Home რუბრიკები სამართალი ქრისტინე ქარდავა: დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გუნავას, ნარსიასა და გოროზიას დაგეგმილი იყო. მათი...

ქრისტინე ქარდავა: დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გუნავას, ნარსიასა და გოროზიას დაგეგმილი იყო. მათი ნებართვის გარეშე ზუგდიდიდან, შეიძლება ითქვას, ჩიტიც ვერ გაფრინდებოდა

1092

2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის _ პაატა ქარდავას საქმე გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, პაატა ქარდავა კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა და ხურჩის ტერაქტში ბრალდებულმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. რატომ გაწირეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი, ვინ იყო ამ შემზარავი მკვლელობის დამკვეთი და რომან შამათავასთან ერთად ვის დასჯას ითხოვს პაატა ქარდავას ოჯახი, _ «საქართველო და მსოფლიოს» პაატა ქარდავას შვილი  ქრისტინე ქარდავა ესაუბრა.


_ 2008 წლის 27 აგვისტოს მე და მამა ერთად გავედით სახლიდან.  მარიამობისთვის ვემზადებოდით, სტუმრებს ველოდით და ბაზარში პროდუქტების საყიდლად წავედით. მამა მშვენიერ გუნებაზე იყო, რამე პრობლემა ან სანერვიულო რომ ჰქონოდა, შევატყობდი. მე ზუგდიდის ბაზრის კართან დამტოვა, თვითონ სამსახურში წავიდა და მითხრა, საქმეს რომ მოითავებ, დამირეკე და გამოვალო. მალევე დავურეკე, არ მიპასუხა, მეორედ რომ დავრეკე, მიპასუხა, _ საქმე გამომიჩნდა, მიდი სახლში და მოვალო.

იმ დღის შემდეგ მამაჩემი თვალით არ მინახავს. მთელი 5 წელი წინ და უკან გვარბენინებდნენ, გვიმტკიცებდნენ, პაატა არ იყო ისეთი კაცი, ვინმეს სასიკვდილოდ რომ გაემეტებინაო. აი, ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული. ზუგდიდის ძალოვანი სტრუქტურების ყველა წარმომადგენელი ხელს აფარებდა მკვლელს. ესენი იყვნენ თენგიზ გუნავა, კობა ნარსია, ზაზა გოროზია. დარწმუნებული ვარ, 2 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ სამეგრელოზემო სვანეთის სამხარეოს უფროსი არის კაცი, რომლის თანამშრომლებსაც მამაჩემი გაყავთ ზუგდიდიდან, აბარებენ შამათავას და ეს არ იცის თენგიზ გუნავამ, ეს არ იცის კობა ნარსიამდავუშვათ, გოროზიამ დეტალები არ იცოდა, რადგან გუბერნატორი იყო და სამმართველოსა და სამხარეოს ამბებში შეიძლება ნაკლებად ჩახედულიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანაც ბევრი რამ იცოდა. ასე ფიქრის საფუძველს მაძლევს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი საქციელი _  მაქსიმალურად ხელს მიშლიდა, რომ პრეზიდენტამდე არ მივსულიყავი. ჩემს ძმას, როგორც კი დაინახავდა, თავს არიდებდა. რატომ აკეთებდა ამას, თუ მართალი იყო? როცა ადამიანი სუფთაა, ასე არ იქცევა. აი, ამას ვედავები მას. გუნავა კიდევ 5 წელი მიმტკიცებდა, რომ პაატა არ იყო ისეთი ადამიანი, ვინმეს მოეკლა. და დღეს ეს ადამიანი მეუბნება, «ქართული ოცნების» მარიონეტი ხარო. უნამუსოდ ამბობს, როგორ გეკადრებათ, პაატა ქარდავა ჩემი მეგობარი იყოო. ნუ იტყუება, გაჩუმდეს, პაატა ქარდავას ასეთი მოღალატე მეგობრები არ ჰყოლია.

_ თავიდანვე უნდა დაგდგომოდათ გვერდით და დაედგინა, რა მოხდა რეალურად

_ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ გამოიძიებდა, აქ ხომ ერთი წრე იკვრება, ერთმანეთს ხომ არ დაიჭერდნენ, ერთმანეთს ხომ არ დააბეზღებდნენ?! მათ ხელი დააფარეს მკვლელს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდნენ, მეუბნებოდნენ, მამაშენი ისეთი კაცია, არ მოკლავდნენო, მასხრად გვიგდებდნენ, წინ და უკან უაზროდ გვარბენინებდნენ. ვის კართან აღარ ვიყავი ატუზული. ამას არასდროს ვაპატიებ მათ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მათი დაგეგმილი იყო. მათი ნებართვის გარეშე ზუგდიდიდან, შეიძლება ითქვას, ჩიტიც ვერ გაფრინდებოდა და ეს კაცი მიმტკიცებს დღეს, რომ საქმე, უბრალოდ, ვერ გამოიძია. და მე მას თურმე იმიტომ ვუპირისპირდები, რომ «ქართულმა ოცნებამ» დამავალა, გუნავამ წააგოს არჩევნები. ნურას უკაცრავად! გუნავას არჩევა ჩემს ტკივილთან რა მოსატანია! ეს კაცი დღეს რაღაც წინასაარჩევნო პიარს იკეთებს მამაჩემის ტრაგედიით და ამის შემდეგ ადამიანია?

