Home რუბრიკები პოლიტიკა «ფერადი რევოლუციების» სისხლიანი კალო

«ფერადი რევოლუციების» სისხლიანი კალო

961

«ფერადი რევოლუციები» რომ სახელმწიფო გადატრიალებებია და ეპითეტი «ფერადი» გასაკეთილშობილებლად აქვს მიწერილი, დემოკრატიულობისა და მშვიდობიანი ხასიათის ფერუმალით გასალამაზებლად, დრომ დაამტკიცა. ბეჭედდასმული ფაქტია. მამლის ჭრელი ბოლოსავითაა გამოჩრილი. ვერ დაიმალება ისევე, როგორც ერთი ხელწერა «რევოლუციების» ავტორების, ერთიანი სტილი პოლიტტექნოლოგიების სცენარების ხელგაწაფული «შემოქმედების».


«ფერადი რევოლუციები» და «არაბეთის გაზაფხული», იქვე «ფინიკის რევოლუციები», ანუ ინდისხურმისა, მრავალი განსხვავებული წახნაგის მიუხედავად, იმ ცოდვის ხის ნაყოფია, რომლის ფესვები ამერიკული ნეოლიბერალიზმის ნიადაგში უნდა ვეძებოთ. «არაბული გაზაფხული», ისტორიკოსების დაკვირვებით, «ხალხთა გაზაფხულად» წოდებულ 1848-1849 წლების ევროპულ პერიოდს ეხმაურება: «ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია». მაგრამ მეოცე საუკუნის დასასრულისა და ოცდამეერთის დასაწყისის «რევოლუციებსა» თუ გადატრიალებებს, რა თქმა უნდა, მოდერნისტული თავისებურებები ახასიათებს.

«მაშრიყიდან მაღრიბამდე»

«არაბული გაზაფხული» უწოდეს დემონსტრაციებისა და პუტჩების იმ ტალღას, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს ტუნისიდან აგორდა და არაბულ სამყაროს გადაუარა.

ფორმალურ მიზეზად ითვლება 2010-ის დასაწყისში  ტუნისელი ბოსტნეულით მოვაჭრე მუჰამედ ბუაზიზის თვითმკვლელობა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფალთა ბოროტმოქმედების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა მიყრუებული ქალაქის სიდი ბუზიზის ადმინისტრაციის შენობის წინ.

ყველა დიდი მოვლენის ბიძგივით ესეც შემთხვევითი ფაქტი ჩანს.

მაგრამ ბანალურ თვითმკვლელობას ისეთი მასშტაბური ცვლილებები მოჰყვა, რომელთა შედეგებსაც ანალიტიკოსები ოტომანთა იმპერიის რღვევას ადარებენ. ტუნისის შემდეგ გადატრიალებები მოხდა ეგვიპტესა და იემენში, სამოქალაქო ომები _ ლიბიაში (სადაც დაემხო რეჟიმი), სირიაში (სადაც დღემდე გრძელდება), სამოქალაქო აჯანყება ბაჰრეინში, მასობრივი პროტესტები ალჟირში, ერაყში, იორდანიაში, მაროკოში, ომანში და ნაკლებმნიშვნელოვანი არეულობანი _ სხვა სახელმწიფოებში.

ყველა მათგანი (მავან ქვეყნებში არსებული რეჟიმის განსხვავებულობის მიუხედავად) რიგი მსგავსი თავისებურებებით ხასიათდება. ქვემოთ მხოლოდ ძირითად მახასიათებლებზე შევჩერდებით.

უპირველესად, მოვლენები ერთი და იმავე, «ფერადი რევოლუციების» მსგავსი, სცენარით ვითარდებოდა.

მეორე, ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებში რევოლუციებმა პრაქტიკულად ერთსა და იმავე დროს იფეთქა. რაც, როგორც ცნობილია, გამორიცხავს შემთხვევითობის ელემენტს და მაღალი დონის კოორდინაციის მაჩვენებელია. ან ერთი «რევოლუციური ცენტრიდანაა» მართული, ან გარე ძალების მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციის შედეგია.

