Home რუბრიკები პოლიტიკა მიშამ ჭამა…

მიშამ ჭამა…

595

მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა ნარკოტიკებზე კონტროლის გაეროს კომიტეტის კოლეგებთან ერთად საზოგადოებრიობას წარუდგინეს ბოლო ათწლეულში მსოფლიოს ყველაზე უფრო კორუმპირებული ჩინოვნიკების რეიტინგი. მათი სია მოცემულია მოხსენებაში, რომელიც მიეძღვნა ანტიკორუფციულ სტრატეგიას და ითვალისწინებს «მოპარული აქტივების დაბრუნებას». კორუმპირებულ დიქტატორთა პირველ ხუთეულში შედიან: სუხარტო, ინდონეზია (15-დან 25 მილიარდ დოლარამდე); ფერდინანდ მარკოსი, ფილიპინები (5-დან 10 მილიარ დოლარამდე); მობუტუ სესე სეკო, ზაირი (5 მილიარდი დოლარი); სანი აბაჩა, ნიგერია (2-დან 5 მილიარ დოლარამდე); ჟან-კლოდ დიუვალიე, ჰაიტი (300-დან 800 მილიონ დოლარამდე).


შემდეგ მოდიან: ალბერტო ფუხიმორი, პერუ; არნოლდო ალემანი, ნიკარაგუა; ჯოზეფ ესტრადა, ფილიპინები და უკრაინის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე პაველ ლაზარენკო, რომელმაც ორ წელიწადში 114-დან 200 მილიონამდე დოლარის მითვისება მოასწრო.

როგორც ხედავთ, მილიარდებზეა ლაპარაკი, ასობით მილიონებზე. ამათთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქურდ მიშას მიერ მილიონობით დოლარის მითვისება (რაც ჯერჯერობით ედება ბრალად) ჯიბგირობაზე ძლივს ქაჩავს, თბილისში, ტრამვაისა და ტროლეიბუსების მარშრუტებზე «ჯიბეზე მოსიარულე» წვრილმანი ხელმარჯვეების დონეზეა, თორემ «სონიჩკა ზოლოტაია რუჩკას» სიმაღლეებს რას მისწვდება!

«კროხობორია».

წვრილმანიაო, ახლა ამას დაიხვევენ ხელზე სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის მიერ კარგად დაფინანსებული თუ მოხალისე ნაცადვოკატები, რომლებიც რიგში დგანან ტელეეკრანებზე თავის გამოსაყოფად და «მათი დაცვის ქვეშ მყოფი» კლიენტის გასათეთრებლად მორიგი არაადეკვატური სისულელით ეთერის დანაგვიანების ხარჯზე.

ისეთის, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ამასწინათ იკისრა: რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ამორალობაა და არა სისხლის სამართლის დანაშაულიო, რადგან კანონის საწინააღმდეგო, სამართლის მოთხოვნების საწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიაო.

ამორალობა, რომელიც სამართლის ჩარჩოებში ეტევა!

ეს რაღაც ახალიაო, ვიტყოდი, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ზუსტად იმავეს ქადაგებდა ფაშიზმის ოფიციალური იდეოლოგიური პრინციპები და გებელსის პროპაგანდისტური მანქანა?

ამორალურიაო და მეტი არაფერი, ანუ ზნეობრივი კატეგორიაა და კანონს არ ექვემდებარებაო.

ერთი ხალხსაც ჰკითხეთ!

სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებსა და საკუთარ ჯიბეს შორის განსხვავებას რომ ვერ ხედავს სახელმწიფოს მმართველი, ხოლო მის გამართლებას მორალის მოშველიებით რომ ცდილობენ, ესაა ყველაზე დიდი ამორალობა.

და სისხლის სამართლის დანაშაული.

სისტემური დანაშაული, რომელსაც ახლა უკვე სამართლებრივ სივრცეში განიხილავს ქვეყნის მთავარი პროკურატურა და თანდათან უმძიმებს ბრალს ყოფილ პრეზიდენტს. თუ ეს სისხლის სამართლის საქმე რაიმე მიზეზით არ გამრუდდა (იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ იქნება), მაშინ უთუოდ გაეცემა პასუხი მთავარ შეკითხვას: მოხმარდა თუ არა ქვეყნის საჭიროებას ის მილიარდები, რომლებიც სახელმწიფო ვალად დააწვა საქართველოს?

თორემ ახლა 5 მილიონი დოლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან სააკაშვილს.

