Home რუბრიკები საზოგადოება სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ «ნაციონალების» მიერ დანიშნული კადრები განაგებენ

სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ «ნაციონალების» მიერ დანიშნული კადრები განაგებენ

686

წლების წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლები ახალი ხელისუფლებისგან დღემდე ამაოდ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.


ხათუნა ჩარკვიანი, ჟურნალისტიკის დოქტორი:

_ უნივერსიტეტი სახელმწიფოს სიძლიერის ბარომეტრია. ბედნიერი ვიყავი, რომ გვყავდა არაჩვეულებრივი სტუდენტობა, რომელსაც ვასწავლიდი. რომ არა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები, 2012 წლის 1 ოქტომბერი არ იქნებოდა. სხვათა შორის, მათი პირველი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორების დაბრუნება იყო. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა პროფესორი მარინა ვეკუა, რომელიც  თავისუფლების ინსტიტუტის მითითებით გაათავისუფლეს და მის ნაცვლად თეა თუთბერიძე მოიყვანეს. რა უნდა ასწავლოს თეა თუთბერიძემ სტუდენტებს? მისი რამდენიმე ფრაზიდანაც ჩანს, როგორი პროფესორია. პედაგოგი სტუდენტს მენტალობაზე, სამშობლოს სიყვარულზე უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ ერთხელ მაინც თუ გსმენიათ თუთბერიძისგან სიტყვა «სამშობლო»?

დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ «ნაციონალების» დანიშნული კადრები განაგებენ, რადგან «ქართულმა ოცნებამ» უნივერსიტეტში არ ჩაატარა წმენდა. არ მერიდება ამ სიტყვის თქმა, დიახ, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ წმენდა უნდა ჩატარებულიყო. ეს სასწავლო დაწესებულება უნდა გაწმენდილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად იღვწოდნენ ნაცრეჟიმის გასამყარებლად. ასეთია, მაგალითად, მარიამ გერსამია, რომელიც გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. ის ამ თანამდებობას დღემდე იკავებს, გახდა სრული პროფესორი და ყველა ამქვეყნიური სიამე მიიღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მარიამ გერსამია პრივილეგიური ოჯახის წარმომადგენელია. ის კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის ქალიშვილია. მარიამის ძმა, რომელიც ნაცრეჟიმის მეხოტბეა, სააკაშვილის შოუების რეჟისორად მუშაობდა. მაინტერესებს, რა ნიშნით მიიღო მარიამ გერსამიამ სრული პროფესორის სტატუსი, თუმცა ეს რა საკითხავია?!  ეს იმიტომ მოხდა, რომ იგი დაახლოებული პირი იყო «ნაცმოძრაობასთან». ჯერ კახა ლომაიას პრესმდივანი გახლდათ, შემდეგ _ განათლების მინისტრ ნიკა გვარამიასი და ამიტომაც მიანიჭეს სრული პროფესორობა. გარდა ამისა, ყველა პროექტში ესენი იყვნენ ჩართულნი, დადიოდნენ უცხოეთში და ა. შ.

უნივერსიტეტში 1994 წლიდან ვასწავლი, უნივერსიტეტის გაზეთში წერდნენ, როგორი წარმატებული ადამიანი ვარ, როგორ ვუყვარვარ სტუდენტებს, რა კარგ ლექციებს ვატარებ და ა. შ. ერთი თვის შემდეგ კი უაპელაციოდ მოხსნეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი და მეც ზედ მიმაყოლეს. დღეს უნივერსიტეტი გადასარჩენია, რადგან წამყვან პოზიციებს ისევ «ნაციონალების» კადრები იკავებენ, და რა სისტემა მუშაობს, გაუგებარია. დიახ, მოვიდა ახალი რექტორი, რომელიც ყველა ღირსებით შემკული ადამიანია, მაგრამ რეფორმა არ არის დაწყებული და, სახელმწიფოს ნება თუ არ იქნა, რეფორმას მხოლოდ უნივერსიტეტი ვერ განახორციელებს. 2 წელი გავიდა და დროა, რეფორმები დაიწყონ, დამთავრდა კოაბიტაციის პროცესი და რაღას უცდიან?! გაუგებარია, რატომ ფერხდება უნივერსიტეტში იმ პროფესორების დაბრუნების პროცესი, რომლებიც წლების განმავლობაში შეუპოვრად ებრძოდნენ ნაცრეჟიმს.

_ რატომ ფერხდება?

