Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ბერძენიშვილის 6 ტყუილი, ანუ ღია წერილი «უჩიტელ»-დეპუტატს

ლევან ბერძენიშვილის 6 ტყუილი, ანუ ღია წერილი «უჩიტელ»-დეპუტატს

1909

ამხ. «უჩიტელმა» ლევან ბერძენიშვილმა თავის «უჩენიკებთან» ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიმოხილვისას პოეტს «ქრისტეზე წინ წასული» უწოდა, თუმცა ჩოხის კალთაზე მაინც მისწვდა და ძლიერად მოქაჩა: ვაჟა ქრისტეზე წინ წასული კია, მაგრამ მთლად კარგი კაცი არ არის და, რომ იცოდეთ, არც სახლში შესაშვებია _ ცოლს სცემდა, მეზობლებსა და გარშემო სოფლებში დადიოდა და ქალებს ჩინჩლავდაო.


«უჩიტელი» თავის «უჩენიკებს» იმასაც ასწავლის, რომ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვაჟაფშაველა თურმე ქალაქის ბნელ ქუჩაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, კეკეს, გადაჰყრია, რომელსაც შვილიც კი გაუჩენია ვაჟასგან. ცნობილი არ არის, როდის უთხრა დედამ შვილს, რომ იგი ვაჟაფშაველას შვილია, მაგრამ შვილმა ნამდვილად იცოდა, რომ იოსებ ვაჟაფშაველას ძე ჯუღაშვილიაო. «უჩიტელი» არაფერს ამბობს იმაზე, რომ კეკეს ამ ბავშვის კიდევ ერთი მამაა დიდი რუსი მოგზაური ნიკოლაი პრჟევალსკი, აგრეთვე, ვაჭარი ეგნატაშვილი, მღვდელი ჩარკვიანი, გორის პოლიციის იმჟამინდელი უფროსი, სომეხი მეწარმე ოქუნოვი და სხვ.

მე უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ გენიოს ვაჟას გენიოსი შვილი იოსები ჰყოლია. კეკეს სასიყვარულო რომანი დიდ ვაჟასთან რა საძრახისია, როდესაც თქვენ მალე მიიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნება, შვილმა, თუ სურვილი ექნება, დედასთან დაამყაროს სქესობრივი კავშირი, ძმამ _ დასთან.

ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოქმედს რატომ უნდა გიკვირდეს კეკეს გადაცდომა გენიოს ვაჟა-ფშაველასთან?! მაგრამ მე ის მწყინს, ზღაპრებს რომ იგონებ და ასწავლი ახალგაზრდობას. მე ის მაკვირვებს, რით დადგა ქრისტეზე წინ ვაჟა-ფშაველა თავისი «ალუდა ქეთელაურით»…

«უჩიტელი» რაღაც მახეს გვიგებს, როდესაც ახალ ჰიპოთეზას აყენებს მთაში გავრცელებულ წესზე _ მოკლული მტრის მარჯვენის მოჭრაზე. ამ წესის ერთი ვერსიით, მტერთან ბრძოლაში გამარჯვების დასტურად, რაინდი მტრის მოჭრილ მარჯვენას თემს წარუდგენდა; მეორე ვერსიით, ცალხელა კაცის მოსისხლეობა ნაკლებ საფრთხეს შეიცავდა. «უჩიტელმა» კი ჩვენი წინაპრები ადამიანის ხორცის მჭამელებად, კანიბალებად წარუდგინა «უჩენიკებს».

თავის მონოლოგში «უჩიტელი» მიანიშნებს ვიღაც ქართველზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა, დეზერტირობდა, მეტროპოლიტენის სადგურებში იმალებოდა, შემდეგ კი ამ უფულო კაცმა იმდენი მოახერხა, გმირობა იყიდა და მეორე მსოფლიო ომი აფერისტობით მოიგო.

