Home რუბრიკები პოლიტიკა ანა მიხაილენკო: ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

ანა მიხაილენკო: ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

523

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება პოლიტიკური მიმომხილველი ანა მიხაილენკო, რომელსაც ხარკოვში დავუკავშირდით.


_ ანა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თქვენ შიგნიდან აკვირდებით. ორიოდ სიტყვით როგორ შეაფასებთ იმას, რაც უკრაინაში ხდება? ჩვენ საქართველოში დეჟავუს შთაბეჭდილება გვიჩნდება. 90-იან წლებში საქართველოში დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მის ნაცვლად მოგვიყვანეს «პროდასავლური რეჟიმი», რომელსაც სამოქალაქო ომი, იავარქმნა და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.

_ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალება მოხდა: ოლიგარქების ერთმა წყებამ სხვა ოლიგარქები შეცვალა, ზომიერ პოლიტიკოსებს ჩაენაცვლენ პროდასავლურები, ქვეყანა გაკოტრების პირას მივიდა. დღეს აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა უკრაინის საზოგადოებრიობის ერთი ნაწილის იმედი ევროპასთან დაახლოებისა გამოიყენეს ე. წ. ქუჩის დემოკრატიის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლის მიზეზად. ამ ინსტრუმენტმა თავისი ეფექტიანობა დაამტკიცა ჯერ კიდევ იუგოსლავიაში «ბულდოზერული რევოლუციის» დროს. კიევის მაიდანზე გამართულ მიტინგებს დასაწყისში მშვიდობიანი პროტესტის ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს პროტესტი ძალიან მალე გადაიზარდა არეულობაში, პოლიციასთან შეტაკებაში, შენობების ხელში ჩაგდებაში, სნაიპერების სროლაში და ა. შ.

და თუ, ვთქვათ, თურქეთში ასეთ მიტინგებს უცერემონიოდ არბევენ და უმსხვილეს სოციალურ ქსელებს ხურავენ, ჩვენს ხელისუფლებას საამისოდ პოლიტიკური ნება არ ეყო. უკრაინელების უმრავლესობა დიდხანს ელოდა, რომ იანუკოვიჩი, ბოლოს და ბოლოს, მიიღებდა მკაცრ და ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას და დაშლიდა მთელ ამ ფსევდოპატრიოტულ ბალაგანს უცხოელი სტუმრებითურთ. მაგრამ მან ჯერ პრემიერი გაწირა, შემდეგ ე. წ. ოპოზიციურ სამეულთან (იაცენიუკი, კლიჩკო, ტიაგნიბოკი) სამარცხვინო ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, ბოლოს კი ძლივს გაასწრო და ქვეყანა ბედის ანაბარა დატოვა.

_ სამი თვეა, უკრაინაში «მაიდნის დემოკრატიაა» გამეფებული. როგორ აისახა ეს სიტყვის თავისუფლებაზე, რიგითი უკრაინელების კეთილდღეობაზე, თანასწორუფლებიანობასა და კანონის უზენაესობაზე?

_ ყველაფერ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დემოკრატია რომ ვუწოდო, თუნდაც «მაიდნის დემოკრატია», ენა არ მომიბრუნდება. სიტყვის თავისუფლება თითქოს არავის გაუუქმებია, მაგრამ ყველა, ვინც ასე თუ ისე აკრიტიკებდა ხელისუფლებას, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა _ დღეს თავისუფალი ხარ, ხვალ კი ციხეში აღმოჩნდები. ამასთანავე, სულერთია, ვინ ხარ _ ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო აქტივისტი. სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლაში გართული კიევის ხელისუფლება აბსურდამდე მიდის: მასობრივი ინფორმაციის წამყვანი საშუალებები დღედაღამ დაკავებულები არიან იმით, რომ ამართლებენ ხუნტას და საკუთარ მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ განაწყობენ. თითქოს პუტინის ბრალი იყოს, რომ ჩვენ 23 წლის განმავლობაში ნებას ვრთავდით (და ახლაც უფლებას ვაძლევთ) ერთ მუჭა ოლიგარქებს, გაევსოთ თავიანთი ჯიბეები, ჩვენ კი ქამრები შემოგვეჭირა.

