Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო “მაიდანიზაციის” მოლოდინში

საქართველო “მაიდანიზაციის” მოლოდინში

675

“100 წლის წინათ ლორდი კერზონი ამტკიცებდა, რომ კავკასიაში ბრიტანეთის ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რათა არ შევუშვათ იქ რუსები და უზრუნველვყოთ ადგილობრივი სახელმწიფოების ნორმალური განვითარება: “ჩვენ უნდა დავრჩეთ კავკასიაში, რათა ფეხზე დავაყენოთ კავკასიის ხალხები”. კერზონს ეწინააღმდეგებოდა არტურ ბელფური, რომლის აზრით, საეჭვოა, დასავლურ ნეოკოლონიალიზმს საერთოდ შეეძლოს რამის კეთება, გარდა საკუთარი ინტერესების დაცვისა. “უნდა დავიცვათ ბათუმი, ბაქო, რკინიგზა მათ შორის და მილსადენი”. მერე მოვიდა წითელი არმია და ბოლო მოუღო როგორც კერზონის ნათელ იმედებს, ასევე ბელფურის შავ ცინიზმსაც”.
მარკ ალმონდი


ისტორია მეორდება. ახლაც, როგორც ასი წლის წინათ, დასავლეთი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად იბრძვის მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომლებიც მათი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. უკრაინის კრიზისმა საბოლოოდ დაასამარა “კერზონის ნათელი იმედები” და სრულიად გააშიშვლა “ბელფურის შავი ცინიზმი”.

2004 წელს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოსცა წიგნი “არჩევანი: მსოფლიო ბატონობა თუ გლობალური ლიდერობა”, რომელშიც წერდა: “მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნატო ახალ როლში გამოვიდა, როცა მღელვარებითა და ძალადობრივი კონფლიქტებით მოცულ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სტაბილურობა დაამყარა. შემდგომი ათწლეულის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ ვერ ავცდებით ერთგვარ სტაბილურობის პაქტს კავკასიისთვის _ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტის მსგავსს”. შეხსენებისთვის: “სტაბილურობა” იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთის ძირძველი მიწის _ კოსოვოს ტერიტორიაზე ალბანური სახელმწიფოს აღიარებაში გამოიხატა.

დღესაც დასავლეთს დიდად არ ადარდებს, მაგალითად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა; მისთვის სრულიად მისაღებია მისი რამდენიმე სუსტ ანკლავად დაყოფა, რომელთა მართვა და მანიპულირება არ უნდა გაუჭირდეს. ჩვენი ექსპერტები, რომლებიც უკრაინის მოვლენებს შემდგარ ფაქტად აფასებენ, ნაკლებად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს დიდი გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია.

ბჟეზინსკი 1997 წელს თავის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” დაუფარავად წერდა, რომ, თუ ბალკანეთი, ტრადიციულად, ევროპაზე ბატონობის “გასაღები” იყო, “ევრაზიის ბალკანეთი” მსოფლიოზე ბატონობის “გასაღებია”. “ევრაზიის ბალკანეთი” კი ასე გამოიყურება: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ავღანეთი. ცხადია, ყველა ამ სახელმწიფოს ტერიტორია ისევე უკავშირდება ენერგომატარებლებს, როგორც ბელფურის მიერ ნახსენები “ბათუმი, ბაქო, რკინიგზა მათ შორის და მილსადენი”. “ევრაზიის ბალკანეთი” დასავლეთისთვის, ბჟეზინსკის აზრით, მხოლოდ გეოპოლიტიკურ მიზანს კი არ წარმოადგენს, არამედ “პოტენციურ ეკონომიკურ მოგებას”: ამ რეგიონში ხომ, დასავლეთისთვის მიმზიდველი ბუნებრივი აირისა და ნავთობის გარდა, ოქრო და სხვა ძვირფასი წიაღისეული უხვად მოიპოვება.

ტერმინი “ევრაზიის ბალკანეთი” პირდაპირ მიანიშნებს, თუ როგორ ხედავს ბჟეზინსკი ამ რეგიონის მომავალს. ბალკანიზაციის პროცესს სახელმწიფოები და ერები შეიძლება შეეწიროს, მაგრამ, აბა, ამას ვინ დაეძებს, როცა დასავლეთის გავლენის გაფართოებასა და რესურსების მისაკუთრებაზეა ლაპარაკი! სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის შინაგან წინააღმდეგობებს ბჟეზინსკი საგანგებოდ უსვამს ხაზს და აზერბაიჯანს “საცობს” უწოდებს, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს წვდომა კასპიის ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიის სიმდიდრეზე. სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობაში უხვად არიან ეროვნული უმცირესობები, რომლებიც, ბჟეზინსკის სიტყვებით, “მძაფრად არიან აღშფოთებული ქართველთა ბატონობით”.

