Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო მანჯავიძე: მარიონეტულ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას არავინ მართავს

სოსო მანჯავიძე: მარიონეტულ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას არავინ მართავს

555

რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე.


_ ბატონო სოსო, გასულ კვირას პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი პირველი პირების დონეზე უნდა წარიმართოს. კრემლი ამისთვის მზადაა და თავად ვლადიმერ პუტინმა ეს ხაზგასმით განაცხადა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების რეაქცია, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულობას მოკლებული იყო. გახსოვთ, ალბათ, მარგველაშვილმა მაშინ დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების გავლის აუცილებლობაზე ისაუბრა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნია მეზობელი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა შესაძლებლად. როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად ვართ მზად მსგავსი დიალოგისთვის და რა შედეგს მოიტანს სამომავლოდ ეს ყველაფერი?

_ ის განცხადებები, რომ ჩვენ ჯერ უნდა შევეკითხოთ ჩვენს უცხოელ უფროსებს და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, დაველაპარაკოთ თუ არა რუსებს პირდაპირ, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს _ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ანუ, გადაწყვეტილების მიღების ან საერთაშორისო შეთანხმების დადების თვალსაზრისით, ის უუნაროა. როგორც წესი, გარედან მართული სახელმწიფოები ამას მალავენ და ღიად არ აცხადებენ, რადგან მარიონეტულ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას არავინ მართავს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კომიკური სწორედ ისაა, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ითქვა. მოგვიანებით კი კიდევ უფრო კომიკური განცხადება გაკეთდა: შეიძლება მარგველაშვილი წავიდეს მოსკოვში, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გაჰყვეს ღარიბაშვილიცო… ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტრუქტურების თვალში ეს რას ნიშნავს?!

_ რას ნიშნავს?

_ რომ შენ არ ხარ მხარე, არ ხარ სუბიექტი… და თუ მხარე არ ხარ, არც გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, მაშინ საერთოდ რატომ უნდა დაგელაპარაკოს რუსეთი ან ვინმე, რა მიზანს მიაღწევს ამით? დაელაპარაკება იმ შენს პატრონს და მასთან გაარკვევს, რაც გასარკვევია. რაც შეეხება აბაშიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პირველ პირთან შეხვედრა ახლა გახდა აუცილებელი, ეს შეხვედრა აუცილებელი ახლა კი არა, ყოველთვის აუცილებელი იყო. საერთოდ, როდესაც გახურებული ომია, მაშინაც კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მხარეები ასე აღწევენ ამა თუ იმ შეთანხმებას.

ვურჩევ იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა დივერსიფიცირებულიაო, ცოტა აზრზე მოვიდეს. რუსეთი არის სუპერძალა, რომლის მოწინააღმდეგე რეგიონში არ ჩანს და ჩვენ საერთოდ რაზე გვაქვს ლაპარაკი, რა გვინდა? ეს ქვეყანა ფლობს უზარმაზარ სამხედრო-პოლიტიკურ და ფინანსურ ძალას, ის არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე… რაღაც უაზრო მუქარებით და ენისგამოყოფით გვინდა, შევაკავოთ ამხელა სახელმწიფო?!

_ დასაწყისში მოლაპარაკებების სამომავლო შედეგზე გკითხეთ, რას ელოდებით ამ პროცესიდან?

_ თითქმის ორი წელია, ეს მოლაპარაკებები მიდის, რამე შეიცვალა? ან ვის ვუშვებთ მოსალაპარაკებლად? სამწუხაროდ, კვლავ იგივე ვაკხანალიაა, არავინ იცის, ვინაა მომლაპარაკებელი პირი, ამიტომ მოლოდინზე, მგონი, დღეს ზედმეტია საუბარი. ზოგადად, აქ საკითხი გაცილებით უფრო ღრმაა, კერძოდ, მთელი ქართული სახელმწიფო დელეგიტიმირებულია იმ საკონსტიტუციო რეფორმის ბრმა შესრულებით, რომელიც სააკაშვილმა გაატარა; ასე რომ, ამის ნორმალიზება თუ არ მოხდა, არა თუ წინსვლა არ იქნება, ქვეყნის სტაბილურობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სხვა, მუდმივად იდგება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ.

_ კონკრეტულად რომელ რეფორმას გულისხმობთ?

_ რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელა. დღეს რა ხდება სინამდვილეში? _ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციურად დადებული აქვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ზავის დადების, ომის გამოცხადებისა და მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი პროცესების განხორციელების ფიცი. ამ უფლება-მოსილებების შესრულებისთვის კი პირველ პირს უნდა ექვემდებარებოდეს სადაზვერვო უწყებები, რომლებიც უშიშროების საბჭოს მეშვეობით მიაწვდიან ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებით ყოველგვარ ინფორმაციას. მარგველაშვილი კი ამჟამად არ ფლობს არანაირ სადაზვერვო ინფორმაციას, ვინაიდან დაზვერვა მას არ ექვემდებარება. მეორე მხრივ, შექმნილია უსაფრთხოების საბჭო, რომელიც არის უშიშროების საბჭოს ასლი და არაა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანო, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს კონსტიტუციურ არეულობასთან და უფლებამოსილებები ვერ ხორციელდება ისე, როგორც ქვეყნის უმაღლესი კანონითაა განსაზღვრული. სწორედ ეს არის ის, რაც დასაწყისში ვთქვი _ სახელმწიფოს დელეგიტიმაციის ნათელი სურათი; ასე რომ, სანამ ამ საკითხებს არ გადაჭრის ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური მუშაობა შეუძლებელი იქნება…

_ რეალურად რა დაბრკოლებებს ქმნის ეს ყველაფერი?

_ დავუშვათ, მოხდა რაღაც კონფლიქტი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ომის გამოცხადებაზე, ზავის დადებაზე და ა. შ.? პრეზიდენტს შესაბამისი სტრუქტურები არ ექვემდებარება, მთავრობის გადაწყვეტილება კი ლეგიტიმური არ იქნება. რა გამოდის? _ ფაქტობრივად, ჰაერში ვართ გამოკიდულნი.

_ დასაწყისში თქვენ ისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს იმყოფება საქართველო და ახსენეთ სახელმწიფო პოლიტიკა. რამდენად არის მთლიანობაში დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა მზად არსებული რეალობისთვის, რამდენად დამაიმედებელია მმართველი გუნდის სტრატეგია და მიდგომები?

_ რომ გითხრათ, დამაიმედებელია-მეთქი, დამიჯერებთ? ამ ხელისუფლებას არ ჰყოფნის დიდი საქმის, დიდი რეფორმების განმახორციელებელი და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხალხი. ეს არის სამწუხარო რეალობა და, აქ თუ სისტემური ცვლილება არ მოხდა, მათ შორის საარჩევნო სისტემასაც ვგულისხმობ, რომელიც არის ვამპირი, გამუდმებით იქნება არასტაბილური ვითარება. ხელისუფლების შეცვლიდან წელიწად-ნახევრის თავზე არა თუ ცვლილებები არ ხორციელდება, სახელმწიფო სტრუქტურებში არის სრული უძრაობა. არაფერი ხდება და ხალხს სრულიად ლეგიტიმურად უჩნდება განცდა, რომ მოატყუეს. არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე «ოცნების» თავები, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ კურსით მმართველ გუნდს წინ სასიკეთო არაფერი ელის. ამაში ისინი ძალიან მალე დარწმუნდებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here