Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

1081

სტალინი და მეცნიერები

სტალინი საკითხზე, ღრმა ცოდნის გარეშე, აზრს არ გამოთქვამდა და არც სხვას გამოათქმევინებდა. ამიტომ იყო, რომ პოლიტბიუროზე ძალიან ბევრი მომხსენებელი გაწითლებულა და საკითხიც დღის წესრიგიდან მოხსნილა. ამბობენ, სტალინი ზებუნებრივი გონების ადამიანი იყოო, მაგრამ მისი ფენომენის შესწავლისას მტკიცდება, რომ იგი ამასთანავე ზებუნებრივი შრომისმოყვარეც გახლდათ.


სტალინი და ფილოსოფია

1920-იან წლებში სტალინმა, როდესაც გააფთრებით უტევდა ტროცკიზმს, როგორც მიმდინარეობას, აუცილებელ საჭიროებად ჩათვალა, შეესწავლა რაც შეიძლებოდა მეტი მასალა, რომელიც უფრო გაააქტიურებდა ბრძოლას ანტიმარქსისტული შეხედულებების დაძლევაში. ამისათვის მან ჰეგელის ნაშრომები შეარჩია.

1925-დან 1928 წლამდე კვირაში ორჯერ სტალინთან ბინაზე მიდიოდა «კერძო მასწავლებელი», პროფესორი იან ერნესტის ძე სტენი, რომელიც მარქს-ენგელსის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. სტალინს უზარმაზარი ფილოსოფიური ლიტერატურა ჰქონდა თავმოყრილი, რომლის სისტემური დამუშავება და თავის მასწავლებელთან 3 წლის განმავლობაში კამათი ქმნიდა ფილოსოფიის ცოდნის უზარმაზარ მარაგს, რომლითაც უძლეველი ხდებოდა სტალინის ლოგიკა.

სტალინი და რადიოელექტრონიკა

სტალინი არ გახლდათ რომელიმე დარგის სპეციალისტი და აღიარებული ავტორიტეტი. მისთვის საინტერესო იყო ყველა დარგი და შეეძლო თავისი კომპეტენტური აზრის გამოთქმა. სტალინი ომის დაწყებამდე დაინტერესდა რადიოლოკაციით და გადაწყვიტა, ღრმად შეესწავლა ეს დარგი. თავისი ქსელის მეშვეობით მან დაადგინა ამ დარგში გამოჩენილი მეცნიერები, მაგრამ საბოლოდ მაინც ავიაციის მარშალ გოლოვანოვს ენდო და ჰკითხა, ვინ იყო აქსელ ივანეს ძე ბერგი.

მარშალმა იცოდა, რას ნიშნავდა სტალინთან პიროვნების წარდგენა და რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მას, მაგრამ მან გაბედულად უპასუხა, რომ აკადემიკოსი ბერგი შესანიშნავი სპეციალსტი, ნამდვილი საბჭოთა რადიოტექნიკოსი და სანდო ადამიანი იყო.

1943 წელს სტალინმა თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო ბერგი. მცირე მოკითხვის შემდეგ სტალინმა მეცნიერს მიმართა:

_ თქვენ დრო განუსაზღვრელი გაქვთ, ნუ აჩქარდებით, ნუ ინერვიულებთ, თუ ეწევით, მოწიეთ, როცა მოგინდებათ, ჩაი მიირთვით. ასე რომ, თქვენ დღეს ლექტორი ბრძანდებით, მე კი _ თქვენი სტუდენტი. უნდა ჩამიტაროთ ლექცია თემაზე: «საბჭოთა რადიოტექნიკა დღეს და ხვალ».

შემდეგ ბერგი თავის მემუარებში ჩაწერს: «ჩემი მოხსენება ერთიერთზე სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სტალინი კაბინეტში დადიოდა და ჩიბუხს ეწეოდა. შემდეგ მომიახლოვდა, შეჩერდა, შემომხედა. ჩიბუხი ჩატკეპნა და დაასკვნა: «ჩემი აზრით, ბერგი მართალიადა სწორედ კურსკის ბრძოლების დაწყების წინა დღეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან შეიქმნა რადიოლოკაციის საბჭო, რომლის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მე დავინიშნე».

