Home რუბრიკები ისტორია სამველ კარაპეტიანი ტიფლისის მერები

სამველ კარაპეტიანი ტიფლისის მერები

966

XIX ს. მეორე ნახევარი 1917 წლამდე _ აი დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში ტიფლისში ერთმანეთს 47 მერი ჩაენაცვლა, რომელთა მოღვაწეობის ისტორიას ქვემოთ გადმოგცემთ.


აღნიშნული პერიოდი, შესაძლებელია, სამ ეტაპად წარმოვიდგინოთ:

1. XII-XIII საუკუნეები, როცა მერები ცნობილნი იყვნენ, როგორც ნაცვლები, ამირა ან შააპები;

2. XVII ს. დასაწყისიდან 1801 წლის ჩათვლით, როცა ქალაქს მართავდა მელიქი ან მელიქი-მამასახლისი;

3. 1840-1917 წლები, როცა ამ თანამდებობას უწოდებდნენ მერს.

სავსებით შესაძლებელია და ზოგიერთი არსებული მასალის მიხედვით მტკიცდება, რომ XII ს. მეორე ნახევრამდე, ასევე, XIII-XVII საუკუნეებს შორის ტიფლისს ჰყავდა თავისი მერები _ თავადი, ნაცვალი, უხუცესი, მელიქი, მელიქი-მამასახლისი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ცნობები უაღრესად მწირია, რაც, საბოლოო ჯამში, სრულ წარმოდგენას ვერ გვიქმნის განსახილველ საკითხზე, ამიტომ საკვლევი მასალის შესწავლას ვიწყებთ XII საუკუნის მეორე ნახევრიდან.

აღნიშნულ პერიოდში და XII საუკუნის ბოლომდე თბილისის ამირას (ნაცვალის) თანამდებობა ეკავათ მახკანაბერდიელთა არწრუნიანცის სათავადო სახლის წარმომადგენლებს. ამ წლებში ერთმანეთი შეცვალეს ნაცვლებმა ვასაკმა და კურდმა, რომლებიც ძმები იყვნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მხოლოდ XVIII ს. ბოლოს მელიქის თანამდებობას ახალი სახეები იკავებენ _ ბეიბუდიანების გვარის შთამომავლები, რომლებმაც ითავეს თბილისის მართვა ამავე სახელწოდების გუბერნიაში.

მრავალრიცხოვანი წერილობითი წყარო მოწმობს, რომ ბეიბუდიანები მართავდნენ ქალაქს XVII საუკუნის შუა ხანიდან. გვარის უკანასკნელი წარმომადგენლის _ მელიქ დარჩის წერილის მიხედვით, რომელიც მან 1802 წლის 21 მარტს გენერალ კნორინგს გაუგზავნა, მელიქების მოვალეობის შესრულებას ისინი მხოლოდ 1714 წელს შეუდგნენ.

მელიქ ბეიბუდიანებს ქართველი მეფეები წყალობდნენ. მათთვის ბოძებული პრივილეგიები ქართველი არისტოკრატების პრივილეგიების ფარდი იყო. «სომხები, ანუ მოქალაქეები დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ თბილისში. ქართველი მეფეები მათ ყოველნაირად მხარს უჭერდნენ. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის მოქალაქეებს სიკვდილით არ სჯიდნენ, როგორც სხვა უბრალო წოდებას, მხოლოდ ფულად ჯარიმას ახდევინებდნენ. ქართველთა მეფის _ ვახტანგის კანონების თანახმად, მოქალაქისა და მეორე რანგის არისტოკრატის სიცოცხლე ერთნაირად ფასობდა. ძნელბედობის ჟამს, როცა საქართველოს ხარკი სპარსეთის შაჰისთვის უნდა ეხადა ქალიშვილებითა და ჭაბუკებით, რომელსაც არბარი ეწოდებოდა, სომხები ამ ხარკისგან გათავისუფლებულები იყვნენ. სანაცვლოდ ფულს იხდიდნენ. სომხები გარკვეულ ხარკს (მახტას) უხდიდნენ მეფეს, შეეძლოთ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, უფლება ეძლეოდათ, დაეკავებინათ რამდენიმე თანამდებობაც კი». ისინი, ჩვეულებრივ, ხელოსნობას მისდევდნენ… ქართველებს მოქალაქეებად არ წერდნენ. როცა რუსებმა ხელთ იგდეს თბილისი, ქართველთა მხოლოდ ერთი გვარი ჩაწერეს მოქალაქედ».

(წიგნში მოცემულია თბილისის პირველი რანგის მოქალაქეთა სიაში 79 სომხური გვარია ჩამოთვლილი. მათ შორის ქართველი არც ერთი არ არის).

რაც შეეხება ქართველების არყოფნას ძირძველი მოქალაქეების სიაში, ეს საკითხი თავის დროზე დასაბუთებული იყო შემდეგნაირად (ეს ციტატა პუბლიკაციის წინათქმაშიც შემოგთავაზეთ. _ რედ.):

«წარმომავლობით ქართველებს მიდრეკილება არ ჰქონდათ ქალაქური ცხოვრებისადმი, სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობისადმი. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ, სარფიანობისა და უპირატესობის მიუხედავად, მოქალაქეთა წოდება მხოლოდ სომხებით იყო წარმოდგენილი».

