Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონი ტელებიძინა

ბატონი ტელებიძინა

586

ცნობებმა იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს, საზოგადოების ნაწილს ღიმილი მოჰგვარა, ნაწილი კი შოკში ჩააგდო. თუ ფიგურანტი ბოლო მომენტში არ გადაიფიქრებს, მალე ძალიან საინტერესო შოუს ვიხილავთ. ივანიშვილი-მეცენატი, ივანიშვილი-ოპოზიციონერი, ივანიშვილი-პრემიერმინისტრი, ივანიშვილი-სამოქალაქო აქტივისტი და, შეთავსებით, ქვეყნის უგვირგვინო მმართველი და ახლა უკვე ივანიშვილი-ტელეწამყვანი, მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი ტელებიძინა. როდესაც იმპერატორმა კომოდუსმა გლადიატორების ბრძოლაში მონაწილეობა გადაწყვიტა… ო, უკაცრავად. ალბათ, აჯობებს ასე დავიწყოთ: ზოგადად, ნებისმიერი თამამი ექსპერიმენტი დამყაყებულ ჭაობში, უკაცრავად, ქართულ ტელესივრცეში, უდავოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

თუ გახსოვთ, იყო ერთი ძველი, ეთიოპიის ომის დროინდელი ანეკდოტი იტალიურ არმიაზე. არ მახსოვს, როგორ იწყება, მაგრამ სრულდება იმით, რომ კაპიტანი მგზნებარე სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ყვირის: «ავანტი, რაგაცი!» და მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ მირბის. ჯარისკაცები აცილებენ მას მქუხარე აპლოდისმენტებით (აი, მილანის ოპერის ვარსკვლავებს რომ შეშურდებოდა) და აღტაცებული შეძახილებით «ბრავო, ბრავო, კაპიტანო!», მაგრამ სანგრების დატოვებას არამც და არამც არ აპირებენ. ვინაიდან ქართველებს, იტალიელების მსგავსად, შეგვიძლია (ალბათ, ბანალური თავდაცვითი რეაქციაა), ნებისმიერი ჰეროიკული ეპოსი ორიოდე წუთში ფარსად გადავაქციოთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, მსჯელობა ივანიშვილის მორიგ გარღვევაზე აპლოდისმენტებით დავიწყოთ. ბრავო, კაპიტანო… რაზეა საუბარი.

თუმცა მედალს მეორე, პოლიტიკური მხარეც აქვს. ივანიშვილის იმიჯი და მოსახლეობის რწმენაწარმოდგენები, რომლებიც მას უკავშირდება, მის მიერ შექმნილი სისტემისთვის ერთგვარი ქვაკუთხედის როლს ასრულებს. შესაბამისად, პრობლემას მხოლოდ ექსცენტრიული ოლიგარქის მორიგი გატაცების კონტექსტში ვერ განვიხილავთ; ხსენებული იმიჯის მორიგი ტრანსფორმაცია ლამის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ბიძინა ივანიშვილი, თავის დროზე, ე. წ. დახურული იმიჯით შემოვიდა. ის შეიძლება დაუსრულებელ ნახატს შევადაროთ. ინფორმაცია ივანიშვილის შესახებ არასრული და მკაცრად დოზირებული იყო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის ფიგურასთან დაკავშირებულ «თეთრ ლაქებს» ჭორებსა და საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით ავსებდა. ივანიშვილს, ხშირ შემთხვევაში, ზებუნებრივ გამჭრიახობასა და კოსმოსური მასშტაბის გავლენას მიაწერდნენ. მართალია, პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან ურთიერთობისას არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ემოციურმა აღტკინებამ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მოახლოებულ მოცილებას უკავშირდებოდა, ეს საეჭვო ეპიზოდები უკანა პლანზე გადაწია. შემდეგ, როდესაც ივანიშვილი პრემიერი გახდა, საზოგადოებამ თანდათან დაიწყო სხვაობის დანახვა მის მიერ წარმოდგენილ «იდეალურ ივანიშვილსა» და რეალურ ბიძინა ივანიშვილს შორის. გაჩნდა გარკვეული დისონანსი უკმაყოფილებაში გადაზრდის პერსპექტივით, მაგრამ ფიგურანტის გადადგომამ და «ჩრდილში» დაბრუნებამ ეს პროცესი შეაჩერა. კომენტატორების ფანტაზიამ თანდათან აღუდგინა მას თითქმის ყოვლისშემძლე მანიპულატორის იმიჯი. ახალი მთავრობის უნიათობის შემყურე მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იმით იმშვიდებდა, რომ სადღაც, კულისებში დგას ივანიშვილი, რომელიც კრიზისის შემთხვევაში სიტუაციას სწრაფად გამოასწორებს. პარადოქსულია, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ამ რწმენას ეფუძნება ახალი სისტემის ფარდობითი სტაბილურობა. ფარული მმართველისა და ტელეწამყვანის როლების სიმბიოზი მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად უპრეცედენტო რამაა და ის უდავოდ დაუკავშირდება სერიოზულ საიმიჯო ტრანსფორმაციას ძნელად ამოსაცნობი შედეგით.

როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, არაერთმა კომენტატორმა შეამჩნია, რომ ის ტელევიზიას გადამეტებულ ყურადღებას უთმობს და არცთუ იშვიათად ტელეწამყვანებთან თუ მათ სტუმრებთან დაუსწრებელ პოლემიკას მართავს. რა თქმა უნდა, ტელევიზიის როლი საზოგადოერივი აზრის ფორმირების პროცესში უზარმაზარია, მაგრამ ასეთი დეტალიზაცია და ჩაღრმავება ნიუასებში ერთობ უადგილოდ გამოიყურებოდა. გამორიცხული არაა, რომ ელცინის რუსეთის სატელევიზიო ომების პერიოდში ივანიშვილი მოიხიბლა «მოლაპარაკე თავების» მაგიით და მისი ძალა იგრძნო, მაგრამ ბოლომდე ვერ გაშიფრა, თუ როგორ მუშაობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მექანიზმები. საინტერესოა, რომ, იმ პერიოდის სხვა ოლიგარქებისგან განსხვავებით, მისი სახელი არც ერთ ღირებულ მედიაპროექტს არ უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა, გარკვეულიყო, თუ როგორ ფუნქციონირებს ესა თუ ის სისტემა და ეს, როგორც მისი ბიოგრაფიიდან, ისე კომენტარებიდან კარგად ჩანს. ეს, უდავოდ, კარგი თვისებაა, მაგრამ ნებისმიერ სფეროში არსებობს ზღვარი, რომელიც შესაბამისი განათლების არმქონე ადამიანმა არ უნდა გადალახოს. ივანიშვილს აინტერესებს ფსიქოლოგია და საკმაოდ საინტერესო დაკვირვებები აქვს. მან გაშიფრა სააკაშვილის ქცევის ალგორითმები, რაც გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა. მაგრამ, ალბათ, არასოდეს მოუვა აზრად ფსიქოლოგთა მსოფლიო (ან თუნდაც რეგიონულ) კონგრესზე გამოვიდეს და მეცნიერებს საკუთარი აღმოჩენების შესახებ მოუთხროს.

იგივე შეიძლება ითქვას ფილოსოფიაზეც. მეგობრული კამათი პლასტელინ მარგველაშვილთან ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ, ალბათ, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მას თუნდაც იოტისოდენა აკადემიური ღირებულება აქვს. მით უფრო უცნაურად გამოიყურებოდა ფიგურანტის მცდელობები, აეხსნა ექსპერტებისთვის და ჟურნალისტებისთვის (გავიხსენოთ ცნობილი შეხვედრები), თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ჟურნალისტიკა დემოკრატიულ საქართველოში და როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი აუდიტორიასთან ურთიერთობისას. ივანიშვილის სტატუსი აიძულებდა საექსპერტო და ჟურნალისტურ საზოგადოებას, მისთვის ყურადღებით მოესმინა.

მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ის, (არაბული ზღაპრების არ იყოს) ჰარუნ ალრაშიდის მსგავსად, შეხვედრაზე გადაცმული მივიდოდა, ისე, რომ ვერავის ეცნო, დარბაზი, სავარაუდოდ, ათიოდე წუთში დაიცლებოდა, რადგან ნებისმიერი კრიტიკა ღირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კვალიფიციურია.

ზემოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე საუბრისას მაგია ვახსენეთ და ეს მეტაფორა შემთხვევითი არაა. ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ძნელად აღსაწერ ფაქტორს, როგორიცაა ნიჭი. ტელევიზია შეიძლება აღჭურვო უახლესი ტექნიკით, დაიქირავო პროფესიონალების ლეგიონი, მაგრამ, თუ არ შეიქმნება შემოქმედებითი გარემო და წინაპირობები იმითვის, რომ მათ საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ, პროექტი წარუმატებელი გამოდგება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე ბლოგერმა ხუთასდოლარიანი კომპიუტერებით და ვიდეოკამერებით, საზოგადოებრივ აზრზე უფრო დიდი გავლენა მოახდინოს, ვიდრე მილიარდი დოლარის ღირებულების «ტელე-ტიტანიკმა». თუ პარალელების გავლებას ზღაპრულ სამყაროში განვაგრძობთ, ალბათ, დაახლოებით ასეთ ფორმულირებამდე მივალთ:

მეფემ შეიძლება დაიქირავოს ან კოცონზე დაწვას ჯადოქარი, მაგრამ ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ აღწევს ის საწადელს, ხოლო სასწაულის გამეორების სურვილმა შეიძლება ისეთივე სევდიან ფინალამდე მიიყვანოს, როგორც უბედური მარშალი ჟილ დე რე.

ისე, პრინციპში, რას ვერჩით _ ჰა, ბურთი, ჰა, მოედანი, რომლის აღწერას, ალბათ, ორიოდე წუთი უნდა დავუთმოთ. საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ტელეარხ «ჯიდიეს»-ზე ივანიშვილმა საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა. თუმცა საქართველოში თითქმის არავინ უარყოფს იმას, რომ არხის გავლენა საზოგადოებრივ აზრსა და შესაბამის განწყობებზე ამ ეტაპზე მინიმალურია. ტელებიძინას თოკშოუ უდავოდ მიიზიდავს მაყურებელს და შეიძლება გახდეს ერთგვარი სასტარტო წერტილი საკმაოდ მძლავრი არხის ჩამოყალიბებისთვის, პროფესიონალების შეკრული გუნდით, რომელიც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი მესიჯების შეფუთვა-ტრანსლირებას მოახდენს. ან კიდევ, შექმნის და ყველას დაანახებს დემოკრატიული ტელეჟურნალისტიკის «ოქროს სტანდარტს», რომელზეც ამ ჩახლართული ისტორიის მთავარი გმირი ოცნებობს. თუ სიტუაციას ბიზნესის გადასახედიდან შევხედავთ, ივანიშვილის გადაწყვეტილება _ «მოთამაშე მწვრთნელის» როლი შეასრულოს, შეიძლება არასტანდარტულად, მაგრამ მაინც გამართლებულად მოგვეჩვენოს. მაგრამ ვინაიდან საქმე პოლიტიკასაც ეხება, ზოგმა ის შეიძლება საეჭვოდ ჩათვალოს.

