Home რუბრიკები საზოგადოება რაინდთა მოთმინების ზღვარი

რაინდთა მოთმინების ზღვარი

781

მოვითხოვ: ბატონმა ცუცქირიძემ, კეთილი ინებოს და წარმოადგინოს ამ «აღიარების» ვიდეო თუ სტენოგრაფიული ჩანაწერი ჩვენი გაზეთის მორიგი ნომრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ასეთი მკრეხელობა, სხვა უამრავ ფაქტობრივ აბსურდსა და უზნეობასთან ერთად, თავდაპირველად გადაეცემა განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, შემდეგ კი იგი სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს!


გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 2014 წლის 7 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, 26 აპრილს თუ რა ულამაზესი ღონისძიებით აღინიშნა ხაშურში დიდი ქართველი მამულიშვილის, «წმიდა დიმიტრი (ყიფიანი) _ სამშობლოსათვის წამებულის» დაბადების 100 წლისთავი.

ამ ინფორმაციაში არის ჩემი მცირე ინტერვიუც, რომელსაც ისე აღუშფოთებია პედაგოგიკის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ანუ აკადემიკოსი, ბატონი ზურაბ ცუცქირიძე, რომ გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში» (30.V.2014) რუბრიკით «უსიამოვნო საუბარი» გამოუქვეყნებია სტატია, რომელსაც მქუხარე სათაური აქვს _ «მითვისებული იდეა»…

დავიწყოთ იმით, რომ ეს, საუბარი კი არა, ჩვეულებრივი სტატიაა, გნებავთ, მონოლოგი და ნუთუ ამდენი აღარ უნდა იცოდეს პედაგოგიკის დოქტორმა, თანაც განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ანუ აკადემიკოსმა?! «საუბარი» მაშინ იქნებოდა, ვინმესთან რომ მართლაც ესაუბრა, ებაასა, ემუსაიფა, ემასლაათა, ვთქვათ, გაზეთის კორესპონდენტთან, რედაქციის რომელიმე თანამშრომელთან, თუნდაც, ბოლოს და ბოლოს, თქვენს მონა-მორჩილთან, თუკი, ცხადია, იკადრებდა იმ ჩოხოსანთან თავის გაყადრებას, რომელსაც, მისივე შეფასებით, «მხოლოდ ტაშ-ფანდურის ხელმძღვანელობა» შეუძლია… მაშინ ხომ ავუხსნიდი ერთობ საეჭვოდ ამჩატებულ პედაგოგიკის დოქტორს, თანაც განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ანუ აკადემიკოსს, თუ, სამწუხაროდ, რაოდენ არ არის იგი ინფორმირებული ჩოხოსან რაინდთა დასის მოღვაწეობის თაობაზე; შესაბამისად, აღარც გამოიტანდა ასეთ მართლაც აბსურდულსა და მკრეხელურ დასკვნებს. აი, ეს იქნებოდა ნამდვილი საუბარი, სწორედ ისეთი «მშვიდი ლაპარაკი», რომელსაც კატეგორიულად მიუთითებს «ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის» ერთტომეული სიტყვა «საუბრის» განმარტებისას. პედაგოგიკის დოქტორი კი შფოთავს, დრტვინავს, ბობოქრობს, ამ ჩოხოსნებს ისევ მე უნდა მივხედო, თორემ ძალიან გაუვიდათ თავს, სტუმარ-მასპინძლობაც კი არ იციანო… გვმოძღვრავს კიდეც _ «ჩოხაში გამოწყობა, არა მგონია, თავისთავად იყოს რაინდობა. რაინდობა ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, რაც სიკეთის ქმნას, დამკვიდრებასა და დაცვას გულისხმობსო».

განსაკუთრებული ეპითეტებით ამკობს თქვენს მონა-მორჩილს _ «ამხელა ჩოხოსანი რაინდი», «ჩოხოსან რაინდთა დასის ბელადი» და მისთ. არადა, თქვენს მონა-მორჩილს მხოლოდ ეღიმება ასეთ ქილიკზე _ რაინდები ყველას ხომ არ გაუტოლებენ თავს, თანაც პუშკინის ბრძნული შეგონებაც არ მავიწყდება, _ «ცივად მიიღე შექება და ცილისწამება და სულელ კაცსა არასოდეს შეეჭიდო…», _ მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც რაინდებიც აღარ ითმენენ. აი, სწორედ ეს ზღვარი გადალახა პედაგოგიკის დოქტორმა, თანაც განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ანუ აკადემიკოსმა, როცა ვეღარ მოთოკა ვნებები, არ იკმარა ჩვენი აბუჩად აგდება, არად ჩაგვითვალა, რაც დღემდე გაგვიკეთებია ქართული სულიერების სამსახურში, უნიჭო, უუნარო, უინიციატივო მასად გამოგვაცხადა, მოტაშ-ფანდურეებად თუ გამოდგებიანო ოდენ და მერე, ამით გული რომ იჯერა, ჩოხოსან პარლამენტარებსაც გადასწვდა, ანუ ბატონ ზვიად ძიძიგურსა და მის თანამებრძოლებს, რომლებსაც თურმე, ნუ იტყვით და, «უყოყმანოდ აღიარეს: ჩვენ და პედერასტები ზუსტად ერთნაირად ნორმალური ადამიანები ვართ და არავინ მოინდომოს ჩვენ შორის განსხვავების გამოჩხრეკაო…»

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არის, არც მეტი, არც ნაკლები, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ავადმყოფის ბოდვა და მცდელობა, შებღალვისა უკეთილშობილესი ჩოხოსნური მოძრაობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიისა, რომელსაც სათავე დაუდეს ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებმა: ვახტანგ კოტეტიშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა.

ამიტომ მოვითხოვ:

ბატონმა ცუცქირიძემ, კეთილი ინებოს და წარმოადგინოს ამ «აღიარების» ვიდეო თუ სტენოგრაფიული ჩანაწერი ჩვენი გაზეთის მორიგი ნომრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ასეთი მკრეხელობა, სხვა უამრავ ფაქტობრივ აბსურდსა და უზნეობასთან ერთად, თავდაპირველად გადაეცემა განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, შემდეგ კი იგი სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს!

გოგი დოლიძე

P.S. მონოლოგის დასასრულ, უფალი ცუცქირიძე შენიშნავს, «ჩოხოსან რაინდთა დასის ბელადს» რომ მის მიერ ახლად ნაკურთხ (სხვათა შორის, «ახლადნაკურთხი» თუ «ახლადგამოქვეყნებული» ცალ-ცალკე იწერება!) ჩოხოსნისთვის მოესმინა, მაშინ ავცდებოდითო ამ, არცთუ სასიამოვნო საუბარს… რაოდენ სამწუხაროა, რომ პედაგოგიკის დოქტორმა, თანაც განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ანუ აკადემიკოსმა, ვიმეორებ, არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა «საუბარი» _ საუბარი ახლა იწყება უფ. პედაგოგის დოქტორო, მანამდე თქვენი მონოლოგი იყო მხოლოდ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here