Home რუბრიკები საზოგადოება გმადლობთ, მაესტრო! ანუ ორიოდე შენიშვნა ზურაბ ნიჟარაძის ახალ ალბომზე

გმადლობთ, მაესტრო! ანუ ორიოდე შენიშვნა ზურაბ ნიჟარაძის ახალ ალბომზე

826

მომავალ ორშაბათს, 19 მაისს, 19 საათზე კ. მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება ქართული კულტურის ამაგდარი მოღვაწის, პროფესორ გოგი დოლიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. მიუხედავად საპატიო ასაკისა, ბატონი გოგი დოლიძე ჩვენი გაზეთის ერთობ აქტიური თანამშრომელია და აი, ვაქვეყნებთ კიდეც მის ახალ სტატიას, რომელიც რიგით მეთხუთმეტეა მიმდინარე წელს.


ნამდვილი ღვთის წყალობა იყო, ალბათ, ის ამბავი, რომ დაბადების 80 წლისთავზე ისეთი საჩუქარი მივიღე მშვენიერი ნეკა სებისკვერაძისგან (ფორმალობის მოყვარულთათვის ქალბატონი ნეკა შეიძლება მხოლოდ თავმჯდომარე იყოს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა), რომელსაც ჩემი თაობის ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა – უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ამ შესანიშნავ ალბომს (A4 ფორმატი, 185 გვ., მთლიანად ცარცის ფურცელი) თითქოს სულაც არ აქვს პრეტენზია, ამომწურავად წარმოაჩინოს ჩვენი სახელოვანი ფერმწერის _ ბატონ ზურაბ ნიჟარაძის უმდიდრესი მხატვრული მემკვიდრეობა, მაგრამ, საბედნიეროდ, იგი არსებითად მაინც ახერხებს ამას. როგორც ამ შესანიშნავი პროექტის ავტორი და ალბომის უშუალო შემდგენელი, ბატონი გიორგი ჯანბერიძე მიუთითებს შესავალშივე, ფაქტობრივად, მკითხველმა მიიღო დიდი მაესტროს ჭეშმარიტი რჩეული (თუმცა იქ მოკრძალებითაა ნათქვამი – ერთგვარი რჩეულიო…).

ახლა იმის თაობაზე, ასე რატომ გავუსვი ხაზი, _ ჩემი თაობის ადამიანებისათვის-მეთქი – იმ უბრალო და ბედნიერი მიზეზის გამო, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებში ჟურნალ «საბჭოთა ხელოვნებაში» ვმუშაობდი. ისეთი ინტერესიანი და დაუცხრომელი რედაქტორი გვყავდა _ ბატონი ოთარ ეგაძე, რომლის მახვილ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარებოდა და, ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა, მაგრამ საზოგადოებრივ ასპარეზზე ერთობ გააქტიურებული, თანაც პიროვნული მომხიბვლელობითა და მოკრძალებით ფრიად გამორჩეული ზურაბ ნიჟარაძე ჩვენი ჟურნალის ხშირი სტუმარი იყო, როგორც პირდაპირი, ისე ფიგურალური გაგებით.

რაღა დაგიმალოთ და კინემატოგრაფისტებს ისიც გვეამაყებოდა, რომ ბატონი ზურაბი ჩვენი «სიძე» იყო, მეუღლე ქალბატონი ციცინო ციციშვილისა, რომელიც თენგიზ აბულაძემ მონათლა კინომსახიობად და შესანიშნავი სახეც შეაქმნევინა ფილმში «სხვისი შვილები» (1958); ამას მოჰყვა ლანა ღოღობერიძის «თავადის ასული მაია» (1961), რომელშიც ახალბედა მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი _ დაფინო განასახიერა და კიდევ უფრო გაიმყარა, ასე ვთქვათ, პოზიცია კინოში…

ნუ გამიმტყუნებთ და, როგორც კინომცოდნეს, ძალიან დამაკლდა ეს ინფორმაცია ამ მშვენიერ ალბომში, მით უმეტეს, რომ აქ უხვადაა ქალბატონი ციცინოს პორტრეტები, მაგრამ არსად არის მინიშნება, რომ იგი მეუღლეა ბატონ ზურაბ ნიჟარაძისა, თუნდაც იმ ფორმით, როგორიც ესოდენ მიღებულია მხატვრობაში, ვთქვათ, «მხატვრის მეუღლე» თუ «მეუღლის პორტრეტი» და მისთ.

