Home რუბრიკები პოლიტიკა «გალურჯებული» საქართველო და «დამარცხებული» წითლები

«გალურჯებული» საქართველო და «დამარცხებული» წითლები

485

საქართველოში «განსაცვიფრებელი დემოკრატია» ზეიმობს. იმდენად განსაცვიფრებელი, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და «ხერხემალი» ადგილობრივი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმის განხილვისას, კასანდრას ტონით განაცხადა: «წელიწადსა და 7 თვეში «ოცნებამ» დაკარგა ნდობა. მინდა, გავიხსენო «ნაციონალური მოძრაობის» წარსული. 2004 წლის არჩევნებში «ნაციონალურმა მოძრაობამ» მიიღო ხმების 67%, 2008 წელს – 59%. გიგი უგულავამ 2006 წელს არჩევნებში 69% მიიღო, 2010 წელს კი – 54%. ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე უგულავას იმაზე მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა, ვიდრე ახლანდელ არჩევნებში ნარმანიას. მომდევნო არჩევნებში «ოცნებას» გარანტირებული აქვს წაგება. «ნაციონალური მოძრაობისთვის» კი გამარჯვების დღე დადგება».


ციფრებით მანიპულირების ხელოვნებას «ორი გვამი მინდა» ივანე იმთავითვე დაეუფლა, მაგრამ იმას აღარ ხსნის, როგორ ახერხებდა მისი მშობლიური პარტია ტერორისა და რეპრესიების გამოყენებით მთელი პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზებას და ერთპარტიული სისტემის დამკვიდრებას. თუმცა დემოკრატიას მივუბრუნდეთ; თუ დემოკრატიის საზომს მმართველი პარტიის რეიტინგის თანმიმდევრული ვარდნა წარმოადგენს, მაშინ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიის «შუქურას» თუ არა, პროჟექტორს მაინც უნდა შევადაროთ.

ხალხი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა. ეს იყო ჩუმი პროტესტი იმის მიმართ, რომ სამართლიანობა არ აღდგა. წართმეული, მთავარი მოქალაქეების გარდა, არავის დაუბრუნდა, დამნაშავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უტიფრობამ აპოგეას მიაღწია, ხოლო «ოცნება» მათთან სიტყვიერ პაექრობაშიც კი ვერ იმარჯვებს. სამაგიეროდ, «ნაციონალებს» იმის საშუალებას აძლევს, რომ ახალი მთავრობის წევრთა მიერ აღებულ მრავალათასიან პრემიებზე, ნეპოტიზმსა და უნიათობაზე ილაპარაკოს!

მარცხის გამარჯვებად გასაღება არახალია ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, თუმცა ამ მარცხს წინაპირობა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდა, როცა «ნაციონალურმა მოძრაობამ» ხმების მოპარული 40% შეინარჩუნა და «ქართულმა ოცნებამ» გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაცია სწორედ ამ შედეგის აღიარებით დაიწყო. შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მარგველაშვილმა საზეიმო პირობა დადო, რომ კოჰაბიტაციას არჩევნების მეორე დღესვე დაასრულებდა და ამომრჩეველმაც პირნათლად შეასრულა იმჟამინდელი პრემიერმინისტრის მოთხოვნა _ 60%-ზე ნაკლები არ მიეღო მის კანდიდატს. უკვე ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ, მისი კანდიდატის სახით, სულ რაღაც 3%-ით გაიუმჯობესა შედეგი, მაგრამ «ნაციონალმა» კანდიდატმა იმის ნახევარი მიიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში დაიწერა. «ორი გვამი მინდა» ივანე ამაზე, ცხადია, დუმს.

