Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ივანიშვილის მთელი ჟურნალისტური საქმიანობა იქნება ტიპური ბოლშევიკური მედიის რესტავრაცია

თემურ ქორიძე: ივანიშვილის მთელი ჟურნალისტური საქმიანობა იქნება ტიპური ბოლშევიკური მედიის რესტავრაცია

993

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტიკაში მიდის. ამ ახალი ამბით კიდევ ერთხელ შეძლო მან ქართული საზოგადოების გაკვირვება. მისმა გადაწყვეტილებამ აზრთა სხავადასხვაობა გამოიწვია: ზოგი ამბობს, რომ ის ამით ერთობა; ზოგი თვლის, რომ ეს ბუნებრივი იყო, რადგან საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენა უნდა.  რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა შოუმენობა? ამ თემაზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» ცნობილ ლიტერატორს, ეროვნული მთავრობის ყოფილ წევრს _ თემურ ქორიძეს ესტუმრა.


_ ბატონო თემურ, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, რამდენიმე მილიონად ეს ქვეყანა თუ პოლიტიკოსები შეისყიდა, პრემიერი გახდა, მერე ქვეყნის პირველი მოქალაქეობა დაიჩემა, ახლა კი სურს, შოუმენი გახდეს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა ამ ადამიანს?

_ როგორც მოქალაქეთა უმრავლესობა, მიმდინარე პროცესებს მეც ვაკვირდები, განვიცდი, ვაანალიზებ და შეძლებისდაგვარად დასკვნებსაც ვაკეთებ. საზოგადოების ასეთი ინტერესი ივანიშვილის ბოლო განცხადებისადმი, რომელიც ჟურნალისტიკაში წასვლას ეხება, გასაკვირი არ არის.

ჟურნალისტიკას, პირობითად, მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ, ერთი ხელისუფლებიდან ივანიშვილმა გადაინაცვლა სამოქალაქო სექტორში, რომელიც ასევე საზოგადოებრივ ხელისუფლებას წარმოადგენს, ხოლო შემდეგ ძალიან სწრაფად, იმაზე სწრაფად, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინაგადაწყვიტა, ჟურნალისტიკაში გაეგრძელებინა საქმიანობა. სამოქალაქო სექტორში მას არაფერი გაუკეთებია, თუმცა ამბობდასამოქალაქო სექტორში იმისთვის მიდის, რომ ხალხს ასწავლოს ხელისუფლების კონტროლი და კრიტიკა. ვფიქრობ, გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, რადგან ჩვენს საზოგადოებას, რაც კარგად ეხერხება, ხელისუფლების კრიტიკაა. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება ამ კრიტიკას არ ისმენს. საზოგადოება ამ კრიტიკისთვის მადლობას იმსახურებს და არა უსაგნო ქირქილს.

ივანიშვილის ჟურნალისტიკაში გადაბარგებას რაც შეეხება, ვიცით, მისი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო შეხვედრაზე სასტიკად დატუქსა ჟურნალისტები იმის გამო, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მისი აზრით, მუდმივი კრიტიკა მინისტრებს მუშაობის სურვილს დაუკარგავს, ამიტომ მოითხოვა, _ შეაქეთო. მსგავსი რამ, ანუ ჟურნალისტების ისეთი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, როგორიც ივანიშვილს სურს, საზოგადოებისთვის მუხრუჭი იქნება. ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ივანიშვილის ჟურნალისტური საქმიანობისგან რაიმე პოზიტიურს არ ველი. მე არ მაქვს ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებობებზე მაღალი აზრი. საამისოდ  არგუმენტირებული საფუძველი გამაჩნია და, თუ საჭირო გახდება პოლემიკა, ამ არგუმენტებს დავეყრდობი. გავეცანი მის ინტერვიუებს, შეხედულებებს ამა თუ იმ თემაზე, წიგნები ჯერ არ დაუწერია, თუმცა გვპირდებოდაამიტომ, ბუნებრივია, რომ მის შესაძლებლობებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ.

ბიძინა ივანიშვილი თავის მთავრობას ორ ნაწილად ყოფს _ კარგი და ძალიან კარგი, სხვა კლასიფიკაცია მისთვის არ არსებობს. მას საზოგადოების წინაშე არც ერთხელ არ შეუფასებია კრიტიკულად მიმდინარე პროცესები. არადა, პროცესები იმდენად ცუდად მიმდინარეობს, რომ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. ივანიშვილი, თითს თომას მორივით შორეულ სივრცეში იშვერს, ხან კი კარლ მარქსივით _ შორეულ მომავალში. გამუდმებით საუბრობს, რომ 20 წელიწადში ქვეყანა აშენდება. 2016 წელს საპარლამენტი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ივანიშვილი ხედავს, რომ ქართული საზოგადოება არ არის მისი მთავრობით კმაყოფილი. ჟურნალისტებსაც ამიტომ უწყრება და თითს უქნევს, რატომ პოზიტივს ვერ ხედავთო.

