამ ხელისუფლებას, და მედიასაშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

სულ მეგონა, რომ ჩვენზე სულელი ხალხი არ არსებობდა, თუმცა უკრაინის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ თურმე ჩვენზე სულელებიც არსებობენ. დღეს იმდენი ინფორმაციაა მსოფლიოში ხელმისაწვდომი, რომ, ალბათ, ძალიან ზანტი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რა ხდება რეალურად. არსებობს ხალხი, რომელიც გულუბრყვილოდ ორიენტირებულია დასავლეთზე, თუმცა, ვფიქრობ, სომხეთს მაიდანი ნაკლებად ემუქრება. სომხეთში ამგვარი სიგიჟე არ მოხდება. მაიდანი საქართველოს უფრო შეიძლება დაემუქროს. მართალია, სომხეთში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, მაგრამ სომხეთი არ არის ქვეყანა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია დასავლეთზე. მით უმეტეს, უკრაინის მაგალითზე ყველას თვალი უნდა აეხილოს და ნათლად დაინახოს ეს ტექნოლოგიები.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

_ ტერმინი “ევრაზიის ბალკანეთი” პირდაპირ მიანიშნებს, თუ როგორ ხედავს ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამ რეგიონის მომავალს. ბალკანიზაციის პროცესს სახელმწიფოები და ერები შეიძლება შეეწირონ, მაგრამ, აბა, ამას ვინ დაეძებს, როცა დასავლეთის გავლენის გაფართოებასა და რესურსების მისაკუთრეობაზეა ლაპარაკი! სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის შინაგან წინააღმდეგობებს ბჟეზინსკი საგანგებოდ უსვამს ხაზს და აზერბაიჯანს “საცობს” უწოდებს, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს წვდომა კასპიის ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიის სიმდიდრეზე. სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობაში ბევრია ეროვნული უმცირესობა, რომლებიც, ბჟეზინსკის სიტყვებით, “მძაფრად არიან აღშფოთებული ქართველთა ბატონობით”…

დასავლეთს “ევრაზიული ბალკანეთის” დესტაბილიზაცია უფრო მეტად აძლევს ხელს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მარიონეტი სააკაშვილის რევანშით დაბრუნება. გეოპოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად რა მოსატანია ან სომხების, ან აზერბაიჯანელების, ან ქართველების სისხლი და ტერიტორიული მთლიანობა. ყველა მხარის წაქეზება შეიძლება, რათა საბოლოოდ დასავლეთს ენერგორესურსები არ შემოაკლდეს და ევრაზიის სივრცე “მოკლეზე” მოჭრას!

არნო ხიდირბეგიშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი:

საქართველოში მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება _ ახალი “ფერადი რევოლუცია” _ მოქმედი მთავრობისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის მიზნით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის მალული ტანდემის მიერ ანდა ახალი კოალიციით, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრით, ირაკლი ალასანიათი სათავეში. მიზეზი ერთია: დღეს აშშ-ისთვის საკმარისი არ არის, რომ საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი პროამერიკული იყოს, დღეს საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი ანტირუსულიც უნდა იყოს! საქართველომ თავის ტერიტორიაზე უნდა განათავსოს აშშ-ის სამხედრო ბაზები და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საქართველო დღეს უნდა ეომოს რუსეთს და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებში ჩაერთოს. ამ მიზნებისთვის კი პრემიერი ღარიბაშვილი შეუფერებელია, როგორც 2003 წელს შეუფერებელი გამოდგა ზომიერად პროამერიკელი შევარდნაძე, როგორც “უცებ” შეუფერებელი გამოდგნენ ამერიკის მიერ ხელდასხმულები _ ჰუსეინი, კადაფი, მუბარაქი, ასადი და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ლიდერები, რომლებშიც დაგვიანებით და აშშ-ისთვის ასე უადგილოდ გაიღვიძა ჯანსაღმა პრაგმატიზმმა.

საქართველოში მორიგი კატაკლიზმების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლით: ერთხელ და სამუდამოდ აშშ-ის კურატორობაზე უარის თქმით! ამისათვის აუცილებელია საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საკითხზე და ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დენონსირება. აგრეთვე, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერება _ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უპირობოდ მისცემს ხმას ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგ.

ასევე აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, რომლის შემდეგაც ქართველი ხალხის მიერ რეალურად არჩეული პარლამენტი თვითონ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. ამისათვის აუცილებელია სასწრაფოდ შევიდეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და ის საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. შედეგად, საქართველოში დასრულდება დაპირისპირება საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის და, ბოლოს და ბოლოს, დამყარდება მმართველობის საპარლამენტო ფორმა, რომელიც ნებისმიერ დიქტატურას გამორიცხავს.

და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი პარლამენტისა და პრეზიდენტის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე კავკასიაში თავისი მეზობლების მაგალითის გათვალიწინებით შევიდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) როგორც სომხეთი, თუ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, როგორც აზერბაიჯანმა. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას არ დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და აირჩიოს უმოკლესი გზა იმ ორიდან, რომელიც ერთმანეთთან დაგვაბრუნებს”.

გულბაათ რცხილაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი:

_ საქართველოში მასმედიის დიდი ნაწილი მოწადინებულია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აჩვენოს, როგორც ბანალური აგრესია, და ეს ყველაფერი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიის მიტაცებად წარმოაჩინოს. მოვლენები ცალმხრივად შუქდება. ამ პროპაგანდას აჰყვა მოსახლეობის დიდი ნაწილი. სწორედ ამიტომ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, როგორმე წინ აღვუდგეთ ამ საინფორმაციო ნიაღვარს. უნდა ითქვას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ არის ლოკალური მოვლენა. ეს დაიწყო სერბეთში და შემდეგ გაგრძელდა პოსტსაბჭოთა სივრცეში “ფერადი რევოლუციებით”. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, უკრაინა მათი ბოლო გაბრძოლებაა და ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. მაიდანი არ განმეორდება სოხმეთსა და აზერბაიჯანში და ისიც ვაღიაროთ, რომ ორივე ქვეყანა ჩვენზე გონივრულად იქცევა.

