Home რუბრიკები საზოგადოება მეორე ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

მეორე ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

575

ბატონო პრემიერმინისტრო!

სამეგრელოს რეგიონის უხუცესთა კავშირი «სხუნუ», სხვა ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები მადლიერია თქვენი გადაწყვეტილებით ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სიხარულით შეხვდა არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობა.


ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის აშენების საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა აკადემიკოსმა, ბატონმა არჩილ კიკნაძემ გასული საუკუნის მეორე ნახევარში. ამჟამად კი საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, ბატონ ჯუანშერ მხეიძესთან ერთად წარმოადგინა ინჟინრული წინადადება…

არჩილ კიკნაძისა და ჯუანშერ მხეიძის წინადადების საფუძველზე ჯერ კიდევ 1999 წლის 17 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა #28 განკარგულება ანაკლიაში ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობის თაობაზე და შექმნა სამთავრობო კომისია სახელმწიფო მინისტრის, ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით, რომელიც სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად შეხვდა ანაკლია-განმუხურის მოსახლეობას, შემდგომ კი ზუგდიდში ჩაატარა პირველი სხდომა. ამ სხდომაზე, სხვებთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს იმდროინდელი უფროსი, ბატონი ჯუანშერ მხეიძე; რეგიონის გუბერნატორი, ბატონი ბონდო ჯიქია და საზოგადოების სახელით, ბატონი ოთარ ფაცაცია.

2000 წლის 10 იანვარს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ, პრეზიდენტის ზემოხსენებული #28 განკარგულების მე-5 მუხლის შესაბამისად, მიიღო #1/10 გადაწყვეტილება «ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის კომპლექსის მშენებლობისთვის შერჩეული მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ».

საქართველოს პრეზიდენტმა 2000 წლის 28 მარტს გამოსცა #260 განკარგულება ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობაზე ტენდერის გამართვის თაობაზე, რომლის მე-5 მუხლი გვამცნობს: «ძალადაკარგულად ჩაითვალოს «საქართველოს სანავსადგურო პოტენციალის განვითარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 იანვრის #28 განკარგულება», ანუ შეგნებულად დაიხურა ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობა, ტენდერის გამოცხადება კი იყო ფიქტიური, რითაც ედუარდ შევარდნაძემ შეწყვიტა ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობა, რომელიც განაპირობა მისმა დაინტერესებამ სხვა საკითხით. ედუარდ შევარდნაძემ 1999 წლის 8  სექტემბერს გამოსცა #1081 განკარგულება ხობის რაიონის სოფელ ყულევში, მდინარე ხობის შესართავთან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალის მშენებლობის შესახებ. როგორც ამბობენ, ეს ტერმინალი კორუფციონერთა ხელშია, რასაც არაპირდაპირ ადასტურებს შევარდნაძის #1081 განკარგულების მე-5 მუხლი: «ნავთობპროდუქტების ტერმინალის დაპროექტებისა და მშენებლობის ძირითადი საკითხები გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით».

ცნობისათვის: ყულევის ტერმინალიდან აირისა და სითხის გაჟონვის შედეგად ახლომახლო მცხოვრები ხალხი დაავადებულია მძიმე სნეულებებით.

ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად, საქართველოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად, «აბრეშუმის გზის» აღსადგენად, ანუ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნით სატრანსპორტო ტვირთბრუნვის მომსახურების უზრუნველსაყოფად ნავსადგური უნდა აშენდეს არჩილ კიკნაძისა და ჯუანშერ მხეიძის წინადადების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ენგურის შესართავთან კალაპოტის გაფართოებას 200 მეტრამდე, კალაპოტის სიღრმე უნდა იყოს 18-22 მეტრი, სიგრძე _ 1კმ და სოფელ განმუხურის სანაპიროსათან გაკეთდება ნავსადგურის აკვატორია შესაბამისი სიღრმით.