რიგითი უკრაინელების უდიდესი უმრავლესობა დღეს შიშით შესცქერის მომავალს. მოსახლეობის შემოსავლების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, დევალვაციამ კი ეს შემოსავლები კიდევ უფრო გააუფასურა. დოლარი მტკიცდება, ევროც, აგრეთვე. ყოველდღიური მოხმარების საქონლის ფასი დაახლოებით ერთი მესამედით გაიზარდა. 1 მაისიდან სერიოზულად მოიმატა გაზის ფასმა. ზოგიერთმა საწარმომ შეწყვიტა ხელფასების გაცემა. რეგიონებში საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასები არარეგულარულად გაიცემა, მაგრამ ამაზე «ხელი არავის მოუწერია» და ნათელი «ევროპული იდეალებისთვის» თავიანთი ცხოვრების ჩვეულებრივი წესის შეწირვა უკრაინელებს მაინცდამაინც არ სურთ. მსგავსი რამ ჩვენ ერთხელ უკვე გამოვცადეთ «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ, როცა აშშ-მა უკრაინის ხელისუფლების სათავეში თავიანი კაცი ვიქტორ იუშჩენკო დასვა. დღეს ამის გახსენებას თავს არიდებენ, მაგრამ ანალოგია სახეზეა.

_ მასობრივი ინფორმაციის «პრომაიდნური» უკრაინული საშუალებები ოპონენტებს ტერორისტებად მოიხსენიებენ და მათ უკრაინული სახელმწიფოებრიობის მტრებად განიხილავენ. ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც კიევი ლუგანსკსა და დონეცკში აწარმოებს, უშედეგოა, და, როგორც ჩანს, იმიტომ ხდება ასე, რომ კიევის უხეში ძალა ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ვინ ვის ეომება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში და რას ფიქრობენ ამის თაობაზე ქვეყნის დანარჩენი მოქალაქენი?

_ ჯერ, მოდით, გავარკვიოთ, რომ უკრაინა არასოდეს ერთიანი არ ყოფილა. დასავლეთში ადამიანები მოვურად ლაპარაკობენ, აღმოსავლეთში კი _ რუსულად, ან უკრაინულისა და რუსულის ნაზავზე. ომის წლებში დასავლეთ უკრაინაში გერმანელებმა ეს-ეს-ის დივიზია «გალიჩინას» ჩამოყალიბება შეძლეს, დონბასში კი ამაზე ხელი არ მიუწვდათ _ მსურველები, პრაქტიკულად, ვერ მოძებნეს. ამიტომ, როცა კიევის ხელისუფლებამ თავისი ერთ-ერთი პირველი კანონით რუსული ენის შეზღუდვა მოისურვა, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკა კრახისგან ეხსნა, აღმოსავლეთში ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, აღელდა.

დღეს აღარავინ მალავს, რომ სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელი გახდა «მემარჯვენე სექტორის» რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტების წყალობით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არეულობებში. ისინი უმეტესად უკრაინის დასავლეთ რეგიონებიდან არიან, აღზრდილნი ყველაფერ რუსულისადმი ზიზღით და გაწვრთნილნი _ სპეციალურ ბანაკებში. ფაქტობრივად, ის თაობაა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა უკრაინის დამოუკიდებლობის წლებში. ქრისტიანული ღირებულებები მათთვის სრულიად მიუღებელია.

დღეს ე. წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც აღმოსავლეთში ხორციელდება, მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები და ეროვნული გვარდია, რომელიც უმეტესად სწორედ «მემარჯვენე სექტორის» მებრძოლებით არის დაკომპლექტებული.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა ახლახან განაცხადა, რომ მოხალისეების მიერ კიეველი ძალოვნებისთვის გაწეული წინააღმდეგობა წარმატებული ვერ იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშეო. ტვინი გაეხსნა, ბოლოს და ბოლოს. ანუ, რომ მოვაცილოთ ყველა მოგონილი სახელწოდება, როგორიცაა «ეროვნული გვარდია», გამოვა, რომ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებნი კიევის ხელისუფლების აქტიური წაქეზებით ცდილობენ, გაანადგურონ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებნი. ამას კი სამოქალაქო ომი ეწოდება. მაგრამ ძალები ამ ომში უთანასწოროა: სახალხო ლაშქარს მხოლოდ ბოლო დღეებში გაუჩნდა ნაღმსარტყორცნები, მაშინ, როცა მის მოწინააღმდეგეებს არტილერია, ჯავშანტექნიკა და ავიაციაც კი ჰქონდათ.

უკრაინელების უმეტესობას ლოდინი უჩევნია, იცდიან, ვიდრე რომელიმე მათგანი რამეს გააკეთებს. შეიძლება პოროშენკომ არჩევნების შემდეგ სულ სხვაგან გაუტიოს, შეიძლება რუსეთმა სამშვიდობოები რამენაირად შემოიყვანოს, შეიძლება უცხოპლანეტელები მოფრინდნენ. სერიოზულად კი ვიტყვი, რომ უკრაინელები ითმენენ. მაგრამ ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როცა შესაძლებელს ხდის ოდესის მსგავსი ტრაგედიის დაშვებას იმიტომ, რომ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

_ რა შეგიძლიათ თქვათ «მაიდნის» ლიდერებზე? ვინ არიან ხელისუფლების სათავეში მოსული ადამიანები? რა არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს მათ?

_ ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც არავის აურჩევია. მათ კიევის «მაიდნის» სცენიდან თავიანთი თავი თვითონვე დაინიშნეს თანამდებობებზე ისე, რომ ათასობით მომიტინგის აზრს მიაფურთხეს. ბევრი მათგანი ასეთ საკადრო გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

მეორე _ რთულია, უწოდო მათ «მაიდნის» ლიდერები. დიდი სიყვარულის გამო არ ამოუსვრიათ ცეცხლმაქრობი სითხით კლიჩკო, იაცენიუკს კი რამდენიმეჯერ შეასხეს ბრილიანტის მწვანე. რა სახალხო მხარდაჭერაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?

რეალური ლიდერი არის მაიდნის ექსკომენდანტი ანდრეი პარუბიი, რომლის ნებართვის გარეშე, არაფერი კეთდებოდა, და «მემარჯვენე სექტორის» ლიდერი იაროში. პირველი დღეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის მდივანია და კურატორობს ძალოვან სექტორს, მეორე დაკავებულია პოლიტიკაში საკუთარი თავის «ლეგალიზაციით» საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მეშვეობით.

_ ყირიმი, რეფერენდუმები ლუგანსკსა და დონეცკში, ხანგრძლივ ქაოსში ჩაძირული ქვეყანა, ასეულობით მსხვერპლი, სახელმწიფოს გაყოფის რეალური საფრთხე _ ღირდა კი ამის ფასად ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლება და ავაკოვის მინისტრად დანიშვნა?

_ მე ტიმოშენკოს გათავისუფლებასა და ავაკოვის დანიშვნას თანმდევ შედეგს დავარქმევდი. შუალედური შედეგი კი ჯერჯერობით ასეთია: უკრაინა უკვე აღარასოდეს იქნება უწინდელი სახით და, სავარაუდოდ, კიდევ განაგრძობს ტერიტორიების დაკარგვას. დიახ, უზენაესმა რადამ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ჩვენც არასოდეს ვაღიარებთ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა, მაგრამ, ამასთანავე, ზაფხულში იქ დასასვენებლად წასვლა უკვე შეუძლებელია. მაშ, რისთვისღა არის საჭირო ეს ხმამაღალი, მაგრამ ცარიელი ფორმულირებები და კანონები?!

მოვიყვან ციტატას, რომელიც ბევრი უკრაინელის განწყობას ასახავს: «ასეულობით მოკლული, ათასობით დაჭრილი, გაპარტახებული კიევი, თითქმის დეფოლტი, ევროკავშირში არ გვიღებენ, ბუნებრივი აირი ძვირდება, ყირიმი დაკარგულია, ანარქია და ქაოსი, სამხრეთ-აღმოსავლეთში გუბერნატორებად ოლიგარქები დანიშნეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბებიებს, რომლებიც ბოთლებში ბენზინს ასხამდნენ და ქვაფენილს ამახინჯებდნენ. საერთოდ კი, მადლობა ყველას, ვინც თავზე ქვაბჩამოცმული დადიოდა. თქვენ მაგ ქვაბებში დაიბადეთ».

სხვათა შორის, გათავისუფლებული ტიმოშენკო ამ დღეებში უკრაინას მესამე «მაიდნის» მოწყობით დაემუქრა, თუკი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ასე რომ, მხოლოდ ამისთვის არ ღირდა ტიმოშენკოს გათავისუფლება ციხიდან. თუმცა, გინდ ციხეში იყოს, გინდ _ თავისუფალი, რა აზრი აქვს? მისგან არავითარი სარგებელი არ არის. ტიმოშენკომ საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი, როცა ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ სურს, ხელში ავტომატი აიღოს და სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებთა დასახოცად წავიდეს. ასე რომ, იულიას პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

_ სოციალურ ქსელებში ხშირად ქვეყნდება შეფასებები, რომ «მაიდნის» ორგანიზატორი დასავლეთი იყო, რომ სწორედ დასავლეთმა მოახდინა სისხლისღვრის პროვოცირება, როდესაც ორმაგი სტანდარტი გამოიყენა და წააქეზა მოქმედება «მაიდნელი» რადიკალების ექსტრემისტებისა და მოფაშისტო ელემენტებისა, რომლებსაც «სახალხო პროტესტის გამომხატველებად» განიხილავდა. ახლა კი, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა საერთო-სახალხო პროტესტს გამოხატავს რადიკალური და ექსტრემისტული ელემენტების წინააღმდეგ, დასავლეთი ასეთ პოზიციას რატომღაც ტერორიზმად მიიჩნევს…

_ ერთხელ _ ეს არის შემთხვევითობა, ორჯერ _ დამთხვევა, სამჯერ კი _ კანონზომიერება. დასავლეთი პირველად ხომ არ იყენებს ორმაგ სტანდარტს? გაიხსენეთ სირია. აშშ სამი წლის განმავლობაში უწოდებდა ოპოზიციას «ალ ქაიდას» მებრძოლებს, მათ სამი წლის განმავლობაში ამარაგებდნენ იარაღით, პრეზიდენტ ასადს კი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებდნენ. გაიხსენეთ ერაყი, სადაც ქიმიური იარაღი ვერსად იპოვეს, შეხედეთ ლიბიას, რომელიც კიდევ კარგა ხანს იქნება გახვეული ცეცხლის ალში.