_ იმიტომ, რომ გერსამია და სხვები კვლავ ინარჩუნებენ მაღალ პოსტებს უნივერსიტეტში. მარიამ გერსამია სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ჟურნალისტიკის მიმართულებას, რადგან ეს ადამიანი დარგის განვითარებას უშლის ხელს. ის ხომ «ნაცმოძრაობის» იდეოლოგიური ზონდერია! ვიდრე ასეთი ადამიანებისგან არ გათავისუფლდება სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ქვეყანას არაფერი ეშველება. მაგალითად, უნივერსიტეტის პიარმენეჯერი ნანა მამაგულიშვილი «ნაციონალების»  დანიშნულია და ამ პოსტს დღემდე ინარჩუნებს. ის სააკაშვილთან დაახლოებული პირია. უნივერსიტეტი დღეს არის ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც არიან დაშინებული ადამიანები; ასეთები კი სტუდენტთან  ვერ იმუშავებენ.

ჩვენი მოთხოვნაა, «ოცნებამ» დაიწყოს სახელმწიფო სტრუქტურებში რეფორმების გატარება, წამყვანი პოსტებიდან გაუშვას ნაცრეჟიმის მსახურები და მიიღოს ახალი კადრები.

დღეს სასწავლებელში მიღებისას ყურადღებას აქცევენ, რამდენ უცხოურ კონფერენციაზე ხარ ნამყოფი, რამდენი სტატია გაქვს გამოქვეყნებული და ა. შ. ჩვენ, წლების განმავლობაში უნივერსიტეტიდან გამოყრილები, ასეთ რაღაცებში ვერ ვმონაწილეობდით. ამ პრივილეგიებით სწორედ «ნაცების» მსახური პროფესორები სარგებლობდნენ და დღეს, კონკურსებს რომ აცხადებენ, სწორედ ზემოჩამოთვლილ პარამეტრებს აქცევენ ყურადღებას, ამიტომაც პროკურატურაში შემაქვს სარჩელი ამ საკითხზე. მოვითხოვ, შეისწავლონ ბოლო ათი წლის დოკუმენტაცია, როგორ იხარჯებოდა ფული, ვინ რამდენჯერ და რა გზით  წავიდა უცხოეთში და რა შედეგი მოიტანა დახარჯულმა თანხამ. ამას დიდი ხანია ვაპირებდი, მაგრამ თავს ვიკავებდი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ჩემთვის ლექციები უნდა დაებრუნებინათ უნივერსიტეტში, მაგრამ მარიამ გერსამიასგან უარი მივიღე.

_ მიზეზი რა გითხრათ?

_ ის, რომ არ სჭირდება ჩემი საგნები თავის საპროგრამო დოკუმენტში. 

_ რექტორთან არ გააპროტესტეთ?

_ ამ შემთხვევაში ლადო პაპავა უმცირესობაშია და ერთიანი, ძლიერი გუნდი სჭირდება, თუნდაც იმ პროფესორებისგან შემდგარი, რომლებიც სააკაშვილმა ქუჩაში გაყარა. ცუდია, რომ არ აქტიურობენ. შესაძლოა, ადრე თუ გვიან, ეს ხალხი უნივერსიტეტში დაბრუნდეს, მაგრამ საქმე უნივერსიტეტის გადარჩენაა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2005 წლიდან გამოყრილი 80 პროფესორი უდიდესი სტრესის მიღებისა და ნერვიულობის გამო გარდაიცვალა. ეს ტვინების გენოციდია.

_ რას აპირებთ?

_ უნივერსიტეტის რექტორთან მისვლას. მან კარგად იცის, როგორი თავნებობაცაა  უნივერსიტეტში _ უამრავი ვაკანსიაა, მაგრამ გერსამია მხოლოდ მისთვის სასურველ კადრებს უხსნის გზას. ეს ყველაფერი იცის რექტორმა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შევახსენებ.

დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ქართველ საზოგადოებაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, რას იტყვის ამერიკა, ევროპა თუ რუსეთი. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ ქართველი ხალხის ნებით და, პირველ რიგში, მათი მოთხოვნები უნდა შეასრულონ. არ არის სამუშაო ადგილები, არ მოხდა «ნაციონალების» გაძევება სახელისუფლო სტრუქტურებიდან. «ოცნებას» ისე არ მიჰყავს საქმე, როგორ დაპირებებსაც იძლეოდა ქვეყნის განვითრებაზე და დღეს რა პასუხს აძლევს საზოგადოებას?

