Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის აგონია და საქართველოს მომავალი

უკრაინის აგონია და საქართველოს მომავალი

592

გასულ კვირას უკრაინა ისეთი სისწრაფით ემსგავსებოდა ოცი წლის წინანდელ იუგოსლავიას, რომ გაკვირვებას ყველაზე პესიმისტურად განწყობილი კომენტატორებიც კი ვერ მალავდნენ. ასეთი დიდი სახელმწიფო 50-მილიონიანი მოსახლეობით თვალსა და ხელს შუა იფშვნება და ამ პროცესის მასშტაბი, ტემპი და დრამატულობა ყველა დაინტერესებულ დამკვირვებელს საგონებელში აგდებს. ქაოტურ სიტუაციაში დასახლებული პუნქტები ხელიდან ხელში გადადის, დიპლომატები რეზონანსულ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამ მოვლენების აღწერაზე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ ჩავარდა უკრაინა ამ ორმოში და რა გავლენას მოახდენს მიმდინარე კრიზისი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, კერძოდ კი, საქართველოს მომავალზე.


კომპრომისი ან სიკვდილი

პოსტსაბჭოთა უკრაინაში სტაბილურობის შენარჩუნების რეცეპტი საკმაოდ მარტივად გამოიყურება: არც ერთმა შიდა თუ გარე მოთამაშემ «ჯეკ-პოტის მოხსნა» არ უნდა სცადოს და სხვა მოთამაშეების ინტერესების არსებობას შეეგუოს. ეს ფორმულა არ გამორიცხავს მუდმივ აქტიურობას უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში და ამა თუ იმ ძალის მიერ პოზიციების გაფართოებას, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა ძალზე საშიშია. დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზომიერებისა და თამაშის ძველი წესების უგულვებელყოფა და უარყოფაა.

თავის დროზე, როდესაც სემუელ ჰანტინგტონის «ცივილიზაციათა შეჯახება» საკმაოდ პოპულარული იყო და პოლიტიკოსთა შეხედულებების ფორმირებაზე სერიოზულ გავლენას ახდენდა, რამდენიმე ექსპერტმა შენიშნა, რომ შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად მიაკუთვნო უკრაინა რომელიმე ჰანტინგტონისეულ ცივილიზაციას და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის, დიდი ალბათობით, მათი დაპირისპირების არენად გადაიქცევა. საკმარისზე მეტი ითქვა იმაზე, რომ უკრაინის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული მისწრაფებები აქვს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ წლების მანძილზე მათი მშვიდობიანი თანაარსებობა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში გარკვეული კომპრომისების ხარჯზე შესაძლებელი იყო. თუ ეს მდგომარეობა საკმაო ხანს გაგრძელდებოდა, დიდი ალბათობით, დაიბადებოდა იდეები და მათზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ერთიანობას განამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ელიტამ ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სრული უუნარობა გამოავლინა; მისმა გაუმაძღრობამ და ინტელექტუალურმა იმპოტენციამ კატასტროფული შედეგი მოიტანა.

უკრაინელმა ნაციონალისტებმა ვერ მიუსადაგეს საკუთარი, სხვა ისტორიულ და გეოგრაფიულ რეალიებში დაბადებული იდეები ახალი ეპოქის მოთხოვნებს, ვერ შეძლეს მათი რედაქტირება და შეფუთვა ისე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა არ შეეშინებინათ და მას დაენახა საკუთარი (თანასწორუფლებიანი) ადგილი ახალი უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლიგარქიულმა კლანებმა ვერ ისწავლეს საკუთარი ამბიციების მოთოკვა; იანუკოვიჩის მმართველობის წლებში დაიწყო დონეცკელების უზომო გაძლიერება, რის შედეგადაც დნეპროპეტროვსკელები ფარული ალიანსების ფორმირების გზას დაადგნენ ყველა უკმაყოფილო პოლიტიკურ ჯგუფთან, მათ შორის ყველაზე ბნელთან და მარგინალურთან _ სწორედ ამ «ანტიდონეცკურმა» ალიანსმა მოგვიანებით შესაძლებელი გახადა იანუკოვიჩის ჩამოგდება. ამასთანავე, პოლიტიკური ავანსცენა თანდათან დატოვეს იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ საბჭოთა უკრაინაში შეიძინეს. უამრავი მინუსის მიუხედავად, კრავჩუკს, კუჩმას და მათ გარემოცვას მშვენივრად ესმოდათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ინტერესთა ბალანსის და კომპრომისების გარეშე (პოლიტიკურ სფეროში იქნებოდა ეს, ეკონომიკურში, კულტურულში თუ იდეოლოგიურში) არაფერი გამოვა. ამ პოლიტიკოსების ადგილი ახალმა გენერაციამ დაიკავა _ გაცილებით გაუმაძღარმა და, უხეშად რომ ვთქვათ, უტვინომ, რომელიც «სილა ესტ, უმა ნე ნადო» პრინციპით ხელმძღვანელობდა და სრული დომინირებისკენ მიისწრაფვოდა, რაც, როგორც უკვე ვთქვით, უკრაინის უნიკალურ პოლიტიკურ, უფრო ფართოდ კი, ცივილიზაციურ პირობებში, უაღრესად საშიშია.