მესამე, ამბოხის მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარი და ყოველმხრივი მომზადების გარეშე _ მოთარეშეთა გადაბირება და საბრძოლო ჯგუფებად მათი გაერთიანება, კოორდინაციის ზუსტი სისტემის დადგენა, მატერიალური უზრუნველყოფა და, რაც მთავარია, მომავალი კონფლიქტის ზონაში მნიშვნელოვანი საფინანსო საშუალების აკუმულირება «რევოლუციური ბრძოლის» საჭიროებისთვის.

ფული რომ გადატრიალების მამოძრავებელი ძალაა, აღიარებული დებულებაა.

მეოთხე. რევოლუციების თანმიმდევრობა, ექსპერტების მტკიცებით, ამორჩევითია და ადასტურებს, რომ მათ ერთი ხელი წარმართავს. ამ მოვლენას თანამედროვე პოლიტტექნოლოგიების ენაზე «მართული ჯაჭვური რეაქცია» ეწოდება: ნებისმიერ ერთ ქვეყანაში მომხდარი რევოლუციური აფეთქება, მეორე ქვეყანაში არეულობის მაპროვოცირებელი ხდება. ამ დროს საზოგადოებრიობის სამოქალაქო პოზიციის გააქტიურება კი არ ხდება, არამედ, როგორც წესი, ამოქმედდება პოლიტტექნოლოგების მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ყველა კონკრეტული ქვეყნისთვის ეს წინასწარდასახულობანი განსხვავებულია.

ნიშანდობლივია ამ «ჯაჭვური რეაქციის» გავრცელების სისწრაფე, რაც შესაძლებელი ხდება განვითარებული მოვლენების მხოლოდ გარედან მაღალი დონის კოორდინაციის პირობებში, როცა ყველა ეპიზოდი ერთიანი გეგმის ჩარჩოში არის მოქცეული, აქვს კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ზუსტადაა განსაზღვრული მათი განხორციელების თანმიმდევრობა.

მეხუთე, «ფერადი რევოლუციების» ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ელემენტია უკუკავშირის მექანიზმის არსებობა.

დასასრულ, მეექვსე თავისებურება: ნებისმიერი რევოლუციის აუცილებელი ელემენტის _ რევოლუციური იდეოლოგიის არქონა. ხომ ცნობილია, რომ ჭეშმარიტი რევოლუციური ბრძოლის საფუძველი მაღალი იდეალებია _ თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა, ან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეალები.

«არაბეთის გაზაფხულში» მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენთ. საპროტესტო მოძრაობა, კი, ბატონო, არის, «პოლიტიკურ ბრბოში» განსახიერდება. მისი ძირითადი მიზანია არსებული კანონიერი ხელისუფლებისა და მისი ლიდერების დამხობა და «ამერიკული დემოკრატიის დამყარება».

«რევოლუციური» ბრბო არავითარ ალტერნატიულ პროგრამას არ ცნობს, არც აქვს. მისი აღშფოთება პერსონიფიცირებულია _ რომელიმე კერძო მმართველის წინააღმდეგაა მიმართული. შეიძლება იგი, ეს მმართველი, დიქტატორი იყოს, შეიძლება, _ სუსტი პიროვნება, შეიძლება _ არც _ ერთი, არც _ მეორე. მაგრამ ხელს არ აძლევდეს სცენარის ავტორებს თავისი დაუმორჩილებლობის გამო და ამიტომ უარყოფით პერსონაჟად იყოს წარმოდგენილი დაქირავებული პოლიტექნოლოგების მიერ. ხოლო მათი მხარდამჭერების პოვნა არასოდეს არ არის ძნელი, რადგან, ხელისუფლების სათავეში მოსვლის მსურველები ყველა ქვეყანაში იმდენია, რამდენიც თაფლის წვეთს დასეული ბუზები.

ჩვენს მკითხველებს მაგალითად 2003 წლის «ვარდების რევოლუციად» წოდებული სახელმწიფო გადატრიალებაც გამოადგებათ.

«არაბული გაზაფხულის» და «ფერადი რევოლუციების» ორგანული მსგავსება ამაშიც გამოიხატება, ისევე, სხვათა შორის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ თავისებურებებში.

ეს აშკარაა.