თამარ კიკნაძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ 2006 წელს გამოცხადდა პროფესორების კონკურსი და გავედი კონკურსზე. შემდეგ გაიმართა გასაუბრება და ჩემზე დაბალი რანგის პროფესორებს ზუსტად იმდენი ქულა დაუწერეს, რამდენიც საჭირო იყო ჩემ მაგივრად გასაშვებად. ამის გამო მივმართე სასამართლოს, რომელმაც აღიარა, რომ ეს შედეგები უსამართლოა. უმაღლესმა ინსტანციამაც გამოიტანა დადგენილება, რომ შედეგები უნდა გაუქმებულიყო. როდესაც სასამართლოს ეს წერილი მივიტანე უნივერსიტეტის იურიდიულ განყოფილებაში, სასაცილოდ არ ეყოთ. იმხანად უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა გახლდათ. სასამართლოზე კომისიის თავმჯდომარეს ჩემზე უთხრეს, ეს ისეთ ადამიანს არ ჰგავს, გასაუბრება ვერ გაევლოო, რადგან საკმაოდ სოლიდური «სივი» მაქვს _ ორი დისერტაცია დავიცავი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია  დავამთავრე. უპასუხეს, გასაუბრებაზე განწყობაზე ვერ იყოო. რა თქმა უნდა, ცუდ განწყობაზე ვიქნებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს გასაუბრება მხოლოდ კორნელი კაკაჩიას გასაყვანად დანიშნეს. საბუთებით ვერ გაჰყავდათ და ამ გასაუბრებით გაიყვანეს. კაკაჩია დღესაც უნივერსიტეტშია და უკვე სრული პროფესორის სტატუსიც მიანიჭეს.

_ რის საფუძველზე?

_ ეს ადამიანი «ნაციონალების» მიმართ ლოიალური იყო. მე კი იმხანად რადიოგადაცემა «ეს შენი საქართველოას» ავტორი და წამყვანი გახლდით და იმჟამინდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი. ორი დისერტაცია მაქვს დაცული _ საკანდიდატო და სადოქტორო, ჩემი კონკურენტების უმრავლესობას კი _ ერთი; და დღეს  კონფერენციაში მონაწილეობა თურმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადოქტორო დისერტაცია. ამიტომაც არის  დღეს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი საშინლად დაბალი.

_ ბევრს აქვს ახალი რექტორის _ ლადო პაპავას იმედი, მისთვის არ მიგიმართავთ?

_ უნივერსიტეტში ისეთი ვითარებაა, რომ ლადო პაპავა ვერ დამეხმარება. არადა, ისეთ მნიშვნელვან დარგს ვემსახურები, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერება, რომელშიც საქართველო ძალიან მოიკოჭლებს. დღევანდელი უნივერსიტეტები გადაქცეულია არა განათლების კერად, არამედ სოციალიზაციის საშუალებად. ხელოვნურად ხდება განათლების ხარისხის დაცემა. ბოლონიის პროცესის მიხედვით, აქცენტი გადატანილია მოხელეებზე, რომლებიც მხოლოდ საბუთების გაფორმებით არიან დაკავებულნი და ორიგინალურად მოაზროვნე კარგი პროფესორი თუ სილაბუსს ვერ დაწერს კარგად, შესაძლოა, უსამსახუროდ დარჩეს. მოხელეები აკონტროლებენ სასწავლო პროცესს და პედაგოგებს აღარ აქვთ შემოქმედებითი აღმაფრენა, ისინი ბუღალტრებად გადაიქნენ. ეს გლობალური პროცესია, რომლის მიზანიც ადამანის გონების დერაციონალიზაციაა. ჩემს თაობას ცოდნის მხრივ ბაზისი გვაქვს, ფუნდამენტურ განათლებას ვგულისხმობ. შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილმა 40 წლის ზემოთ ადამიანები ჩარეცხა, რადგან კრიტიკული აზროვნების უნარი გაგვაჩნია. დღევანდელ სტუდენტებს რომ მოუსმინოთ, გაოგნდებით. სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ თაობები დაამახინჯა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მენტალურად. სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს გადაქცეულია სოციალიზაციისა და ახალი ღირებულებების ჩამოყალიბების ადგილად. თუმცა მსოფლიოში არსებობს დახურული ტიპის უნივერსიტეტები, რომლებშიც სულ სხვა მეთოდით ასწავლიან, სწორედ იქ სწავლობენ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა შვილები, მათ შორის ქართველი პოლიტიკოსებისაც. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული უნივერსიტეტებია.

_ როგორ უნდა გადარჩეს, ამ პროცესების მიუხედავად, სახელმწიფო უნივერსიტეტი?

_ თუ არ დაიწყო გლობალური ცვლილებები განათლების სფეროში, არაფერი შეიცვლება. ამ მეთოდით თაობების აღზრდით კი დერაციონალური გონების ადამიანებს მივიღებთ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here