ივანიშვილი ჟურნალისტიკაში იმიტომ მიდის, რომ მთავრობას ადვოკატობა გაუწიოს, სხვაგვარად მისი ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან, ხელისუფლების გაკონტროლება თუ სურდა, ყველაზე კარგად ამას პრემიერმინისტრი აკეთებს, მისი ჟურნალისტიკაში მოსვლა იმას ნიშნავს, რომ ერთი ჰიმნოგრაფი შეემატოს მინისტრთა კაბინეტს. ის დაერევა ყველა განსხვავებული აზრის მქონე გამოცემებსა და ტელეკომპანიებს. ის იმდენად განიცდის თავისი პირმშოების მდგომარეობას, რომ გასაკვრი არ არის მისი ჟურნალისტება.

ერთი ასეთი ამბავი მასხენდება. ლუდოვიკო მეთოთხმეტემ გადაწყვიტა, პოეზიაშიც ეცადა ბედი და თავის ლექსების გასაცნობად ბუალო მიიწვია. გაეცნო  ლექსებს ბუალო და მეფეს ასეთი რამ უთხრა: «თქვენო უდიდებულესობავ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. აი, თქვენ მოისურვეთ, დაგეწერათ უხეირო ლექსები და შესანიშნავად გაართვით თავი ამ საქმეს». ასევე, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ეს დაგვანახა კიდეც.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, ბატონო თემურ, მაგრამ მაინტერესებს, ამის იქით რა იქნება? ამას წინათ ვიღაცამ იხუმრა, ალბათ, დიზაინერი გახდებაო

_ ბუნებრივია, რომ ეს კითხვა გიჩნდებათ, რა იქნება ხვალ? ალბათ, გახსოვთ, ჩაპლინის გენიალური ფილმი «დიდი დიქტატორი», სცენა, სადაც ბუშტს ათამაშებს და ამ ბუშტზე დედამიწაა გამოსახული.

ივანიშვილმა საქართველო იყიდა, თანაც ძალიან იაფად, სულ რაღაც 2 მილიარდ ლარად და ათამაშებს კიდეც, მაგრამ, თამაშით მარტო თვითონ რომ არ ტკბება, ამის კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ერთი პიროვნება, რომელიც ივანიშვილის მრჩეველი იყო, ამჟამად სამოქალაქო სექტორშია და თავისუფალი აზრის მამამთავრად ითვლება, ასეთ რამეს წერს: «არ შეიძლება პრეზიდენტი ეკამათებოდეს ბიძინა ივანიშვილს». მგონი ეს შეშფოთებას უკვე იწვევს, მაგრამ მოითმინეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ მარაზმისა, რომელშიც ქართველი საზოგადოება იმყოფება. საზოგადოებაში მსგავსი აზრი როდესაც გაკრთება და ამას ხალხი დუმილით ხვდება, იქ, ძალიან ცუდად არის საქმე. გავაგრძელებ ისევ ამ ავტორის ციტირებას: «ივანიშვილმა რომ მითხრას, ადი მესამე სართულზე და გადმოხტიო, გადმოვხტები», _ ეს ხდება არა, კიმ ჩინ ირის ჩრდილოეთ კორეაში, არამედ საქართველოში, რომელმაც ახლახან ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. აი, კიდევ ერთი ამ ადამიანის ნააზრევითაგანი: «ბიძინა ივანიშვილის ზურგის გარეშე არავინ არის ვინმე ამ ქვეყანაში». თავი დავანებოთ ჩიქორთულს, ყურადღება გავამახვილოთ აზრზე. ეს არის ხელმოწერა ადამინის თავისუფების ლიკვიდაციაზე. ჩვენ არათუ ევროპას ვუახლოვდებით, არამედ ღრმა უფსკულისკენ მივექანებით. ველოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მარაზმს გამოეხმაურებოდა ან შეიძლება ჟურნალისტიკაში მოსვლის შემდეგ მაინც თქვას ამის შესახებ რამე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურმე უნდა შევეგუოთ, რომ ივანიშვილის ზურგის გარეშე «არავინ არის ვინმე ამქვეყნად». პირადად მე არც თქვენზე მაქვს ასეთი აზრი და  არც ის მგონია, რომ ივანიშვილის გარეშე რამეს არ წარმოვადგენ.

თვით მარქსისტულ მოძღვრებაშიც კი არ წამიკითხავს ადამიანის შეურაცხმყოფელი მსგავსი შეხედულება.

ივანიშვილზე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ თავს თავად არ გვავიწყებს _ ხან რა სახით გვევლინება და ხან რა სახით.