როცა «უჩიტელის» მიერ მოხსენიებული ქართველის ცხოვრების გზას გავეცანი, ეჭვი გამიჩნდა, რომ ის სტალინზე, იოსებ ვაჟა-ფშაველას ძე ჯუღაშვილზე, საუბრობდა… ისე, რა უიღბლო ყოფილა ეს ვაჟა-ფშაველა _ ცალი თვალი ციმბირის წყლულმა გამოსთხარა, ერთი შვილი 1924 წლის აჯანყებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაუხვრიტეს, მეორე კი დეზერტირი და აფერისტი ყოფილა. ცოლი უხიაგი გამოადგა, რომელსაც თურმე ყოველდღე სცემდა. ქრისტეზე წინ მდგომ კაცს ღმერთი ასე არ უნდა მოქცეოდა.

«უჩიტელის» მიერ ახსნილი გაკვეთილის შინაარსი უკეთ რომ გავარჩიოთ, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

«…ამასობაში ერთიორჯერ სცემა საკუთარ მეუღლეს. სხვათა შორის, და, საერთოდ, ვაჟა ფშაველას, როგორც პიროვნებას, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ნაკლი მოვუძებნოთ! მათ შორის გავიხსენოთ, რომ პეტერბურგში სახლში შეჰყვა ქალს და უპირებდა გაუპატიურებას ქმრის თვალწინ, ანუ ვაჟაფშაველა ცოტა სხვანაირი კაციც იყო. მთლად ისე არ არის მისი საქმე და მის ბიოგრაფიას ნუ დავმალავთ. ვისაც ადგილები დაუვლია, ალბათ, ეცოდინება, რომ მთაში ძალიან ტრაბახობენ ხოლმე, _ «აქ უყვარდა, ამ სახლში გაჩერება!», რაც, კაცმა არ იცის, რას ნიშნავს მასპინძლისგან. ლამის მინიშნებაა, რომ შთამომავალი არის! ერთი სიტყვით, ვაჟაფშაველა _ პიროვნება ჩვენ გავიარეთ».

არადა, ლევან ბერძენიშვილმა იცის, რომ ქალის უბეს ისე ვერავინ დაინახავს და აღწერს, როგორც ვაჟა; ფერდობზე მოგოგმანე ქალწულს ისე ვერავინ შეხედავს და აღიქვამს, როგორც ვაჟა; ვერავინ დაიწვება ქალის ეშხით ისე, როგორც მდინარის გადმოღმით დარჩენილი ვაჟა-ფშაველა; ისე ვერავინ შეიგრძნობს და ამღერდება სილამაზეზე, როგორც ვაჟა:

«იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო! «

მაშ, რა ეშმაკმა ათქმევინა ან დააწერინა «უჩიტელს» ასეთი რამ გენიოსზე? _ ამას თვითონ ვაჟა-ფშაველა უპასუხებს ნაწარმოებში «ქვეყანაზედ რა მოვლენა რას მომაგონებს»:

«მიხეილ პსალლის ეშმაკი მომაგონებს მეცხრამეტე საუკუნის ეშმაკებს, რომელთაც ქართულიც საეშმაკოდ შეისწავლეს, მეცნიერება _ პსალლის სისულელეზე. ეშმაკი რის ეშმაკია, თუ კი ყველა ენები არ ეცოდენება?.. სომხური ენა განა ისეთი ძნელი შესასწავლია, რომ ეშმაკს გაუჭირდეს? ეშმაკი ყველა ენაზე ლაპარაკობს, არა მარტო ევროპულ ენებზე, არამედ ჩინეთურზედაც, იმიტომ კი არა, რომ სარგებლობა მოუტანოს ვისმე; იმას ყველგან თავის ეშმაკობის გატანა უნდა; ეშმაკობის გასაყვანად რომელიმე ქვეყანაში იქნება თუ ცალკე პირთან, იმ ქვეყნის ან კაცის ენის ცოდნა არის საჭირო. თუ კი ვერ გაიგებს კაცი ეშმაკის მეცნიერებას, ეშმაკობას საით ისწავლის?!»

