Home რუბრიკები საზოგადოება «რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!» ანუ ქარუმიძევ _ შენ კაცი...

«რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!» ანუ ქარუმიძევ _ შენ კაცი ხარ?!

819

დასაწყისში მცირე რეტროსპექტივა და ფაქტები:

წინაისტორია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სასიამოვნო ფაქტია, რომ, ასე ვთქვათ, «ტექნიკური რევოლუციის გარიჟრაჟზე», კერძოდ, 1926 წელს, ზემო სვანეთს ამერიკელი ცოლ-ქმარი _ ვასერმანები შორეული ფილადელფიიდან ესტუმრნენ. დაბა ჯვარიდან უშგულამდე მთელი სვანეთი ცხენებით მოიარეს და ნანახი ფოტოფირზე აღბეჭდეს. მეგზურობას ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი ნიკოლაძე და თავადი ერისთავი უწევდნენ.

ნანახ-განცდილით აღფრთოვანებულ წყვილს შვილებისთვის ანდერძად დაუტოვებიათ, თავადაც მოენახულებინათ «ათასი კოშკის» საოცარი მხარე… და-ძმა ვასერმანებმა მშობლების დანაბარები პირნათლად შეასრულეს და ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ბატონი თედო ჯაფარიძის დახმარებით, 1993 წელს, უკვე ღრმად მოხუცებულები (80 და 76 წლისა) ეწვივნენ საქართველოს. სტუმრებმა თან ჩამოიტანეს მშობლების მიერ შექმნილი ფოტომასალის რეპროდუქციები, ასევე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და თბილისისა და მესტიის მუზეუმებს საჩუქრად გადასცეს.

ეს არის მეტად ფასეული უნიკალური მასალა. თვალწინ გვიცოცხლდება ლამის საუკუნის წინანდელი სინამდვილე, დრო-ჟამისაგან გაცრეცილ ფირებს ფრაგმენტულად რომ შემოუნახავს: სვანეთის უნიკალური ხედები, კოშკები და მაჩუბები, ადგილობრივი საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მახვშები… გადაუღიათ ასევე უშგული და ლამარიის ეკლესიასთან მოწყობილი ნაყოფიერების წარმართული ღვთაება მელია-ტელეფიას რიტუალური დღესასწაული. აქ არიან ფერხულში ჩაბმული მოცეკვავეები, რომელთა წრეშიაც ცოლ-ქმარი ვასერმანები ფოქსტროტს ცეკვავენ. გამოსახულების სიძველის მიუხედავად, თვალნათლივ ჩანს ლამაზი, ჯანსაღი, ღირსების მქონე და ბედნიერი ადამიანების სადღესასწაულო განწყობილება, მოხდენილი ვაჟკაცური მოძრაობები. ყველაფერი ეს მართლაც სათუთად, პატივისცემითა და რუდუნებით არის წარმოდგენილი ავტორების მიერ.

ამჯერად სტუმრებს მეგზურობას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი ბატონი ვანო ხვიბლიანი უწევდა _ სპეციალურად გამოყოფილი ვერტმფრენით მოატარა მთელი სვანეთი. იმ სილამაზის ხილვით აღტაცებულებს, თავი ზღაპარში ჰგონებიათ. ამ ყოველივემ 80 წლის კაცს ისეთი ძალა შეჰმატა, ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშში ბანკეტის შემდეგ ცხენს შემოახტა და ახალგაზრდულად გააქროლ-გამოაქროლაო! _ იგონებს ბატონი ვანო. იმ პირებთან ერთად, რომლებიც ამერიკელებს ახლდნენ, ვინმე მწერალი ზურაბ ქარუმიძეც ყოფილა, იქ მიღებული შთაბეჭდილებები, დანახულ-განცდილი შემდგომში შემოქმედებით ქურაში გაუტარებია და წარმოადგინა რომანში სახელწოდებით «მელია-ტულეფია: foqstrot».