ვინ გადაარჩინა დახვრეტას აკადემიკოსი რაზმინი

1930-იან წლებში უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც სამშობლოს ღალატში ედებოდათ ბრალი. სტალინმა, რომელიც სიკვდილმისჯილთა შეწყალების მასალებს გაეცნო, ცალკე გამოყო ოთხი საქმე და მათ დახვრეტა 10 წლით პატიმრობით შეეცვალათ. მათ შორის იყო ლეონიდ კონსტანტინეს ძე რაზმინი _ აკადემიკოსი, თბოტექნიკის ცნობილი სპეციალისტი, გოელროს გეგმის ერთ-ერთი ავტორი. რაზმინმა აღიარა თავის დანაშაული და ჩადგა ქვეყნის სამსახურში. მან შექმნა უწყვეტი გამდინარობის ორთქლის ქვაბი, რომელსაც, საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ეწოდა «რაზმინის ქვაბი». 1943 წელს ლეონიდ რაზმინი დაჯილდოვდა ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი _ ლენინის ორდენით; სულ მალე კი პირველი ხარისხის სტალინური პრემიაც დაიმსახურა. რაზმინი უზრუნველყოფილი იყო ყველა სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

აკადემქალაქი

ომის დამთავრების პირველ წელს კომპოზიტორების ქუჩის ერთ-ერთ ბინაში, სადაც აკადემიკოსი სერგეი ვავილოვი ცხოვრობდა, ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. «თქვენ ამხანაგი სტალინი დაგელაპარაკებათ», _ მოახსენეს მას.

ცოტა ხნის შემდეგ ყურმილში გაისმა სიტყვები: «გამარჯობა, ამხანაგო ვავილოვ! თუ შეგიძლიათ, ჩემთან მოდით, სალაპარაკო მაქვს. თუ გნებავთ, ხვალ». მეორე დღეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი სერგეი ვავილოვი სტალინის კაბინეტშია. საუბარი მოკლე და კონკრეტულია:

 _ ჩვენ მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ მეცნიერებს, მათ დიდი მუშაობა გასწიეს სამამულო ომის პერიოდში.

_ ეს სამართლიანი იქნება, ამხანაგო სტალინ.

_ ჰოდა, რით? _ ეს უნდა გვითხრათ თქვენ.

_ იოსებ ბესარიონის ძევ, მეცნიერები ძალიან დაიღალნენ, მივცეთ მათ საშუალება, იმუშაონ წყნარად თავიანთ სახლებში. ძალიან გთხოვთ, აუშენოთ მათ «აკადემქალაქი» მოსკოვის შემოგარენში.

_ ვეცდებით, თქვენი თხოვნა შევასრულოთ.

ცოტა ხანში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს სამსახურში მიაკითხა არქიტექტორების ჯგუფმა. «სად ისურვებთ მოსკოვის შემოგარენში «აკადემქალაქის» აშენებას?» _ მორიდებით ჰკითხეს მეცნიერს. ვავილოვი არქიტექტორებს მანქანაში ჩაუჯდა და მისთვის კარგად ნაცნობი ადგილისკენ გაუძღვა _ იქ, სადაც მდინარე მოსკოვი მკვეთრად უხვევს, ხოლო ყურეში შესანიშნავი ტყის კორომია. აი, სწორედ აქ მიუთითა ვავილოვმა არქიტექტორებს «აკადემქალაქის» აშენება. ეს 1946 წელს მოხდა. 1948 წელს კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა კეთილმოწყობილი «აკადემქალაქი» ღვაწმოსილი მეცნიერების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

აკადემიკოს პატონის წერილი სტალინს

ლეგენდარულ ხიდმშენებელსა და შედუღების მამას, აკადემიკოს ევგენი ოსკარის ძე პატონს სამამულო ომმა 71 წლისას მოუსწრო. მხცოვანი მეცნიერი ადგილს ვერ პოულობდა, ცდილობდა, ყოფილიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს. მან წერილით მიმართა ადამიანს, რომლისკენაც მიპყრობილი იყო მთელი პლანეტის მოსახლეობის იმედის თვალი _ ამხანაგ სტალინს:

«ჩემი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება, ვერ გამოვდგე ფრონტზე, მაგრამ მე მაქვს ცოდნა და გამოცდილება; გთხოვთ, გამომიყენოთ სპეციალისტის სახით იქ, სადაც უფრო საჭირო იქნება, მინდა, ჩემი უკანასკნელი ძალა და ენერგია მოვახმარო სამშობლოს დაცვას».

