Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: ობამა ყველაზე დიდი ქართველი გამოდგა

აკაკი ასათიანი: ობამა ყველაზე დიდი ქართველი გამოდგა

473

მაპის მოლოდინში ეიფორიაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება ბარაკ ობამამ სრულიად დაამშვიდა. მან გარკვევით თქვა ის, რაც აქამდე ყველამ ვიცოდით, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რატომღაც იხტიბარს არ იტეხდა _ რომ ნატო უახლოეს მომავალში გაფართოებას არ გეგმავს და საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხი არც განიხილებაო. ამით ამერიკის პრეზიდენტმა ნატოზე ოცნების საშუალებაც კი მოგვისპო. რამდენად რეალური იყო ოცი წელიწადი ნატოსთან დაახლოების ილუზიით ცხოვრება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლოს» «ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის» თავმჯდომარე _ აკაკი ასათიანი ესაუბრება.

 

_ ობამა ყველზე დიდი ქართველი გამოდგა. ჩვენ, ქართველებს, როგორც წესი, რეალობის დანახვა არ გვინდა ხოლმე, ამიტომ ვიღაცას ეს უნდა ეთქვა, ეს ვიღაც კი ობამა აღმოჩნდა.

მეტსაც გეტყვით, რუსეთთან შეუთანხმებლად ნატოში არასოდეს მიგვიღებდნენ, ამერიკა და ევროპა რუსეთთან საქმეს არ გაირთულებდნენ და ეს თავშივე ცხადი იყო ყველასთვის, ვისაც ამ რეალობის დანახვა სურდა. ობამამ რომ დაინახა, ქართველები დამოუკიდებლად დასკვნებს ვერ გამოვიტანდით, გარკვევით გვითხრა: _ ნატო არ გაფართოვდება, უკრაინისა და საქართველოს საკითხი არ განიხილება. ეს აქამდეც ცხადი იყო და ვწუხვარ, რომ ქართველებმა სახელმწიფოს ცხოვრების ოცი წელიწადი ქიმერას გადავაყოლეთ.

_ ეს ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, რიგითმა ქართველმაც კი იცოდამაშინ ამხელა მოლოდინი რატომ ჰქონდა ხელისუფლებას, რაც განსაკუთრების ყირიმის მოვლენების შემდეგ გამძაფრდა? გასაგები იყო წინა ხელისუფლების კურსი, მაგრამ ახალი ხელისუფლებიდან ასეთ «აგონიას» არავინ ელოდა.

_ არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა სჭირდა. ვფიქრობ, რომ ინერცია უფრო იყო, ისინი ინერციით წავიდნენ. შიშობენ, პრორუსულობა და გზიდან გადახვევა არ დააბრალონ. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ _ გზიდან მათ არ გადაუხვევით, ევროკავშირთან ასოცირებაზე საუბარი კვლავ ძალაშია, თანაც ეს არ არის ისეთი რამ, რის გამოც რუსეთთან უსიამოვნება მოგვივა. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსებს არც ეს არ მოეწონებათ, მაგრამ მაინც საგანგაშო არ არის.

_ რა რეალობის წინაშე დადგება უახლოეს მომავალში საქართველო?

_ დიდად რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები, რუსეთშიც, ამერიკაშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც პროცესები უახლოეს მომავალში შენელდება, თუ ჩვენი ხელისუფლება სისულელეებს არ ჩაიდენს.

_ რას გულისხმობთ სისულელეებში?

_ მაგალითად, თუ არ შეასრულებენ «ნაციონალების» ისეთ მოთხოვნებს, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ დემონსტრაციულად რუსოფობური ნაბიჯების გადადგმის თაობაზე.

_ ბევრი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კარგად მოიქცა, როდესაც სააკაშვილი დაკითხვაზე სწორედ ახლა დაიბარა, რადგან «ნაცები» ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ასე განვითარებას სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას აბრალებენ.

_ არა მგონია, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას რაიმე კავშირი ჰქონდეს ობამას განცხადებასთან, თუმცა ჟვანიას თემის ამოწევა «ოცნებას» წინასაარჩევნოდ ნამდვილად წაადგება. «ნაცებს» ძალიან უნდათ, რომ მიშას სახელს დაუკავშირონ ყველაფერი, მაგრამ ობამა ასე არ ფიქრობს…

_ ბატონო აკაკი, პრეზიდენტისა და ივანიშვილის დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ. ივანიშვილმა თითქმის მკლავის გადაგრეხვის მეთოდი გამოიყენა და ისე აარჩევინა ქართველ ხალხს მარგველაშვილი. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, პირდაპირ და აშკარად გაცემული დავალება, რომ საქართველოს პრეზიდენტი 60%-მა უნდა აირჩიოს. გვახსოვს ისიც, რომ ამბობდა, მე წავალ, მაგრამ ძალიან კარგ გუნდს გიტოვებთო. კარგი ბიჭები უცბად ცუდ ბიჭებად გადაიქცნენ.

_ რა მოხდა ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, ნამდვილად არ ვიცი. მგონია, რომ კონსტიტუცია არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით. ივანიშვილი დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეა და ჩვენც, ყველას გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება, ოღონდ ივანიშვილის განცხადებას კორექტირება იმ მხრივ სჭირდება, რომ მან არ უნდა თქვას სიტყვა «არ დამიჯერა». ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის, ვფიქრობ, ადექვატურია, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მოქმედების არ გვრცხვენია, არადა, ამის მწარე გამოცდილება გვაქვს.

მარგველაშვილ-ივანიშვილის საკითხი, ალბათ, მათივე გადასაწყვეტია, მორიგდებიან, მეგობრები არიან. კონსტიტუციაში ყველაფერი ეწერა, მაგრამ არავინ ჩაიხედა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ, ხელშეკრულებას ხელს ვინ მოაწერსო. რა მნიშვნელობა აქვს, ხელს ვინ მოაწერს? ინგლისის შემთხვევაში, ამას პრემიერი გააკეთებდა, მაგრამ, დედოფალს რომ მოეწერა ხელი, ამითაც არაფერი დაშავდებოდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here