Home რუბრიკები პოლიტიკა ერთჯერადი ნაგავი, ანუ «ფერადი რევოლუციების» საკითხებში სპეციალური ინსტრუქტორის აღსარება

ერთჯერადი ნაგავი, ანუ «ფერადი რევოლუციების» საკითხებში სპეციალური ინსტრუქტორის აღსარება

1502

მას ვლადიმერი ჰქვია. გვარს გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ. იგი ისეთ საკითხებზე ლაპარაკობს, რომ გამორიცხული არ არის დაინტერესებული ძალების მიერ მისი ლიკვიდაცია. ორ ე. წ. ფერად რევოლუციაში მონაწილეობდა, «ვარდების რევოლუციაში» _ საქართველოში და «ნარინჯისფერ რევოლუციაში» _ უკრაინაში, თანაც არა როგორც რიგითი აქტივისტი, არამედ როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.


აშშის სპეცსამსახურების უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა, ერთგულად ასრულებდა მათგან მიღებულ დავალებებს. კარგა ხანია, ახალგაზრდულ ასაკს  გადააბიჯა _ ეს ჭაღარაშერეული კაცი თავის 49 წელზე გაცილებით უფროსად გამოიყურება. წლების განმავლობაში დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაამჩნია. პრესასთან კონტაქტს ყოველთვის ერიდებოდა, მაგრამ ჩვენმა დაჟინებამ თავისი გაიტანა. ვლადიმერი ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

თბილისელი მეკავშირე

პოლიტიკაში ვლადიმერი შემთხვევით მოხვდა. 1965 წელს დაიბადა ზუგდიდში, რუსულ-ქართულ შერეულ ოჯახში. ჩვეულებრივი ბიოგრაფია აქვს: დაამთავრა სკოლა, მსახურობდა არმიაში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მამამისი ლექციებს კითხულობდა.

მისი მდორედ მიმდინარე ცხოვრების ახალი ეტაპი საბჭოთა კავშირის დაშლის წინადღეს დაიწყო. მამამისი კარგად იცნობდა ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს _ ზურაბ ჟვანიას, რომელმაც ვლადიმერის პატრონობა იკისრა _ 1990 წელს სამუშაოდ მიიწვია ახლადჩამოყალიბებულ «მწვანეთა» მოძრაობაში. მაგრამ ეს ახლადგამომცხვარი ეკოლოგი, ბუნების გადარჩენაზე ზრუნვის ნაცვლად, ჟვანიას დავალებით კონფიდენციური შეხვედრების ორგანიზებითა და სხვადასხვა სახის კონფიდენციური საკითხების  გადაწყვეტით იყო დაკავებული.

1995 წელს, მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანია «მოქალაქეთა კავშირის» წარდგენით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, ვლადიმერს პოლიტიკოსის პირადი დავალებების შესრულების «საპატიო მისია» დაეკისრა. გაფართოვდა მისი მოღვაწეობის არეალი, მისი მივლინებების გეოგრაფიამ დასავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები მოიცვა.

მაგრამ იგი მაინც შიკრიკად, დავალებების შემსრულებელ ხელისბიჭად რჩებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვლადიმერმა სერბეთის ტერიტორიაზე მოწყობილ ბანაკში «კვალიფიკაციის ამაღლების კურსები» გაიარა, კარიერის კიბის უფრო მაღალ საფეხურზე შეძლო ასვლა.

«სერბეთში, _ იხსენებს ვლადიმერი, _ ხალხის რისხვის ორგანიზების მეთოდიკას გვასწავლიდნენ. ამას შემდეგ «ფერადი რევოლუციები» უწოდეს. გვმოძღვრავდნენ ამერიკელები, სერიოზულად გვწვრთნიდნენ. იქ გავიცანი სემი _ სამუელ გრინბერგი, ასე წარმოგვიდგინეს იგი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ სემმა შემიყვანა სერბულ «ოტპორში». შემდეგაც არ გაგვიწყვეტია კავშირი ერთმანეთთან, ხშირად ვურეკავდი».

თბილისში ვლადიმერი 2002 წელს დაბრუნდა. ამ დროს ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან უკვე გადამდგარი იყო და «გაერთიანებულ დემოკრატებს» ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციას, რომელსაც ამერიკელები ყურადღებასა და მხარდაჭერას არ აკლებდნენ.