პარალელების გავლებისას, ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს სიტუაცია, რომელიც, თავის დროზე, «ქართული ოცნების» შიგნით შეიქმნა _ დაპირისპირება ნეპოტისტური ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფებს შორის და ატმოსფერო, რომელშიც კრეატიული გადაწყვეტილებები არც ისე ხშირად იბადებოდა. ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ ტელევიზიაშიც, რომელიც გაცილებით ფაქიზი ორგანიზმია, იგივე მოხდება. თანაც ის, რომ ივანიშვილი მიკრომენეჯმენტში ჩაერევა მხოლოდ, (ფართოდ გავრცელებული) ვარაუდია. საერთოდ, პირდაპირი კონტროლი თუნდაც უმძლავრეს ტელეკომპანიაზე საზოგადოებრივ აზრზე დომინირებას არ ნიშნავს, თუმცა ეს, ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი მათემატიკაა, მან კი ჯერჯერობით გაცილებით მარტივი ამოცანა უნდა ამოხსნას და შექმნას ისეთი გადაცემა, რომელსაც აუდიტორია მალევე სასაცილოდ არ აიგდებს.

ბიძინა ივანიშვილს არაერთი დადებითი თვისება აქვს, თუმცა ციცერონს მას ნამდვილად ვერ შევადარებთ. მას აშკარად უჭირს აზრის მწყობრი გადმოცემა და, როდესაც ამას მენტორული ტონი ემატება, მისი მონოლოგები საკმაოდ მძიმე მოსასმენი ხდება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია დაპატიჟოს სტუდიაში ნებისმიერი სტუმარი და, როგორც თავად ამბობს, «მიჯირყვნოს», მაგრამ მსგავს რიტორიკულ გამარჯვებებს, დიდი ალბათობით, მოუტანს მისი სტატუსი და არა რაიმე სხვა. მისი თანამოსაუბრეები, სავარაუდოდ, მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ ძველად რაინდები, როდესაც ტურნირში მონარქი ერთვებოდა. ზოგი ბრძოლას თავს არიდებდა, ზოგი მოჩვენებით წინააღმდეგობას უწევდა. საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი რჩებოდა (თუ არ ჩავთვლით უბედურ შემთხვევას ანრი II-ს მონაწილეობით).

საქმე ისაა, რომ დღეს, შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, მაყურებელი მსგავს სიყალბეს დიდხანს ვერ აიტანს. თუმცა ეს შედარებით ნაკლები ბოროტებაა; ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება შექმნას ჭკუის სწავლების დაუფარავმა მცდელობამ და უაპელაციო დასკვნებმა _ არც ერთი, არც მეორე ფიგურანტისთვის უცხო არაა.

ფორმალური თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა და, რასაც უნდა, იმას გააკეთებს: თუ უნდა, ტელეგადაცემას წაიყვანს; თუ უნდა, პირდაპირ ეთერში საოპერო არიებს შეასრულებს. მისი რეიტინგი ჯერჯერობით აძლევს თამამი ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას. აქ, ალბათ, სხვა რამ არის მთავარი _ ამ გადაცემების დროს ივანიშვილი აუცილებლად «გაიხსენება» და საზოგადოება დაინახავს, თუ რასთან აქვს საქმე _ უსაფუძვლო პრეტენზიასთან ინტელექტუალურ ლიდერობაზე თუ ქვეყნის რეფორმირების გულწრფელ სურვილთან, პროპაგანდისტულ დუდღუნთან თუ პატიოსან დისკუსიასთან. მაყურებელი, სავარაუდოდ, მალევე მიხვდება, რა იმალება ამ წამოწყების უკან. პრინციპში, ივანიშვილი, ისევე, როგორც 2011-ში, ახლაც ვაბანკზე მიდის და მის მოქმედებაზე დაკვირვება, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო იქნება. მოკლედ, შოუ უნდა დაიწყოს და შოუ უნდა გაგრძელდეს. ალბათ, ისღა დაგვრჩენია, ბატონ (ტელე)ბიძინას წარმატებები ვუსურვოთ!

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here