პატონს, თავგამოდებული შრომის შედეგად, 1943 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირობა. ლეგენდარული მეცნიერი პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატიც გახდა.

სტალინი და მეტალურგია

ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ბარდინი, რომელიც საბჭოთა მეტალურგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, პირუთვნელად ლაპარაკობს სტალინის იმ დამსახურებებზე, რომლებიც მას მიუძღვის ამ მეტად რთული და შრომატევადი დარგის განვითარებაში.

«…სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამხანაგი სტალინი საბჭოთა შავი მეტალურგიის შემქმნელია. მეტალურგიის განვითარების ყველა გარდამტეხ ეტაპზე ამხანაგი სტალინი ავლენდა თავის გამჭრიახობას, სახავდა გზას, რომლითაც უნდა გვევლო. ეს გზა ზოგჯერ სარისკოდ გვეჩვენებოდა. იგი ყოველთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სწორი. ეს თანაბარწილად ეხება მეტალურგიული ქარხნების (და არა მხოლოდ მეტალურგიული, არამედ საავტომობილო ქარხნებისა და ელექტროსადგურების), მათი აღჭურვისა და ტერიტორიული განლაგების, აგრეთვე, მეტალურგიული წარმოების ახალი ტექნოლოგიის საკითხსაც. ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ეს სარისკო გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ შემდეგ ყოველთვის მათი გენიალური უბრალოება გვხიბლავდა. ზოგჯერ გვაოცებდა ამხანაგი სტალინის სიმტკიცე და გამბედაობა. არ დაგიმალავთ, რომ ქვეყნის წინაშე დასახული დიდი ამოცანების სტალინისეული გაბედული გადაწყვეტილება ჩვენში გაურკვეველ კითხვებს ბადებდა. ამ კითხვებზე პასუხს ვიღებდით მოგვიანებით _ ზოგჯერ ერთი წლის, ზოგჯერ კი რამდენიმე წლის შემდეგ. ყველა შემთხვევაში ვრწმუნდებოდით სტალინის მითითებათა სისწორეში».

«…1937 წლის ოქტომბრის ერთ ღამეს კრემლის ჭიშკართან გამოვედი. საათმა ორის თხუთმეტი წუთი დარეკა. გრილი და ნესტიანი ღამე იყო. მთვლემარე წითელი მოედანი ლაპლაპებდა. დამცხა. შევჩერდი, რომ სული მომეთქვა და საყელო შემეხსნა. ვფიქრობდი: «როგორი გენიალური გამჭრიახობით შეარჩევს ხოლმე ამხანაგი სტალინი მომენტს სახელმწიფო ხომალდის საჭირო მიმართულებით შემობრუნებისთვის! როგორ გაბედულად მიჰყავს მას ქვეყანა პროგრესის გზით! ხალხის აზრის ამოცნობის როგორი უნარი შესწევს! როგორი ენერგიით, როგორი აქტიურობით გამოირჩევა ეს ადამიანი!»

სტალინი _ ეს სახელი საუკუნეებს გაუძლებს. ამ ადამიანის საიდუმლოებას თაობები შეისწავლიან».

შეხვედრა ჩრდილოეთ პოლუსის დამპყრობლებთან

ჩრდილოეთ პოლუსის წარმატებით დამპყრობელთ _ ივანე პაპანინს, პეტრე შირშოვს, ერნსტ კრენკელსა და ევგენი ფედოროვს _ არქტიკიდან დაბრუნების შემდეგ კრემლში გრანდიოზული მიღება მოუწყვეს, რომელსაც სტალინიც ესწრებოდა. აი, რას წერს ივანე პაპანინი:

« …რამდენიმე ხნის შემდეგ ამხანაგი სტალინი წამოდგა. ყველამ მზერა მას მიაპყრო. იგი დინჯი ნაბიჯით გაემართა მაგიდისკენ, რომელსაც ჩვენი ცოლები უსხდნენ. რაღაც ჰკითხა მათ, რაც არ გვესმოდა. ვხედავდი, როგორ მხიარულად იცინოდა ჩვენს დაბნეულ, შეცბუნებულ მეუღლეებთან საუბრისას. შემდეგ ხელი მოჰკიდა ჯერ ერთს, მერე მეორეს და ოთხივე ჩვენი მაგიდისკენ წამოიყვანა. გვთხოვა, შეგვევსო ჭიქები და ჩვენი ცოლების სადღეგრძელო წარმოთქვა.