ბიძინასნაირი ფინანსური შესაძლებლობების ადამიანს ნამდვილად შეუძლია, ქართულ ჟურნალისტიკას კარგი საქმე გაუკეთოს. მას შეეძლო ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ბურუსით არის მოცული. ასევე, არის ისეთი სოციალურპოლიტიკური თემები, რომელთაც კვლევაძიება სჭირდება. ივანიშვილს ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ მას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტიკაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც არ იცის, რადგან, რასაც ის ჟურნალისტებისგან მოითხოვს, ძალიან ინფანტილური დამოკიდებულებაა. მას ყველაფერზე ზედაპირული  აზრი გააჩნიაა.

_ ბატონო თემურ, თქვენი აზრით, რა იცის კარგად ბიძინა ივანიშვილმა? მის რომელ გამოცდილებას შეიძლება, რომ ვენდოთ და დავეყრდნოთ?

_ ვერ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ თვალყურს სულ ვადევნებ მის ყველა აქტივობას, არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა იცის კარგად ბიძინა ივანიშვილმა. ის იმდენად წინააღმდეგობრივი და პრიმიტიულია, რომ აუცილებლად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მის საქმიანობას, არ უნდა მივცეთ საშუალება, სერიოზულად ჩაერიოს ქვეყნის მართვის პროცესში.

_ როგორ შეიძლება ამ ადამიანმა საქართველოში თავის მოღვაწეობა დაასრულოს?

_ ვფიქრობ, მომავალი წლიდან საქართველოში დიდი უკმაყოფილების ტალღა დაიწყება, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის გაუმაძღრობაც თვალში საცემი გახდა, მათი სიხარბის ალაგმვისთვის არავითარი მორალური რესურსი არ არსებობს და მთვარობის წევრების სიხარბის დასამუხრუჭებლად საჭირო გახდა კანონების მიღება. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი საჭიროება არ ყოფილა, არსად არ ხდება, რომ ხელისუფალს კანონის ძალით გააგებინონ, რომელ მანქანაში უნდა ჩაჯდეს. მათ ამ საქციელს კორუფციისკენ ლტოლვა ჰქვია, ხრწნის გზაზე დადგომა. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

ვიღაც გამოვა, უფრო ზუსტად ივანიშვილი, და დაიწყებს, ესა და ეს ხომ გაკეთდაო, არ არსებულა დედამიწაზე ხელისუფლება, რომელიც არ ცდილობდა, თუნდაც ეგოისტური მოსაზრებიდან გამომდინარე, პროგრესის ნიშნები არ შემოეტანა. სურს თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოებას ერთ წერტილზე მაინც ვერ გაყინავს, ის მუდმივ ცვალებადობაშია. რაზეც დღეს ხელისუფლება გველაპარაკება, ეს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მოხდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი ხშირად მიგვითითებს და გვმოძღვრავს, რომ საქართველოს კიდევ ოცი წელი სჭირდება, რომ ის დაემსგავსოს მოწესრიგებულ ქვეყანას. გეტყვით, რომ ოცი წელი ამისთვის საკმარისი არ არის, შესაძლებელია 50 წელი დასჭირდეს. მინდა, ზვიად ძიძიგურის სააკაშვილის გუნდისადმი წაყენებული მოთხოვნა გავიხსენო _ «შედეგი გვინდა დღესვე და აქვე!».

ის, რომ ოცი  თუ მეტი წლის შემდეგ საქართველო უკეთესი იქნება, ბიძინას დამსახურება არ იქნება, საზოგადოება თავად ისწრაფვის განვითარებისა და სიცოცხლისკენ. არავის სჭირდება იმის სწავლება, საქართველო 20, 30 და 100 წლის შემდეგ წალკოტი რომ იქნება, უბრალოდ, ეს არ არის შეღავათი იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დღეს ცხოვრება სწყურიათ. ეს ხელისუფლება არ არის დღევანდელ მოთხოვნათა შესაფერისი,  ამიტომ ივანიშვილს მეტისმეტი პრეტენზია ნუ ექნება.

ივანიშვილის მთელი ჟურნალისტური საქმიანობა  ტიპური ბოლშევიკური მედიის რესტავრაცია იქნება. ივანიშვილს სურს ქართულ ჟურნალისტიკაში ქამუშაძის როლის შესრულება. ბიძინა ივანიშვილი თავის შექმნილ ტელევიზიებს დიდ პატივს სცემს, თუმცა ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ მის მიერ შექმნილი ტელევიზიები, სამარცხვინოა. მათ არც გემოვნება ეტყობათ და არც შინაარსი. სამარცხვინოზე მატად, სასაცილოა, მისი ტელეეთერი კოტიკო თოლორაიასთან ერთად. ივანიშვილი სამარცხვინო იქნება ქართულ ჟურნალისტიკაში.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here