1640-იანი წლებიდან დაწყებული, 1801 წლამდე, როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა, ტიფლისის მერის თანამდებობა მემკვიდრეობის უფლებით ეკავათ თავად ბეიბუდიანებს. აღნიშნულ პერიოდში დასახელებული გვარის 15 მელიქი ჩაენაცვლა ერთმანეთს…

მელიქის პრივილეგია იყო ის, რომ იგი ფლობდა ქალაქის ხუთივე ჭიშკრის (შესასვლელის) გასაღებს: «ქალაქს 5 კარი ჰქონდა: 1. სამხრეთის, სადაც მეფის ბაღი იყო (ბოტანიკური ბაღი) და ეწოდებოდა მას განჯის კარი, განჯის ქარავანი ამ კარიდან შემოდიოდა; 2. აღმოსავლეთის, ხიდთან, რომელიც აბანოსკენ მიგიყვანდათ, და ეწოდებოდა ერევნისა, აქედან შემოდიოდა ქარავანი ერევნიდან და მის გვერდით იყო საბაჟო (რახტარხანე); მე-3 და მე-4 კარები იყო დასავლეთის, ერთი დიდ ქუჩაზე, ჯგრაშენის ქუჩაზე, ზეიდლისა და ტერ-ასატუროვის სახლებს შორის, და ეწოდებოდა კარი წავკისისა, მეორე კი იყო ავთანდილ კუკუჯანიანის სახლთან და ეწოდებოდა კარი დეგომის; მე-5 კარი ჩრდილოეთისა იყო, წყლის მეორე მხარეს მეტეხისა და ჩიპინის ქარავანსარაის შორის, რომელსაც ეწოდებოდა კარი ავლაბრისა. კარები იყო რკინის და საღამოობით იკეტებოდა, მათ გასაღებს ქალაქის თავი ინახავდა, რომელსაც ეწოდებოდა მელიქი».

ძველთაგანვე და, კერძოდ, 1801 წლამდე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტიფლისის ყველა მელიქი სომეხი იყო. ისტორიკოსი შ. ჩხეტია ამ ფაქტს ხსნიდა ქალაქში სომხების რაოდენობრივი უპირატესობით: «აქ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თბილისის მელიქად _ ქალაქის თავად ქართველი მეფეების დროს ტრადიციულად ინიშნებოდა სომეხი, რაც ლაპარაკობს იმაზე, რომ უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება ანგარიშს უწევდა თბილისის სომხურ მოსახლეობას, რომელიც ქალაქის უმრავლესობას შეადგენდა და ქალაქის თავად ირჩევდა სომეხს. მეფის უკანკასკნელი მელიქი თბილისში XVIII ს. ბოლოსთვის იყო დარჩო ბებუთოვი…»

მაგრამ, ფაქტობრივი მასალების მიხედვით, არა მხოლოდ ქართველი მეფეები ნიშნავდნენ სომხებს მერებად. ყოველ შემთხვევაში, XVII-XVIII საუკუნეებისთვის ასეთი ცნობები არ არსებობს (მაგალითად, მელიქმა ბაინდურმა ეს თანამდებობა შაჰ-აბას უმცროსისგან მიიღო, ბეიბუდიანებს კი იგი მემკვიდრეობით გადაეცემოდა). ქართველ მეფეებს მხოლოდ უფლება ეძლეოდათ, დაედასტურებინათ შვილის უფლება, რომელიც უნდა ჩანაცვლებოდა მამას მემკვიდრეობით მიღებულ ქალაქის თავის თანამდებობაზე.

თბილისის მოსახლეობა

პირველწყაროები მოწმობს, რომ თბილისის სომხური მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენდა არა მხოლოდ XIX საუკუნეში, არამედ ადრეც, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. მაგალითად, რომუსიოს იტალიურ თარგმანში (XVI ს.) თბილისში მცხოვრებ მრავალი ერის წარმომადგენელთა შორის, პირველ რიგში, ნახსენები არიან სომხები: «ამ მხარეში არის ლამაზი ქალაქი, რომელსაც თბილისი ეწოდება, მის შემოგარენში ბევრი ციხე და ციხის გალავანშემორტყმული სოფელია. იქ ცხოვრობენ ქრისტიანი სომხები, ქართველები და უმნიშვნელოდ «სარაცინები» და ებრაელები, მაგრამ ისინი ცოტანი არიან…»

1629 წლის საყურადღებო ხელნაწერში აღნიშნულია: «თბილისი სომხური ქალაქია».

ქართველი ბატონიშვილი ვახუშტი 1745 წ. ასევე მიუთითებდა სომხების რიცხობრივ უპირატესობაზე: «თბილისის მცხოვრებნი არიან სპარსელი მუსლიმები ბერდასა და სეიდაბადში, ბერდას გარეთ _ უპირატესად სომხები არიან სომხები და მცირედ _ ქართველები…»

1770 წ. კაპიტანი იაზიკოვი თავის მოხსენებით ბარათში საქართველოს შესახებ აღნიშნავს: «…მათი მონათხრობით იქ ხუთი ათასი კომლი ითვლება, მცხოვრებნი უპირატესად სომხები და კათოლიკები არიან… არის ბევრი მდიდარი ვაჭარი, რიცხობრივად ქალაქში რამდენი ადამიანია, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან თვითონაც არ იციან…»

ამით იყო განპირობებული, რომ ქართველი მეფეები, სპარსეთის შაჰები და თურქეთის სულთნები სომხებს როგორც მელიქის, ასევე მამასახლისის თანამდებობებს ანიჭებდნენ.

მთელი XIX ს. განმავლობაში და XX საუკუნის დასაწყისში თბილისის მოსახლეობის უმეტესობას სომხები შეადგენდნენ. 1860 წლიდან ჩატარებული სტატისტიკური კვლევების შედეგები ასეთ სურათს იძლევა:

(გაგრძელება იქნება)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here