Home რუბრიკები საზოგადოება ამისთანა «ხალხის რჩეულებს» ხელმოწერებით ვერაფერს შევაგნებინებთ

ამისთანა «ხალხის რჩეულებს» ხელმოწერებით ვერაფერს შევაგნებინებთ

547

ხელისუფლების ყველაზე დიდ საკანონმდებლო თავგასულობაზე, პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ ე. წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამ სამარცხვინო კანონის გაუქმებას მოითხოვს ერი და ბერი, მაგრამ მხოლოდ საგაზეთო თუ ღია წერილებითა და ხელმოწერების შეგროვებით, პარლამენტარების ნამუსზე შეგდებით არაფერი გამოგვივა _ ყველაფერი ფუჭი დემოკრატიული ფაფხური იქნება.


ამ პარლამენტისგან, რომელშიც ერთი დეპუტატიც არ აღმოჩნდა ანტიდისკრიმინაციული (სახელების შერჩევა, იცოცხლეთ, ეხერხებათ დასავლეთში) კანონის წინააღმდეგ ხმის ამომღები, პარლამენტისგან, რომელმაც უწმინდესის თხოვნა (კანონის განხილვის გადავადების თაობაზეც კი) ყურად არ იღო და ქრისტიანულ სამყაროში მომაკვდინებელ ცოდვად მიჩნეული მამათმავლობა ფორსმაჟორულ რეჟიმში (რის აუცილებლობასაც ვერავინ გვიხსნის) ცხოვრების ნორმად დაგვიკანონა, იმის მოლოდინი, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრს შეისმენს და ასიათასობით მოქალაქის ხელმოწერებს ანგარიშს გაუწევს, ისეთი მიამიტობაა, ძალაუნებურად იფიქრებ _ ამ პატიოსან ხალხს ლოგიკური აზროვნების უნართან ერთად მეხსიერებაც დაუკარგავსო. რა, წელიწად-ნახევრის წინათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი (ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი) ხელმოწერებით არ მოითხოვდა პარლამენტისგან სააკაშვილისთვის (პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ) უფლებამოსილების შეჩერებას?! და, რას მივაღწიეთ? ამ პარლამენტისგან კანონიერი მოთხოვნის აღსრულებას ვერ ვეღირსეთ და მის მიერ ახლახან ერთხმად მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს გააუქმებს, რომელიც საერთაშორისო (ანუ დასავლეთის) პროგრამის ნაწილად ითვლება?! სიტყვით და ხელმოწერებით გამოხატული პროტესტები «ქოც-ნაცებს» სასაცილოდაც არ ჰყოფნით!

ერთი და იმავე უნაყოფო მეთოდებით (მოლაპარაკება იქნება ეს თუ ხელმოწერების შეგროვება) ჩვენისთანა «დემოკრატი» და «დამოუკიდებელი» ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის უშედეგო იქნება. ფაქტია: ვერც «ნაცებთან» და ვერც «ქოცებთან» ამ გზით ვერასოდეს ვერაფერს მივაღწიეთ. მივაღწიეთ კი არა, ზამთარში პარლამენტის კართან მდგარ 86 წლის ღვაწლმოსილ და საამაყო კინორეჟისორს, ბატონ რეზო ჩხეიძეს, რომელსაც ხელთ ეპყრა მილიონ ორასი ათასი ხელმომწერის მოთხოვნა, პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი გამოსვლის საშუალებაც არ მისცა.

რად უნდა იმას მტკიცება, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ნებისმიერი კანონის, ისეთისაც კი, რომელსაც არც ზნეობასთან, არც დემოგრაფიასთან და არც ეკლესიასთან უშუალო შეხება არ აქვს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება, განხილვაც ვერ უნდა გაბედოს პარლამენტმა, და თუ ის მაინც ბედავს და ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მაშინ რჩება ერთადერთი კანონიერი და მშვიდობიანი გზა – მისი შეცვლა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით. რაც შეეხება დეპუტატ ხიდაშელს (რომელსაც ძალაუფლება, აშკარად, თავში აქვს ავარდნილი და თავხედურად აცხადებს, _ კონსტიტუციონალიზმში უფასო გაკვეთილებს ჩავუტარებ ლევან ვასაძესო), რომელსაც ჰგონია, რომ პარლამენტი ხელშეუხებელია და მისი დათხოვნა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი _ როცა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ ხერხდება ან მთავრობაში კრიზისია, ძალიან ცდება. ქალბატონ ხიდაშელს ტყუილად ჰგონია, რომ, რადგან «ნაცებთანაა» შეკრული, ეს პრობლემა არასოდეს დაუდგება და მას და მისთანებს თავი ქუდში ექნებათ. ხიდაშელის ქალს ავიწყდება, რომ ხალხს ხელეწიფება, გამოასწოროს თავისი შეცდომა და პარლამენტში გამძვრალი, არაქართული საქმის მკეთებელი დეპუტატები უკანვე გამოიწვიოს ან გამოყაროს – დემოკრატიულად (არჩევნებით) ან კინწისკვრით (იძულებით). თუ რომელს აირჩევს ამ ორი გზიდან ქართველი ხალხი, ეს ხიდაშელისნაირი დეპუტატების სიჯიუტის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