ხალხის რისხვის კურატორები

«გლობალური საორგანიზაციო საქმეებით დაკავებული არ ვყოფილვარ, _ საუბრისას რამდენიმეჯერ გაიმეორა ვლადიმერმა, _ არც _ ლიდერი. მასწავლეს ახალგაზრდობასთან მუშაობა, საპროტესტო ღონისძიებების, თუ შეიძლება მათ ეს სახელი ვუწოდოთ, მოწყობა. ეს საქმე გამომდიოდა. ასე მიმაჩნია».

2003 წელს იგი ოპოზიციოენერი ახალგაზრდების ორგანიზაცია «კმარას» აქტივისტებთან ერთად ვაშინგტონში მიიწვიეს.

ქართველების დელეგაციას ზემოთ ნახსენები გრინბერგი შეხვდა. კურატორმა ვლადიმერს თავისი ამერიკელი კოლეგები _ მაიკლი და თომასი გააცნო. დაწვრილებით გამოჰკითხა საქართველოს ამბები, მომავალი საპროტესტო აქციების მზადყოფნის დონე, რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის გეგმებზეც ელაპარაკა.

«გვაძლევდნენ საყურადღებო მითითებებს, ფსიქოლოგიურად როგორ უნდა გვემუშავა ხალხთან…»

მითითებების გარდა, საქართველოდან ჩასულ სტუმარს უამრავი დაპირება აღუთქვეს. უთხრეს, რომ ვლადიმერი «ძალიან ეხმარება მათ დემოკრატიის გაკეთებაში» და ამიტომ შეიძლება ჰქონდეს აშშ-ში კარგად მოწყობის იმედი, სამუშაოსაც უშოვნიან და პირველ ჯერზე ფულსაც მისცემენ; ნაწილი _ ხუთი ათასი დოლარი, უცებვე ჩაუთვალეს. იმ დროს ფულის ეს რაოდენობა თბილისელებისთვის წარმოუდგენლად დიდ თანხად ითვლებოდა (პატიოსანი ქალაქელებისთვის დღესაც ასეა. _ რედ.).

რამდენი «მწვანე» მისცეს სხვა რევოლუციონერებს, ვლადიმერმა არ იცის. «კოლეგათაგან» ბევრს იგი შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს შეხვდა.

საქართველოში აქტიურად მუშაობდნენ Freedom Foundation-ის არაფორმალური წარმომადგენლები, მათგან ერთ-ერთი მომავალ «რევოლუციონერებთან» მოლაპარაკებას ესწრებოდა.

ოპოზიცია გადატრიალებისთვის მზადების პერიოდში გულმოდგინედ მალავდა, ვისი ფულის წყალობით ღვივდებოდა «ხალხის პროტესტი», მაგრამ «ბელადების» ვიწრო წრეში ამერიკელ კურატორებს პირდაპირ ასახელებდა. თბილისში დაბრუნებული ვლადიმერი სხვებთან ერთად მიიღო აშშ ელჩმა საქართველოში. ამ მიღებაზე, რომელსაც სააკაშვილი და ჟვანიაც ესწრებოდნენ, «პროფესია ამაღლებულმა» ვლადიმერმა დაწვრილებით ილაპარაკე სერბეთში გავლილი წვრთნისა და ამერიკაში მოგზაურობის შესახებ.

ვაშინგტონის მიერ გაცემული ავანსის დაბრუნება იმავე წლის ნოემბერში გახდა აუცილებელი. ვლადიმერი ჩვეულებრივ «ჟვანიას საკითხების» მოგვარებით იყო დაკავებული. ამჯერად საქმე ოპოზიციურ «კმარას» ეხებოდა. რანგით დაბლა მდგომი ფუნქციონერები ამერიკელი ფუნქციონერების ფულით ამზადებდნენ მაისურებს, ქუდებს «რევოლუციური» წარწერებით, ბეჭდავდნენ და სტუდენტებთან ერთად ავრცელებდნენ ფურცლებს. ვლადიმერს, ამას გარდა, სერიოზული პროექტების განხორციელებაც უწევდა: რადიოში, გაზეთებში, ინტერნეტქსელში აქვეყნებინებდა სააგიტაციო მასალებს.   ჰონორარებს უხდიდა მოსყიდულ ჟურნალისტებს ზოგჯერ პირადად _ კონვერტებში, ზოგჯერ _ ოფიციალურად, «სარეკლამო მასალებად» წოდებული ტექსტებისთვის. ფულს ჟვანიასგან და მისი თანაშემწისგან _ გოგისგან იღებდა. ჩატარებული მუშაობის შესახებ ანგარიშს სემს წარუდგენდნენ.

