Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: რუსეთი ზესახელმწიფო ხდება, ამიტომ მისი გავლენის სფერო იზრდება, პოსტსაბჭოთა სივრციდან...

ვალერი კვარაცხელია: რუსეთი ზესახელმწიფო ხდება, ამიტომ მისი გავლენის სფერო იზრდება, პოსტსაბჭოთა სივრციდან წასვლა კი ამერიკას მოუწევს!

794

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები დროებით შეწყვეტილია, პოზიციების დათმობას არ აპირებს, ის კმაყოფილია ნატოს რეზოლუციით, რომლის თანახმადაც, უკრაინა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს. პოზიციებს არც რუსეთი თმობს. რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, ისინი დილემის წინაშე დგანან. როგორც «საქართველო და მსოფლიოსთან~ საუბარში ანალიტიკოსმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, აშშ-ს ლავირების საშუალება არ აქვს, რადგან თავისი სამხედრო დოქტრინა ხელს უშლის.

 

_ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერებულია, მაგრამ ეს რეალურად არაფერს ნიშნავს. მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ამერიკის მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ. აშშ რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს.

თვითონ ამერიკა უამრავი პრობლემის წინაშე დგას _ აქვს უაზარმაზარი საშინაო და საგარეო ვალი, ამიტომ იქ ვითარება, ფაქტობრივად, აფეთქებამდეა მისული, თუმცა ამას ოსტატურად ნიღბავენ. შენიღბვა დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ ამერიკამ რაღაც ახალი არ მოიგონა და თავის გადარჩენაზე არ იზრუნა.

სწორედ ამიტომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რუსეთი დაშალონ და ამ ქვეყნის აურაცხელი ქონება ხელში ჩაიგდონ. აი, ეს არის თავიდათავი მიზეზი უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და ამას ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ შეიმუშავა სამხედრო დოქტრინა, რომელშიც ნათლადაა ასახული მათი მსოფლიოზე გაბატონების სურვილი. ეს დოქტრინა მუდამ წინააღმდეგობას აწყდებოდა: ჯერ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მერე ეგონათ, რომ ეს პრობლემა მოეხსნებოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ამ უდიდესი კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა, რუსეთი გახდა ასევე პატრონი იმ ბირთვული არსენალისა, რომელიც ძალისმიერი მეთოდების შემაკავებელი ფაქტორია. ამიტომ ამერიკა ახალ რელსებზე გადავიდა _ გადაწყვიტა რუსეთის დასუსტება და დაშლა,  მაგრამ მას კვლავ შეხვდა უდიდესი წინააღმდეგობა, რასაც რუსი ხალხის ნება ჰქვია. რუსი ხალხის ნებას კი ვლადიმერ პუტინი გამოხატავს. პუტინი ამას არც მალავს და სწორი ნაბიჯებიც გადადგა ქვეყნის გასაძლიერებლად, რაც გამოიხატა ეკონომიკისა და თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში.

ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი ვერ იქნებოდა, რადგან ამან სიკეთე არ მოიტანა, არ იმუშავა. პუტინის ეს ნათქვამი იმხანად ცარიელ სიტყვებად ჩათვალეს, მაგრამ ძალიან შეცდნენ, რუსეთი დღეს არის ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი აშშ-ის დოქტრინა დღემდე არავის შეუცვლია, რაც ამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის, ის საჭირო დროს ლავირების საშუალებას არ იძლევა, რაც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას უწყობს ხელს. ამერიკას ამ სიტუაციაში ჩათრეული ჰყავს მთელი ევროპა და რუსეთის წინააღმდეგ  ერთად მოქმედებენ.