ვეღარ განდობთ, ამხანაგო «უჩიტელო», ბავშვებს, ვერ ასწავლით მათ მოყვასის, სამშობლოს, ენის, სარწმუნოების სიყვარულს, რადგან ეს ყველაფერი არ მიგაჩნიათ ეროვნულ ღირებულებებად. თქვენ, დისკრიმინაციული კანონის ავტორს, მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტერს, ეროვნულ ფასეულობათა მესაფლავეს, ილიას, აკაკის, ვაჟას უარმყოფელს, არ შეიძლება, ახალგაზრდობის აღზრდა მოგანდოთ.

ჩარგალში პრისტავი ავიდა და სოფელს სკოლაში «უჩიტელთან» სიარული ურჩია, _ წერს ვაჟა-ფშაველა. სოფელმა უარი განაცხადა «უჩიტელთან» სიარულზე:

_ «ჩვენ მიზეზი ბევრი გვაქვს, შენი ჭირიმე, მაგრამ რა საჭიროა, რომ ვსთქვათ, ან თუნდა კიდეცა ვსთქვათ, იმით ჩვენ რა გვეშველებაო. და ამას კი გეტყვით, რო ნეტავი იმ ქალებსაც არ ევლოთ უჩიტლებთანა, ვინამც იარესო, არამთუ ახლა სხვებიც არ ვაძლიოთო!

_ რაო რა ამბავიაო?! _ შეჰყვირა პრისტავმა.

_ ის ამბავია, შენი ჭირიმე, აპა, გაიარე ჰკითხე და ის თვითან გეტყვისთ. იმის ქალმაც იარა ემანდ უფრო ნაქებს უჩიტელთან, რო გარყვნა; ატყუა ხან რა, ხან რა … «ეს ცოლად შეგირთავ, ეს იმას გიზამ, ამასაო». და მართლაც რო კაი საქმე უყო! ჯერ ჩვენში არ გაგონილა და არც თქმულა, რო ფშავის ხევიდამ ქალი წასულიყოს და იმას კი

_ ეგ, რა უყოთ, კაციც კაცია! _ გააწყვეტინა ახლო მდგომარე კაცმა. რაკი რომ ამ კაცმა ენა დასძრა, მაშინ თითქმის ყველა, ვინც კი იქ იყვნენ ფშავლები, ყველანი ასტყდნენ:

_ , შენ რაღა გეთქმევა, შე დალოცვილო! მანდ უჩიტელი არ იყო, რო დაგინათლიავდა და შენს ქალს ნაბუშარი გააგდებინა, ქალი კარზედ მოგიგდო და თვითონ კი დაგეკარგა. ემასა ვხედავთ, ბატონო, რო ნასწავლები ამასა ჩადიან და ახლა ჩვენი შვილიც მაგას ისწავლის. აი, კარგა დავსცადეთ ჩვენა, რო სკოლიდამ გამოსული შვილები ჩვენ აღარ გვადგებიან: საქმეზედ იმათ არ მისდით გული, სახლზედ იმათ არ მისდით გული, შენი ჭირიმე. ამპარტავნდებიან და აღარც იმდენი იციან, რომ ცოდნით თავი შეინახონ. აბა, რა უყოთ, ემასა ვხედავთ, შენი ჭირიმე, და ემას ვამბობთ: ჩვენ შვილებს ვეღარ განდობთ

ქალებისადმი ვაჟა-ფშაველას უხეში და ძალადობრივი ქმედებების გასაქარწყლებლად შემოგთავაზებთ პოეტის «წერილს მეგობრისადმი»:

«მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვა, არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი _ ისინი ხომ მამაკაცები არიან _ «კაი ბიჭობად», «გულმაგრობად» არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედმოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: კაცო, ღმერთირჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამომდის, ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო! მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიური მოსაზრებებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდისმწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში ისე სამსახურშიშენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა, გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მე მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ

ჰოი დედანო, მარად ნეტარნო! ვინც თქვენ გიმტეროს, ღმერთმა იმას უმტეროს».

«უჩიტელო», ეტყობა, თქვენ სხვა ვაჟა-ფშაველას იცნობთ და საზოგადოება _ სხვას, მაგრამ ფლიდი ხარ, «უჩიტელო», შენ ხომ ამერიკის აპეკუნი ხარ და, როგორც პოეტი ამბობს, «აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალ-ღონეს, თვით ცნობიერებას! რომ დედაენაზე სწავლება სრულყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას, ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი».