ცოტა ხნის შემდეგ იოსებ ბესარიონის ძემ შეიტყო, რომ დარბაზში მამაჩემი იმყოფებოდა. მან ისიც მოიწვია პრეზიდიუმის მაგიდასთან და ძალზე ალერსიანად შეხვდა. შემდეგ მამაჩემის გვერდით დამაყენა (მამაჩემი არაჩვეულებრივად ჯანმაგარი მოხუცი იყო), ორივეს მხრებზე მოგვხვია ხელი და იკითხა:

_ აბა, რომელია ამათგან უფროსი _ მამა თუ შვილი?

 შევხედე მამაჩემს და, მართლაც, ჩემი მოხუცი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

ხშირად ვიგონებ ყველაფერს, რაც ხდებოდა კრემლში იმ არაჩვეულებრივ საღამოს! შეხვედრა ამხანაგ სტალინთან ჩემს მეხსიერებას შემორჩა, როგორც ყველაზე ამაღელვებელი, არაჩვეულებრივი მოვლენა. სტალინის უბრალოებით მოხიბლულნი ჩვენ თითქოს ვიფურჩქნებოდით, ვგრძნობდით რა რაღაც საოცარ ბუნებრიობას, კეთილგანწყობას მისი მხრიდან. გაოცებას იწვევდა მისი უნარი, დიდი და მნიშვნელოვანი საქმიდან შეუმჩნევლად გადასულიყო პატარა და ჩვეულებრვ საქმეზე და, უმძიმესი მუშაობით დაღლილს, სულითა და გულით ემხიარულა.

…შარშან ცოტა გულმა მიმტყუნა… სამუშაო კაბინეტში გულის შეტევა მომივიდა. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ, დაუყონებლივ ამეღო შვებულება და მემკურნალა, მაგრამ ყური არ ვათხოვე მათ, რადგან ბევრი სამუშაო მქონდა. მხოლოდ გვიან შემოდგომაზე გავემგზავრე კისლოვოდსკში სამკურნალოდ. მაგრამ იქ მიტინგებზე მოხსენებით გამოსვლა მომიწია. გულმა ვერ გაუძლო დატვირთვას და ჩავწექი. საქმე ცუდად იყო. მხოლოდ ქაფურს მიკეთებდნენ. ექიმებმა დაკარგეს ჩემი გამოჯანმრთელების იმედი. მოსკოვიდან ჩამოფრინდნენ პროფესორები.

და უცებ, ღამით მოდის ამხანაგ სტალინის დეპეშა:

«ამხანაგ პაპანინს. გაუწყებთ ცენტრალური კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპანინს აეკრძალოს კრებებზე გამოსვლა.

2. დაევალოს სანატორიუმის დირექტორს _ კოროტკოვს, დაუყონებლივ შეუზღუდოს ან საერთოდ შეუწყვიტოს პაპანინს ნარზანის აბაზანების მიღება. სსრ კავშირის სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარე მოლოტოვი. ცენტრალური კომიტეტის მდივანი სტალინი».

წავიკითხე დეპეშა, გული ამიჩუყდა და ავტირდი. სტალინის მზრუნველობამ სულის სიღრმემდე შემძრა. სადღაც შორს წევს პაპანინი, ამხანაგ სტალინს კი ვახსოვარ, ზრუნავს, ჩემი მდგომარეობის შესახებ ეთათბირება ექიმებს. რა მეხსიერება და როგორი გული უნდა გქონდეს, რომ უამრავ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებში ჩაფლული ზრუნავდე ხალხზე, ადამიანზე».

სტალინი და ბიოქიმია

გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ბიოქიმიის საბჭოთა სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ალექსი ბახი წერდა:

« …მე მხოლოდ ერთხელ მომიწია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მესაუბრა ამხანაგ სტალინთან. ვიცოდი, რაოდენ დატვირთული იყო იოსებ ბესარიონის ძე და მიმაჩნდა, რომ არ მქონდა მისი შეწუხების უფლება, თუ ეს უაღრესად საჭირო არ იქნებოდა. საუბარი შეეხებოდა ქიმიის ორგანიზაციის სამეცნიერო საკითხებს. ამ შემთხვევაში, მეგონა, რომ საჭირო იყო პირადად ამხანაგ სტალინის გადაწყვეტილება.