ეს პრეტენზია ან კრიტიკული შენიშვნა არ არის ალბომის გამოცემის მესვეურთა მიმართ, მკითხველის სურვილია მხოლოდ, მკითხველისა, რომელსაც, ბატონებო, თავისი ახალგაზრდობის ძვირფასი და საყვარელი მოღვაწეები შეახსენეთ და მადლობასაც გიხდით ამის გამო…

სწორედ ამ თვალსაზრისით, რამდენიმე სხვა სურვილიც უნდა გამოითქვას და, ეგებ, კრიტიკული შენიშვნაც. ცხადია, ამ მშვენიერ ალბომში ნახატებია მთავარი, თუმცა, რაკი შიგადაშიგ ტექსტებიცაა და, პირდაპირ უნდა ითქვას, მეტად საინტერესო ტექსტებიც, ავტორებს კალამიც უჭრით და არც პოეტური აღმაფრენა აკლიათ, მაგრამ, ცხადია, ურედაქტორობას ვერაფრით მოგიწონებთ, ბატონებო, და სხვა დროისთვის, იმედია, გაითვალისწინებთ ამას. ოღონდ, ღვთის გულისათვის, კვლავაც ისეთი რედაქტორი არ შეარჩიოთ, როგორც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდი ბატონ თ. უთმელიძის წიგნზე (იხ. «საქართველო და მსოფლიო», 7.V.2014, გვ. 26-27).

ისეთ ალბომში, რომლის ძირითადი, ანუ, თუ შეიძლება უბრალოდ ითქვას, ნახატებიანი გვერდები მართლაც სავსეა ფერთა სიმფონიით, რაოდენ ტრივიალურადაც უნდა მოგეჩვენოთ ეს გამოთქმა, არ შეიძლება, მოზაიკასავით მიმოფანტული ტექსტები არღვევდეს ამ ამაღლებულსა და ფაქიზ ტონალობას. აკი დელაკრუასაც უბრძანებია, ნახატის ღირსება ისაა, თვალისათვის დღესასწაული შექმნასო… ტექსტს, რა, სხვა დანიშნულება აქვს?! ყველაფერი ხომ სიტყვიდან იწყება?! სამწუხაროდ, ამ მხრივ ალბომში ერთგვარი დისონანსია, ირღვევა სასურველი კეთილხმოვანება, რომელსაც ვერაფრით მივესალმები…

მაგრამ, ვიდრე ორთოგრაფიულ (მართლწერის) საკითხებზე გადავალ, ერთ კონკრეტულ პრობლემაზე (სამწუხაროდ, რეალურ პრობლემაზე!) უნდა გავამახვილო ყურადღება _ ტრადიციულად რატომ ვიჩენთ დაუდევრობას ისეთი მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, თვალში საცემი სასვენი ნიშნების მიმართ, როგორიცაა: დეფისი და ტირე, რატომ ვურევთ ერთმანეთში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ დეფისი, მარტივად რომ ვთქვათ, პატარა, მოკლე ხაზია (-) და ძირითადად იხმარება სიტყვათა შესაერთებლად (დედ-მამა, ქართლ-კახეთი და მისთ.), სიტყვის გადასატანად მომდევნო სტრიქონზე და ა. შ. ტირე კი (_) სიგრძით ორჯერ მეტია დეფისზე და ა. შ. როგორც ჩანს, ეს ელემენტარული წესი დავიწყებიათ გამოცემის მესვეურებს (რაკი ალბომს არც რედაქტორი ჰყავს და არც კორექტორი, სხვა გზა არ არის, საყვედური ამ მისამართით უნდა გაიგზავნოს), თანაც ყველაზე კომიკური ისაა, რომ იყენებენ ვითომ დეფისს, სინამდვილეში ეს არის ტირე და ამის ნიმუშებით, რომ იტყვიან, გადაძეძგილია ალბომის ქართული ტექსტი (მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არა ინგლისური), რაც, დამეთანხმებით, დამაფიქრებელია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, ისიც სწორედ ისე, როგორც წიგნშია, ანუ ტირეთი, თუმცა ყველგან უნდა იყოს დეფისი: «ნელ_ნელა» (31, 37, 39), «ფენა_ფენა» (33), «ძვალ_რბილში» (27), «ერთ_ერთი» (24), «ქართულ_რუსული» (42), «ცოდვა_ბრალი» (42) და ა.შ. და ა.შ. გაუთავებლად.

უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, ნაწილაკი «მეთქი» წინა სიტყვას უერთდება სწორედ დეფისით და არა ისე, როგორც აქ არის, ტირეთი: «მომწიფდეს_მეთქი» (32) და ა. შ.

ის სიტყვებიც კი ტირეთი წერია, რომლებიც ერთად უნდა იყოს. მაგალითად, ერთ პატარა მონაკვეთში სამჯერაა «პირ_სახე» (26), მაშინ, როცა იგი ერთად იწერება («პირსახე»), «ჰაი_ჰარად» (29) _ უნდა იყოს «ჰაიჰარად» და ა. შ.