«ფერადი რევოლუციების» მკვლევართა აზრით, ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამბოხებულთა მასებში რევოლუციური იდეოლოგიის არქონაში ანგლოსაქსებისთვის და მათ მიერ განხორციელებული სპეციალური ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის დამახასიათებელი ხელწერა შეინიშნება. ხელწერა, რომელიც დასავლეთის ღირებულებებზე ორიენტირებულ ქვეყნებში კარგად «მუშაობს», მაგრამ უეფექტოა იმ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანია. ცნობილია, რომ ბრიტანელებისა და ამერიკელების მიერ ირანში ახლახან წამოწყებულმა «მწვანე რევოლუციამ» ფიასკო განიცადა. ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ «ფერადი რევოლუციებისთვის» დამახასიათებელი შაბლონური ინდივიდუალიზმის ფსიქოლოგია უცხო და მიუღებელია ტრადიციული აღმოსავლური საზოგადოებისთვის: აღმოსავლეთში, სადაც შემორჩენილია თემური და გვარტომული ცხოვრების წესი, ცალკეული ადამიანის ინტერესები არაფერია. თემის ინტერესები კი _ ყველაფერი. არა პირადი თავისუფლება, არამედ თემის შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, თემის, საბოლოო ჯამში კი თემის წევრის, საკეთილდღეოდ.

ამ თვალსაზრისით ტრადიციულ აღმოსავლურ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანისთვის «ფერადი რევოლუციის» პიროვნული თავისუფლებისკენ მიმართული აქცენტი რეალური საფრთხის შემცველია.

მიუღებელია, აგრეთვე, დასავლური ლოზუნგი იმის თაობაზე, რომ სამართლიანობა უნდა გამოიხატოს საზოგადოების თითოეული წევრის უფლებაში _ მართოს ქვეყანა. ხოლო ძმობა ისლამის მიერაა განსაზღვრულ-გააზრებული და დასავლურ მოდერნიზაციას უთუოდ არ საჭიროებს.

მოკლედ, დასავლეთის პოლიტტექნოლოგებისთვის მაღრიბის ქვეყნები ახალი «რევოლუციების» გამოცდის პოლიგონად არ გამოდგა, ხელოვნური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობამ აშკარად დაგვანახა გარედან მოსული «დირიჟორის» და გარე დამკვეთის მცდელობის ამაოება.

მაღრიბის ქვეყნებში ვერ დამკვიდრდებოდა ამერიკელების მიერ შეთავაზებული ღირებულებები, რათა მათი (არაბული სახელმწიფოების) სოციალური წყობილება თემური, კლანური, გვარტომული წყობილებაა, რომელშიც ეთნიკური ფაქტორი დომინირებს. სამოქალაქო პოლიტიკური რეჟიმები არსებობს ავტორიტარი უცვლელი ლიდერით სათავეში, დამყარებულია მკაცრი იერარქია, არცთუ იშვიათად _ საგანგებო მდგომარეობა, სადაც წესრიგისა და ერთიანი იდეოლოგიის დაცვის გარანტი არის არმია და სპეცსამსახურები, ამ ფონზე და ამ რეალურ ვითარებაში დემოკრატია, რომელიც «რევოლუციას» უნდა მოეტანა, ფეხს ვერ მოიკიდებდა.

დემოკრატიის გავრცელების ლოზუნგი ანგლოსაქსური დამპყრობლური პოლიტიკის შირმაა და საფარი, «კეთილშობილურ» განზრახულებათა გაცვეთილი ფასადია.

ასეთი პოლიტიკის შედეგად იშლება და ინგრევა სახელმწიფოები, რომლებსაც დემოკრატიის არავითარი ნიშანი არ დაეტყო, სამაგიეროდ ისეთი ქაოსი და არეულობა დამკვიდრდა, როგორც, მაგალითად, ლიბიაში, საიდანაც ვითარების უკიდურესად დაძაბვის გამო 27 ივლისს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებული გახდა თავისი საელჩო ტუნისში გაეხიზნა.

შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, თითქოს ამერიკელი პოლიტტექნოლოგები არ ითვალისწინებდნენ ამ ლოზუნგის არარეალობას.

მაშ, რატომ გაისარჯნენ?

არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რომელთა გამოც აფრიკა მსოფლიო ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კონტინენტად წარმოგვიდგება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვისაც. მიზეზთა შორის მთავარი ნავთობია. აფრიკის ქვეყნებში ამ წიაღისეულის საერთო მარაგი 16,6 მილიარდი ტონაა, რაც მსოფლიო მარაგის 10 პროცენტია. ამ მონაცემით აფრიკა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ევრაზიას ჩამორჩება. ახალი საბადოები აქ ყოველწლიურად იხსნება. ამერიკა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ენერგოდამოკიდებული ახლო აღმოსავლეთზე, ამიტომ გახდა შავი კონტინენტი აშშ პოლიტიკური განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ხოლო ჩინეთის ნავთობის იმპორტის ერთი მესამედი აფრიკულ ქვეყნებზე მოდის.

ამრიგად, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი დღეს ორი გიგანტის _ აშშ-ისა და ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერესების გადაკვეთის წერტილად იქცა. სწორედ აქ, ამ წერტილში დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს და არც ერთი უკანდახევას არ აპირებს.

«ფერადი რევოლუციების» საიდუმლოებანი

კაცმა რომ თქვას, ახალი არაფერია _ «ფერად რევოლუციებად» იწოდება კორპორაციული რევოლუციები. ამ ტერმინით აღნიშნავენ ქუჩის მასობრივ არეულობებს, მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა სცენარები  დაწერილია დასავლეთის გავლენიანი პიარკომპანიების პროფესიონალების მიერ და უმეტეს შემთხვევაში იწვევს რეჟიმების შეცვლას იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ არეალში მოხვდება (პოსტსაბჭოთა სივრცე, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ამერიკა), სამხედრო ჩარევის გარეშე, მაგრამ ძალადობით.

«ფერადი რევოლუციების» შედეგად ამ ქვეყნებში მყარდება პროამერიკული რეჟიმები (ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში _ ანტირუსული რიტორიკის საფუძველზე). აშშ აშკარად მხარს უჭერს ამ რეჟიმებს, რომელთა სათავეში აწინაურებენ ინგლისურის მცოდნე, ამერიკაში ნასწავლ ახალგაზრდებს, რომლებიც, როგორც წესი, გადაბირებული ჰყავს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. საქართველოში ასეთები გაერთიანებულები იყვნენ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, როგორიცაა «კმარა», უკრაინაში _ «პორა», ყირგიზეთში _ «კელ-კელ», რომლებსაც კურირებდნენ დასავლეთის სპეცსამსახურები.

სცენარები კალკირებულია: ამა თუ იმ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთანავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა «ევროპის საპარლამენტო ასამბლეა» და ეუთო, საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი გაყალბებულია, და იფეთქებს მასობრივი არეულობა. ზოგიერთ შემთხვევაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სნაიპერები იწყებენ დემონსტრანტების გამოხშირვას (როგორც, მაგალითად, კიევის მაიდანზე), ხოლო მასმედია სისხლის სამართლის ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას და ადგილობრივ პოლიციურ ძალებს (მაგალითად, იმავე უკარინაში «ბერკუტს») აკისრებს.

იქმნება სიტუაცია, რომელიც თავის დროზე ოტო ფონ ბისმარკს ასე აქვს დახასიათებული: «არასოდეს იმდენს არ ცრუობენ, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე».

«ფერად რევოლუციას» არაფერი აქვს საერთო ხალხის მასების სპონტანურ, უანგარო ამბოხთან, დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან. იგი კარგა ხნის წინათ მომზადებული, დეტალურად გათვლილი და დაფინანსებული ორგანიზატორული მუშაობის შედეგია, რომელსაც წინ უძღვის ტიპიური ფსიქოლოგიური ომი და ტვინის გამორეცხვა დეზინფორმაციის მასშტაბური პროპაგანდისტული ციკლების მეშვეობით.

დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების აზრით, «რევოლუციურ» ახალგაზრდობას ყველგან და ყოველთვის აფინანსებდა და აფინანსებს აშშის მთავრობა, ამერიკის სპეცსამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა «Freedom House», «დემოკრატიის ეროვნული ფონდი» და კერძო ინსტიტუტებია (მაგალითად, ჯორჯ სოროზის «ღია საზოგადოება»).

ვიქტორია ნულანდმა განაცხადა (ცნობილი ფაქტია), რომ უკრაინის მაიდანი ამერიკას 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა იყო, რომელსაც აშშ-მა, ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობით გაუწია ფინანსური დახმარება. საქართველო ასევე მსოფლიოში მესამე ქვეყანა იყო ერთ სულ მოსახლეზე გაღებული ამერიკული დახმარებით.

მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში, ვაშინგტონის აზრით, ორივე ქვეყანა პროამერიკულ კურსს ასცდა, ამიტომ «იუსაიდმა» მკვეთრად შეამცირა ამ ქვეყნების დახმარების ოდენობა და გაზარდა არჩევნების მომზადებისთვის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების დონე. ცხადია, არსებული ხელისუფლების ჩამოცილების მიზნით.

თუ 2001 წელს ამ მიზნების განსახორციელებლად უკრაინელი ოპოზიციონერები 2,29 მილიონ დოლარს იღებდნენ, ქართველები კი 0,62 მილიონს, 2003 წლისთვის შესაბამისად _ 5,04 მილიონს და 2,72 მილიონ დოლარს.

ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგიის პროფესორი მაიკლ მაკფოლი (აშშ ელჩი რუსეთში) 2004 წლის 21 დეეკმბერს «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: «ერეოდნენ თუ არა ამერიკელები უკრაინის საშინაო საქმეებში? დიახ. ამერიკული გავლენის აგენტები ამჯობინებენ სხვა სახელი უწოდონ ამას (ჩარევას) _ დემოკრატიული თანადგომა, დემოკრატიის დახმარება, სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და .., მაგრამ მათი მიზანი, რა სახელითაც გინდა მოიხსენიონ, უკრაინაში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება იყო

«იუსაიდმა» 2006 წლის ანგარიშში პირდაპირ ჩაწერა: «შეერთებულმა შტატებმა ძირითადი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნების საქმეში”.

რამდენად «მშვიდობიანი» და «დემოკრატიული» გარდაქმნები მოჰყვა «ვარდების რევოლუციასა» და «ნარინჯისფერ რევოლუციას» საქართველოსა და უკრაინაში,  ბევრიც დაწერილა, ჩვენ ხომ საკუთარ თავზე გადავიტანეთ, ამიტომ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ.

ვის აძლევს ხელს «ფერადი რევოლუციები»?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადნენ ფრანგი ექსპერტები სადაზვერვო პრობლემების კვლევის ავტორიტეტულ ცენტრ CF2Rიდან.

მათ მიიჩნიეს, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და არაბულ სამყაროში რევოლუციურ გარდაქმნათა ადგილობრივმა აქტივისტებმა «არაძალადობრივი რევოლუციების» სტრატეგიაში სერიოზული მომზადება გაიარეს სერბეთში გამართულ სემინარებზე. სწავლება ორგანიზებული იყო CANVAS-ის მიერ, რომელიც აღმოცენდა 2001 წელს სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმირებიდან სახელწოდებით «ოტპორი». ეს უკანასკნელი კი ჩამოყალიბებული იყო «არაძალდობრივი აქციების» მომზადების ცენტრის მიერ.

დღეს ეს აქტივისტები, საქართველოს სინამდვილით თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფო სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი, ხოლო ისეთი ოდიოზური, უსწავლელი და გაუნათლებელი ფიგურა, როგორიც თეა თუთბერიძეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მწარედ ხუმრობენ _ არ გაგვიკვირდება, აკადემიკოსობა რომ მოინდომოსო.

კმარელების ერთ-ერთი უსახო, მაგრამ დიდი ამბიციების მქონე ლიდერი გიორგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ათეულ მილიონობით საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით.

და ასე შემდეგ.

ექსპერტების კვლევის საგანი გახდა CANVAS-ის «კონსულტანტების» როლის გარკვევა საქართველოში «ვარდების რევოლუციის», უკრაინაში «ნარინჯისფერი რევოლუციის» მომზადების საქმეში. ფრანგებმა დაადგინეს მათი კავშირი ბელარუსულ ორგანიზაცია «ზუბრთან», რომელიც 2001 წელს შეიქმნა ლუკაშენკოს რეჟიმის დასამხობად. დადგენილია CANVAS-ის  ურთიერთობაც ვენესუელის ოპოზიციასთან. 2011 წლის ზამთარში ეგვიპტელი სტუდენტები «მოძრაობა 6 აპრილიდან» კაიროს ქუჩებში დემონსტრაციების დროს აფრიალებდნენ დროშებს ჩANVAშ-ის  ემბლემით, რომლებიც მათ «ოტპორიდან» მემკვიდრეობით ერგოთ.

