Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 6 მითი, რომლებიც გააქარწყლეს ისტორიკოსებმა, მაგრამ ბევრს დღესაც სჯერა

6 მითი, რომლებიც გააქარწყლეს ისტორიკოსებმა, მაგრამ ბევრს დღესაც სჯერა

1042
კარიკატურაზე ნაპოლეონი ტანმოკლე ჯუჯად იყო გამოსახული

კაცობრიობის ისტორია სავსეა მითებითა და ვარაუდებით, რომელთაგან ზოგიერთი ბევრს ისტორიული ფაქტი ჰგონია, თუმცა ამფაქტებსრეალობასთან საერთო არაფერი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომლებიც კარგა ხნის წინათ გააქარწყლეს ისტორიკოსებმა, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის.

ბონაპარტე არ იყო ძალიან დაბალი
ბონაპარტე არ იყო ძალიან დაბალი

მითი #1: ნაპოლეონი დაბალი იყო

ნაპოლეონის სიდაბლეზე ლაპარაკია ლიტერატურულ ნაწარმოებებში, კინოსა და ტელევიზიაში, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სახელგანთქმული კორსიკელის ჯუჯად მოხსენიება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. ნაპოლეონის სიდაბლეზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გავრცელდა, როცა დამპყრობლური კამპანია წამოიწყო. იმხანად საფრანგეთში პროპაგანდის განსაკუთრებული ინსტრუმენტი იყო კარიკატურა და, სახელდობრ, კარიკატურისტები გამოსახავდნენ ნაპოლეონს დაბალი ტანის პერსონად, ხალხში კი ავრცელებდნენ ხმას, რომ ნაპოლეონის სიმაღლე მხოლოდ 155 სმ იყო.

ისტორიკოსები კი შემონახული წყაროებითა და ნაპოლეონის თანამედროვეთა ნაამბობით ამტკიცებენ, რომ საფრანგეთის იმპერატორის სიმაღლე 169 სმ იყო.

კლეოპატრა
კლეოპატრა

მითი #2. კლეოპატრა ეგვიპტელი იყო

ისტორიული პროცესი ხშირად არ ექვემდებარება ლოგიკის კანონებს, ამიტომ ზოგიერთი ფაქტი, რომლებიც დაფუძნებულია ანალიზზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ უმრავლესობის გონებაში გამჯდარი აზრი, რომ ლეგენდარული დედოფალი კლეოპატრა ეგვიპტელი იყო. სინამდვილეში კლეოპატრას უფრო შეიძლება ვუწოდოთ ალექსანდრე მაკედონელის თანამემამულე, ვიდრე ფარაონ რამზესის.

მომავალი დედოფალი ალექსანდრიაში დაიბადა და პტოლომეუსების დინასტიას მიეკუთვნებოდა. მამამისი იყო პტოლომეუს XII აკლეტი, გვარის დამაარსებელი პტოლომეუს I სოტერი კი ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი იყო, მაკედონელის სიკვდილის შემდეგ კი ჯერ მისი მონაცვლე გახდა, შემდეგ _ ეგვიპტის მეფე. კლეოპატრა პტოლომეუსების გვარის წარმომადგენელი რომ არის, ამის მტკიცებულებაა იმდროინდელი ეგვიპტური მონეტები, რომლებზეც გამოსახულია დედოფლის პროფილი _ ქალი ხუჭუჭა თმითა და კეხიანი ცხვირით, დიდი თვალებითა და წინ წამოწეული ყბით. სწორედ ეს ნიშნები იყო დამახასიათებელი პტოლომეუსებისთვის.

ასეთი სახალისო ეპიზოდი ფიზიკის ისტორიაში სინამდვილეში არ ყოფილა
ასეთი სახალისო ეპიზოდი ფიზიკის ისტორიაში სინამდვილეში არ ყოფილა

მითი #3: ნიუტონს მიზიდულობის კანონის აღმოჩენაში დაეხმარა თავზე დაცემული ვაშლი

შეიძლება ბევრმა ზეპირად არ იცის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, მაგრამ ნიუტონის მიერ მისი აღმოჩენის ისტორია, პრაქტიკულად, ყველასთვის ცნობილია: თითქოს მეცნიერი ვაშლის ხის ძირში იჯდა და მოულოდნელად ჩამოვარდნილი ნაყოფი თავში დაეცა. ამ შემთხვევამ მიიყვანა ფიზიკოსი მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენასთან. სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ნიუტონის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ მიზიდულობის ძალაზე მეცნიერი გაცილებით ადრე ფიქრობდა, ვიდრე ეს სახალისო ეპიზოდია დათარიღებული. ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემის შესახებ კი არანაირი ცნობა არ არსებობს. ფიზიკოსს შეეძლო, თვალყური ედევნებინა ვაშლის ხის ტოტებიდან ნაყოფის ჩამოცვენისთვის, შემდეგ კი ეს პროცესი მიზიდულობის კანონის ასახსნელ თვალსაჩინო მაგალითად გამოეყენებინა.