ამ ჩამონათვალში შეიძლება ჩვენთვის ნაცნობი არაერთი დეტალი აღმოვაჩინოთ და გავიხსენოთ «ნაციონალების» ეპიკური გაუმაძღრობა და სწრაფვა სრული დომინირებისკენ, მაშინ, როდესაც მათ არ (ვერ) იზრუნეს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი იდეები სასიკვდილო საფრთხის შემცველად არ აღექვა. ალბათ, სწორედ ამან დაღუპა და მათ წინააღმდეგ განსხავებული შეხედულებების მქონე ადამიანების გაერთიანება უზრუნველყო. სავარაუდოდ, ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ შეცდომები, რომელიც ქართულმა ელიტამ (როგორც ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ისე შემდგომ) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაუშვა, რომელთა წარმომადგენლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, ვერ დაინახა საკუთარი ადგილი ახალი ქართული პროექტის ფარგლებში და მათთან მუშაობით თავი დიდად არავის შეუწუხებია. შედეგად, სეპარტისტული იდეების სწრაფი გავრცელება მივიღეთ.

«სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვხედავ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც სათანადო რეიტინგი აქვს იმისთვის, რომ უკრაინა გააერთიანოს. იმიტომ, რომ ყველანი «ნარინჯისფერ» ხელისუფლებას მიეკუთვებიან. დღესდღეობით მათ სამხრეთი და აღმოსავლეთი არ ენდობა და ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. მომავალი ხელისუფლება და მთავრობა ყველა რეგიონის წარმომადგენლისგან უნდა შედგებოდეს, მაშინ ისინი შეძლებენ, შეთანხმებას მიაღწიონ. ხოლო თუ იქნება წარმოდგენილი უკრაინის ნახევარი, სულ სხვა რამ მოხდება. დღეს ყველა უნდა წავიდეს აღმოსავლეთში და მოყვეს, თუ რის გაკეთებას აპირებს, რადგან იქ გაჩნდა ისეთი უნდობლობა ცენტრალური ხელისუფლების და დასავლეთ უკრაინის მიმართ, რომ მათი გადარწმუნება შეუძლებელი ჩანს», _ განაცხადა «რადიო თავისუფლებასთან» საუბარში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და ეს, ალბათ, შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი შეფასებაა.

ახალი რუსეთის აღმოჩენა

ერთიანი უკრაინის არსებობა, როგორც ჩანს, შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის (როგორც უკრაინულის, ისე გლობალურის) კომპრომისის პირობებში. მაგრამ კომპრომისის ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა 22 თებერვალს დაიკარგა, როდესაც ოპოზიციამ დაარღვია 21-ში ხელმოწერილი შეთანხმება, იანუკოვიჩი კიევიდან გააძევა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ეს ძალიან მძიმე, შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა იყო. უკრაინული კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ისაა, თუ რატომ თქვა უარი ოპოზიციამ «კოჰაბიტაციის პერიოდზე», რომლის ფარგლებში მთავრობაზე კონტროლს მიიღებდა და ეტაპობრივად გადაიბარებდა ხელისუფლებას უფლებაშეკვეცილი და დისკრედიტებული იანუკოვიჩისგან ქვეყნის დესტაბილიზაციის გარეშე. ვინ უბიძგა მათ რადიკალური გადაწყვეტილებისკენ და რატომ დათანხმდნენ მას? ისინი მოქმედებდნენ ისე, თითქოს რუსეთი და მისი ინტერესები ამქვეყნად საერთოდ არ არსებობს. ამის პასუხად, რუსეთი ადგა და დაუმტკიცა, რომ არსებობს, შემდეგ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა და იმავეს ამ წუთებშიც აკეთებს. ამ კონტექსტში ბევრს, ალბათ, გაახსენდება ფრაზა ჩვენი ახლო წარსულიდან: «ჩვენ არ გვეგონა, რომ რუსეთი ჩაერეოდა».