გავიდა კიდევ რვა თვე და კოჰაბიტაცია არათუ არ დასრულდა, პირიქით _ ფესვი გაიდგა და 2012 წლის ოქტომბერში ნირწამხდარ «ნაციონალებს» თანდათან ხმაში რიხიც გამოერიათ და ძველი ცინიზმიც გაიხსენეს. «პოლიტიკური ანგარიშსწორება, დევნა, ძალადობა» _ ამ სიტყვებს ისე ურცხვად ისვრიან, თითქოს ეს სწორედ მათი პოლიტიკური და «სახერხემლო» არსენალი არ ყოფილიყო ბოლო 10 წლის განმავლობაში!

«გაღმა შეედავეს» პრინციპით მათ საკუთარი მომხრეები, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო სამსახურში შეინარჩუნეს, კვლავაც მმართველ გუნდს ატორღიალებულ თანაგუნდელებს კი «ოცნებაში» პორტირებულები დაარქვეს. ეს «პორტირებულები», არავინ იცის, გადამწყვეტ მომენტში ვის თამაშს ითამაშებენ და ამიტომაც არის «ორი გვამი მინდა» ივანე ასე დარწმუნებული, რომ «ნაციონალური მოძრაობისთვის» მომავალ არჩევნებზე გამარჯვების დღე დადგება.

კოჰაბიტაციის თამაშის წესებით, საქართველოში ორპარტიული სისტემა უნდა დამკვიდრდეს. ერთ დროს ერთ გუნდში მყოფნი პირველ-მეორეზე გაითვალნენ და ხან ერთი უნდა იყოს უმრავლესობაში, ხან მეორე. ადგილობრივმა არჩევნებმა, მიუხედავად დაბალი გამოცხადებისა, საპირისპირო ტენდენცია აჩვენა: ორი ძალის მიერ მონოპოლიზებულ ბრძოლის ველზეც კი, საარჩევნო პროცესში ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. «ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიცია» და «საქართველოს პატრიოტთა» ალიანსი». ქუთაისში მათ ლეიბორისტებიც დაემატნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამგებლის არჩევნებში 74 ოლქიდან ყველაში კოალიცია «ქართული ოცნების» კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა 15 ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ამასთან, მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატს 7 ოლქში «ნაციონალური მოძრაობის» გამგებლობის კანდიდატი დაუპირისპირდება, 4 ოლქში _ «ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის» კანდიდატი, 1 ოლქში – ირაკლი ოქრუაშვილის «ქართული პარტიის» კანდიდატი, ასევე 1 ოლქში _ «საქართველოს გზის», ხოლო 2 ოლქში _ «პატრიოტთა ალიანსის» კანდიდატი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტიების რეიტინგი ამ ეტაპისთვის ასეთია: მთელი საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო სუბიექტების პროპორციული შედეგებით, «ქართული ოცნება» 50,97%-ით ლიდერობს; მეორე ადგილზეა «ნაციონალური მოძრაობა» 22,22%-ით; «ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას» 10,23 % აქვს; «პატრიოტთა ალიანსს» _ 4,72%; ლეიბორისტულ პარტიას _ 3,42%; «არასაპარლამენტო ოპოზიციას» _ 2,22 %.

რეგიონებში მერის გაყვანა პირველივე ტურში «ქართულმა ოცნებამ» მხოლოდ ოთხ ქალაქში _ ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში შეძლო. მერის ასარჩევად მეორე ტური, თბილისის გარდა, კიდევ შვიდ ქალაქში გაიმართება. «ქართულ ოცნებას» დაუპირისპირდებიან _ თელავში, რუსთავსა და ბათუმში «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატები; მცხეთაში, ოზურგეთში, ფოთში _ «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» კანდიდატები; გორში _ «ქართული პარტიის» კანდიდატი.

რაც შეეხება გამგებლებს, 46 თვითმმართველ თემში გამგებელი «ქართული ოცნების» კანდიდატი იქნება, თუმცა 13 თემში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რადგან ყვარელში, თელავში, ახმეტაში, თიანეთში, გორში, თერჯოლაში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, მარტვილში, ქობულეთსა და ხულოში ხმების 50% გამგებლობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

იუსტიციის მინისტრმა ეს ვითარება ერთობ ორიგინალურად შეაფასა: «ეს არის ძალიან დიდი წარმატება. საქართველო გუშინ, შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა, ერთხელ წითლები დავამარცხეთ და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც «ქართული ოცნების» წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ «ნაციონალური მოძრაობა» აღარასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, არ გადაჰყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ».

