Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგია აგებულია ცრუ ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ინდივიდზე

ხათუნა საგინაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგია აგებულია ცრუ ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ინდივიდზე

818

წლებია, ქართველი ხალხი ობიექტურ, სამართლიან ტელევიზიაზე ოცნებობს, ტელევიზიაზე, რომლის «ცისფერი ეკრანიდანაც» მხოლოდ სიმართლეს შეიტყობს, მოისმენს კულტურულ-საგანმანათლებლო და მაღალზნეობრივ ინფორმაციას, მაგრამ ამას ვერა და ვერ ეღირსა. 


საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით იკვებება და მისი ბიუჯეტი, არც მეტი, არც ნაკლები, 38 მილიონია, დღემდე გამოუსადეგარია საზოგადოებისთვის. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ე. წ. ბორდი ვერ დააკომპლექტეს, უფრო მეტიც _ ერთის მაგივრად ორი ბორდი ჰყავს ტელევიზიას და ორივე «ნაცების» იდეოლოგიაზეა მორგებული. არიან თუ არა კომპეტენტურები ბორდის შესარჩევი კომისიის წევრები, რა კრიტერიუმით შეირჩნენ ეს ადამიანები და როგორი იდეოლოგიით აპირებს მაუწყებლობის გაგრძელებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? _ ამ საკითხებზე კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მსურველი ჟურნალ «ქვაკუთხედის» რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება.

_ ქალბატონო ხათუნა, ხელთ მაქვს თქვენი კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია «ცისფერი ეკრანიდან» მოწოდებულ პროპაგანდაზე და ამ პროპაგანდისადმი სიფრთხილით მიდგომაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს კონცეფცია მავანთათვის მისაღები არ აღმოჩნდა.

_ სიმართლე გითხრათ, არსებული ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის დიდი იმედი არ მქონდა, რესპუბლიკელებისგან რაიმე განსაკუთრებულს არც ველოდებოდი, არ მიფიქრია, რომ ეროვნული მრწამსის მიხედვით შეარჩევდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა; მსურდა, მემხილებინა ის პოლიტიკა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. გასაგებია, რომ კომერციული, კერძო არხები ცდილობენ, საზოგადოების დაბალ გემოვნებას მოერგონ, რადგან სხვა ვითარებაში მოგებაზე ვერ იმუშავებენ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საზოგადოებას პრეტენზია ნამდვილად უნდა გვქონდეს, რადგან ის ჩვენი ფულით ფინანსდება და უნდა გააკეთოს ის, რაც ხალხს სურს _ არ მოერგოს გაუკუღმართებულ გემოვნებას, მიმართული უნდა იყოს საზოგადოების აზრის გაჯანსაღებისა და დახვეწისკენ.

საბუთები შევიტანე კომისიაში, მაგრამ გასაუბრებაზე არ დამიშვეს, დავურეკე კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეს და ვუთხარი, დასაბუთებულად აეხსნა ამის მიზეზი. საბუთები წესრიგში მქონდა. ბორდი მოწოდებულია იმისთვის, რომ განსაზღვროს პრიორიტეტები და განკარგოს ფინანსები. გარდა იმისა, რომ მე პრაქტიკოსი ჟურნალისტი ვარ, მაქვს ფინანსისტის დიპლომიც. მოკლედ, მიზეზი სხვა რომ ვერაფერი ნახეს, კონცეფციაზე შემომედავნენ. თუმცა კომისიამ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი ისეთ კონკურსანტებს გადაალახვინა, ტელევიზიასთან ახლოსაც რომ არ არიან, შესაბამისი განათლებაც კი არ აქვთ… მათგან ზოგი ექიმია. ყველას პატივს ვცემ, ისინი თავის დარგში წარმატებულები არიან, მაგრამ პრაქტიკოს ჟურნალისტს, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ორგანიზმი უნდა იყოს, უარს ეუბნებიან.