ვიცი, ვიღაც-ვიღაცები გამინაწყენდებიან: ქარუმიძეს «ვ ი ნ მ ე» როგორ აკადრა, არ იცის, ლიტერატურული პრემიებით განებივრებული ავტორი რომაა და დღეს თუ ხვალ ხელმწიფის ტოლა კაციც გაგვიხდება, _ დიდ ბრიტანეთში ელჩობას ეხუმრებითო?!

ახლახან შევიტყვე, თურმე პენცენტრელთა «გურუც» ყოფილა, ხელისუფლებაშიც შეუქმნიათ მისი ფანკლუბი და ჩვენ, საწყლები, რა ცეცხლს ვეთამაშებოდით, ქვეყნისთვის წარღვნა მოგვივლენია და არ ვიცოდით! არ ჩანდა, კაცო, არ ჩანდა, აქამდე თურმე თავმდაბლობის ღრუბლებში იმალებოდა, თორემ მის ბრწყინვალებას თვალის გასწორებას როგორ შევბედავდით? ეს ისე _ ლაღობით! ახლა მის ფანებს, უკვე გაბრაზებულ გულზე, კაი გემრიელი კახურით რომ ვუპასუხო, ეწყინებათ და გავჩუმდები. ალალად კი ერთს ვიტყვი:

მაგ მწერალს, ბევრი სხვასავით, მეც არ ვიცნობ. ისიც ახლა შევიტყვე, ხაზარაძე-თევზაძის პრემიები «ოპტომ” რომ დაუთრევია. საერთოდ, ეს ჯინჯილები და მედლები, ბოლო ხანს, სააკაშვილის ხელში «გაპუტანკებულ» «ღირსების ორდენს» მაგონებს, აღმა-დაღმა მოტრაშუნე ჩვენი ჭკუამხიარული პრეზიდენტი ჯიბით რომ დააჩხრიალებდა, ტუფტა ღიმილით აქეთ-იქით საჩუქრებად აბნევდა და ეს მართლაც საპატიო ჯილდო, როგორც იტყვიან, «ძაღლსაც კუდზე წამოაცვა», გაათახსირა და სამარცხვინო გახადა.

ნათქვამია, წყლის წვეთში ოკეანე იკითხებაო. ქარუმიძის ტვინიდან ნაჟურ «ერთ წვეთშიც» კარგად იკითხება, რა შედევრებთანაც გვაქვს საქმე. ოცნებით უკვე ინგლისში მქროლავი დესპანის მეხოტბეთა გასაგონად ვიტყვი: რა ფასი აქვს თუნდაც უზადო ნიჭსა და განათლებას, თუ საზოგადოების სულიერ გაჯანსაღებას არ მოემსახურება, თუ იმ «წვეთიდან» სინათლის ანაბზინიც არ გამოკრთის? ავტორს კი მკითხველი პირველივე ფრაზიდან, ასე ვთქვათ, «მხატვრულად» შეჰყავს ბნელით მოცულ სამყაროში, კერძოდ, აღწერილი აქვს უშგულის ლამარიის ეკლესიის ეზოში «მელია-ტელეფია»-ს დღესასწაული, რომელსაც მეტად შეურაცხმყოფელი და მახინჯი ფორმით წარმოადგენს: ფერხულში ჩამწკრივებული, შარვალჩახდილი დაფალოსებს ჩაფრენილი პერსონაჟი მამაკაცები ჯგუფური სექსის განცხრომას მისცემიან, რომელთაც ნეხვში ამოთხვრილი ბავშვები ასდევნებიან. იქვე, თეთრთავსაფრიანი ქალები საგანგებოდ მორეკილ, მანაზე დაბმულ საქონელთან იჩოქებენ, ფსელს პირს უშვერენ და დახარბებულნი ხვრეპენ, «მერე თავსაფრის კიდით ტუჩებს მოიწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: მარილი ჩვენი მოგვეც, ჩვენ, ჯიმშერ (მონ ჰერ! ჯიმშერ! მონ ჰერ!..»)!»