მხოლოდ ხუთი მილიონიო?! აღავღავდებიან დაქირავებული და მოხალისე ადვოკატები: განა ღირს ამ «სემიჩკის ფულის» გამო სააკაშვილის გასამართლება? მილიარდების მიმთვისებელი მმართველები _ ჰო, გასაგებია, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის მიერ შეჭმული რამდენიმე მილიონი ლარი იმათთან რა მოსატანია!

ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 673 260 ლარი რომ დაიხარჯა, კარგი «სემიჩკის ფულია», ჩემმა მზემ!

«ხალხისთვის წამებულ ამ რაინდს» კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოსაზრებით, რუსეთის საამებლად ლაფში სვრის ვინმე «რუსი ოლიგარქი» და «ჰაკიმ ფაშა».

აი, უკრაინის ხელისუფლებას კი მაია ფანჯიკიძემ მხარდაჭერა არ გამოუცხადაო.

აუჰ!

სად დავკარ და სად გასკდაო: თავად ლუარსაბ თათქარიძის «გაფრენილან!» ამათ საკუთარ ნოუჰაუდ აქვთ გამოცხადებული, არაადეკვატურობის ჩემპიონებს.

ადვოკატები _ ადვოკატებად, ამათ ყველაფერი ეპატიებათ, რადგან ასეთი განცხადებებით იმ პურსა ჭამენ, რომელიც, წესით, სამართლისთვის არის განკუთვნილი.

პარლამენტის დეპუტატი, განათლებით იურისტი მინაშვილი, აკოდ წოდებული, «მაესტროს» ეთერში თავს რომ იბითურებდა, ის უნდა გენახათ. ეს, სააკაშვილის ცოდვით სავსე მოპაექრე არაადეკვატურობის რეკორდს რეკორდზე ამყარებდა, ოღონდ თავი აერიდებინა პროგრამის წამყვანების მიერ დასმული ელემენტარული შეკითხვებისთვის. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გამართული პრესკონფერენციების დროს მისთვის სპეციალურად შერჩეული ჟურნალისტების შეკითხვებს ისე გაურბოდა, როგორც ებოლას ვირუსით ინფიცირებულ აფრიკელებს.

მინაშვილის გაბრწყინება 15 აგვისტოს მოხდა, პარასკევ დღეს «მაესტროს ცხრიანში», სადაც მიწვეული ჰყავდათ ეკა ბესელიასთან ერთად.

ჰოდა, ეს პატივცემული გვამი ჯერ განაცხადებს, რომ უარი პასუხზე გარკვეულწილად არის პასუხი, შემდეგ კი, რაც და როგორც შეეძლება, თავს აარიდებს პროგრამის წამყვანი ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც ეხებოდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას თავისი ეკზოტიკური სურვილების დასაკმაყოფილებლად, ისეთების, მაგალითად, როგორიც ესპანელი მზარეულის ან მასაჟისტ დოქტორ დოტის მოწვევა იყო.

«წამყვანი: _ მასაჟისტის ჩამოყვანის საკითხი უქმნის თუ არა თქვენს პოლიტიკურ გუნდს უხერხულობას, როცა ყოფილი პრეზიდენტის ხარჯებზეა ლაპარაკი?

მინაშვილი: _ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს პრიმიტიული მიდგომაა, ჩემი აზრით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან… რაც შეეხება მასაჟისტის ხარჯებს… ბევრი არასწორი ინფორმაციაა და ძალიან ფალსიფიცირებული ინფორმაციაა აქ გავრცელებულ დოკუმენტებში.

_ ტყუილია?! (ეს ეკა ბესელიას გაოცებული რეპლიკაა).

წამყვანი: _ მასაჟისტის თემა ფალსიფიცირებულია, ბატონო აკაკი?

მინაშვილი: _ დავასრულებ, თუ შეიძლება. მთავარი თემაა, რაც დღეს ხდება ჩვენს სახელმწიფოში… საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების მიზანია კანონის დარღვევა და პრემიერმინისტრი ცდილობდა, აეძულებინა ის, რომ კანონი დაერღვია. ჩვენ გვახსოვს ხომ პრეზიდენტის განცხადება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი პრეზიდენტის განცხადებაში, ეს საკითხი, მთელი ამ დღეების განმავლობაშია კოსტუმებთან და ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ეს საკითხი უკავშირდება საგარეო საკითხს, აქ არის საუბარი პოლიტიკურ დევნასთან. სენსიტიური საკითხია, ეს აწუხებს ჩვენს პარტნიორებს. ამას გულისხმობდა და ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება… (თუ ამ აბდაუბდიდან ჩვენმა მკითხველმა რაიმე გაიგო, ბარაქალა მას!)