«უჩიტელო», ამბობთ: «ვაჟა-ფშაველა _ პიროვნება ჩვენ გავიარეთ». ალბათ, ზედ გაიარეთ, თორემ მის იდეებსა და ანდერძს ახლოსაც არ გაჰკარებიხართ. და იქვე _ «ლუკა რაზიკაშვილს ჩვენ გაუსწარით», ესე იგი, თქვენ ქრისტეს გაუსწარით?!

«მისი სტატიები, რომელიც გაფეტიშებულია დღეს, ჩვენ დაძლეული გვაქვს, მაგალითად, ისეთი სტატიები, როგორიცაა «ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი», გავლილი გვაქვს, ვიცით და ცოტა შორსაც ვართ წასული, არ არის დასამალი».

«უჩიტელო», ძალიან შორს ხართ წასული და უკან მოხედვის გეშინიათ, რადგან «კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის» კომბალმომარჯვებული ვაჟა-ფშაველა უკან გიდგათ და, როდის დაგკრავთ თავში, კაცმა არ იცის.

იცით, რას გმოძღვრავთ ვაჟა-ფშაველა თქვენგან გავლილ «პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმში»? აი, ისიც:

«კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალღონით განვითარდეს. ცალცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა».

«უჩიტელო», ეს გაიარეთ? ამ იდეას ემსახურებით? ამით იძინებთ და ამით იღვიძებთ?

ლევან! გაფიცებ მამის სულს, მართლა გგონია, რომ შენ, თეა თუთბერიძე, გია ნოდია და ძმანი შენი უფრო პროგრესულნი ხართ, ვიდრე სტალინი?

თქვენ უფრო დიდხანს შემორჩებით ისტორიას ვიდრე სტალინი? თუ ის დოლარები გალაპარაკებთ, რომელთაც ამერიკელები გიხდიან? მეცოდებით! სულგრძელად მეცოდებით, ამერიკელებისთვის სულმიყიდულებო!

ახლა ისევ «უჩიტელის» ნაცოდვილარს მივუბრუნდეთ:

«ამხანაგი სტალინი ჩამოვიდა მომაკვდავ დედასთან. მომაკვდავ დედას ესაუბრა და მერე, დედა რომ გარდაიცვალა, აღარ ჩამოვიდა. მაგრამ, როდესაც ამხანაგი სტალინი იმყოფებოდა საქართველოში, გადაასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილი; ხოლო შემდეგ მიაყოლეს ვაჟაფშაველა. დიდუბიდან მთაწმინდაზე ორი გენიოსი ავიდა მაგ დროს. ავი ენები ამბობდნენ, რომ მომაკვდავი დედის დანახვისას სტალინს გაუჩნდა კიდევ ერთი ავანტიურული ფიქრი _ ვიღაცებისთვის ეკარნახა მისი სავარაუდო მამის პიროვნება. ის არ აღიარებდა მამამისს. მამამისი, იცით, სადაა დაკრძალული? თელავშია დაკრძალული. როცა დედა გარდაიცვალა, ყველამ იფიქრა, მამას ამოვთხრით, დედას დავკრძალავთ. ორივე არიან მშობლები დიდი პროლეტარიატის ბელადის, მაგრამ სტალინმა შემოთვალა, მამას ხელი არ ახლოთ, არანაირი მამა ეგ არ არისო! ვისაც სურათი უნახავს და არსებობს ბესოს სურათი, მიხვდება, ალბათ, რომ, თუ გენეტიკა მართალია, მამა ის არის! მაგრამ სტალინი გამუდმებით მიანიშნებდა, რომ შეიძლება, ის არ არის! ვაჟაფშაველა, ისე, როგორც ბევრი სხვა, სწავლობდა გორის სემინარიაში და გორის სემინარიაში სწავლაგანათლების ერთერთი ნაწილი იყო, როგორც ამბობდნენ, იქაური მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობა და სტალინის დედა ასეთ ქალად იყო ცნობილი. სტალინი მიანიშნებდა, რომ შეიძლება ვაჟაფშაველას შვილიც კი არის. ასე აღმოჩნდა ვაჟაფშაველა იმ ადგილას დამარხული, სადაც გვერდით მიუსვენეს სტალინის დედა».