საიდან ასეთი კოშმარული ხატი, რატომ და რისთვის? იმ პირველქმნილ სიანკარესა და სისუფთავეში ამ მართლაც ვინმე ქარუმიძემ რა მანქანებით აზიდა ამოდენა ლაფის გროვა და ტალახში ამოგანგლა დასაბამიდან წმინდად შემონახული ოაზისი, ეკოლოგიურად სუფთა, მართლაც ღვთიური სამყარო, სვანური სოციუმი, მისი ტრადიციები?! ხევისბერი გოჩასი არ იყოს, «რაისთვის გვეჭრების ოჯახობაში?!» მამაცხონებული, ჯერ იმ ხალხის ხასიათს, მენტალობას არ იცნობს და სად მიაცუხცუხებს იმ თავის მყრალ ნაგავს, არ უნდა დაფიქრდე?!

არა მგონია, ქარუმიძეს სვანებზე უკეთესი წინაპრები ჰყოლოდა და აპოლონ ბელვედერელის შთამომავალი იყოს. საინტერესოა, ვინმეს რომ მისი მშობელი კუთხე, მოდგმა-ჯილაგი ამგვარად მოეჯირყვნა, ვთქვათ, მისი წინაპრები მეოცე საუკუნის კანიბალებად, სულაც პოლიგამიურ და ინცესტურ ურთიერთობებში წარმოედგინა, არაფრად მიიჩნევდა და «ჩაყლაპავდა”? პირადად მე, ნებისმიერი კუთხის მიმართ მსგავსი არაკაცური საქციელი უპატიებელ დანაშაულად და მკრეხელობად მიმაჩნია. თუ ქარუმიძეს მაინცდამაინც ეშმაკი არ ასვენებდა, ანდა ვიღაცის სარფიან სპეცშეკვეთას დახარბდა, მაგ «ძღვენით” ისევ თავისი მშობელი კუთხე «დაემშვენებინა», ანდა, გათახსირების ეს «გრანდიოზული პროექტი» სულაც აბსტრაქციაში განეხორციელებინა! _ რაღა სვანეთს ებდღვნა? (შედარებისთვის გავიხსენოთ, «თეთრ საყელოში” გენიოსმა მიხეილ ჯავახიშვილმა რა ლამაზად, როგორი ფაქიზი შტრიხებით წარმოგვიდგინა სწორფრობის (წაწლობის) ერთობ უხერხული ხევსურული ტრადიცია!)…

ამას წინათ, დიდებული მხატვარი _ ვახტანგ ონიანი სიხარულით იხსენებდა: უცხოელი კოლეგები ავიყვანე უშგულში და გაგიჟდნენ სვანი ქალების ხილვით, ასეთი სრულყოფილი, ჯანსაღი სილამაზე არსად გვინახავსო! როგორც უკვე ითქვა, ქარუმიძემ ის ქალები თხებს მიუსხა და…

ისტორიის მანძილზე მარიამ ღვთისმშობელიც, მის წილხვედრ ქვეყანასთან ერთად, არაერთგზის ვნებულა, მაგრამ _ შ ე ე ფ უ რ თ ხ ე ბ ი ნ ო თ?! _ ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. ქარუმიძე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გარშემო მოზეიმე ანგელოზ ბავშვებს ფურთხებითა და ნეხვის სროლით აძახებინებს: «ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!» («ლამარია» მარიამ ღვთისმშობელია) _ მეტი მკრეხელობა განა იქნება?!

გადმოცემით, სვანეთში მყოფი სულმნათი აკაკი წერეთელი მასპინძლებს ერთხელ «კვირიკეს» ეკლესიის მოსანახულებლად წაუყვანიათ. გარკვეულ მანძილზე რომ მიახლოებიან, გამყოლებს ფეხზე გაუხდევინებიათ,_ აქედან წმინდა მიწა იწყება და ფეხშიშველმა უნდა ვიაროთო… სვანეთში ჩაბრძანებული ქარუმიძე კი თავის პერსონაჟ მამაკაცებს ეკლესიის კარზე მკრეხელურ, გულისამრევ საქციელს ჩაადენინებს! ეს მაშინ, როცა სვანები თავის სალოცავებს დღემდე მოწიწებით ეპყრობიან.