ერთი სიტყვით, განმეორდა გამომცემლობა «საქართველოს მაცნეს» სავალალო გამოცდილება, როცა ცნობილი მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ბატონ რევაზ მიშველაძის თხზულებათა I ტომი (2012 წ.) ისე იქნა აწყობილ-რედაქტირებული, რომ დეფისი თითქმის სრულიად გამოირიცხა და სულ ტირეებით გაიწყო ტექსტი, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სიტყვის მომდევნო სტრიქონზე გადატანის დროსაც კი…

ახლა _ ცალკეული სიტყვები:

«შემხედვარე» კი არა (29), «შემხედველი», როგორც კატეგორიულად ითხოვს «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი», გვ. 537;

«სხვაფრად» კი არა (37), «სხვაგვარად», ესეც კატეგორიული მოთხოვნაა «ორთ. ლექსიკონისა», გვ. 461;

არც «ტექსტუალური» არის სწორი, უნდა იყოს «ტექსტობრივი», ისევ «ორთ. ლექსიკონის» კატეგორიული მოთხოვნით, გვ.464;

ამასთან, «თრთოლვა» (48) და «მთრთოლვარე» (37) კი არა, არამედ: «თრთოლა» და «მთრთოლარე», როგორც ითხოვს ისევ და ისევ კატეგორიულად «ორთ. ლექსიკონი» (292).

ცალ-ცალკე იწერება: «არცერთი» (3, 49) _ «არც ერთი», «შუასაუკუნეებში» (42) _ «შუა საუკუნეებში», «ბოლოსდაბოლოს» (50) «ბოლოს და ბოლოს», «ახლადმოპოვებული» (51) «ახლად მოპოვებული» და ა. შ. ვერაფერი შვილია გამოთქმა: «ამის გარეშე» (8) _ ქართულად ითქმის: «უამისოდ» (გაიხსენეთ, გალაკტიონის ცნობილი «უსიყვარულოდ არ არსებობს…»), «მოდელის გარეშე» (39) _ «უმოდელოდ» და სხვ.

მოკლედ და უკომენტაროდ სხვა სიტყვებზეც: «ელასტიური კი არა (8) _ «ელასტიკური», «ახლახანს» (40) _ «ახლახან», «ესსე» თუ «ესსეისტი» (36) _ «ესე» და «ესეისტი» და ა.შ.

მაგრამ ეს რაა, ზოგჯერ ისეთი სიტყვების კორიანტელი ატყდება («ექზისტენიციური» _ არც უნდა არსებობდეს ასეთი ქართული სიტყვა, ისევე, როგორც «ექსისტენიცია», გვ. 50 და ა.შ.), რომ, სულო ცოდვილო, ერთი ბრძნული შეგონება მახსენდება, რა საჭიროა სულ «მერანი» და «რაში» ვიძახოთ, ზოგჯერ, უბრალოდ, ვთქვათ «ცხენი»… რაც შეეხება გამოთქმას «სოკრატული მამაცობით» (გვ.49, «შოცრატეს ბრავერყ»), ეს უკვე ნამეტანია, მე და ჩემმა ღმერთმა!

ბარემ ერთი ნიმუშიც იმისა, თუ როგორ არ უნდა ვწეროთ ქართულად _ მარტო ქართული სიტყვები საქმეს არ შველის, თვით სტრუქტურა უნდა იყოს ქართული ბუნებისთვის დამახასიათებელი:

«ეს ის პიკოა, 1484 წელს მედიჩის, ერთ_ერთ (ისევ ტირე – გ. დ.) ეპისტოლეში უცხადებდა რა პიეტეტს, იმასაც სწერდა, რომ მას აღაფრთოვანებს არა მარტო ის, რაც გამოგონილია ლორენცოს ტექსტებში, არამედ ისიც, რაც აღმოცენებულია მატერიისაგან, რითაც მისი სულია დაკავებული» (24).

მგონი, ლ. ტოლსტოის ბრძნული ფრაზაა სწორედ ამაზე ნათქვამი _ «ილაპარაკე რა უბრალოდ, შენ ხომ საკმაოდ გონიერი ხარ საამისოდ».

გოგი დოლიძე

P. S. ისე, სხვათა შორის, სახელი «დავითი» ინგლისურად არის «David» და არა «Davit» (5, 52), ხოლო «ახალი» _ «New» და არა «Recent» (5, 107). ეს იმდენად ელემენტარულია, რომ, როგორც ხედავთ, ძირითად ტექსტში არც მიმინიშნებია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here