ნატოს გაფართოების გეგმამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემუშავდა, 2004 წლამდე იარსება, ამ ალიანსში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გაწევრებამდე. მათი მიზანია, ეს პროცესი გაგრძელდეს და, თუ გაგრძელება უწერია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ნატოს წევრები უნდა გახდნენ, ოღონდ ერთი ფაქტორი არსებობს, შეუძლია თუ არა ამის ატანა რუსეთს? რუსეთი იტანს ბევრ რამეს, უკანაც იხევს, ოღონდ იმ მომენტამდე, ვიდრე მანევრირების საშუალება არსებობს. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, იწყებს ბრძოლას სხვა მიმართულებით. სწორედ ასეთი რამ მოხდა უკრაინაში. ამერიკამ და ევროპამ მოქმედებები ფორსირებულად დაიწყეს ჩვეული მეთოდებით _ მანიპულაციებით, კორუფციაზე საუბრით, იანუკოვიჩის ვითომ პრორუსულობით, შექმნეს მაიდნის პროცესები, რომლითაც პროამერიკული რეჟიმის ჩამოყალიბება სურდათ. მათ ეს ერთხელ უკვე სცადეს, როდესაც მოიყვანეს იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს ტანდემი, მაგრამ მაშინაც ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპაში თავისი ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განალაგოს და რუსეთი, პრაქტიკულად, ალყაში მოაქციოს, თანაც, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაერთიანდებიან, რუსეთი ბირთვული იარაღისგან განიარაღდება, რადგან დამჭერი სისტემები ძალიან ახლოს იქნება და აფრენის მომენტშივე შეძლებს რაკეტების დაჭერას. რუსეთი ამას, რა თქმა უნდა, აცნობიერებს და მან მოქმედება დაიწყო.

რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა, მან ყველა წესის დაცვით, ლეგიტიმურად შეიერთა ყირიმი, უფრო ზუსტად, დაიბრუნა, რითაც სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთა იმ ქმედების წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკა ეწევა.

დასავლეთი ცდილობს, სახე შეინარჩუნოს, რიტორიკას არ ცვლის, გაურკვეველ სანქციებსაც აწესებს, რომლებიც უკან უბრუნდება ბუმერანგივით.

რუსეთი ისეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, რომ ასეთი სანქციები ვერაფერს დააკლებს, რუსეთს ცხოვრება იზოლაციაშიც შეუძლია, რასაც ევროპაზე ვერ ვიტყვით. ევროპა დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე და სწორედ ამ მიზეზით საქართველო მაპის მოლოდინში რჩება.

ამჟამად საქმე გვაქვს ჩიხურ სიტუაციასთან. დასავლეთი იძულებულია, უკან დაიხიოს, მაგრამ უკანდახევასაც თავისი წესი აქვს.

_ როგორ ფიქრობთ, ევროპა უკანდასახევად მზად არის?

_ ვერ გეტყვით, რადგან ევროპის ზურგს უკან აშშ დგას და მძლავრ ბერკეტებს ფლობს მის წინააღმდეგ, ამერიკას ევროპა დამონებული ჰყავს. დღეს ყველანი ერთად არიან ისეთ ვითარებაში, როდესაც არ იციან, რა მოიმოქმედონ.

_ რუსეთმა თუ იცის, რა უნდა გააკეთოს?

_ რა თქმა უნდა. რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში არსებობს რუსი ხალხის უდიდესი მასა, რომელიც პოზიციებს არ დათმობს, ისინი დიდხანს იყვნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. უკრაინაში მცხოვრებ რუსებს რუსულ ენაზე ფილმიც კი არ უნახავთ. ენის წინააღმდეგ მიმართული ასეთი ქმედება ფაშიზმია, ამიტომ რუსეთს ჩამოყალიბებული აქვს სამოქმედო გეგმა…

_ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსული ჯარია შეყვანილი, რუსეთი არ ადასტურებს

_ არც ვლადიმერ პუტინი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რუსეთის ჯარის უკრაინაში ყოფნას ვერ ამტკიცებს ვერც ევროპა და ვერც ამერიკა, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორ მუშაობენ დასავლური საინფორმაციო საშუალებები? შეუძლიათ, დღე ღამედ მოგაჩვენონ და პირიქით. ამერიკა და ევროპა ბრძანებებს გასცემენ და ყველა ქვეყანა, ჩვენი ტელევიზიებიც კი, ერთსა და იმავეს ყაყანებენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, თუმცა წარმოუდგენელია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, მაგრამ, თუ დაიწყება, რუსეთი ამაზეც წამსვლელია.