ტყუილი #1

მომაკვდავ დედასთან სტალინი არ ჩასულა. ის 1935 წლის 17 ოქტომბერს სპეცვაგონოთ ჩამოვიდა თბილისში დედის მოსანახულებლად. მთელი დღე დედას არ მოშორებია. იმავე დღის საღამოს იმავე სპეცვაგონით მოსკოვში გაემგზავრა. კეკე შაქრიანი დიაბეტით იყო ავად, მას მკურნალობდა სტალინის პირადი ექიმი და მეგობარი ნიკოლოზ ყიფშიძე. 1937 წლის 13 მაისს სტალინის დედა კომაში ჩავარდა და 4 ივნისს გარდაიცვალა, ანუ სტალინის სტუმრობიდან კეკეს გარდაცვალებამდე ორი წელია გასული და სტალინს მომაკვდავი დედა საერთოდ არ უნახავს.

ტყუილი # 2

«უჩიტელი» ამბობს: «როდესაც სტალინი იყო საქართველოში (ესე იგი, 1935 წლის 17 ოქტომბერს) მთაწმინდაზე გადაასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილი, ხოლო შემდეგ მიაყოლეს ვაჟა-ფშაველა. მომაკვდავი დედის დანახვისას სტალინს გაუჩნდა კიდევ ერთი ავანტიურისტული ფიქრი, ვიღაცებისთვის ეკარნახა მისი სავარაუდო მამის პიროვნება. ის არ აღიარებდა მამამისს, მამამისი, იცით, სადაც არის დაკრძალული? თელავშია დაკრძალული».

აქ ერთი სიტყვაც არ არის მართალი. სტალინის თბილისში ყოფნისას, ესე იგი, 1935 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდუბიდან მთაწმინდაზე არ გადაუსვენებით, ის მთაწმინდაზე გადაასვენეს 1938 წლის 15 ოქტომბერს. სტალინის თბილისში ყოფნიდან _ 3 წლის, ხოლო კეკეს გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ.

ტყუილი # 3

ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის მთაწმინდაზე არავინ არ მიუყოლებიათ, მათ შორის, არც ვაჟა-ფშაველა, რადგან იგი სამი წლით ადრე, 1935 წელს გადაასვენეს დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ტყუილი # 4

ყბედი ამბობს: «იგი არ აღიარებდა მამამისს».

სტალინი თავის ნაშრომში «ანარქიზმი თუ სოციალიზმი» განიხილავს მამამისის კერძო დუქნის დახურვის მაგალითს, როგორ მოახრჩო იგი კონკურენციამ, როგორ დახურა სახელოსნო და როგორ გადავიდა თბილისში ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ.

ხოლო 1938 წელს გერმანელი მწერლის, ემილ ლუდვიგის შეკითხვას _ «ხომ არ გაიძულათ მშობლების მკაცრმა მოქცევამ რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმა?» _ სტალინმა უპასუხა: «არა, ჩემი მშობლები, მართალია, გაუნათლებლები იყვნენ, მაგრამ ჩემ მიმართ ძალიან კარგად იყვნენ განწყობილნი». ასე რომ, სტალინს არასოდეს უარუყვია მამის შვილობა.

ტყუილი # 5

სტალინის მამა ბესარიონი მიხაილოვის სავადმყოფოში გარდაიცვალა და დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე. რაც შეეხება ბესარიონ ჯუღაშვილის თელავის სასაფლაოს, ის 1960-იან წლებში ტაქსის მძღოლის მიერ იქნა შექმნილი.

