Home რუბრიკები პოლიტიკა აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო

აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო

621

_ შარო, საიდან მოდიხარო?

_ საკონსტიტუციო სასამართლოდან!

ასეა, გასულ კვირას შარი სწორედ იქიდან მოვიდა _ საკონსტიტუციო სასამართლონ, თავისი გადაწყვეტილებით, ანტიკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის მიერ 2014 წლის ბოლომდე გამოცხადებული მორატორიუმი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლებას უზღუდავდა.


ახლა ორიოდე წუთით იურიდიულ ჭაობში ჩაღრმავება მოგვიწევს, ამჯერად ეს აუცილებელია. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს» საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე მიიღო საქმეზე «მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ». სასამართლომ ჩათვალა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, კერძოდ კი, გარდამავალი დებულება «სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» 22- მუხლის მე-3 პუნქტიდან ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21- მუხლს (პუნქტები 1 და 2), აგრეთვე, მე-14 მუხლს, რომელიც კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას აფიქსირებს. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პარლამენტის მიერ შემოღებული მორატორიუმი არსებითად არაფრით განსხვავდებოდა იმ შემზღუდავი ნორმისგან (ამავე კანონის მე-4 მუხლში), რომელიც მან ანტიკონსტიტუციურად 2012 წლის 26 ივნისს ცნო (საქმე «ჰეიკე ქრონკვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად გაუხსნა გზა უცხოელებს მიწის უპრობლემო შეძენისკენ, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მორატორიუმი შემოიღო, თუმცა ახლა სასამართლომ ეს ბარიერიც მოხსნა.

ვინაიდან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ორი პუნქტის მიმართ აპელირებენ, ალბათ, მიზანშეწონილია, ის აქ მოვიყვანოთ: «1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი».

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ ამ გადაწყვეტილებას «არასწორი და არაობიექტური» უწოდა. მისი აზრით, ის წარმოადგენს «რევერანსს» «ნაცმოძრაობის» მიმართ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. «აღნიშნული მორატორიუმით არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ფერმერებს და ყველას: კარგად ვხედავთ, როგორც გამოდის ინდოელი მეწარმე და ამბობს, რომ შეუძლია 1 ჰექტრის ფასად საქართველოში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდოს. აი, ამას მივიღებთ საბოლოო ჯამში, რადგან ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. მოწესრიგებისთვის კი შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, ვადა წლის ბოლომდე და ამას საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა» (ინტერპრესნიუსი), _ თქვა ტყემალაძემ და სასამართლო გააკრიტიკა კონსიტუციის 21-ე მუხლის, მისი აზრით, არასწორი ინტერპრეტაციისთვის და უადგილო მანიპულირებისთვის 2012 წლის პრეცედენტით.

თავის მხრივ, «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო» მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ორგანიზაციის აზრით, «გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც, რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის» (ჯიეიჩენი).

ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მორატორიუმი, თავისთავად, არ წარმოადგენდა რაღაც მონუმენტურს და სამარადჟამოს _ ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ქმნიდა პაუზას იმისთვის, რომ მთავრობას ამ სფეროში ახალი პოლიტიკა შეემუშავებინა, კადასტრთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა და . . ამა წლის თებერვალში ხელისუფლებამ მორატორიუმით გათვალისწინებული შეზღუდვები შეარბილა უცხოური ბანკებისთვის და იმ ინვესტორებისთვის, რომელთა პროექტებს მთავრობა მოიწონებდა. პარალელურად მუშობდა უწყებათაშორისი კომისია, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, რომელსაც უნდა, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ნორმები შექმნას. მთავრობა ეძებდა გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, მოხსნიდა აგრარულ სექტორში უცხოური ინვესტიციების სრული დაბლოკვის საფრთხეს და, მეორე მხრივ, არ დაუშვებდა პრობლემების გადაწყვეტას ქართველი გლეხების ინტერესების ხარჯზე, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის წლებში ხდებოდა. მაგრამ ყოველივე ამას ხელისუფლება საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის გარეშე აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ მიწის პრობლემა (საკუთრების უფლებებს ეხება საუბარი თუ ნებისმიერ სხვა ასპექტს) ნებისმიერი ქვეყნისთვის უმთავრესი საკითხია _ ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც «ეკონომიკის საძირკველი». მხოლოდ ცალკეულმა ექსპერტებმა იცოდნენ (ისიც ნაწილობრივ) რა მიმართულებით მიდის მთავრობა, მაგრამ მათ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესის მობილიზება ვერ მოახერხეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, ვერ გაიგო, რა გააკეთა გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ. არადა, მან, არც მეტი, არც ნაკლები, სააკაშვილის დროს არსებული მდგომარეობა აღადგინა, თანაც მაშინ, როდესაც მთავრობას ზემოთ აღწერილი სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია, რის გამოც ქაოტური მდგომარეობის შექმნის წინაპირობა გაჩნდა.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შევაფასებთ პარლამენტის ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მსგავსი «ნახტომები» ფუნდამენტურ პრობლემასთან დაკავშირებით, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პერიოდი მორატორიუმის შემოღებამდე _ 2013 წლის აპრილში გორის რაიონის სოფელ დიცში მოსახლეობა ინდოელ ფერმერებს დაუპირისპირდა და ვაშლის გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოუვსო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივები ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრნენ და მიწის ნაკვეთს ღობე შემოაცალეს. თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში მოსახლეობამ არაბ ინვესტორზე გასხვისებული ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. მსგავსი ინციდენტები ერთი მეორის მიყოლებით ხდებოდა და კონფლიქტის გაღვივების ალგორითმი ყველგან ერთი და იგივე იყო. ბუნდოვანი, სავარაუდოდ, კორუფციული კომბინაციის შედეგად, მიწა, რომელსაც ადგილობრივები თავის საკუთრებად თვლიდნენ, უცხოელების ხელში გადადიოდა, რასაც გლეხების პროტესტი და მწვავე დაპირისპირება მოსდევდა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ «სამართლიანი» და «კანონიერი» საქართველოში ერთმანეთთან ხშირად გადაულახავ წინააღმდეგობაშია. არ არსებობს სოფელი, ბოლომდე გარკვეული რომ იყოს, ვის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის, სხვადასხვა საბუთები, ნორმები და ზეპირი შეთანხმებები ქმნის იურიდიულ ქაოსს და, როდესაც მას უცხოელი მესაკუთრეების ფაქტორი ემატება, ვითარება მკვეთრად იძაბება. სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ ბოლომდე დარეგულირებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ახლა, ალბათ, ზურაბ ტყემალაძის განცხადების იმ მონაკვეთს უნდა დავუბრუნდეთ, რომელშიც ის ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს რევერანსს «ნაცმოძრაობის» მიმართ. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ეს უწყება სავსეა სააკაშვილის მიმდევრებით, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანია. ტყემალაძის ვერსიის ფარგლებში, მთავარია იმის დადგენა, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გადაწყვეტილებამ ყოფილ მმართველ პარტიას და საიდან გაჩნდა ამ «რევერანსის» აუცილებლობა საერთოდ.