პარლამენტს, რომელსაც არც პატრიარქის ესმის და არც ხალხის, თავის ჭკუაზე იღებს კანონს, რომელსაც თითქმის მთელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, შეუძლებელია, სიტყვით შეაგნებინო რამე; ხალხის ასეთ «რჩეულებს» და ამ «რჩეულების» მიერ შერჩეულ მთავრობას, რომლებსაც არაფერი ანაღვლებთ, საკუთარი სკამისა და ხელფასის გარდა, რომლებმაც გაყვლიფეს ისედაც არაფრის მქონე ხალხი და უზარმაზარი სახელფასო დანამატები და პრემიები დაიკანონეს, ანუ ჩვენს ჯიბეში (ბიუჯეტში) ისე აფათურეს ხელი, რომ არავითარი სულიერი დისკომფორტი არ უგრძნიათ და, რომლებიც მომავალი წლიდან კიდევ ერთხელ მოიმატებენ ხელფასებს, ხოლო გაჭირვებულ პენსიონერებს, რომლებსაც ჭეშმარიტი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობის პენსიაც არ ეძლევათ, მხოლოდ ათ ლარს უმატებენ (ისიც ერთხელ), სიტყვითა და ხელმოწერებით ვერაფერს შევაგნებინებთ და, ვერც საკუთარი თავის გადასაყენებელ რიგგარეშე არჩევნებს დავანიშვნინებთ!

ხიდაშელისნაირად მოლაპარაკე პარლამენტარებთან მხოლოდ ძალის ენით, ძალისმიერი მეთოდებით თუ მივაღწევთ რამეს (ძალისმიერში კანონით დაშვებულ აქტიურ ზეწოლას, აქტიურ წინააღმდეგობას ვგულისხმობ და არა შეიარაღებულს)! სხვა გამოსავალი არ არსებობს, ყველა სხვა გზა ბევრჯერაა ნაცადი და ხალხისთვის არც ერთს მოუტანია სასიკეთო შედეგი. არ თქვას ახლა ვინმემ, არჩევნებით ხომ მივაღწიეთ რაღაცას 2012-ის ოქტომბერშიო! სახელმწიფოში სამართლის დამყარება უკანა პლანზე გადასწიო, ხალხს ღირსება და ქონება არ დაუბრუნო, დამნაშავე «ნაცებს» შეეკრა, ღირსებისა და რწმენის შემბღალავი კანონები მიიღო, მოსახლეობის სამი მეოთხედი თვლიდეს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა (არჩევნებიდან 20 თვის შემდეგ) და, ამ გაჭირვებული ხალხის დამშვიდებას შეურაცხმყოფელი ხერხებით შეეცადო _ ხომ ხედავთ პატიმრები გამოვუშვით, ახლა აღარავინ გიჭერთ და წერა-კითხვის უფლებაც ხელუხლებელი გაქვთო _ ამას თავგასული ხელისუფლება გაბედავს მხოლოდ, თავგასულებს კი შესაფერისი ადგილი უნდა მიეჩინოს.