2003 წლის ოქტომბერში, თბილისში გრინბერგის ჩამოსვლის წინ ჟვანიამ ვლადიმერს 20 ათასი დოლარი გადასცა ოპოზიციური პრესის მობილიზაციის მიზნით: პატრონისთვის უნდა წარედგინათ ამბოხისთვის გამზადებული თბილისის მოსახლეობის სულისკვეთების დამადასტურებელი სურათი. სემუელის ჩამოსთვლისთვის თბილისი აივსო გაზეთებით, რომლებშიც დაბეჭდილი იყო მრისხანე წერილები ხელისუფლების წინააღმდეგ. გრინბერგი კმაყოფილი დარჩა და ვლადიმერს ჟვანიას თანდასწრებით 3 ათასი დოლარი ჯილდოდ გადასცა.

პროტესტის ბუღალტერია

კონვერტებში ჩადებული ფული და «ქუჩის» ფართო უფლებამოსილება ვლადიმერს «ვარდების რევოლუციის» გამარჯვებისთანავე ამოეწურა. ყოფილ თანამებრძოლებს, ასევე, მათ ამერიკელ უფროსებს აღარ დასჭირდათ ეს კაცი. მართალია, ჟვანია კვლავ უხვად აძლევდა წვრილ-წვრილ დავალებებს, მაგრამ მის კარიერულ პერსპექტივაზე არაფერს ეუბნებოდა. სემი და მაიკლი წუწუნებდნენ, რომ არნახულად იყვნენ დატვირთულები.

ბოლოს და ბოლოს, 2004 წლის მარტში ვლადიმერი აშშ-ში გამოიძახეს.

«რატომღაც მოსკოვში ჩავედი და მხოლოდ იქიდან გადავფრინდი შტატებში, ვაშინგტონში. იქ კურატორ გრინბერგს შევხვდი. ვისაუბრეთ კარს მომდგარ მოვლენებზე _ უკრაინაში გასამართ არჩევნებზე. შემდეგ მან Freedom Foundation -ში წამიყვანა, გამაცნო იქ ფონდის ხელმძღვანელი ჯეკ მარშალი და ვინმე უფლებადამცველი ჟურნალისტი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კაცი იმავე კანტორიდან იყო, საიდანაც _ გრინბერგი, იცოდა ყველაფერი, რაც საქართველოში ხდებოდა, და იმაზეც ილაპარაკა, რაც უკრაინაში უნდა მომხდარიყო, თანაც _ დეტალურად».

უკრაინაში ჟვანიას დავალებით გაემგზავრა. «ფერადი რევოლუციის» ორგანიზება იქ გაკვალული გზითა და დამუშავებული მეთოდიკით მიმდინარეობდა. ვლადიმირ იუსოვთან ერთად ვლადიმერმა სრული ძალითა და შესაძლებლობით აამოქმედა საპროტესტო მოძრაობა «პორა». ისევე, როგორც თბილისში, მუშაობდა ახალგაზრდობასთან, აწყობდა კარვების «მაიდანს», კრებდა ხალხს და ფულით არწყულებდა აქტივისტებსა და პრესის წარმომადგენლებს.

უკრაინაში ამერიკელები გულუხვად იხდიდნენ ფულს, გაცილებით მეტს, ვიდრე საქართველოში. 30-40 ათასი დოლარი ვლადიმერს სახარჯოდ ჰქონდა.