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ საქართველო დღეს ვერ იქნება იზოლირებული, ამიტომ, ბუნებრივია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები, დღეს სისტემურ კრიზისშია. ამიტომ ის ეძებს გამოსავალს. თუმცა, საკითხავია, რამდენად აქვს მას უფლება, უზნეო გზით ეძებოს გამოსავალი. ამერიკას მსოფლიოზე გაბატონება სურს. ის ახლოს იყო მიზანთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რუსეთს სულელი და ლოთი პრეზიდენტი ბორის ელცინი მართავდა, თუმცა, ამერიკელებმა მაშინ რუსეთის დაშლა მაინც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყენა. თუ ამერიკელები საკუთარ ჩანაფიქრს უკრაინაში ბოლომდე შეასრულებენ, შემდეგ იმავეს კავკასიაში გააგრძელებენ. საქართველოში მოვლენების ამგვარი განვითარება კი შესაძლებელიცაა და მოსალოდნელიც. მართალია ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მისი იდეოლოგია და პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლება მაინც ვერ არის ამერიკული ინტერესების ისეთი აქტიური გამტარებელი, როგორიც წინა ხელისუფლება იყო. სწორედ ამიტომ სურთ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მარტივად შეიძლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლქიტის პროვოცირება და სამივე ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, ცეცხლში გაეხვევა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ მოსალოდნელი მოვლენების თავიდან აცილებაა.

ირაკლი უბილავა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრისა და ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წარმომადგენელი:

_ ამერიკას სჭირდება ომი და მასში რუსეთის ჩათრევა, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ამას არ აკეთებს. ახლა მთავარია, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტი გაუხსნან, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახერხებენ ამას. ვფიქრობ, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსგავსი მოვლენების განვითარება გამორიცხულია. ამ მხრივ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი სახელმწიფო საქართველოა. შესაძლებელია, 2016 წლისთვის მოხდეს “ქართული ოცნების” კოალიციაში მყოფი ლიბერალური ძალებისა და “ნაციონალების” გაერთიანება და ხელისუფლების ცვლილება, თუ გიორგი მარგველაშვილმა მანამდე არ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა, მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რამდენად მოახერხებენ ამას, არ ვიცი. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებად საზოგადოების გაერთიანება აუცილებელია.

ვალერიან დოლიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ ვიდრე გავცემდეთ პასუხს კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა, უკრაინის სცენარი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განმეორდეს? _ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ, როგორ წარმოიშვა და რა მოვლენას წარმოადგენს მაიდანი და არსებობს თუ არა იგივე წინაპირობა ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში? გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინა ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკურმა თავისებურებებმა. უკრაინაში საზოგადოების ნაწილს ჰქონდა დიდი მოლოდინი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ვითარება ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვლებოდა. არადა, მათ არ გაითვალისწინეს, რომ ასოცირების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგებოდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, ექსპერტი, პოლიტოლოგი:

_ უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე “ორი მაიდანი” ვნახეთ. დღევანდელი, უკრაინული მაიდანი, ძველის გაგრძელებაა. ეს ყველაფერი კი მოაწყო აშშ-მა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და ეს, პირველ რიგში, ჩვენი წინაპრების ბრალია, მათი, ვინც საბჭოთა კავშირი დაანგრიეს. ამერიკას ფეხი არ უნდა დაედგა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ხოლო მეორე მაიდანი გახდა საბაბი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებისა. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა უკრაინაში, ნატო დასავლეთ უკრაინაში სამხედრო წვრთნებს ატარებს. ეს ხომ რუსეთის პირდაპირი გამოწვევაა?! რა ბარბაროსობა მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამაზე მსოფლიოს ხმა არ ამოუღია. ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ერთპოლუსიანობისთვის. ამისკენ ისწრაფვის აშშ, მოსწონთ თუ არა ეს მსოფლიოში. მაიდანმა განამტკიცა ამერიკის პოზიციები, ამით ნატო რუსეთის საზღვრამდე მიიყვანა და, ფაქტობრივად, დააჩოქა ევროკავშირი, მისი ნების შემსრულებლად აქცია. აქედან გამომდინარეა ევროპის მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ამერიკა დიდ ფულსაც არ დახარჯავს, რადგან აქ უკვე ჰყავს დასაყრდენი. 20 ათასმა კაცმა გაიარა აშშ-ში ტრენინგი. ეს ადამიანები ნებისმიერ დროს მზად არიან, ამერიკის ნებისმიერი დავალება შეასრულონ.

არ არის გამორიცხული, ამერიკა “ნაცინალების” ხელისუფლებაში დაბრუნებასაც შეეცადოს. თუ მოინდომა, ამერიკა ნებისმიერ დროს არევს სიტუაციას სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამიტომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია, მას პოლიტიკური ალღო არ აქვს და არ იცის, რა ქნას. ქვეყანა კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას”.

ასევე მოხსენებით გამოვიდნენ პოლიტოლოგი ელიზბარ ჯაველიძე, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის წარმომადგენელი ვიქტორ ცაავა, საზოგადოება “სტალინის” ხელმძღვანელი გრიგოლ ონიანი, მემარცხენე ძალთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ვანო წიკლაური, ანტიგლობალისტური ცენტრი “ივერიელების” წარმომადგენელი ზვიად ირემაძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანები _ შოთა ბუაძე და სერგო მირზოიანი. დაწვრილებით მასალას კონფერენციის მსვლელობის შესახებ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here