არავინ გამიფრთხილებია, ისე მივედი პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. ვთქვი, ვინ ვიყავი და ვითხოვე, რომ მივეღე ამხანაგ სტალინს. მიპასუხეს, იოსებ ბესარიონის ძე თათბირზეა და გთხოვათ, ხვალ დილით მოხვიდეთო.

სტალინმა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში თავის კაბინეტში მიმიღო. მე მხოლოდ მაშინ გავიცანი ამხანაგი სტალინი. ცხადია, მოუთმენლად ველოდი მიღებას და ძალზე ვღელავდი.

სტალინმა გულთბილად მიმიღო. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მისმა უბრალოებამ, მე ვიტყოდი, ეპიკურმა უბრალოებამ.

ჩემს სათხოვარს ამხანაგმა სტალინმა მკაფიო პასუხი გასცა და არ შემეძლო, არ დავთანხმებოდი მის გადაწყვეტილებას. ვიდრე მე ვლაპარაკობდი, იგი ყურადღებით მისმენდა, დროდადრო კითხვებს მისვამდა. როდესაც დავასრულე, სტალინმა დინჯად შეაჯამა ჩვენი საუბარი, მითხრა, რაში ვიყავი სწორი და აღნიშნა ჩემი პოზიციის სუსტი მხარეებიც. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ იოსებ ბესარიონის ძის გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

რას შეიძლება შევადარო ამხანაგ სტალინთან საუბარი, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა? ჩემი ხანგრძლივი და შეხვედრებით მდიდარი ცხოვრების განმავლობაში ასეთი საუბარი არასდროს მქონია. ამის მსგავსი არაფერი მახსოვს, აზრის სიცხადის, საქმის არსში ღრმად წვდომის თვალსაზრისით! ამხანაგ სტალინთან ყოველი შეხვედრა უღრმეს კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე, სულზე, მიუხედავად იმისა, როგორია მისი განვითარების დონე და რა ადგილი უკავია მას საზოგადოებაში».

ცნობილი ამერიკელი სოვეტოლოგი, პროფესორი დე ჯონდი თავის წიგნში «სტალინი» წერს:

«საჭიროდ მიმაჩნია, შეგახსენოთ, რომ ჯერ ერთი, არც საფრანგეთის რევოლუციას, არც ნაპოლეონს, არც სხვა ვინმეს ისტორიაში არ გაუკეთებია იმდენი, რაც სტალინმა გააკეთა. რუსეთი ხომ 1917 წლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა, მან კი ნამდვილად გარდაქმნა იგი, დააყენა გზაზე, რომლითაც ორმოცი წელი მიდიოდა და, მგონი, ახლაც მიდის. მეორეც, მიმაჩნია, რომ მის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა. ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, უკვე არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალურია კიდევ იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მან მოახერხა თავის მოკავშირეებად გაეხადა ინგლისელებიც, ამერიკელებიც, ფრანგებიც. ყველაზე დიდ შეცდომას უშვებ მაშინ, როცა ფიქრობ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაიცნობდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად გაიხდიდა. სტალინმა კი როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი აიძულა, მის მიერ დასახული მიზნებისკენ ევლოთ».

ატომური ბომბის შექმნა

იგორ ვასილის ძე კურჩატოვი 1925 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ფიზიკურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, აგრეთვე, მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში.

1942 წელს სხვა მეცნიერებთან ერთად კურჩატოვი შეხვდა სტალინს და დიდხანს ესაუბრა კოსმოსის ათვისების საკითხზე. დაისახა გეგმა, გამოიყო თანხები. იმავე 1942 წლის ბოლოს კურჩატოვი ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, როგორებიც იყვნენ იოფე, კაპიცა, სემიონოვი და ხლოპინი, მეორედ შეხვდა სტალინს.