_ თქვენს კონცეფციაში ერთ-ერთი მუხლი ასეთი შინაარსისაა: «საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, მხოლოდ სიმართლეზე დაფუძნებული საინფორმაციო სამსახური, რადგან პოლიტიკური ძალები მოდიან და მიდიან, ღირებულებები კი უცვლელია»; გარდა ამისა, თქვენ თითქმის ყველა პუნქტში ზნეობასა და სახელმწიფოებრივ ხედვებზე გაქვთ ყურადღება გამახვილებული. ამან ვინმე შეაშინა?

_ დღემდე ვერ მცემენ პასუხს, რატომ არ მიმიღეს. ეკა მეშველიანის თოქშოუში უნდა მიმეღო მონაწილეობა, მიწვევაც მქონდა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრეს, მითხრეს, თემა შეიცვალაო. ყველაფრის სათავე კი არის ის, რომ სახელმწიფოში ეროვნულ იდეოლოგიაზე გათვლილი კონცეფცია მისაღები არ არის. სხვა კონკურსანტების კონცეფციებს გავეცანი და ვიტყვი, რომ სტრატეგიული ხედვა არ მინახავს, ყველგან ტაქტიკური ხედვა იყო მხოლოდ.

ტელევიზია არის იარაღი, რომელსაც ადამიანის ცნობიერებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, დღეს კი არავინ იცის, რა მიზანს ემსახურება.

დღეს ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგია აგებულია ცრუ ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ინდივიდზე. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ახლა დაამტკიცეს, ასეთ ინდივიდებზეა გათვლილი.

არ შეიძლება, ტელევიზია ემსახურებოდეს გაურკვეველ დაჯგუფებებს და მათ იდეოლოგიას ატარებდეს. კონცეფცია, რომელიც მე წარვადინე, მიმართული იყო იქით, რომ ყველა, ვისაც სურვილი აქვს ტელევიზიით გამოვიდეს, მხოლოდ სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს.

მინდა, მხილებული იქნას ამ საკითხისადმი მიდგომა არაკომპეტენტური ადამიანებისა, რომლებიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შერჩევაში მონაწილეობენ.

რესპუბლიკური პარტიის ოპონენტი ვარ. სწორედ მათი ლუსტრირებისთვის შევიტანე საბუთები აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის, რადგან ამ პროცესებში მათი მხილების საფუძველი მომცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ უარის მიზეზის მოტივი ვერ დამისახელეს, ნათქვამი, რომ მათთვის ჩემი კონცეფცია მიუღებელია, ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლებისა, რომლისთვისაც მიუღებელია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების კონცეფცია. ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა სულისკვეთების ადამიანების ხელშია ჩვენი ქვეყანა.

_ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში წერია, რომ მან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები უნდა ასახოს. მაინტერესებს, რომელიმე სეპარატისტულმა დაჯგუფებამ რომ მოითხოვოს საკუთარი ინტერესის გამოხატვა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს დააზარალებს, ასეთ დაჯგუფებას უფლებას მისცემენ, საკუთარი აზრები და სურვილები სრულიად საქართველოს გააცნონ? ჩემი კონცეფცია სწორედ ამაზე იყო აგებული, რომ სეპარატისტებსაც კი ისეთი პროდუქცია უნდა მივაწოდოთ, რომ სეპარატიზმის უარყოფითი გავლენა ვაჩვენოთ. კომისიასა და პარლამენტის დიდ ნაწილს კომპეტენცია არ ჰყოფნით ამის დასანახად.

_ ეს მიზანმიმართულად კეთდება?

_ ზვიად ქორიძემ პირად საუბარში ისეთი რაღაცები მითხრა, რომ კომპეტენციის პრობლემა უდავოდ აქვს, მაგრამ მიზანმიმართულ ქმედებასაც არ გამოვრიცხავ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეს ზვიად ქორიძე რა გახდა ასეთი ,რომ ყველგან ეგ ზის.ის არის არაკომპეტენტური,უვიცი ჟურნალისტი,მაგრამ ყველა მთავრობაში ხეირობს,რატომ?არა მგონია მხოლოდ იმიტომ რომ კონფრომისტი და კოლაბორაციონალისტია.იქნებ ვინმემ აუხსნას და მოსვას თავის ადგილზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here