ამ პროექტის სისწორესა და აშენების აუცილებლობას ადასტურებენ: მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ნაპირთა გეომორფოლოგიის საერთაშორისო კომისიის წევრი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის სანაპირო ზოლის ლაბორატორიის გამგე, პროფესორი ვსევოლოდ ზენკევიჩი; ქართველი მეცნიერები, რომლებსაც აქვთ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა. ამ პროექტს მხარი დაუჭირა 2000 წლის 4-5 თებერვალს მოსკოვის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებულმა XX საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის თემა იყო «ადამიანი და ოკეანის სანაპირო ზონა XI საუკუნეში».

ჩვენ დავადგინეთ, რომ «ენგურჰესი» სრულყოფილად არ არის აშენებული. მას არ აქვს პროექტით გათვალისწინებული სპეციალური არხი, რომელიც უბედურების შემთხვევაში (მიწისძვრა, ბუნებრივი კატაკლიზმები, დივერსიული აქტი) უზრუნველყოფს მოვარდნილი ღვარცოფის შავ ზღვაში უსაფრთხოდ ჩადინებას. ამიტომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა იმყოფება სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის ქვეშ.

აღნიშნული საკითხი დავაყენეთ შესაბამის სამინისტროებში, მაგრამ ან დუმილია, ან არადამაკმაყოფილებელი, აბსურდული პასუხი.

ენგურის კალაპოტის ამოწმენდა ნიშნავს «ენგურჰესის» თაღოვანი კაშხლიდან მოსალოდნელი ღვარცოფის საწრეტი არხის აშენებას. გარდა ამისა, ეს საკითხი დაკავშირებულია ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობასთან, რადგანაც ენგურის შესართავიდან ნავსადგურის აკვატორიის ჩათვლით მოხდება მდინარის გაფართოება-ამოწმენდა (ცალკე იქნება 4- კილომეტრიანი არხი ნავსადგურის დაცვის მიზნით). ენგურის შესართავიდან ზღვის სიღრმეში გაკეთდება მოლი, რომლის ორივე მხარეს სპეციალური მანქანა მდინარიდან ამოღებულ მასას გადაყრის. მეცნიერთა დასკვნით, მდინარე კოდორის მიერ ზღვაში შეტანილი შლამი და ინერტული მასალა განაწილდება ნაპირზე, შედეგად ზღვა შეწყვეტს სანაპირო ზოლის «წართმევას» და ხმელეთზე შემოჭრას.

ბატონო ირაკლი!

ჩვენ გვჯერა თქვენი პატრიოტობისა და პრინციპულობის, მაგრამ საზოგადოების ნაწილს ეეჭვება ბევრი რამ; მაგალითად, იმიტომ, რომ ჩვენ მიერ წამოყენებულ საკითხებზე პასუხი არ მიგვიღია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამახინჯებს სიმართლეს, მალავს მასალებს და ა.შ.  ვფიქრობთ, რომ თქვენ საეჭვო მიზეზების გამო, არ გაწვდიან სრულ ინფორმაციას.

კონკრეტულად:

1. ბატონმა ჯუანშერ მხეიძემ 2013 წელს ჰონკონგიდან მოიწვია ინვესტორი. ჩამოვიდა ორი წარმომადგენელი, რომლებმაც გამოთქვეს ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობის სურვილი; თქვეს,  რომ პარალელურად ააშენებდნენ აეროპორტს და ინვესტიციებს ჩადებდნენ მეცხოველეობის 4 კომპლექსის, რძის ფხვნილის დამამუშავებელი კომბინატის, ტორფისა და წვენების ქარხნის მშენებლობაში, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ შეგნებულად ჩაშალა შეთანხმება.

შემდგომში ბატონმა ჯუანშერ მხეიძემ ნავსადგურის საკითხზე ამავე სამინისტროს ჩააბარა მიმართვა და მასალები, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ გადაუგზავნეს საპარტნიორო ფონდს, იქიდან კი ისევ დიდი ხნის შემდეგ მასალები დაუბრუნეს სამინისტროს. ბატონ ჟუანშერ მხეიძეს დღესაც არ ეუბნებიან გარკვევით, სად არის ეს მასალები და რა ბედი ეწია მათ;

2. შპს «ოლტა-ჯე»-მ თქვენ მოგმართათ ოფიციალური მიმართვით ნავსადგურისა და რიგი ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხზე. მიმართვა საბუთების (27 ფურცელზე) დანართით ჩააბარეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  ამა წლის 2 მაისს (რეგისტრაციის #14655). გენერალურ დირექტორს, ბატონ ტარიელ ბუზალაძეს პასუხი დღემდე არ მიუღია;