წამყვანი: _ უქმნის თუ არა მასაჟისტის საკითხი უხერხულობას თქვენს პოლიტიკურ გუნდს?

მინაშვილი: _ მთავარი საზრუნავი, იცით, რა არის? მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, დღეს ჩვენ გვყავს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის საწყისი საქმიანობა იყო რუსი ჯაშუშების გათავისუფლება… მთავარი პრობლემა, იცით, რა არის? მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ერიდება, თქვას და მხარი დაუჭიროს ღიად უკრაინას.

წამყვანი: _ პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი.

(მინაშვილი თავისას განაგრძობს).

წამყვანი: _ უნდა ხარჯავდეს თუ არა რომელიმე სახელმწიფო მოხელე თუნდაც ერთ ლარს რაიმე ტიპის საკუთარ სიამოვნებაზე? როგორია თქვენი პრინციპული მიდგომა?

მინაშვილი: _ მირჩევნია მყავდეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხარჯავს 1000 დოლარს, 2000 დოლარს, 3000 დოლარს კოსტუმში და ამ კოსტუმით (!) დაიცავს საქართველოს ინტერესებს ნებისმიერ ფორუმზე და არ იქნება შეშინებული, არ დათმობს საქართველოს ტერიტორიას; არ ეცდება, საკუთარი კომფორტი და უსაფრთხოება საქართველოს ინტერესების ხარჯზე დაალაგოს… ეს არის ჩემი პასუხი და, მე მგონი, ეს პასუხი არის ძალიან ნათელი და მკაფიო».

აი, ასე დაგვიმტკიცა აკო მინაშვილმა, რას ნიშნავდა მისი დებულება, რომ «უარი პასუხზე გარკვეულწილად არის პასუხი», ხოლო მეორე წილი დემაგოგიაა.

კიდევ კარგად გადავრჩენილვართ ამ უპრინციპო სიტყვამრუშთა ხელში.

ესენი ცდილობენ ბრალდებულ სააკაშვილის დაცვას და, რა თქმა უნდა, აიქოჩრებიან სისხლის სამართლის დამნაშავე დიქტატორებთან მისი შედარების გამო: განსხვავებული სიდიდეებიაო, განსხვავებული მასშტაბი და, სპეციფიკა. ასეა, დიახ. მაგრამ დავაკვირდეთ მათი ბიოგრაფიების ქარგას, შევადაროთ და აუცილებლად დავასკვნით, რომ მსგავსება დიდია, თითქმის ერთი ერთზეა და შედეგიც ერთი და იგივე უნდა იყოს _ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. პასუხისგებას ვგულისხმობ.

თვალსაჩინოებისთვის შევადაროთ ერთმანეთს 1965-1986 წლებში ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტის _ ფერდინანდ მარკოსისა და მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების ძირითადი ეტაპები.

მარკოსს მინიჭებული ჰქონდა «ხალხის მამისა» და «ხალხის ბელადის» ტიტულები.

სააკაშვილი «დემოკრატიის შუქურა» იყო, რომელიც თავისი არსით ხალხზე მზრუნველობას, ხალხისთვის თავის გადადებას, ხალხის მმართველობის დამნერგავს ნიშნავს, მაგრამ მარკოსის ტიტული თუ საკუთარი, ფილიპინელი ხალხის მამობით იყო შემოფარგლული, სააკაშვილის შუქურობის მასშტაბი სხვა ხალხებზეც ვრცელდებოდა: მიბაძეთ და მიჰყევით მის მიერ განათებულ გზას!

პრეზიდენტი ბუში იყო ნათლია მისი

პრეზიდენტად არჩევის დროისთვის (1965 წელს) მარკოსი უკვე იყო გამოცდილი და ცნობილი პოლიტიკოსი _ ბრწყინვალე ორატორი სამჯერ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, შემდეგ _ სენატში.

სააკაშვილსაც ეხერხებოდა ზეპირსიტყვაობა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვის საძებრად ჯიბეში არ იქექებოდა, არჩეული იყო საქართველოს პარლამენტში; იყო «მოქალაქეთა კავშირის» ფრაქციის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

ჯერჯერობით _ მხოლოდ კარიერული აღმასვლა, აშკარად გამოკვეთილი პოპულისტური ნიშნებით.

პრეზიდენტი რომ გახდა, მარკოსმა დაიწყო რეფორმების განხორციელება და ამ მიმართულებით პოპულარობაც მოიპოვა, უწინარეს ყოვლისა, პოპულისტური ლოზუნგების წყალობით, რომლებიც სიღატაკის დაძლევის, ეკონომიკის აღმავლობისა და სტაბილურობის დამყარების პრობლემებს ეხებოდა.