თუ ვაშლი ჩამოვარდა, ის ნიუტონს თავში არ დაეცემოდა
თუ ვაშლი ჩამოვარდა, ის ნიუტონს თავში არ დაეცემოდა
კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მაგრამ მის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს
კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მაგრამ მის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს

მითი #4: კოლუმბი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დადგა ამერიკის მიწაზე

ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია ინდოეთისკენ მიმავალი გზის საძიებლად კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა: მან საფუძველი დაუდო დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, მაგრამ აქ არის ერთი სახალისო ფაქტი: მოგზაურმა კი აღმოაჩინა ახალი კონტინენტი, მაგრამ თვითონ მას იქ ფეხი არასდროს დაუდგამს. იმ მიწაზე, რომელსაც დღეს ჩრდილოეთი ამერიკა ჰქვია, კოლუმბი არასოდეს ყოფილა. იქამდე მან, უბრალოდ, ვერ მიაღწია. კოლუმბის ოთხივე ექსპედიცია მხოლოდ კარიბის ზღვის კუნძულებამდე მივიდა, ჩრდილოეთისკენ კი აღარ წასულა.

რომი დაიწვა მაგრამ, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია
რომი დაიწვა მაგრამ, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია

მითი #5: ნერონმა რომი გადაწვა

რომის იმპერატორ ნერონზე რა საშინელებას აღარ ამბობენ. ნერონის მიერ ჩადენილი ცუდი საქმეების უმრავლესობა დასტურდება ისტორიული წყაროებით, მაგრამ არაფერში ჯდება მითი იმის შესახებ, რომ მან რომი გადაწვა, თანაც სიამოვნებით უმზერდა ცეცხლში გახვეულ ქალაქს, ლექსებს ყვებოდა და ქნარზე უკრავდა. ნერონი ქნარზე არ უკრავდა და იმის მტკიცება, რომ რომი მან გადაწვა, ძალიან რთულია. ამ მოსაზრებას უარყოფს რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი, რომელიც შეესწრო ამ ხანძარს.

ნერონის თანამედროვე ისტორიკოსები უარყოფენ რომის გადაწვის მითს
ნერონის თანამედროვე ისტორიკოსები უარყოფენ რომის გადაწვის მითს

მისი თქმით, ნერონმა ყველაფერი გააკეთა ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად. ამას გარდა, ხანძრის შემდეგ, სწორედ იმპერატორის ბრძანებით, გადააკეთეს ქალაქი ისე, რომ მინიმუმამდე შეამცირეს ასეთ უბედურების განმეორება.

პირამიდებს, ძირითადად, თავისუფალი მოქალაქეები აშენებდნენ
პირამიდებს, ძირითადად, თავისუფალი მოქალაქეები აშენებდნენ

მითი #6: ეგვიპტის პირამიდები მონებმა ააშენეს

ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლოს ამოცნობას ისტორიკოსები დღესაც ცდილობენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ გარშემო უამრავი მოსაზრებაა, თანაც მათი უმრავლესობა მეცნიერებს ჯერ არ უარუყვიათ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, თუმცა ცოტა ხნის წინათ ამ სიიდან ამოიღეს მტკიცება იმის შესახებ, რომ პირამიდების ასაშენებლად მონებს იყენებდნენ. ცოტა ხნის წინათ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამარხები იმ ეგვიპტელებისა, რომლებიც პირამიდებს აშენებდნენ. როგორც გაირკვა, ისინი იყვნენ თავისუფალი მოქალაქეები და არა მონები. ეს სამარხები არქეოლოგებმა იპოვეს იმ ადგილების ახლოს, სადაც დამარხული არიან დიდგვაროვანი ეგვიპტელები. არც ერთ მონას ასეთი პატივი არ რგებია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here