სასამართლომ სააკაშვილის დროინდელი წესი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღადგინა. ადგილებზე ახალი ხელისუფლება მოდის და მის არაერთ წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, «ნაცჩინოვნიკების» მსგავსად, ჩაერთოს საეჭვო გარიგებებში და ამა თუ იმ სოფელში სადავო სტატუსის მქონე მიწა (რომელზეც პრეტენზია აქვთ ადგილობრივებს) უცხოელებზე ან სამამულო მაქინატორებზე გაასხვისოს. ბევრი ამ ცდუნებას, დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს («ოცნების» საკადრო პოლიტიკა უნაკლო ნამდვილად არაა, უფრო _ პირიქით). ისევ დაიწყება ქაოსი, მსგავსი იმისა, რაც 2013 წლის გაზაფხულზე ვიხილეთ, ოღონდ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური, მოსახლეობის იმედგაცრუების გამო, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაზე აქტუალური პრობლემა ვერ მოუგვარა.

არაერთგზის ითქვა, რომ «ნაცმოძრაობას» მმართველი კოალიციის სერიოზულ დასუსტებამდე რევანშის არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ უახლეს პერსპექტივაში ის, სავარაუდოდ, დაპირისპირების კერების შექმნით დაკავდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მას შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის გაღვივებას ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. გლეხები შეიძლება დაუპირისპირდნენ როგორც უცხოელებს, ისე სამართალდამცავებს, რომელნიც უცხოელების საკუთრებას დაიცავენ. ამა თუ იმ ფორმით ერთმანეთს შეიძლება დაეჯახონ ადგილობრივი კლანები, თავის ლობისტებთან ერთად, და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონებში. სხვადასხვა ინციდენტზე ინფორმაციის გავრცელებას, 99% ალბათობით, მოჰყვება ქსენოფობიის ზრდა საზოგადოებაში ზუსტად ისე, როგორც ეს 2013 წლის გაზაფხულზე ხდებოდა და ა. შ. საინფორმაციო ომების თეორიაში ამას «დეზინტეგრაციაზე მიმართული ოპერაცია» ეწოდება. მარტივად რომ ვთქვათ, მსგავსი ოპერაციების მიზანია მოწინააღმდეგის დასუსტება მის ბანაკში სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთისგან გაუცხოების და ურთიერთდაპირისპირების ხელშეწყობის გზით.

ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს მორიგი შუალედური ზომები, რომლებიც ახალი კანონის მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, დაბლოკავს. ეს მოხსნის ტაქტიკურ სირთულეებს, მაგრამ არა პრობლემას მთლიანობაში, რადგან მოწინააღმდეგეს მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, «კანონების ომი» განაგრძოს. მყისიერ შეტევას საკონსტიტუციო სასამართლოზე, «ნაციონალების» კადრებისგან მისი გაწმენდის მიზნით, აზრი არ აქვს, რადგან ეს შეფასდება, როგორც უხეში, არამართლზომიერი ჩარევა მის საქმიანობაში. საკადრო ცვლილებების ხელშეწყობას სჭირდება სიფრთხილე, პროცედურების იუველირულად ზუსტი დაცვა და აქედან გამომდინარე _ დრო.

პრინციპში, ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა აქვს _ მიმართოს მოსახლეობას, დეტალურად განუმარტოს მას, რა სიტუაციის მიღწევა სურს სოფლად, მოისმინოს კრიტიკული მოსაზრებები თავის ახალ კანონპროექტებზე და შეეცადოს, რომ საჯარო დისკუსიის კვალობაზე მიაღწიოს კონსენსუსს საზოგადოებაში ახალი პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან დაკაშირებით. თუ ეს კონსენსუსი მიღწეული იქნება, ვერანაირი იურიდიული დივერსია რეალურ საფრთხეს ვეღარ შექმნის. მთავრობა არ უნდა «ჩაიკეტოს», პირიქით, უნდა ესაუბროს საზოგადოებას და მოუსმინოს მის შენიშვნებს _ ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში წარმატებული პოლიტიკის გატარების ყველაზე კარგი საშუალებაა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here