ზუსტად ასევე დაიწყო საპრეზიდენტო კარიერა მიხეილ სააკაშვილმა. ყველას ახსოვს და გამეორებას აზრი არ აქვს.

მარკოსმა დანაპირების შესრულება ვერ შეძლო _ ვერც სიღარიბე დაძლია, ვერც სტაბილურობა დაამყარა, რეფორმებიც ფორმალობად იქცა. სამაგიეროდ, ფილიპინებზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, მიიღო განუსაზღვრელი უფლებამოსილება.

სააკაშვილის დაპირებებიც ფუჭი აღმოჩნდა, მანაც მიიღო დამატებითი უფლებამოსილება ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გზით. ეკონომიკური «აღმავლობის» შთაბეჭდილება გრანტებისა და სესხების მიღებით შეძლო (ფასადები, გზები, ერთი და იმავე «საწარმოების» რამდენიმეჯერ გახსნა და ა. შ.).

ყველა, ვინც მარკოსის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავდა, რეპრესიის მარწუხებში ექცეოდა, სიტყვის თავისუფლება მოისპო, სპეცსამსახურების როლი არნახულად გაიზარდა, დამთრგუნავი მანქანა მთელი ძალით ამუშავდა, 60 ათასმა კაცმა იგრძნო საპატიმრო ადგილების არნახული სიმკაცრე.

ჩვენთან სხვანაირად იყო? იგივე რეპრესიები, ყველა ტელევიზიის პოლიტიკური ტოქშოუების დახურვა, ოპოზიციის დარბევები, «იმედში» შევარდნა, ზონდერების თავგასულობა და საზეიმო სვლა რუსთაველზე: «ბადრის რა?..»

ეს ისე, მისანიშნებლად, რადგან ყველაფერი, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში ხდებოდა, განსაკუთრებით კი _ საქართველოს ციხეებში, ზედმიწევნით იცის ჩვენმა მკითხველმა.

ფილიპინებზე ფეხს იკიდებს და ვითარდება კორუფცია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით დაიწყო მარკოსმა პრეზიდენტობა (მიხეილ სააკაშვილმაც), ნეპოტიზმი: ფილიპინების რესპუბლიკაში სახელმწიფო პოსტები დაიკავეს მარკოსის ნათესავებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, ხოლო ბავშვობის მეგობარი პირადი შოფრობიდან მინისტრად დააწინაურა.

არ გვიკვირს, რადგან ჩვენს სინამდვილეში გიორგი უგულავას შოფრის _ სუბელიანის ლტოლვილთა და განსახლების გამინისტრებას ვართ მოსწრებული.  

მარკოსმა თავის ქვეყანაში საოჯახო მონოპოლია დაამკვიდრა, რომლითაც ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სფეროები მოიცვა. პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანები მართავდნენ ამ პროცესს (ჩვენთან _ ბენდუქიძე), არნახულად იაფად (ჩვენთან ერთ ლარად) ჰყიდდნენ საწარმოებს და «ოტკატებს» იჯიბავდნენ.

საქართველოში დაბალ დონეებზე არსებული კორუფცია ელიტურმა კორუფციამ შეცვალა. ეს იცოდა ყველამ, იცოდა ბლანჟიან-სათვალეებიანმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემაც, რომელმაც პარლამენტის  ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე მიშასთან წინასწარ შეთანხმებულ-შემუშავებული სცენარით უნიჭო სკეტჩი გაითამაშა და ენა მყისიერად მუცელში ჩაიგდო, როცა მის «გაბედულ» შენიშვნაზე სააკაშვილი აფართხალდა და კონკრეტული კორუფციონერების დასახელება სთხოვა.

ის ყოფილი დეპუტატი ახლაც დუმს. სამაგიეროდ, როგორც იქნა, მთავარმა პროკურატურამ ელიტური კორუფციის შესახებ შთამბეჭდავი დოკუმენტები დადო კონკრეტულ ბრალდებათა სახით.

განსხვავებული მასშტაბებია? სააკაშვილის გახარჯული მილიონები წვრილმანია ქურდი დიქტატორების მილიარდებთან შედარებით?

ასეა მართლაც, მაგრამ გააჩნია ვისთვის.

შევადაროთ თუნდაც ფილიპინების რესპუბლიკას საქართველო და ამ შედარებით წარმოვაჩინოთ მასშტაბების განსხვავებულობის პრინციპით დანაშაულის შეფასებისადმი განსხვავებული მიდგომის უსაფუძვლობა.