«ორი ძირითადი მიმართულება მქონდა დავალებული, _ იხსენებს ვლადიმერი, _ პირველი, ფულის დარიგება მაიდანზე მოპიკეტეებისთვის; მეორე, მასალების გამოქვეყნება პრესაში და ტელეეთერში, აგრეთვე, სოციალურ ქსელში. ორი მოადგილე მყავდა, მათ სახელებს შეგნებულად არ ვიტყვი. წესიერი ბიჭები არიან. ერთი მათგანი რუსულ პრესაში ათავსებდა მასალებს. ფულით, ბუნებრივია…»

უკრაინაში რევოლუცია ამერიკელების მიერ იყო დაფინანსებული

«საქართველოდან დიდი ფული გადიოდა უკრაინაში. გზა ასეთი იყო: ამერიკელები-ჟვანია-იუშჩენკო და _ «პორა». ამას არც უკრაინელები, არც ჟვანია არ გვიმალავდნენ…»

ვლადიმერი ეჭვობს, რომ ამ თანხის ერთი პატარა ნაკადი რუსეთში მიწანწკარებდა. უკრაინაში, «ნარინჯიფერთა» შტაბს რამდენიმეჯერ ჩააკითხა ბორის ნემცოვმა, თუმცა ეს თვალსაჩინო რუსი ოპოზიციონერი ფულის გამო არ ემხრობოდა მაიდნელებს. საქმე ძალაუფლების მოპოვებას ეხებოდა. ნემცოვი არც ამერიკელებისთვის იყო უცხო კაცი, მაგრამ მას გრინბერგი კი არ უკავშირდებოდა, არამედ ვინმე ბორის აბრამოვიჩი. ბერეზოვსკისთან ურთიერთობდა იულია ტიმოშენკოც: «დეკემბრის პირველ რიცხვებში «პორას» აქტივისტებთან შეხვედრის დროს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. იულიამ უპასუხა: «გისმენთ, ბორის აბრამოვიჩ! აი, ვურთიერთობ «პორას» აქტივისტებთან».

«ნარინჯისფერების» გამარჯვების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერი საქმეებს ჩამოაცილეს. 2005 წლის 3 თებერვალს მისი მფარველი ზურაბ ჟვანია გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა.

ამერიკელები, რომლებიც ვლადიმერს სიამოვნებით ესაუბრებოდნენ, ამჯერად მის სატელეფონო ზარს აღარ უპასუხებდნენ. იმ ფულით, რაც «ქუჩის ბრძოლებში» დააგროვა, ვლადიმერი ევროპაში გაემგზავრა. ერთ ხანს გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ შვეიცარიაში გადაბარგდა. ბოლოს, ამერიკაში ჩავიდა.

ცივად მიიღეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა გუშინდელ კურატორებთან შეხვედრას. ტელეფონით საუბრისას დაპირებები შეახსენა… გრინბერგმა უბრძანა, მოეცადა. ამ განკარგულების შესრულება ვლადიმერმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო.

2006 წლის თებერვალში ამერიკის ვიზას ვადა გაუვიდა, ერთი თვის თავზე კი პოლიციამ მიაკითხა.

«დეპორტაციის ორდერი პოლიციელებს არ ჰქონდათ. ოფიციალური ვერსიით, შემთხვევით მომაგნეს, _ აღნიშნა ვლადიმერმა, _ გაუგებარია, საიდან ჰქონდათ ჩემი მისამართი. ეტყობა, გრინბერგმა მიაწოდა…»

ორი მომდევნო თვე ვლადიმერმა არალეგალების სატუსაღოში გაატარა.

«ეს იყო ჯოჯოხეთი, გახსენებაც არ მინდა.  სწორედ იქ, ციხეში ყოფნისას მივხვდი, რომ მე გამოყენებული მასალა ვიყავი».

ჩატარდა გამოძიება და ვლადიმერი საქართველოში დააბრუნეს, მაგრამ «ვარდების რევოლუციაში» გამარჯვებული ქვეყანა ყოფილ ინსტრუქტორს პურმარილით არ დახვედრია.

«ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ბევრისთვის მე, რბილად რომ ვთქვა, არასასურველი პერსონა გავხდი. არც უკრაინაში გახარებიათ ჩემი ჩასვლა _ საქმის აღძვრასაც კი შეეცადნენ».

დღეს ვლადიმერი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში დაფუძნდა და დროდადრო ჩამოდის სამშობლოში.

«დღეს აღარავის არ ვაინტერესებ, არც ვინმესთვის ვარ საშიში. ამერიკელების უგულობასაც შევეგუე. იმათ კი, ვინც ამერიკელებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, ვეუბნები _ ჩვენ მათთვის მხოლოდ ერთჯერადი ნაგავი ვართ. გამოგვიყენებენ და გადაგვყრიან».

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here