ერთი სიტყვით, ამ ნაშრომში დაუფარავად იკითხება ყველა ის ბერკეტი, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული დესტაბილიზაციისთვის. ევრომაიდნის” საქართველოში გადმოტანას მხოლოდ “ნაციონალები” როდი ელიან სულმოუთქმელად; დასავლეთს “ევრაზიული ბალკანეთის” დესტაბილიზაცია გაცილებით მეტად აძლევს ხელს, ვიდრე ცალკე აღებული საქართველოს ხელისუფლებაში მარიონეტი სააკაშვილის რევანშით დაბრუნება. გეოპოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად რა მოსატანია ან სომხების, ან აზერბაიჯანელების, ან ქართველების სისხლი ან ტერიტორიული მთლიანობა. ყველა მხარის წაქეზება შეიძლება, რათა საბოლოოდ დასავლეთს ენერგორესურსები არ შემოაკლდეს და ევრაზიის სივრცე “მოკლეზე” მოჭრას!

ნათქვამს და დაწერილს მატერიალიზაციის უნარი აქვს და ამიტომ საკუთარ ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიაზე საშინელებათა პროგნოზირებას, გვიჯობს, ახლახან დაშლილ-დანაწევრებული იუგოსლავიის პროცესი გავიხსენოთ და ანალოგიებიც თვალშისაცემი გახდება. ქვეყნის დაშლა 1991 წელს დაიწყო. როგორც ბჟეზინსკი წერდა, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობები “მძაფრად არიან აღშფოთებული ქართველთა ბატონობით”, ისე სხვა დასავლელი ანალიტიკოსები წინსწრებით წერდნენ ჯერ კიდევ მთლიანი იუგოსლავიის შესახებ: “სლოვენები და ხორვატები, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატიაზე არიან ორიენტირებულნი მათი დასავლურ-კათოლიკური წარსულის გამო, უნიკალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: მათ შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდნენ სერბი დესპოტებისა და სერბულ-კომუნისტური დამპყრობლებისა და მჩაგვრელებისგან” (გეორგ რაისმილერი).

ანტისერბული რიტორიკა სულ უფრო ძლიერდებოდა. დასავლეთის ხელშეწყობით იუგოსლავიას ექვსიდან ოთხი რესპუბლიკა გამოეყო: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა. 1992-2003 წლებში იუგოსლავია უკვე ორადორი სუბიექტისგან _ სერბეთისა და ჩერნოგორიისგან შედგებოდა. 1999 წელს კი შევიდა “განმათავისუფლებელი” ნატო და კოსოვოს ოკუპაცია მოახდინა _ სერბეთის წინმსწრები “ჰუმანიტარული” დაბომბვების გზით. 2006 წელს კონფედერაციიდან ჩერნოგორიაც გავიდა და დასავლეთმა მას სიყვარულით მონტე ნეგრო დაარქვა. 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან 108-მ აღიარა.

მსგავსი სცენარები არც “ევრაზიულ ბალკანეთშია” გამორიცხული. თუ დღეს სამხრეთ კავკასიაში სამი გაყინული კონფლიქტია მთიანი ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, სულაც არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობაც გაიზარდოს და გეოგრაფიაც. ისევე, როგორც იუგოსლავიის შემთხვევაში, უკრაინაშიც და სამხრეთ კავკასიაშიც საკუთარი მიზნების მისაღწევად დასავლეთი ამ სცენარებს ხელს შეუწყობს. მთავარია მილსადენები, როგორც ცხონებული ბელფური იტყოდა! ხოლო ამ მილსადენების გასწვრივ იცხოვრებს ვინმე თუ არა და რა ეროვნების ხალხი იქნება, ეს სულაც არ არის მთავარი! ამ სცენარით ვერც საქართველო იხეირებს, ვერც აზერბაიჯანი და ვერც სომხეთი, მაგრამ მათ სწორედ ამის დაპირებით შეაგულიანებენ.

დაივიწყეთ სააკაშვილი, იგი წარსულია, ჩვენი წარსულის ბნელი ლაქა. წინ გაცილებით უფრო მძიმე გამოწვევებია. საქართველოს “მაიდანიზაცია” ხელისუფლებას კი არა, თავად ქართულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს. სააკაშვილის “ნათელი იმედები” კი ისევე დასამარდება, როგორც კერზონისა _ წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ. ოღონდ დღეს მსოფლიოში ერთადერთი წითელი არმიაა _ ნატოს სახით, რომელიც ყველგან შედის, სადაც ბუნებრივი რესურსები ეგულება.

სულ ახლახან სოციალურ ქსელებში ასეთი ანეკდოტი გავრცელდა: დედოფალი ელისაბედი მიმართავს ბარაკ ობამას: “შოტლანდიას გამოყოფა სურს. დამეხმარე, უწოდე მას სისხლიანი ტირანია!”.

ობამა ეკითხება: “შოტლანდიაში ნავთობი არის”?

ელისაბედი: “ნავთობს არ მოგცემ!”

ობამა: “ბოდიში, ლიზა! თუ ნავთობი არ არის, არც სისხლიანი ტირანია იქნება!”