მას შემდეგ, რაც კრემლმა ჩათვალა, რომ მისი ინტერესები სრულიად უგულვებელყოფილია, დასავლეთთან კონფრონტაციას არ მოერიდა და ხისტი კონტრზომები მიიღო, კიევმა ძალიან სწრაფად დაკარგა კონტროლი ყირიმზე. იმ ადამიანებს კი, რომელნიც ბოლო დღეებში იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს აღმოსავლეთ უკრაინაში, ვერავინ დაარწმუნებს, რომ მათ არ აქვთ იმავეს გაკეთების უფლება, რაც «ევრომაიდანმა» კიევში გააკეთა. უკრაინის ეკონომიკა და ფინანსები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ძალოვანი უწყებები თითქმის სრულად პარალიზებულია, კრიმინოგენული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. როგორც ჩანს, «ევრომაიდანელებმა» თებერვალში არა მხოლოდ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაამხეს, არამედ უკრაინის (ძალიან არამდგრადი, მაგრამ მაინც არსებული) სახელმწიფოებრიობაც ზედ მიაყოლეს.

არც ისე მცირეა იმის ალბათობა, რომ უცხო სახელმწიფოების ჩარევის და კრიზისის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინა «დიდ ბოსნია-ჰერცოგოვინად» გადაიქცევა, რომლის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას მხოლოდ ფორმალურ ხასიათი ექნება. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარე მოთამაშეები კონსენსუსს მიაღწევენ და მათ კონტროლქვეშ მყოფ ძალებს უკრაინაში აიძულებენ, სამშვიდობო შეთანხმების პირობები შეასრულონ. თუ ეს ვერ მოხერხდება, უკრაინა საკმაო დროის განმავლობაში მუდმივი სისხლისღვრისა და ქაოსის ზონად დარჩება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ იანუკოვიჩის შემცვლელები ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებენ (რაც ბოლო მოვლენების გათვალისწინებით უკვე სათუო გახდა) ქვეყნის გაწევრიანება ნატო-ში ფაქტობრივად დაიბლოკა, როგორც ყირიმის პრობლემის, ისე იმ კოშმარული მდგომარეობის გამო, რომელშიც დღეს სახელმწიფო იმყოფება. ვაშინგტონმა მკაფიოდ მიანიშნა მოსკოვს, რომ აღარ განიხილავს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხს (ობამას გამოსვლა ბრიუსელში, ბჟეზინსკის ბოლო ინტერვიუები და ა. შ.) და უკრაინას მომავალში ნეიტრალურ სახელმწიფოდ ხედავს. მაგრამ კრემლი ამას, სავარაუდოდ, არასაკმარის გარანტიად, ცარიელ რიტორიკად ჩათვლის, განსაკუთრებით 21 თებერვლის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, როდესაც თავი მოტყუებულად იგრძნო და მომავალში გაცილებით მყარ გარანტიებს მოითხოვს. კრიზისის დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად მოსკოვი უკრაინის ფედერალიზაციას განიხილავს, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნას, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებიმიერ მკვეთრ მოძრაობას უკრაინის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის ნატო-ში გაწევრინებას (მაგალითად, ფედერაციის გარკვეული რაოდენობის სუბიექტებს მსგავს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებას მიანიჭებენ ან მისი გარანტირებული დაბლოკვის სხვა იურიდიულ მექანიზმს გამოძებნიან). მოსკოვისა და ვაშინგტონის კონსენსუსი ამ ფუნდამენტურ საკითზე შესაძლებელია, მაგრამ ორივე მხარე ცდილობს, მოლაპარაკებების მაგიდასთან მაქსიმალურად გაძლიერებული პოზიციებით მივიდეს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ მწვავე დაპირისპირება უკრაინაში კვლავინდებურად გრძელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში «ევრომაიდანელების» ხელისუფლებაა _ თუ ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჭარბ ძალას გამოიყენებს (თუ შეძლებს, რადგან ლოიალური და ბრძოლისუნარიანი შენაერთი არც ისე ბევრი ჰყავს), რუსეთმა რეგიონში შეიძლება ჯარი შეიყვანოს. ამ შემთხვევაში კი, ევროპაში ნატო-ს ძალების სარდლის, ამერიკელი გენერლის _ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, რუსი სამხედროები დასახულ მიზნებს 3-5 დღის განმავლობაში მიაღწევენ. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნახევრად დაშლილი და მეტწილად დემორალიზებული უკრაინული ჯარი რუსებს მხოლოდ სიმბოლურ წინააღმდეგობას თუ გაუწევს.