სტალინი თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სხდომაზე იხილავდა ატომური ბომბის შექმნის საკითხს, რომლის გამოც მთელი სამეცნიერო რესურსი კონცენტრირებული იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში, რომელსაც უშუალოდ სტალინი თავმჯდომარეობდა. საკითხის მნიშვნელობა და სიმძიმე ყველასთვის ნათელი იყო. იწყებოდა სრულიად ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში _ ატომის ერა.

 სიტყვით გამოსული აკადემიკოსი იოფე, აღნიშნავდა რა პროექტის უდიდეს მნიშვნელობას და განხორციელების ურთულეს გზებს, აცხადებდა, რომ პროექტის განხორციელებისთვის, სულ მცირე, ათი წელი მაინც იქნებოდა საჭირო.

_ არა, ამხანაგო მეცნიერებო, _ მტკიცედ განუცხადა სტალინმა, _ ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, უფრო ჩქარი ტემპით უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ, ვიდრე დროს განვსაზღვრავთ, საჭიროა, პროექტს დავუნიშნოთ ხელმძღვანელი. მე მიმაჩნია, რომ ამხანაგი იოფე შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას».

იოფემ თავისი კანდიდატურა მოხსნა და ატომური პროექტის ხელმძღვანელად ამხანაგ სტალინს შესთავაზა ახალგაზრდა მეცნიერი კურჩატოვი. სტალინი დიდხანს გამომცდელად შეჰყურებდა იოფეს, შემდეგ კი თქვა, _ მე ასეთ აკადემიკოსს არ ვიცნობ.

_ კურჩატოვი აკადემიკოსი არ არის, ამხანაგო სტალინ, ის პროფესორია, მაგრამ დიდი იმედის მომცემი. კურჩატოვის სასარგებლოდ ასევე თავის კანდიდატურა მოხსნა კაპიცამ.

_ კარგი, ამხანაგო იოფე, მაგრამ ჯერ ის აკადემიკოსად უნდა აირჩიოთ, _პირობა ჩამოართვა სტალინმა.

ცოტა ხნის შემდეგ კურჩატოვი სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს ისეთმა დიდმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ ხარიტონოვი, კიკოინა და ზელდოვიჩი. სულ მალე კურჩატოვი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1943 წლის თებერვალში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ბრძანებით, შეიქმნა ლაბორატორია # 2, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა იგორ ვასილის ძე კურჩატოვი. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც სტალინგრადის მისადგომებთან ბეწვზე ეკიდა, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა და იქნებოდა თუ არა თვითონ სტალინი.

1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე, როდესაც სტალინს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მოახსენა ატომური ბომბის გამოცდის თაობაზე, სტალინმა თითქოს არაფერი შეიმჩნია, მაგრამ საუბრის დამთავრებისთანავე კურჩატოვს დაუკავშირდა და დაავალა, ატომური იარაღის შესაქმნელად მუშაობა დაეჩქარებინა. 1946 წელს სტალინი პირადად შეხვდა კურჩატოვს და მასთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა:

_ ყველა პირობას შეგიქმნით, გამოვნახავთ ყველა საშუალებას, ფინანსებს, მასალებს. მითხარით, რა სიძნელეებს ხვდებით მუშაობაში, რათა ერთად დავძლიოთ ისინი. ხომ არ გჭირდებათ პროექტირების ან ტექნოლოგიის ნაწილში გერმანული სამეცნიერო კვლევებიდან რამ, რაც ომს გადაურჩა.

სტალინი დაინტერესდა, როგორ უყურებდნენ კურჩატოვის მუშაობას აკადემიკოსები: ალიხანოვი, ვავილოვი, იოფე და განსაკუთრებით _ კაპიცა. მან ხაზი გაუსვა პროექტის მონაწილეთა მატერიალურ და კულტურულ ცხოვრებას და კატეგორიულად მოითხოვა მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა.

სტალინმა ღირსეულად დაუფასა კურჩატოვს ის, რომ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ევროპაში პირველი ბირთვული რეაქტორი (1946 წელს), პირველი ატომური ბომბი (1949 წელს), მსოფლიოში პირველი წყალბადის ბომბი (1953 წელს) და პირველი ატომური ელექტროსადგური (1954 წელს).

აკადემიკოსი იგორ ვასილის ძე კურჩატოვი სამჯერ გახდა სოციალისტური შრომის გმირი, ოთხჯერ კი პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here