უნდა ითქვას, რომ სვანური ენაც იმ ცადაწვდილი მწვერვალებივით წმინდაა. კაცი სვანურად ვერ შეიგინებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ პირველქმნილ ქართველურ ენას საგინებელი ფორმულები არ აქვს _ განა ეს ცოტაა? ქარუმიძეს კი «ლილეოსა» და «შინავორგილის» შემქმნელი, სუფთა სულის, ამაყი, ალალი მთიელები პირუტყვებად ჰყავს გამოყვანილი, ისეთად, ველურ კანიბალებშიც რომ ვერ ნახავთ. წარმოიდგინეთ, მის პერსონაჟებს მეტყველებაც არ შეუძლიათ: «ა, თქვენისთანა ბალღებს, დედის სკორემც გვიჭამია!»… «მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ» და მსგავსი აბდაუბდა… ავტორი ამ ყოველივეს დოკუმენტურ ელფერს სძენს და მეტი სარწმუნოობისათვის ვასერმანების სტუმრობას უკავშირებს. საინტერესოა, რას ფიქრობდა ამ დროს: ადგილობრივ ზღაპრულ სილამაზეს ასე ფანტასტიკურად შერწყმულ-მისადაგებული ათასწლოვანი არქიტექტურული «კოლოსების» _ მურყვამებისა და სალოცავების, საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას მისი პრიმიტიული, ერთმანეთს «მოქაქუნე» პედერასტი პერსონაჟები შეძლებდნენ? თუ ეს ყოველივე საიდანღაც მოსულმა ჰუმანოიდებმა აღმართეს და დაგვიტოვეს? იქნებ აგვიხსნას ვინმემ, ეს «ფანტასტიკური» და «ბრწყინვალე ნიჭის» კაცი ასე რამ დაბოღმა, თავისი «პამფლეტით» რისი თქმა ეწადა, რას ემსახურება და სვანები რაში გვამხილა?

ამ შემთხვევაში ვინ ვისი უფლებები შელახა? ანდაზისა არ იყოს, «მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო», ქარუმიძეს რომ არ გაველანძღეთ, უტიფრად არ გამოვეწვიეთ და გავემწარებინეთ, რომელიმე ჩვენგანს ეს კაცი ოდესმე გაახსენდებოდა? ცხადია, _ არა! ისედაც ცოტა თავის ტკივილი გვაქვს სვანებს, რომ ქარუმიძეს არ გამოვკიდებოდით?!

ყველა ადამიანი თავისუფალია, ქარუმიძესაც სრული უფლება აქვს, რაც უნდა, ის წეროს, ამასთან, მწერალი ვალდებული იყო, დაეცვა ელემენტარული, თუმცაღა აუცილებელი პრინციპი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა თავისი ნამოქმედარით სხვა არ უნდა დააზიანოს! სამწუხაროდ, «ჰერ» ქარუმიძემ ეს უზენაესი დათქმა მისთვის ეგზომ საყვარელ ერთ ადგილზე დაიკიდა… მართლაც მეტი პარადოქსი რა უნდა იყოს, მისი ფანები შეურაცხმყოფელს გააფთრებით იცავენ და შეურაცხყოფილებს (განსაკუთრებით ჯაჭვლიანს) ლანძღავენ. გაიხსენონ: ბევრისგან განსხვავებით, ჯაჭვლიანი ბიძინას არ «დაუნიშნავს», ხალხმა აირჩია თავის წარმომადგენლად, უფლებების დამცველად და მან ეს ვალდებულება ლეგიტიმურად გამოიყენა.

ამ დღეებში ავტორის სხვა შემოქმედებით «მარგალიტებსაც» ჩავკარი თვალი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევე, როგორც მწყურვალის ფიქრები მუდმივად წყალს დასტრიალებს ხოლმე, ქარუმიძის საფიქრალი და დომინანტა, რატომღაც ლიბიდოს თემა ყოფილა; გატაცებულია სქესობრივი წიაღსვლებითა და სკრუპულოზურად აღნუსხავს ნაირნაირ ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს და ინტიმური პროცესების თანმხლებ ბგერებს, ჩვენი წერილის სათაურში რომ გამოვიტანეთ მისი მეორე «შედევრიდან» _ «ღვინომუქი ზღვა».