დიადი იდეა და დიდი ილუზია

დასავლეთისთვის, უპირველესად კი, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის «ჭეშმარიტების მომენტი» დადგა _ თუ ის ვერ აღმოუჩენს ქმედით დახმარებას უკრაინის ახალ მთავრობას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აგულიანებდა, პროდასავლური ძალები უკრაინაში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უმძიმეს დარტყმას მიიღებენ და მათი გავლენა, სავარაუდოდ, მკვეთრად შემცირდება. უკრაინის მოვლენების პარალელურად, საქართველოში სულ უფრო ძლიერდება სკეპტიკური დამოკიდებულება დასავლეთის შესაძლებლობების მიმართ. ის 2008 წლის ომის კვალობაზე დაიბადა და იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინულ რაუნდში გამარჯვებას მიაღწევს, დიდი ალბათობით, საზოგადოებაში დომინანტური გახდება. შეიქმნება წინაპირობები დღის წესრიგში ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის, კერძოდ კი, ნატო-ზე უარის თქმის საკითხის დაყენებისთვის.

თუ შეერთებული შტატები უარს იტყვიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და მისი ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი გარანტორი გახდებიან (ეს მოტივი ნამდვილად იგრძნობოდა ობამას ბრიუსელის გამოსვლაში), სავარაუდოდ, მალევე მოხდება ამ იდეის პროეცირება საქართველოზე. არსებობს ალტერნატივაც _ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება და ნატო-ში მისი გაწევრიანების დაჩქარება, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ მოქმედი ან (რაც უფრო სავარაუდოა) შემდეგი ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგობის დაძლევას შეძლებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ პრაქტიკულად გარანტირებული გვექნება «თავაზიანი მწვანე კაცუნების» გამოჩენა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ყოველივე ის, რაც ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა, რადგან საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში რუსეთისთვის «წითელ ხაზს» მიღმა მდებარეობს.

თქმულიდან გამომდინარე, საქართველო სრულად დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ რა გზით წავა ვაშინგტონი, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის რამდენადმე ანგარიშგასაწევმა წარმომადგენლებმა გაბედონ და ნეიტრალიტეტის დროშა ააფრიალონ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს ეს იდეა მოსწონს და მისი განხილვისთვის მზადაა. ეს ნიუანსი საკმაოდ მნიშვნელოვანია; თუ კრემლი დარწმუნდება, რომ «ფინურ ვარიანტზე» (და არა რუსეთთან კავშირზე, როგორც ზოგიერთი ქართველი კომენტატორი მიიჩნევს) ორიენტირებულ ძალებს ქართულ პოლიტიკაში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ხოლო თეთრი სახლი ნამდვილად აპირებს საქართველო ნატო-ში გააწევრიანოს, ის უაღრესად ხისტად იმოქმედებს.

ვიდრე ომი და უბედურება დაიწყება, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რისთვის დაიღუპება ხალხი _ დიადი იდეის თუ დიდი ილუზიის გულისთვის და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. თუ ომი დაიწყება ხალხი დიადი მიზნებისათვის კიარა დიადი ილუზიებისათვის დაიხოცება,მათი ცოდვა კი დღევანდელი ვაი პოლიტიკოსების კისერზე იქნება,მსხვერპლი კი არცისე ცოტა იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here