ახლა ხელისუფლების მიერ «ნაც-ქოცური» გადასახედიდან გაგებულ ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. თუ ზღაპრული სუფრა არ გავუშალეთ უცხოელ სტუმრებს, თურმე ქართულ ადათ-წესს შევარცხვენთ; ქართველი კაცისთვის სტუმარი, მით უფრო, უცხო, ხომ ღვთისაა და რატომ გიკვირთ, ჩვენი მინისტრების სუფრას ჩიტის რძეც რომ არ აკლია, როცა უცხოელებს მასპინძლობენო. აი, ასეთი ჭკვიანი და ადათ-წესების დამცველი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში და ხალხმა თურმე მორჩილად უნდა უსმინოს მათ თავხედობამდე მისულ ბრიყვულ კომენტარებს. მართალია, ქართველი კაცი თავს მოიქაჩლებდა, რომ იტყვიან, ურიის ვალს აიღებდა და გადაჰყვებოდა სტუმარს ყურადღებით თუ პურ-მარილით, მაგრამ იგი საკუთარი ჯიბიდან ხარჯავდა ბოლო კაპიკს. პარლამენტი, მთავრობა თუ მერია-საკრებულო _ ყველანი ჩვენს ჯიბეებში, ანუ ბიუჯეტში(!) აფათურებენ ხელს, საკუთარი კი ისე აქვთ გადავსებული ხელფასებით, სახელფასო დანამატებითა და პრემიებით, ხელი არც ეტევათ, თუ სმენიათ ხელისუფლების ამ ვაჟბატონ-ქალბატონებს, რომ სადმე, თუნდაც მათ სათაყვანებელ დასავლეთში ან საგინებელ საბჭოეთში (რუსეთში), მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ხელფასის ოდენობის (ხშირად, უფრო მეტიც) სახელფასო დანამატი ეძლეოდეს ყოველთვიურად, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარედ თვე-ნახევრის დანიშნული კაცი ხელფასზე რამდენიმეჯერ მეტ პრემიას უწერდეს საკუთარ თავსა და ხელქვეითებს და ამისთვის არავინ აგებდეს პასუხს?! ეს ხომ უბრალო შეცდომა არ არის, ეს დანაშაულია და მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ როგორ აგებინებენ ვინმეს პასუხს, როცა თითქმის ყველა გასვრილია, ანუ შემჩნეულია საკუთარი თავის ფულით წახალისებაში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვინ ჩივის, ამ ხალხს სამსახურიდანაც კი არ ათავისუფლებენ _ არც დანაშაულის ჩამდენს და არც მის უფროსს _ მინისტრს! უფრო უარესი _ ის ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან, რომელმაც ამ გათავხედებული მოხელეების პრემიების დამადასტურებელი დოკუმენტები გაასაჯაროა, იგი (დეპარტამენტის მრჩეველი, ქალბატონი მოროშკინა) დანაშაულის ჩამდენმა დეპარტამენტის თავმჯდომარემ გაათავისუფლა, ხოლო თვითონ თავისი ნებით გადადგა უკვე აგორებული სკანდალის შემდეგ. და ამ ვაჟბატონის ეს ნაბიჯი «ვაჟკაცურ» საქციელად მონათლა პრემიერმა!

დანაშაულებრივი მოვლენების ამგვარად შემფასებელი ხელისუფლება სახელმწიფოში სამართალს თავისი ნებით ან თუნდაც ხელმოწერების შიშით აღადგენს?! ვინმეს კიდევ სჯერა ამის, გაბითურებულ და მიმნდობ ხალხს ისევ ხელმოწერებისკენ რომ მოუწოდებენ?!