ერთიანად «გალურჯებული» საქართველოს და «წითლების დამარცხება» უკომენტაროდ დავტოვოთ, მაგრამ ერთ რამეში წულუკიანი უდავოდ მართალია: ზუგდიდმა მართლაც მოიშორა საძულველი კლანი და იქ «ახალაიებისა და მისთანების ბოგინი» დასრულდა. ეს შედეგი, როგორც ცნობილია, 2012 წლის ოქტომბერში ირაკლი ალასანიამ ვერ აჩვენა.

თუმცა პრემიერის დაპირება «ნაციონალური მოძრაობის» «გაქრობის» შესახებ არ გამართლდა. ყოფილი მმართველი პარტიის 22%, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გარდა, იმანაც განაპირობა, რომ ვერც «ოცნებამ», ვერც ოპოზიციურმა პარტიებმა საკმარისი მოტივაცია ვერ გაუჩინეს იმედგაცრუებულ ამომრჩეველს, რათა არჩევნებზე მისულიყო. «ნაციონალურმა მოძრაობამ» კი, როგორც ყოველთვის, უკლებლივ ყველა მხარდამჭერი მიიყვანა უბნებზე. მიიყვანა _ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ჯიპებით მიჰყავდათ, თან სიცხეში არ შეაწუხეს და საღამოსკენ, აგრილებულზე ატარეს! საპრეზიდენტო არჩევნებზე ასეთი ფაქტიც მოხდა: კოორდინატორმა რამდენიმეჯერ დაურეკა «ნაციონალების» მხარდამჭერს და, რაკი ის მაინც არ მივიდა ხმის მისაცემად, მიზეზი ჰკითხა. ქალმა უპასუხა, რომ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა. მას სასწრაფოდ მიუყვანეს ძიძა და უბანზეც მანქანით მიიყვანეს!

«ნაცმოძრაობისგან» განსხვავებით, კოჰაბიტაციით გართულ «ქართულ ოცნებას» ისე შემოეძარცვა მხარდამჭერები, რომ დღეს ოპონენტებადაც მოევლინა. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი კოალიცია დასკვნებს ვერ აკეთებს და დღესაც ყოფილ მმართველ პარტიას და მისი მმართველობის დროს დამუნჯებულ, ახლა კი გაცოცხლებულ და შემტევ არასამთავრობოებს ეკეკლუცება. ე. წ. «ანტიდისკრიმინაციული კანონის» დაჩქარებული წესით მიღება სწორედ ამგვარი კეკლუცობის გამოვლინება იყო ადგილობრივი არჩევნების წინ. სრულიად დაუცველი მოსახლეობისთვის დემონსტრაციულად უმცირესობათა დაცვის დეკლარირება, წინდაუხედაობის გარდა, ცინიზმის ნიშნებსაც ატარებდა. მართლაც, საკუთარი ფუფუნების უზრუნველყოფით გართული ხელისუფლებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვაზე გაცილებით იოლია ისეთი კანონის მიღება, რომელიც არავის არაფერს მოუტანს, მოსახლეობის უმრავლესობის გაღიზიანების გარდა!

ადგილობრივი არჩევნები გენერალური რეპეტიციაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. არც ის არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები დადგეს. ასეა თუ ისე, «გალურჯებული» საქართველოს იმედად ყოფნა «ოცნებას» არ გამოადგება: საქართველოში ხალხი არავის გამოუცვლია – ეს ის ხალხია, რომელმაც სააკაშვილს 98% მისცა, მაგრამ სულ რამდენიმე წელი დასჭირდა მის მოსაცილებლად. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება!

«მეოცნებეებო», ყური უგდეთ საქართველოს!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here