აქვე, უნებურად, იმ წვერიან-მწვირიანი ადრეკილას «წითელი მამლაყინწასავით» თავს წამოყოფს ეჭვიანი კითხვები:

_ ვის სჭირდება ამგვარი ნაღვაწი, მით უმეტეს დღენიადაგ სექსუალურ განცდებში ქექვა? რა არის მიზანი, რას ემსახურება?

რას და, პირდაპირ ვთქვათ: მასონური სამყაროდან მიღებულ მაღალანაზღაურებად დაკვეთებს ხომ არა? ამგვარ ლიბერასტ შემოქმედთა პროდუქცია პირდაპირ პასუხობს მათ მოთხოვნებს, დირექტივებს; თანხვედრილია თუნდაც აგერ, სულ ახლახან ევროპარლამენტის მიერ მოწონებულ, დეპუტატ ედიტე ესტრელას შემუშავებულ რეზოლუციასთან, რომლის მიღების შემდეგ სავალდებულო გახდება, ბავშვები 2-3 წლის ასაკიდან ვაზიაროთ გენიტალიების სექსუალური ფუნქციის ცოდნას, მასტურბაციით, ერთსქესიანი სექსით ტკბობის საიდუმლოებებს და ა.შ…

ლიტერატურა რომ ავტორის ხელში საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების უმძლავრესი «ფსიქოტრონული იარაღია» ეს ყველამ იცის; გააჩნია, «იარაღი» საითაა მიმართული: სიკეთისკენ თუ _ პირიქით. მხატვრული ნაწარმოებიდან წამოსული არაჯანსაღი მუხტი განსაკუთრებით მოზარდ თაობას აზიანებს, რომლის იმუნური სისტემა მყიფე, სათუთი და დაუცველია. მე აქ გამახსენდა გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორის _ ერეკლე დეისაძის გულწრფელი აღიარება: _ «ზაზა ბურჭულაძის წაკითხვის შემდეგ, ორი კვირა გონზე ვერ მოვედიო». ეს ახალგაზრდა კაცი, ნიჭის წყალობით, დღეს გადარჩენილია და წინ საინტერესო შემოქმედებითი გზაც აქვს… სხვა რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდაც იკვეთება, ვინც ამჟამად, შესაძლოა, იმდენად არ ხმაურობდეს, მაგრამ თავის სათქმელს მომავალში იტყვის. სამწუხაროდ, ნიჭს მხოლოდ განათლება (თუნდაც «ფანტასტიკური») არ ჰყოფნის. როგორც უკვე ითქვა, ეს ღვთიური მადლი სულიერი ტკივილების, მოყვასისადმი თანაგრძნობის, სიყვარულის გარეშე მკვდარია. ასეთები ჭაობის ზედაპირზე მოტივტივე უფესვო წყალმცენარეებივით არიან; ინტრიგა, სკანდალი, ბილწსიტყვაობა, სექსი, აგრესია მწერლობა ჰგონიათ და, როგორც წესი, ლიტერატურშჩინას იქით ვერ ქაჩავენ. დეისაძეს ამ მხრივაც გაუმართლა, მაგრამ, ახალუხლებიდან რამდენია, ვისმა ფსიქიკამაც კოლექტიური «ბურჭულაძისგან» ცნობიერებაში შეყვანილ სულიერ შხამს ვერ გაუძლო, თავი ვერ დააღწია და ამგვარი ლიტერატურის გავლენით, როგორც იტყვიან, _ «ლომკაში ჩარჩა»?