ახლა ხელისუფლების ახსნას არ იკითხავთ, თუ რატომ უნდა მიეცეს სახელმწიფო სამსახურში მყოფ მოხელეებს დიდი ხელფასები, სახელფასო დანამატები და პრემიები? საფრანგეთში განათლებამიღებული იუსტიციის მინისტრი საქართველოში არსებულ უმსგავსობას ისე უსუსურად გვიხსნის, რომ მისი «იურიდიულ-მორალური» კომენტარიდან ამონარიდის მოყვანა აუცილებელია: «საჯარო სამსახურში თუ ხელფასები არ იქნება ადეკვატური (რამდენია ადეკვატური?! _ ი. ლ.), თუ საჯარო მოხელეები, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირები, არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება აბსოლუტურად უინტერესო (რა მითხარი?! _ ი. ლ.) და მას დატოვებენ კომპეტენტური კადრები. მე ხელზე მაქვს 5000 ლარი («ხელზე მაქვს», იურისტი ამგვარად არ უნდა გვამცნობდეს შემოსავალს _ ი. ლ.), მაშინ, როცა წლების განმავლობაში, სტრასბურგის სასამართლოში თვეში მქონდა 17-18 ათასი ლარი (აქ, მინისტრი აღარ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ იყო ხელზე აღებული თანხა _ ი. ლ.), მაგრამ ვთვლი, ეს ის ხელფასია, რომელიც ღირს, რომ ვემსახურო სამშობლოს (აფერუმ, რა თავდადებული ყოფილა სამშობლოსთვის წულუკიანის ქალი! როცა იუსტიციის მინისტრი, რომლის შემართებასაც აღფრთოვანებით შევყურებდით ყველა არჩევნების შემდგომ პერიოდში, ამ საზომით უდგება სამშობლოს სამსახურს და თვლის, რომ 5 000 ლარი 17 000-თან შედარებით გაცილებით ცოტაა, მაგრამ ამ თანხადაც ღირს სამშობლოს სამსახური, მაშინ ვისი და რისი იმედი უნდა გვქონდეს კიდევ?!). ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან კვალიფიციურები, როგორც კი მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება, გადავლენ კერძო სექტორში». ე. ი. ადეკვატური ანაზღაურება თუ არ ექნა ადამიანს, ანუ დიდი ხელფასი და ერთი იმხელა სახელფასო დანამატ-პრემიები, თურმე დავიღუპებით, არავინ მოისურვებს სამშობლოს სამსახურში ყოფნას (მის გარდა, ალბათ!) და ყველანი კერძო სექტორში გადაბარგდებიან. ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ კერძო სექტორში უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პირობებია და, მეორეც, თუ გადავლენ, მაგას რა სჯობს, გამოთავისუფლებულ ადგილებზე ახალ-ახალი ადამიანები დასაქმდებიან უმუშევართა არმიიდან, თანაც _ დიდი სიამოვნებით! ახ, პროფესიონალების ნაკლებობას განვიცდით და იუსტიციის მინისტრს იმ რეფორმების განხორციელებაში შეეშლება ხელი, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემაში, რომლებმაც სამართლიანობის განცდაც კი ვერ დაგვიბრუნეს?! წართმეული ქონება, შელახული ღირსება, ციხეებში დაკარგული ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვისღა ახსოვს!

ამ «გონებამახვილურ და პატრიოტულ» მიგნებებთან ერთად კიდევ ერთი, ერთობ საინტერესო და მწარე ღიმილის მომგვრელი ფაქტი შევიტყვეთ სახელფასო დანამატებსა და პრემიებზე: თურმე, სახელმწიფო საიდუმლოების შენახვა გარკვეული თანხით ფასდება და თავდაცვის მინისტრისთვის იგი 531 ლარს შეადგენს, რასაც «საიდუმლო დანამატი» ჰქვია! ცხადია, უფრო დაბალი რანგის მოხელეებისთვის იგი გაცილებით ნაკლები იქნება, მაგრამ უმეტესობისთვის, დარწმუნებული ვარ, 30 ვერცხლზე, უკაცრავად, 30 ლარზე ნაკლები არ იქნება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის მინისტრმა ყველას «გადაუჯოკრა» თვითანაზღაურებაში _ მხოლოდ დანამატის (!) სახით მან 83000 (!) ლარი მიიღო 2013 წელს, ანუ პენსიონერის წლიურ შემოსავალზე 46-ჯერ მეტი!

«ზრდილმა» და «გონებაგახსნილმა» ხიდაშელმა კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა, რატომ უნდა გაეზარდოთ დეპუტატებს ანაზღაურება მომავალ წელს – «ყველაფერთან (ანუ თავაუღებელ შრომასთან და ხალხზე ფიქრში გათენებულ ღამეებთან _ ი. ლ.) ერთად, საშიშროების ქვეშ ვართ გამუდმებით _ სისტემატურად გვიხდება თბილისსა და ქუთაისს შორის მანქანით მგზავრობაო»! ჩვენი დიდი სირცხვილია, ასეთი სახიფათო და მავნე სამუშაო აქამდე რომ ვერ დავაფასეთ სათანადოდ, ამიტომ წინადადება შემომაქვს, თავდაცვის მინისტრის «საიდუმლო დანამატის» ანალოგიურად, დეპუტატებსაც დაენიშნოს «სახიფათო დანამატი»!

ზემოთ მოყვანილ პასუხებს და ახსნა-განმარტებებს ხომ მოფიქრება უნდა, ამას ხომ მარტო განათლებით ვერ მიაღწევ, ამას ნიჭი უნდა, ნიჭი და შუბლის ძარღვის გაწყვეტა! ამისთანა «ხალხის რჩეულებს» ხელმოწერებით შევაგნებინებთ რამეს?!