დღეს “სისხლიანი ტირანიის” კანდიდატი რუსეთია _ ასეთია დასავლური კონიუნქტურა, თანაც, რუსეთს სწორედ ის აქვს, რის გამოც იმსახურებენ თანამედროვე მსოფლიოში ამ სტატუსს _ ბუნებრივი რესურსები, თორემ “დემოკრატია” ისეთი უნდოდა, ელცინმა რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ჰაუბიცებით დაცხრილა! მაშინ მისთვის დასავლეთს არ უსაყვედურია, რადგან მთელი რუსეთის რესურსები სწორედ დასავლეთს ჩაუგდო ხელში “დემოკრატმა” ელცინმა. არც კორუფცია უხსენებია მაშინ ვინმეს, რომელშიც იმჟამინდელი რუსეთი იხრჩობოდა!

ორმაგი სტანდარტი ერთნაირად მოქმედებს დღესაც და წარსულის მიმართაც; როცა ბჟეზინსკი რუსეთის ისტორიას აანალიზებდა, საგანგებოდ მიუთითებდა, რომ ეს იყო 300-წლიანი ტერიტორიული ექსპანსიის პოლიტიკა, თუმცა მორცხვად დუმდა იმაზე, რომ ის 300 წელი ყველა დასავლურმა იმპერიამ სწორედ მისი საზღვრებიდან ძალიან შორს მდებარე ქვეყნების დაპყრობას და კოლონიზაციას მოანდომა. კიდევ ერთი საყურადღებო “დეტალი”: როდესაც რუსეთი თურქეთს ართმევდა ტერიტორიებს, მას ადგილობრივი მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ჰქონდა (როგორც დღეს _ ყირიმში), რადგან თავის დროზე თურქების მიერ მიტაცებულ ამ ტერიტორიებზე ქრისტიანები ცხოვრობდნენ _ სლავები, მოლდაველები, რუმინელები, ქართველები და სომხები. თურქეთის მიმართ კეთილგანწყობილი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანი მოსახლეობა და ყირიმელი თათრები იყვნენ.

მკვლევარები წერენ, რომ ციმბირისა და ყაზახეთის დაპყრობისას რუსეთს იმდროინდელი საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია იმ მარტივი მიზეზით, რომ იმხანად დღევანდელი საერთაშორისო სამართლის ნორმები არ არსებობდა. როცა რუსეთს ამუნათებენ, ივიწყებენ, რომ ზუსტად იმ პერიოდში ევროპიდან ჩასახლებულმა “დემოკრატიზატორებმა” დღევანდელი შტატების ძირძველი მოსახლეობა საკუთარი მიწიდან აყარა და თითქმის სრულად გაანადგურა. ეს ისე, სამართლიანობისთვის.

რუსეთის მიერ აღმოსავლეთისკენ გაფართოებამდე 25 წლით ადრე შტატებმა მექსიკას ტეხასი აართვა, ხოლო კიდევ 10 წლის შემდეგ მექსიკის დედაქალაქი დაიკავეს და აიძულეს, უარი ეთქვა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც დღეს კალიფორნიის, არიზონის, ნევადის, იუტას, ნიუ-მექსიკოს, ნაწილობრივ ვაიომინგის და კოლორადოს შტატები მდებარეობს. ესეც ისე, სამართლიანობის და “საერთაშორისო სამართლის” ხათრით.

და მაინც, უკრაინის პროცესები მთლად ის ვერ წარიმართა, როგორც შეერთებული შტატები და მისი მითითებით მოქმედი ევროპელი პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ. ბლიცკრიგი არ გამოვიდა, აღმოსავლეთ უკრაინის სანედლეულო დანამატად ქცევა იოლი არ აღმოჩნდა. პრეზიდენტი პოროშენკო იძულებული შეიქნა, დაუმორჩილებელი რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებინა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ცალკეულ პუნქტებზე რუსეთთან კონსულტაციები იმართება. რუსები და უკრაინელები საერთო ენას გამოძებნიან. არ არსებობს სხვა უფრო ახლობელი ხალხები. სააკაშვილს ისევე გააპანღურებენ უკრაინიდან, როგორც საქართველოდან. სავარაუდოდ, იგი ვეღარც ამ ქვეყანაში გაბედავს ჩამოსვლას და სადმე მის საზღვართან თუ შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგა-მეგობრებს.

ძვირფასო პოლიტიკოსებო! ნუღარ ფიქრობთ სააკაშვილზე _ იგი პოლიტიკური გვამია და, როგორც გივი თარგამაძე ამბობდა შევარდნაძის ხელისუფლებაზე, კარგა ხანია, გვამური ლაქები აქვს! იფიქრეთ ქვეყანაზე და არა მის მტრებზე. შორეული მეგობრები ახლო მეზობლებს ვერ შეგვიცვლიან. მით უფრო, როცა მათი მეგობრობა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაში გამოიხატება. როცა ევრაზიის არარსებულ ეკონომიკურ კავშირზე კამათს გახვევენ თავს, იფიქრეთ იმაზე, რომ “ევრაზიული ბალკანეთის” სცენარი თითქმის 20 წლის წინათ დაიწერა და იგი კარგს არაფერს გვიქადის. ამაზე დაშლილ-განადგურებული იუგოსლავიისა და გულამოგლეჯილი სერბეთის მაგალითი ნათლად მეტყველებს!

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here