ფილიპინების რესპუბლიკის მოსახლეობა 80 მილიონამდეა. ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს ხმელეთი 300 ათასამდე კვადრატული კილომეტრია. მშპ-მ ჯერ კიდევ 1994 წელს 161 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოს ბიუჯეტი 8 მილიარ დოლარამდეა. მაშასადამე, სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენი ბობოლების ნაქურდალი მილიონები ვერ შეედრება ფილიპინების ყოფილი მმართველის მითვისებულ მილიარდებს.

ჩვენთან იმდენს ითვისებდნენ, რამდენის საშუალებასაც ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი იძლეოდა. ნემსისა და აქლემის ქურდის იგივეობის პრინციპი, რომელიც ხალხის სიბრძნის ნიშანია, გვეუბნება, რომ, მასშტაბისა და მოცულობის განსხვავებულობის მიუხედავად, ჩვენი და ფილიპინების ელიტურმა კორუფციონერებმა ერთნაირად უნდა აგონ პასუხი.

აქ შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ უპრიანი იქნება, მსგავსების ერთი დეტალიც დავუმატოთ მარკოსისა და სააკაშვილის ბიოგრაფიების ჩვენეულ შედარებას.

1986 წელს მარკოსი იძულებული გახდა, ჩაეტარებინა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები (სააკაშვილიც იძულებული გახადეს, ასე მოქცეულიყო). გაიმარჯვა მისმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციის მოკლული ლიდერის _ ბენინოს ქვრივმა აკინო კორასონმა.

არჩევნების დამთავრების შემდეგ, რომელიც უხეში დარღვევებით ჩატარდა, ხელისუფლებამ ფერდინანდ მარკოსი გამოაცხადა გამარჯვებულად _ 3 პროცენტით მეტი მიიღოო.

საქართველოში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, მაგრამ პრეზიდენტობა სააკაშვილმა მიითვისა.

ფილიპინურმა ოპოზიციამ არ ცნო მარკოსის გამარჯვება, დაიწყო ხალხის მღელვარება, რომელსაც მხარი დაუჭირეს ეკლესიამ და სამხედროებმა. მარკოსი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

ჩვენ ასეთ ფინალს იმ არჩევნებიდან ხუთ წელიწადს ველოდით.

მოიპარეს, მიითვისეს, გაფლანგეს, პირადი კომფორტისა და სიამოვნებისთვის დახარჯეს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები.

მაგრამ დაიბრუნებს კი ქვეყანა, ხალხი ამ ფულს? მთავარი ესაა და არა ისდააპატიმრებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

არსებობს მსოფლიო ბანკისა და გაეროს მიერ შემუშავებული მიტაცებულის დაბრუნების გეგმა სახელწოდებით Star (აბრევიატურა Stoler Asset Recovery-ის). დაზარალებულ ქვეყნებს მიეცათ წინადადება, მოახდინონ  კორუფციასთან ბრძოლის გაეროს კონვენციის (UNCAC) რატიფიცირება. ამ საქმეში მათ დაეხმარებიან მსოფლიო ბანკი, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგრამ რამდენად ეფექტიანია ეს დახმარება, ამაზე მეტყველებს იმავე ფილიპინების მაგალითი, რომლის ხელისუფლებამ 18 წელიწადი მოანდომა უცხოეთიდან მარკოსის მიერ მიტაცებული 624 მილიონი დოლარის (მხოლოდ ამდენის) დაბრუნებას.

ექსპერტები ადასტურებენ, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და დამხობილი დიქტატორების მიერ მიტაცებული თანხის დაბრუნების დღეს მოქმედი სისტემა უეფექტოა. ეს ფული, საუკეთესო შემთხვევაში, იყინება ბანკებში და ხალხისთვის მის დაბრუნებას წლები სჭირდება. არადა, ყოველწლიურად მსოფლიოში ჩინოვნიკები 40 მილიარდ დოლარს ითვისებენ, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად გაწეული სახსრების 40 პროცენტს შეადგენს.

არმაზ სანებლიძე

P.S. მოკლედ, დიდ «ხლაფორთშია» გახვეული მიხეილ სააკაშვილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას: მალე გვეტყვიან, რა შეჭამა მიშამ.

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილი მთელ მსოფლიოში დაფასებული და მიღებული ლიდერია. ეს ჩვენი ახლანდელი მუშურ-გლეხური მთავრობა კი ისტორიის სანაგვიდანაა ამოღებული და ისევ იქ ამოყოფს თავს. ბოსლიდან გამოქცეულ ნახირს გვანან. ენძელები და ბანძელები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here