3. სამეგრელოს რეგიონის უხუცესთა კავშირ «სხუნუ»-ს გამგეობის წევრთა ხელმოწერით გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 23-ე ნომერში (25 ივნისი _ 1 ივლისი, 2014 წ.) გამოქვეყნდა «ღია წერილი» თქვენს სახელზე _ ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურისა და «ენგურჰესის» თაღოვანი კაშხლიდან  ზღვამდე ღვარცოფის საწრეტი არხის მშენებლობის საკითხებზე. ეს წერილი მთავრობის კანცელარიაში ჩაბარებული იქნა მიმდინარე წლის 26 ივნისს, რეგისტრაციის ნომერი 21479.

არის სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ესეც საკმარისია.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საზოგადოების დაინტერესების გამო, გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. საზოგადოების თხოვნა იყო, დაკვირვების დასრულების შემდეგ იაპონელი სპეციალისტები შეხვედროდნენ ქართველ მეცნიერებს, განეხილათ შედეგი და მიეღოთ ერთობლივი, რეალური და საქართველოს მომავლისთვის სასარგებლო დასკვნა, მაგრამ ეს არ მოხდა _ იაპონელებმა დასკვნა ჩააბარეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც საქართველოს მეცმიერებათა აკადემიამ მიმართა თხოვნით, _ გადაეგზავნათ მასალები გასაცნობად, მაგრამ არ გადაუგზავნეს (ალბათ, არც აპირებენ).

გვაინტერესებს:

1. ) დაუსვეს თუ არა იაპონელებს კითხვა არჩილ კიკნაძისა და ჯუანშერ მხეიძის წინადადების, ანუ აკვატორიული (სახმელეთო) ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით?

) გადაიგზავნება თუ არა იაპონელთა დასკვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას და რატომ უმალავენ მის შინაარსს ხალხს?

) რისთვის დასჭირდა ეკონომიკის სამინისტროს ზედმეტი ხარჯი _ იაპონელთა დაქირავება 5 მილიონ დოლარად 1-2 თვეს სამუშაოდ, როცა აკადემიკოსი კიკნაძე და მისი მოწაფეები წლების განმავლობაში სწავლობდნენ ენგურის შესართავთან კანიონსა და ზღვის მიმოქცევას, რომლის შესახებაც წარმოადგინეს შესაბამისი მეცნიერული დასკვნები?

2. 15 წელზე მეტია, მდინარე ენგურის კალაპოტის ამოწმენდის გეგმა არსებობს. გასაგებია, რომ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდებში ეს გეგმა დამალეს და ელოდებოდნენ შესაფერის დროს, რათა თვითონ მიეღოთ სარგებელი, მაგრამ ახლა?! ვინ და რატომ უმალავს ხალხს ამ გეგმას? რატომ არ ტარდება ღონისძიება მის სარეალიზაციოდ?

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის აშენებაზე რამდენი პროექტი თუ წინადადებაა? მათ შორის თუ არის არჩილ კიკნაძისა და ჯუანშერ მხეიძის წინადადება სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობაზე, რომელსაც მხარს უჭერენ ზემოჩამოთვლილი მეცნიერები და საღად მოაზროვნე ხალხი?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა ელოდება თქვენს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს საქართველოს!

პატივისცემით,

ანზორ ლომაია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირ «სხუნუ»- თავმჯდომარე;

ალვერ იზორია,

საზოგადოება «მამულის» თავმჯდომარე;

ზურაბ კვარაცხელია

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

შოთა თოდუა,

ზუგდიდისა და აფხაზეთიდან დევნილი სამამულო ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე;

ლაურა ადამია,

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების უფროსი:

შუკო ჯიქია,

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის სამეგრელოზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

ნაპო მესხია,

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რეზო ბენდელიანი,

ქართულაფხაზური შერეული ოჯახების კავშირის თავმჯდომარე;

ვაჟა ფიფია,

ზუგდიდის რაიონის აგრონომთა ასოციაციის თავმჯდომარე;

რევაზ მაქაცარია,

ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here