_ ამბობენ, რუსეთი ახლა ეკონომიკურად დასუსტებულია, ამიტომ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს ვერ ჩაატარებსო

_ ესეც იმ პიარის ნაწილია, რომელზეც ვსაუბრობდით. რუსეთს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ ომში ჩაებას.

მესამე მსოფლიო ომი სამყაროს დასასრულს ნიშნავს. რუსეთმა ბირთვული იარაღი სხვა მიმართულებით კი არა, თავის ქვეყანაში რომ ააფეთქოს, კაცობრიობა აღარ იარსებებს. მესამე მსოფლიო ომი მეტაფიზიკური განზომილებაა. ამაზე არც ერთი მხარე არ წავა, თუ რომელიმე დაიწყებს, მეორე დაამთავრებს.

_ ბატონო ვალერი, ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, ცოტა არ იყოს, სახიფათო პროგნოზი გააკეთა; მან განაცხადა, რომ კრიზისი ჩვენთანაც მოსალოდნელია. როგორ ფიქრობთ, ამერიკა და ევროპა არეულობის დაწყებას ჩვენს რეგიონშიც შეეცდებიან და, ასე ვთქვათ, ამ გზით რუსეთს ზურგში დანას ჩასცემენ?

_ ნორლანდმა ნამდვილად საყურადღებო პროგნოზი გააკეთა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა, არა მგონია, მსგავსი რამ განმეორდეს.

რუსეთი ზესახელმწიფო ხდება, ამიტომ მისი გავლენის სფერო იზრდება, პოსტსაბჭოთა სივრციდან წასვლა კი ამერიკას მოუწევს.

ამერიკული კაპიტალიზმი და ეკონომიკური ცხოვრების წესი ღრმა კრიზისშია, ხოლო რუსული კაპიტალიზმი _ საწყის სტადიაში. მას წინ ბევრი კარგი რამ აქვს. დასავლური მედია ამბობს, რომ რუსეთს მომხრეები არ ჰყავს, მაგრამ ეს მართალი არ არის, მის გვერდით ნახევარი მსოფლიოა.

რუსეთთან შუბლით შესკდომამ კარგი რა მოგვიტანა? საქართველოში ყველა მომდევნო მთავრობა წინას ლანძღავდა, თუმცა საგარეო კურსი არც ერთს არ შეუცლია, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჩვენ სამ ნაწილად დაშლილები, ეკონომიკურად გაჩანაგებულები ვართ, ემიგრაციაშია მილიონობით ქართველი, აქ დარჩენილები კი ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებულნი. ხომ შეიძლება, ასეთი შედეგების შემდეგ  სწორი დასკვნა გავაკეთოთ? დასკვნა ერთია _ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ხალხის ნებას არ ითვალისწინებდა. ქართველი ხალხის ნება არ არის და არც იქნება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, მას რუსეთთან მტრობას მეგობრობა ურჩევნიათ.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, ამერიკელები ურთიერთობას ამყარებენ როგორც ხელისუფლებებთან, ასევე ოპოზიციასთანაც იმის გამო, რომ ხელისუფლება შემცვლელის შიშით ამუშავოს. რუსეთი ასე არ იქცევა, ჩვენ მხოლოდ ხელისუფლებებთან ვთანამშრომლობთ, ურთიერთობებს მათთან ვაწყობთო.

_ როდის დასრულდება უკრაინის მოვლენები?

_ ძნელია პროგნოზირება, ამის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. თანაც არავინ იცის, ამერიკა რა ბერკეტებს აამუშავებს. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ რუსეთი გამოუვალ სიტუაციაში აქტიურდება, ეს მისი ისტორიაა, რუსეთს  ომი არასოდეს წაუგია. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, არ დამარცხდება და ასეც უნდა იყოს, განა იმიტომ, რომ რუსეთი აბსოლუტური სიკეთეა, არა, უბრალოდ, ის ახლოს დგას სიკეთესთან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. 1490წლიდან, როცა ჩვენ უკვე, როგორც ქვეყანა აღარ ვარსებობდით, რუსეთმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ქვეყანად გვაქცია. ყველა ის, სიბოროტე, რაც წინა საუკუნეების რუსეთს უკავშირებენ, თავისთავად, მარტო არ მოსულა მათ მხრიდან. თვითონ ხელისუფლებაში მყოფი მაშინდელი,შემდგომი და ახლანდელი საქართველოს ხელისუფალნი არიან დამნაშავეები.
    პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკანები თავიაანთი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ქმედებებში სისხლისღვრასაც კი არ ერიდებიან. ამის ბოლო მაგალითია სოხუმი და 2008 წლის8 აგვისტო!!!