მეტისმეტად მოგვიმრავლდნენ უცხოურ დაკვეთებზე სარფიანად მომუშავე კალმოსნებიც, რომელთა შემოქმედება პირდაპირ კავშირშია ერის მორალურ-ზნეობრივ გარდაგულარძნებასთან. ქარუმიძის «ღვაწლსაც” გარკვეული ახსნა, შესაძლოა, ამ კუთხითაც ეძებნებოდეს. უკვე კლანებად დაჯგუფებული ამგვარი კალმოსნები, წინა რეჟიმის დროს ყოველგვარი მხარდაჭერით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ. როგორც ჩანს, დღესაც გამოჩნდნენ ისეთები, მათ შორის ხელისუფლებაშიც, სწორედ სკანდალურობით გამორჩეული ავტორების მფარველობა-წახალისებაზე რომ არიან ორიენტირებული და ერის მენტალობას, ღირსებას არაფრად დაგიდევენ, მკითხველთან ბოდიში და ზაზა ბურჭულაძის _ «დე, პირში აიღებ?» და მისთანებს, ყოველდღიურ უბრალო საყველპურო ფრაზებად მიიჩნევენ.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს თემას:

… სტუმარს ლუკმა როგორ უნდა დაამადლო, მაგრამ, როცა მტრის ბანაკიდან მოგზავნილივით შემოგეპარება და გიმუხთლებს, ასეთს სტუმარი აღარ ჰქვია. სვანეთში ამ უმადური ქარუმიძისთვისაც უციათ პატივი, უშგულელები» ზედ გადაჰყოლიან, ჯიხვის მწვადებით, ქუთებით და კუბდარითაც უსიამოვნებია. თვითონ კი როგორ მოიქცა? ისე გამოვიდა, გამოტრიალდა და, მადლობის მაგიერ, მასპინძლებს სუფრა წაუბილწა!

ქარუმიძე, ამის შემდეგ სი მარე ხია (შენ კაცი ხარ)?! _ თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე მკითხველისთვის მიგვინდია…

პლანეტაზე, რომელსაც ქართველმა კაცმა სიყვარულით «დედამიწა» შეარქვა, ნაყოფიერების კულტისადმი მიძღვნილი შორეული მისტერიების ანარეკლი, მათ შორის წარმართული ღვთაება მელია-ტელეფიას რიტუალი, რომელსაც ხეთურ მითოსურ ტელეფინუსთან ეძებნება პარალელი, ჩვენი ერის არქაულობის, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარობის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია და რატომაა, რომ ქარუმიძე ამ სიმდიდრის პატრონებს დაგვცინის და ცინიკურად მიწასთან გვასწორებს?

ამ კითხვას მრავალი საორჭოფო პასუხი შეიძლება მოეძებნოს:

მხოლოდ მე არ ვარ, ვინც ეს სიბინძურე ქართველთმოძულე კაცის დაწერილად მიიჩნია. ტელეეთერში ამ თემაზე საუბრისას, აღშფოთებულმა უცნობმა ქალმა დარეკა, _ ქარუმიძე ქართველი არ გეგონოთ, გვარგადაკეთებულია, ანუ «თვისტომის დამვიწყებელი» მფრინავი თაგვიაო!

უცხოტომელობა არაფერ შუაშია, მთავარი ცნობიერებაა. ბევრისთვის, ეგებ, გაუგებარიც იყოს, არაბ აბოს, სომეხ შუშანიკსა და ასურელ აბიბო ნეკრესელს რატომ მივიჩნევთ ქართველ წმინდანებად და ქართული გვარის მქონე სააკაშვილს _ არაქართველად. მისი წარმომავლობა ვინმეს გაახსენდებოდა, ქართული საქმე რომ ეკეთებინა? ცხადია, _ არა! ჩვენმა მენტალიტეტმა სააკაშვილი მას შემდეგ გაიუცხოვა, რაც მასში ქართული გენისადმი მტრულად მომართულ ცნობიერებას წააწყდა.

ქართველი დაუძახე და, როცა რომელიმე ჯიბესქელი ბანკირი ერის გაუკუღმართებას პრემიებით ახალისებს, ამასთანავე, კაბალური საბანკო ვალებით ლამის წიხლქვეშ ჰყავს მოგდებული მთელი საქართველო, მისი საქციელი ავი დედინაცვლის ორგულობისგან ძალიან განსხვავდება?

მიმოვიხედოთ, კიდევ რამდენი «ნაქართველარია» ჩვენ გვერდით, თუნდაც ქვაწვია ბენდუქიძის მსგავსი, ბოლომდე რომ გამოხრეს ქვეყანა!