და კიდევ _ თავს უფლებას მივცემ, გავიხსენო, როგორ შეიჭრა აშშ 1983 წლის ოქტომბერში საწყალ გრენადაზე გამოგონილი მიზეზით, როგორ აქციეს ნაცარტუტად ადგილობრივი შეიარაღებული ძალები და დაამხეს მორის ბიშოპის კომუნისტური ხელისუფლება. რა უფლება ჰქონდათ? _ ჩემი აზრით, არანაირი. ეს, უბრალოდ, ბიზნესი იყო და მეტი არაფერი.

სამწუხაროდ, დასავლეთი ამჟამადაც განაგრძობს ორმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკას. ისინი ვერ ხედავენ ნაციონალიზმს, კვლავაც ჯიუტად უწოდებენ ევრომაიდანს მშვიდობიან პროტესტს, კიევის ხუნტას _ კანონიერ ხელისუფლებას, ხოლო ნახევრადცარიელ უზენაეს რადას _ საკანონმდებლო ორგანოს. დასავლეთში მხოლოდ ახლახან გაისმა ვაშინგტონის ოფიციალური კურსისადმი უნდობლობის სიგნალები. ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა სენატორმა კალიფორნიის შტატიდან, როგორც იქნა, აიძულა ვიქტორია ნულანდი, ეღიარებინა, რომ ევრომაიდანზე რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები იყვნენ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ასეთი დაუფარავი თავხედობა არის იმის შედეგი, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ვერ ხედავს სრულ სურათს, რომელიც ხდება უკრაინაში, და არ შეუძლია პოლიტიკოსებზე საზოგადოებრივი აზრით ზემოქმედება. მაგალითად, შარშან, როდესაც ობამა მზად იყო სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა (85 პროცენტი) წინააღმდეგი იყო. და ბატონმა ბარაკმა თავისი სავარძლის დაკარგვა არ გარისკა.

რიგითმა ამერიკელებმა რომ იცოდნენ, როგორ დაიღუპნენ ადამიანები ოდესის პროფკავშირების სახლში და მათ «ედინაია უკრაინას» მომხრეები «შებოლილ ასეულს» და «შებრაწულ კოლორადოს ხოჭოებს» უწოდებენ, ნულანდს მისი ბუნდოვანი ფორმულირებებისთვის, ალბათ, ობსტრუქციას მოუწყობდნენ.

და, სხვათა შორის: დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობას, რომელსაც ნამდვილად არ სურს, რამე საერთო ჰქონდეს ასეთ კიევთან, უკრაინული მასმედია ტერორისტებს უწოდებს. დასავლეთის გაზეთები და საინფორმაციო სააგენტოები კი უკვე კეთილშობილურ ტერმინ ღებელს-ს იყენებენ, ანუ «ამბოხებულებს». და ეს, შესაძლოა, პოზიტიური სიგნალია.

_ თქვენი აზრით, თუ არსებობს კავშირი უკრაინულ მოვლენებსა და ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გაზმომპოვებელი კომპანიის დირექტორთა საბჭოში ჯოზეფ ბაიდენის ვაჟის დანიშვნას შორის?

_ რა თქმა უნდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ის ნებისმიერი ქმედების უკან დგას მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები: ეს შეიძლება იყოს ნახშირწყალბადების მარაგი, შეიძლება _ გასაღების პერსპექტიული ბაზარი ან, უბრალოდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. თავის დროზე ინტერნეტში ვრცელდებოდა დემოტივატორები ლოზუნგებით: «თქვენ გაქვთ ნავთობი, მაგრამ არ გაქვთ დემოკრატია? მაშინ მოვფრინავთ თქვენთან». ეს ერთმნიშვნელოვნად აშშ-ზეა ნათქვამი.

დასავლეთი ასეთივე პრინციპებით ხელმძღვანელობს უკრაინაშიც, როდესაც ჩვენ განგვიხილავს არა როგორც 46-მილიონიანი მოსახლეობისა და მდიდარი კულტურის მქონე სახელმწიფოდ, არამედ როგორც საკმაოდ ვრცელ და პერსპექტიულ ტერიტორიად, სადაც გაზის მოპოვება და ევროპისთვის მიყიდვა შეიძლება. ამის კიდევ ერთი დასტური კი ამ პოსტზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის შვილის დანიშვნაა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here