1991 წლიდან საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ, აღარ ვართ კოლონია, თითქოს, თავისუფლებიც ვართ და დამოუკიდებლებიც, მხარში დემოკრატი მეგობრები გვიდგანან, ფულითაც გვეხმარებიან, იარაღითაც, არც შეღავათიან სესხებს იშურებენ ჩვენთვის, რჩევა-დარიგებებს ხომ გვაძლევენ და გვაძლევენ და რას მივაღწიეთ, რომელ სფეროში გამოიკვეთა ჩვენი წინსვლა ამდენი «მზრუნველის» ხელში? რამდენიმეჯერ გაზრდილი ბიუჯეტისა და საგარეო ვალის გახუთმაგების პირობებში, 10-20 წელიწადში ხომ არნახული წარმატებებისთვის უნდა მიგვეღწია? ამის ნაცვლად, ისეთ გაუსაძლის მდომარეობაში ჩავარდა ხალხი ეკონომიკურადაც და სამართლებრივადაც, რომ მოსახლეობის ლამის ერთი მესამედი მსოფლიოში მიმოიფანტა, დარჩენილებს (2-3 პროცენტის გამოკლებით) კი კომუნისტური, დიქტატორული(!) წყობა გაუხდა სანატრელი. სწორედ ჩვენმა ასეთმა ყოფამ ათქმევინა ჭეშმარიტ მამულიშვილსა და ქრისტიან ქართველს, ბატონ ლევან ვასაძეს: «ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთო» (რუსეთს და ამერიკას გულისხმობდა), მაგრამ არც «ვაი» გვინდა და არც _ «უი», დამოუკიდებლად უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ამის შესაძლებლობაც გვაქვს, ბუნებრივი მონაცემებიც და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობსო.

ამ საოცნებო მოსაზრების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს. რა სჯობს დამოუკიდებლად ცხოვრებას, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე _ რეალობა, რომელიც მუდმივად თან სდევდა მტრული სახელმწიფოებით გარშემორტყმულ საქართველოს. დიდი განათლება არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი: თუ ჩვენი დიდი მეზობლები – რუსეთი, თურქეთი და ირანი _ ამაზე შეთანახმდებიან, თავდაუსხმელობის გარანტიებს მოგვცემენ, არც მცოცავ ანექსიას განახორციელებენ და არც სხვა სახელმწიფოს, მაგალითად, ამერიკას, მისცემენ ჩვენი ტერიტორიის სამხედრო პლაცდარმად გამოყენების ნებას. ამის გარეშე სრული უტოპიაა ნეიტრალიტეტზე ფიქრი! მოხდება ეს ოდესმე? გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, ღვთისმშობლის წილხვედრ, წალკოტივით მშვენიერ საქართველოს ამის ფუფუნება არასოდეს ჰქონია და ახლა, როცა დაუნდობელზე დაუნდობელი გახდა, პირველ რიგში, დემოკრატიულად წოდებული მსოფლიო, როცა დღის წესრიგში ეროვნული სახელმწიფოების სახის წაშლისკენ, მართლმადიდებლობის დისკრედიტაციისა და მამათმავლობის აღზევებისკენაა მობილიზებული მთელი დასავლეთი, ვინ მოგვცემს ჩვენ გასაქანს?! ეს გამორიცხულია! ამას არც სჭირდება ბევრი ლაპარაკი, განა ამის მოწმენი არ ვართ დღეს ყველანი?!

მაგრამ არის კიდევ ერთი ძველი, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან შობილი გამოთქმა: «შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველ ლხინს!»; ისეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადაპტაციას, რომ ასეთმა, თითქოსდა უცნაურმა, გამოთქმამაც კი გაუძლო დროს. შეჩვეული «ჭირი» შეუჩვეველ «ლხინს» სჯობიაო, და როცა ლხინთან კი არა, უარეს ჭირთან გვაქვს საქმე, მაშინ შეჩვეული ჭირი ხომ უდავოდ აჯობებს შეუჩვეველს! თანაც ყველაფერი შედარებითია და ამ ჭირების გაზომვა-შედარებაც ადვილად შეგვიძლია ერთ კითხვაზე პასუხის გაცემით: რას მიაღწია «კრემლისგან დამონებულმა» საქართველომ საბჭოთა კოლონიად ყოფნის პირობებში 70 წლის განმავლობაში და რას _ «გათავისუფლებულმა» საქართველომ «დემოკრატი» ამერიკის «მზრუნველი» კალთის ქვეშ 10, თუნდაც 20, წლის განმავლობაში? დაწვრილებით არ ჩამოვთვლი, რადგანაც ყველამ ვიცით და დაწერითაც ბევრჯერ დაწერილა, ბევრ უარყოფითთან ერთად რამდენი დადებითი მოჰყვა რუსეთის მფარველობაში საქართველოს ყოფნას, რაც, უპირველესად, ქართველი ერის ფიზიკურ გადარჩენაში გამოიხატა, საქართველო ყველა სფეროში (განათლება, მეცნიერება, კულტურა, ჯანდაცვა, ცხოვრების დონე) მოწინავე და თითით საჩვენებელი სახელმწიფო გახდა და, როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, მისი ხალხი «დამმონებელ» რუსეთის მოსახლეობაზე უკეთესად ცხოვრობდა. ახლა, რას მივაღწიეთ იმპერიული რუსეთის კლანჭებიდან თავდაღწეულებმა და «დემოკრატ» დასავლეთს თავშეფარებულებმა? შეგვიძლია, თუნდაც ერთი სფერო დავასახელოთ, რომელშიც წარმატებას მივაღწიეთ? სამწუხაროდ, არა! წარმატებას ვინ დაეძებს, ყველაფერში დავკარგეთ პოზიციები, «წინსვლა» გვაქვს მხოლოდ მოსმენებში, მამათმავლობის დაკანონებაში, დაწყებით კლასებში ბავშვების ე. წ. სექსუალურად აღზრდაში და ეკლესიისთვის სახელის გატეხვის მცდელობაში!