  2. ვალერი კვარაცხელია საუბრობს ისევე როგორც ჟირინოვსკი და ყველა ქართველთ მოძულე კრემლის ბინადარი!
    რუსეთი დგას სიკეთესთან ახლოს?რუსეთი მსოფლიო ბოროტებას განასახიერებს! წააკითხეთ ვინმემ ამ კაცს საქართველოს ისტორია!
    ამ კაცს გაახსენეთ ვინმემ გამსახურდიას მკვლელობა რომლიც მონაწილეც თვითონ არის,და მერე ილაპარაკოს სიკეთის მცნებებზე!
    რუსეთი ქართველი ხალხის მტერია და მტერს მტრულად უნდა მოექცე თუ მონობა გვრიჩევნია მაშინ ესეც თქვან!

  3. შAლვა ახალციხელს
    აფხაზეთიც, 8 აგვისტოც და გამსახურდიას მკვლელობაც ამერიკის მიერ დაწერილი სცენარია …იმ დროინდელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი არამზადების მიერ მოყვანილი სისრულეში!!!
    ასეთი სცენარები ამერიკას ბლომად აქვს გამზადებულები ჩვენთვის და ტრაგიკულ სცენებში შენც და შენი შთამომავლობაც მოყვება.
    ისე ამოგვწყვეტენ ისევე თქვენნაირი გონებაშეზღუდულების წყალობით, რომ მოამბეც არ დარჩება!
    რაც შეეხება 9 აპრილს, ისევ იმ დროინდელმა პზესიდენტმა გამოიძახა რუსის ჯარი მანიფესტანტების დასარბევად, პრეზიდენტი კი თავისი არამზადა პოლიტიკანებით ფანჯრიდან უცქერდა თავისი ხალხის დარბევას. აი, ასეთი ქართველი ხელისუფალნი გვყავდა ჩვენ ყოველ დროს!!!

  4. შე ჭკუის კოლოფო.რუსეთის დაშლა თუ უნდოდა ამერიკას,სსრკ-ს რატო არ მიაყოლა,როცა ძალიან ადვილი იყო რუსეთის დაშლა?

  5. ჩვენს უბედურებას სხვებს რომ ვაბრალებთ…რა შუაშია ან რუსეთი და მითუმეტეს ამერიკა? ჩვენ თვითონ ვართ უვარგისი და უქნარა ერი. გრძელ-გრძელი სადრეგრეძელოების, ტაშ-ფანდურის და ცეკვა-თამაშის მეტი არაფერი შეგვიძლია, გაბღენძილებს დიდი წარმოდგენა კი გვაქვს საკუთარ თავზე, 21-ე საუკუნეში მე-12 საუკუნის მიღწევებით მოგვაქვს თავი (!) დღეს კი ერთი ციდა მიწა გვაქვს და იმისთვის ვერ მოგვივლია, ვერ დაგვიმუშავებია, მოსავალი ვერ მოგვიყვანია, წარმოებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ხშირ-ხშირად კი ვიმეორებთ საქართველო გაბრწყინდებაო, ღმერთი გაგვაბრწყინებსო. ნეტავი რით ვიმსახურებთ ღმერთის თვალში ამ გაბრწყინებას? რითი ვართ განსაკუთრებულები? საკუთარი დედის მაგინებელი ახალგაზრდობა რომ გვყავს, იმით? …შეხედეთ ჩინელებს, რა შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან, მაგათი ხელი და გონება რას არ ქმნის და რას არ აკეთებს. აი, ვის ელოდება ბრწყინვალე მომავალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here