ფრანგებმა ერთხელ კიდევ დაამტკიცეს, რომ «ფერადი რევოლუციების» ტრანსნაციონალური ცენტრი ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იმართებოდა.

მათი ეს დასკვნა ეფუძნება მეცნიერულ კვლევებსა და საფუძვლიან ანალიზს, რომელიც არაერთი მიმართულებით ჩატარდა. მათ შორის უმთავრესად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს მოდებული ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების დადგენა. CF2R-ის სპეციალისტებმა უტყუარად დაადგინეს, რომ CANVAS-ის დამფინანსებელია ორი ამერიკული ორგანიზაცია _ Internacional Republican Institute და Freedom House.

მათგან პირველი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც აშშ რესპუბლიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული და აღმოცენებულია პრეზიდენტ რეიგანის იდეის _ საზღვარგარეთ «დემოკრატიის ინფრასტურქტურის» შექმნის ფესვებიდან. ფინანსდება აშშ მთავრობსი მიერ (სახდეპის ხაზით). ხოლო საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მოღვაწეობა «პოლიტიკური პარტიების ყოველმხრივ მხარდაჭერასა და მათი აქტივისტების სწავლებას» ითვალისწინებს.

დაკვირვებულმა ფრანგმა ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ Internacional Republican Institute აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შირმაა და სხვა არფერი. მათ მიერაა დადგენილი ისიც, რომ კიევის მაიდნის «აქტივისტი», რუსოფობიით დაციკლული სენატორი მაკკეინი არა მხოლოდ აშშ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, არამედ აღნიშნული ინსტიტუტის ქომაგი და მხარის დამჭერიც გახლავთ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება მკითხველს მივანდოთ.

«ფრიდომ ჰაუსიც» მისი (ინსტიტუტის) ალიკვალია და მისი («ფრიდომ ჰაუსის») მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება «ამერიკულ ღირებულებათა ექსპორტია».  დანარჩენი თვალის მოსატყუებელი ზიზილპიპილოებია. მისი ბიუჯეტის 60-80 პროცენტი, ამტკიცებენ ფრანგები, აშშ-ის მთავრობის გრანტებით ივსება. 2005 წლამდე მას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ჯონ ვულსი, რაც, CF2R-ის ექსპერტების აზრით, პირდაპირ მიგვითითებს «ფრიდომ ჰაუსის» პირდაპირ კავშირზე აშშ-ის სპეცსამსახურებთან.

გასაკვირია, რომ დასავლეთის პრესა ამ ყველაფერზე ხმას არ იღებს, არაფერს ამბობს «ფერადი რევოლუციების» ამერიკელი «კონსულტანტების» შესახებ.

მაგრამ გამონაკლისი აქაცაა. რამდენიმე წლის წინათ ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ფრანგი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფილმის საგაზეთო ვარიანტი, რომელშიც დადასტურებულად იყო ნაჩვენები «ვარდების რევოლუციის» ქართველი აქტივისტების (მაგალითად, გიგა ბოკერიას) კავშირი აშშ-ის სპეცსამსახურის კონკრეტულ მოხელესთან.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. «ფერადი რევოლუციები», გინდა _ ნარინჯისფერი, გინდა _ ვარდების, გინდა _ ტიტების და . . ბოლოს და ბოლოს სისხლისფრად ტრანსფორმირდება, «მშვიდობიანი» რევოლუციები «სისხლის ღვრის რეჟიმში» გადადის.

საქართველოს მაგალითი გაიხსენეთ _ ქუჩებში დახვრეტილი ახალგაზრდებით და ციხეებში დაღუპული ადამიანებით. ციხის ამბოხის ჩახშობის ერთი ფაქტი რად ღირს.

აღარაფერს ვამბობ არაბული გაზაფხულის პერმანენტულ გადატრიალებაზე და კიევის მაიდნის სისხლიანი კოშმარზე და ოდესის ნეონაცისტების მიერ მოწყობილ კატინის ტრაგედიაზე.

მშვიდობიანი რევოლუციები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here