1983 წელს ვმუშაობდი დიდი ლილოს მეურნეობის დირექტორად. ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ მდივანთან მივაღწიე შეთანხმებას, რომ თელავში არსებული ბესარიონ ჯუღაშვილის საფლავი დიდ ლილოში გადმომეტანა. ადგილი შერჩეული მქონდა დიდი ლილოსა და მარტყოფის გზაგასაყართან. საფლავი ღამით უნდა გამეხსნა, ხალხს რომ არ გაეგო და ისე გადმომეტანა დიდი ლილოს ტერიტორიაზე. სწორედ დაზვერვითი სამუშაოს ჩატარებისას მომიყვნენ, რომ იმ საფლავში მიცვალებული არ არსებობდა. ასე რომ, «უჩიტელის» მტკიცება ბესო ჯუღაშვილის საფლავის თელავში არსებობის თაობაზე მეხუთე ტყუილია.

ტყუილი #6

«უჩიტელის» მიერ ნახსენები პერიოდი, როდესაც გორის სემინარიაში სწავლა-განათლების ერთ-ერთი ნაწილი, როგორც ამბობდნენ, იქაურ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან (და სტალინის დედას ასეთი ქალის სახელი ჰქონდაო), არ ემთხვევა გორის სასულიერო სემინარიაში ვაჟა-ფშაველას სწავლის პერიოდს. საარქივო მასალებით, სტალინის ჩასახვის პერიოდში ვაჟა-ფშაველა საერთოდ არ სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში და თბილისიდან ალექსანდრეს სახელობის სასწავლებლის მოწაფე, ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა «მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან» _ კეკესთან გორში სპეციალურად არ ჩავიდოდა, რადგან ასეთი ქალები, ალბათ, თბილისშიც თავზე საყრელად იყვნენ. გორის სასულიერიო სემინარიაში ვაჟა-ფშაველა 1879 წლის 9 სექტემბერს ჩავიდა, ამ დროს კი ბავშვის ჩასახვის მცდელობა უკვე თვეში ჩამდგარი «მსუბუქი ყოფაქცევის» ქალთან ძალზე დაგვიანებული იყო.

ახლა კი აგონიაში მყოფის ნაბოდვარს გავეცნოთ:

«ერთი ქართველი ვიცი, რომელმაც ვერც კი გაბედა, ომი გამოეცხადებინა, დაიმალა მეტროს სადგურში, იპოვა თავის თავში ვაჟკაცობა და მოიგო მეორე მსოფლიო ომი! კაცმა, რომელსაც არ ჰქონდა ეს ვაჟკაცობა, მაგრამ იპოვა თავის თავში, იყიდა, ასე ვთქვათ».

ძალიან ძნელია, თავი შეიკავო და ლანძღვა-გინებით არ უპასუხო ამ ფრაზის ავტორს, მაგრამ, «უჩიტელს» ლანძღვა-გინებაზე რეაქცია არ აქვს, რადგან, რაც მას ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ აგინა, ახლა მე «უჩიტელისთვის» ღია წერილს კი არა, მის ნეკროლოგს უნდა ვამზადებდე. არადა, დიტო ჩუბინიძემ სტალინის გამო კი არ შეურაცხყო «უჩიტელი», იმ სიცრუისათვის, რომელსაც ის ასწავლის თავის «უჩენიკებს».

როდესაც «უჩიტელი» სტალინს მშიშარასა და გაიძვერას უწოდებს, ამბობს, გმირობა იყიდა, მეტროს სადგურში იმალებოდა და ომი ისე მოიგოო, სხვაზე რას იტყვის, როდესაც დასჭირდება? სტალინი შვიდჯერ გადაასახლეს და ხუთჯერ გამოიქცა გადასახლების ადგილიდან. სპეციალისტები დღესაც სწავლობენ, როგორ შეძლო მარტო კაცმა ტაიგიდან გამოღწევა, წყალუხვი მდინარეების გადმოლახვა, მხეცებისაგან თავის დაცვა. და აი, ამ კაცზე ამბობს ლევან ბერძენიშვილი, მშიშარა იყოო!

გრიგოლ ონიანი

 

2 COMMENTS

  1. რა საცოდავი ხარ სტატიის ავტორო.შენი ირონია ვერაფერს დააკლებს ისეთ ინტელექტუალურ და შესანიშნავპიროვნებას,როგორიც ლევან ბერძენიშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here