მერწმუნეთ, მათ ამას არავინ შეარჩენს. კიდევ ბევრი ისეთი საქმე გაიხსნება, რომლებიც შეძრავს მთელ საქართველოს და ჩვენ, ყველანი ერთად დავდგებით იმისთვის, რათა ეს ჯალათები მოხვდნენ ციხეში, აღარ იბოგინონ და წინასაარჩევნო პიარი არ გაიკეთონ მსგავსი ტრაგედიების ხარჯზე. ამიტომ გავჩუმდით და აღარ გავდივართ ქუჩაში, თორემ იგივე ტკივილი მამოძრავებს დღესაც. ჩემი ქუჩაში გამოსვლა ამ არაკაცმა გუნავამ ისევ თავის სასიკეთოდ გამოიყენა _ ჩემი სახელის დისკრედიტაციას ცდილობთო,_ განაცხადა.  აუცილებლად უნდა დაიკითხონ გუნავა, ნარსია, გოროზია და ყველა, ვინც იმ დროს მის უწყებაში მუშაობდა. ვიმეორებ: რა თქმა უნდა, გუნავამ ყველაფერი იცოდა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო დამკვეთი.  შამათავას ვინ ეკითხებოდა პაატა ქარდავას სიცოცხლეს, ის რიგითი თანამშრომელი იყო. ვიღაცას არ აძლევდა ხელს, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო, ვიღაცას კუდი ეწვოდა, რადგან მამაჩემმა რაღაც იცოდა მის წინააღმდეგ. და უნდა გაირკვეს, ვინ არის ის ვიღაც. ესენი კიდევ რას აბრალებდნენ მამაჩემს, მის სულს როგორ აკადრებდნენ ამას, _ აგენტი, მოღალატე იყოო. სხვათა შორის, მოღალატეს აქვს თავისი ადგილი და ეს ციხეა. ღმერთი არ იყო შამათავა, მამაჩემისთვის სიცოცხლე რომ წაერთმია!

_ გაქვთ ვინმეზე ეჭვი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ მკვლელობის დამკვეთი?

_ ვერავის დავადებ ხელს. ამას გამოძიება დაადგენს. როგორც ჩანს, მამას სერიოზული ინფორმაცია ჰქონდა _ ეს იკვეთება. იცით, 2008 წელს მთელი ზუგდიდი რომ დაიცალა, მამა ხედავდა, ვინ სად გარბოდა და ვინ ვის ემხრობოდა. ომის დროს მამაჩემს ზუგდიდი არ დაუტოვებია და ამის მოწმე ძალიან ბევრი ადამიანია. ზუგდიდიდან არ გასულა კაცი, როცა მამაზე უფრო მაღალი თანამდებობის ხალხი  სად არ იმალებოდა და ფორმას იხდიდა. ამან დაღუპა მამაჩემი. ეტყობარაღაც ისეთი ნახა, რისი გამჟღავნებისაც ამათ ეშინოდათ. მკვლელობის მოტივს, იმედია, გამოძიება დაადგენს. თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ბოლომდე დამიდგეს გვერდით და დასაჯოს ეს ჯალათები.

_ გაქვთ იმედი, რომ ყველა დაისჯება, ვისაც რამე წვლილი მიუძღვით  ამ სასტიკ მკვლელობაში? ენდობით გამოძიებას?

_ ყველა გვეუბნება, გვპირდება, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. კიდევ კარგი, ღმერთს მადლობა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, თორემ დღესაც თაროზე იქნებოდა შემოდებული ეს საქმე. გუნავა, ნარსია და სხვები ამ საქმეს, რა თქმა უნდა, არასდროს გახსნიდნენ, რადგან ამ საქმის გახსნით ბევრი მათგანი დაისჯებოდა. დიდი იმედი მქონდა, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო. ყოველ ღამე ველოდი, კარზე მის დაკაკუნებას. გამოვრიცხავდი გავრცელებულ ვერსიას, რომ მამა სადღაც თავისი სურვილით წავიდა. კაცი, რომელიც დღეში ათჯერ გვირეკავდა, კითხულობდა, რას აკეთებდენენ შვილები, მიატოვებდა ოჯახს და გადაიკარგებოდა? ეს ხომ ისეთივე აბსურდია, როგორიც მისი აგენტობა?! იმასაც გამოვრიცხავდი, რომ დაჭერილი ჰყავდათ აფხაზეთში. ეს ვერსიაც გავრცელდა, თითქოს ვიღაც ტყვეში უნდოდათ გაცვლა. აფხაზეთში ვის არ დავუკავშირდით (ჩვენ დევნილები ვართ, მთელი სანათესავო იქ გვყავს), ყველა გვეუბნებოდა, არ გვყავს აქ ასეთი არავინ, საქართველოში ეძებეთო.  ვფიქრობდი, იქნებ სადღაც  ჰყავდათ გათიშულ მდგომარეობაში, ხომ ხდება ასეთი რამ?  იმედი გვქონდა, რომ ერთ ბედნიერ დღეს, როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა, იპოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი საშინელი ფაქტის წინაშე დავდექით. გვამიც რომ არ გვაქვს _ ეს არის ყველაზე საშინელი! წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, მამის საფლავზეც რომ არ შეგიძლია მიხვიდე. რამხელა ტკივილია! და წიკლაური კიდევ დგას და რაღაცებს გაიძახის, იმის ნაცვლად, რომ ოჯახს ელემენტარული თანაგრძნობა გამოუცხადოს. ეს თავხედი კაცი, არ სჯობდა, საერთოდ გაჩუმებულიყო? გმირია მამაჩემის მკვლელი შამათავა ხომ, მამაჩემი კიდევ _ მოღალატე, მე კი «ქართული ოცნების» მიერ მართული?.. ვაი, ასეთ ხალხს და ვაი, ასეთ საქართველოს!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here