ასეთების ფონზე, არც არის გასაკვირი, ვთქვათ, ლალი მოროშკინა უფრო გვეთავისებოდეს და გვეიმედებოდეს, ვიდრე ქართულ ტრადიციებთან თავგადაკლული მებრძოლი ლგბტ-ელი ჩვენებური გლობალისტ-ლიბერასტები.

სწორედ გუშინ იყო, დიდებული სომეხი და, ამასთანავე, დიდებული ქართველიც _ გივი შაჰნაზარი «ობიექტივის» ეთერში ისეთი სიყვარულით საუბრობდა ცხონებულ შოთა ნიშნიანიძეზე, მადლიერებით ავივსე. თუნდაც გია ვოლსკი და დავით სერგიენკო ვისზე ნაკლები ქართველები არიან? ჩამოთვლილთაგან გვარი არც ერთს არ გადაუკეთებია, თავისი გენიალოგია არ დაუმალავს, აქ გვარი და პიროვნება ერთმანეთს ავსებენ (დაფარული ეშმაკისააო, _ ტყუილად როდი უთქვამთ!).

«ჭკუით, ქართველებო!» _ ანდერძად დაგვიტოვა სულგანათლებულმა ჭაბუა ამირეჯიბმა; ხოლო გენიოსი რუსთველი ჯერ კიდევ როდიდან გვაფრთხილებს _ «მოყვარე მტერი ყოვლისა მტერთაგან უფრო მტერია!». დიახ, «მოყვარე მტრებმა» ზურგსუკან იციან საფლავის გათხრა, ვერაგულად იციან ზურგში ლახვრის ჩაცემა, თუმცა ეს მათი ბრალი როდია, ავ-კარგის გარჩევა ვერ ვისწავლეთ ქართველებმა.

აქ მცირე რეტროსპექტივა:

სვანებს განსაცდელის მეტი რა უნახავთ, მაგრამ სააკაშვილისდროინდელი მაინც უმწარესია _ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სატანის ამ მოციქულმა და მისმა ბანდამ, ქართველთა გენოციდი სწორედ სვანეთიდან დაიწყეს. ჯერ იყო და ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელებად არარსებული «სვანური დაჯგუფება» გამოაცხადა; სვანებს დააბრალეს ლევან კალაძის მკვლელობა და 16 წლის წყნეთელი ქალიშვილის, გოგინაშვილის, გატაცება-გაუჩინარება; სააკაშვილ-მერაბიშვილის ზონდერებმა ცემით მოკლეს მესტია-ზუგდიდის ტრასაზე შემთხვევით გზად შემოყრილი უდანაშაულო ახალგაზრდა, ტრაქტორისტი რეზო ცალანი; უკვალოდ გააქრეს გამორჩეული ვაჟკაცი, სატყეო მეურნეობის თანამშრომელი დათო ცინდელიანი; სააკაშვილის ბრძანებით, ვერტმფრენების ესკადრილიით ღამით დაბომბეს აფრასიძეების ოჯახი და მათ თავს ჯოჯოხეთი დაატრიალეს. ნუ დაგვავიწყდება ნაცბანდის «იფის ციხეში» თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დიუმას ედმონ დანტესივით სამუდამო პატიმრობამისჯილი, სამაგალითო ოჯახის შვილი და თავადაც ზნეკეთილი კაცი _ გია გვიჩიანი; გმირი და-ძმის _ ნორა და ემზარ კვიციანების _ მიმართ გამოჩენილი სასტიკი უსამართლობა და გავიხსენოთ დიდებული ქალბატონის _ ნანუჩი ნავერიანისა და მისი ოჯახის დარბევა-აწიოკებაც და სხვა კიდევ რამდენი! მაგრამ სააკაშვილის ხროვისაგან ყველაზე დიდი დანაშაული მაინც დალის სვანეთის მოღალატური «გა-პრადალება» იყო, სრულიად საქართველოს მოურჩენელ ტკივილად რომ იქცა…