ისევ «შეჩვეული ჭირი» სჯობს საქართველოსთვის, მით უფრო, რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან არგუმენტსაც თუ მოვიშველიებთ: აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნება თუ გვიწერია ოდესმე, ეს მხოლოდ რუსეთის კეთილი ნებით იქნება შესაძლებელი და არა დასავლეთის ყალბი შეშფოთებებით; მაშინ, როცა დასავლეთი თავს გვახვევს ჩვენთვის ორგანულად მიუღებელ «ღირებულებებს», რუსეთში მიღებულია ის კანონები, რომელთა მიღებასაც ჩვენი პარლამენტისგან ვითხოვთ და ვერ მივაღწიეთ (მოზარდთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასა და მათ საქმიანობაზე კონტროლის დაწესება, ეკლესიის დაცვა შეურაცხყოფისგან და სხვა), რუსეთში მიღებული არ არის ის კანონები, რომელთა გაუქმებასაც ვითხოვთ ჩვენთან და ასევე ვერ მიგვიღწევია (ანტიდისკრიმინაციული კანონი; სტრატეგიული ობიექტებისა და მიწის უცხოელებზე მიყიდვის მკაცრად შეზღუდვა და სხვა)!

ყველაფერს, ჩვენთვისაც მისაღებს და აუცილებელს, რასაც ადგილი აქვს რუსეთში, არ ჩამოვთვლი, მაგრამ, კარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნების გამო, რუსეთში არჩევნების ჩატარების ორ ფაქტორზე მაინც უნდა ითქვას, რომ დიქტატორ პუტინის ხელში არც ამომრჩეველთა სიებია გაბერილი და მეტი გამჭვირვალობისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე 2-2 ვებკამერაა (და, არა ვიდეოთვალი) დამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას ნებისმიერ უბანზე შინიდან გაუსვლელად! გარდა ამისა, თუ ეკონომიკურ მხარეზეც შევჩერდებით, უდავოა, რომ ქართული ეკონომიკისთვის (არამხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის!) უმნიშვნელოვანესი სწორედ რუსეთის ბაზარია და არა პრობლემების შემცველ ევროკავშირთან ასოცირება.

ვფიქრობ, დღევანდელ გლობალურ ორომტრიალში ჩვენი ხსნა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ნორმალურ კავშირშია და არა დამღუპველ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და არა მისთვის ენის გამოყოფა _ საქართველოში ნატოს რაკეტების განლაგებაზე ფიქრი!

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რანი ვიქნებოდით დღეს, ერეკლე მეფეს რუსეთის ნაცვლად თურქეთი ან ირანი რომ აერჩია. არა მგონია, ვინმემ თქვას, რომ ერეკლეს ორიენტირი შეეშალა. ახლა რატომ გვეშლება? სულ «უბრალო» მიზეზის გამო: დღეს ერეკლე არ გვყავს, ბაგრატიონი! გვყავს ირაკლი, ოღონდ ღარიბაშვილი; დავითი, ოღონდ უსუფაშვილი; იმის წინ კიდევ ბიძინა გვყავდა, ივანიშვილი და მიხეილი _ სააკაშვილი…

იაკობ ლეჟავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here