გლობალისტებმა საკუთარი იდეების ხორცშესასხმელად მსუყე ნიადაგი საქართველოში ჰპოვეს. მეობაგამოშიგნული რამიშვილ-ბოკერიები ფილანთროპის ნიღაბს ამოფარებული მილიარდერის _ სოროსის ყუათიან ლუკმას ხარბად ჩააფრინდნენ, ეროვნულ სხეულში სარკომად ჩანერგილი «თავისუფლების (თავაშვებულების!) ინსტიტუტის» სახით მყარი პლაცდარმი შეიქმნეს და ნიჭიერად აიტაცეს ზემოდან ჩამოწვდილი სატანისტური ლოზუნგი _ «უარი ყოველივე ქართულს!». «მელია-ტულეფიას» და «ღვინომუქი ზღვის» პორნო-პათოლოგიურ წიაღსვლებსაც საკმაოდ საეჭვო პოლიტიკური შეკვეთის მყრალი სუნი უდის!

ქარუმიძემ, კერძოდ, სვანებს და, საზოგადოდ, ქართველებს ერთნაირად «სცა პატივი»! დიახ, თუ ვინმეს ჰგონია და მათ შორის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც, რომ ქარუმიძემ დაბალი ღობე მხოლოდ სვანები ნახა და ეს შეურაცხყოფა სხვებს არ შეეხებათ, ძალიანაც ცდებიან!

თუ «ერთობილი» სვანეთის ხმა, გულისთქმა (და არა მარტო მათი) ერთი «ნეხვისროლიას» დაწინაურებაზე მეტად არ უღირთ, უკვე მათი პრობლემაა, ეს «ჭყპრ»კაცი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ ხალხს რას ერჩიან?! ნუთუ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ჩვენივე სულში ჩასაფურთხებლად ავირჩიეთ?!

ცოდვათნაშრევები დღეს კვლავ მრუმე ღრუბლებად ჩამოსწოლია ქართულ ზეცას. თუ არ გამოვფხიზლდით და მტერ-მოყვარის გარჩევა ვერ ვისწავლეთ, გუგულის კვერცხებივით შემოპარებული თუ ბნელ ღამეს ქურდულად შემოყოლილი ხაზარები და პაჭანიკები, «თავისუფლების ინსტიტუტში» დაფრთიანებულები, ნაწვიმარზე ამოყრილი სოკოებივით მომრავლებული გრანტითქვლეფია არასამთავრობოები და სხვა «დაცენტრილი» გლობალისტ-ლიბერასტები ამ ჩვენს უბედურ ქვეყანას აფთრების ხროვასავით გადათქერავენ და, წმინდა ილია მართლის თქმისა არ იყოს, ქართველთა მოდგმას ისე მოთელავენ, «როგორც დიდოელი ლეკი _ ნაბადსა».

«…და ჰკითხა მას [იესო]: რაი არს სახელი შენი? და რქუა მან: ლეგიონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ… და გამოვიდნენ უწმინდურნი სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ასე, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო…» (მარკოზი. 5. 9.)

დიახ, რუსის «კალაშნიკოვზე» მეტად სულში ჩაბუდებულ ავსულთა «ლეგიონის» გვეშინოდეს, რომელთა შესასახლებლად, ვაითუ, დღეს იმ ორი ათასი ღორის კოლტიც ერთობ მცირერიცხოვანი აღმოჩნდეს!

მირონ ხერგიანი,

მწერალი, პუბლიცისტი,

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

1 COMMENT

  1. წერილში ჩამოყალიბებულ ბევრ აზრს სრულიად ვიზიარებ, გარკვეულ საკითხებზე, სიამოვნებით მექნებოდა ავტორთან პოლემიკა, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ვიკითხო:
    რითია "ადიბასის" ავტორი ბურჭულაძე "საიდუმლო სირობის" ავტორ, ერეკლე დეისაძეზე უარესი და საშიში ქართველი ახალგაზრდების ზნეობისათვის?
    ავტორი რატომ ცდილობს წერილით დეისაძის პიროვნების პროპაგანდას, ან ლალი მოროშკინა რა ქართული ზნეობის საზომი ნახა!?

  2. ღმერთო რს სირცხვილია.
    Dა ეს კაცუნა-Pედი კი ქარუმიძე
    Iნგლისში უნდათ ელჩად დანიშნონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here