გუშინ, 2014 წლის 31 მარტს, თბილისში, სასტუმრო BETSY’S HOTEL-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიულმა მემკვიდრეობამ” მრგვალი მაგიდა გამართა სახელწოდებით „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და რუსი ექსპერტები – ცნობილი მეცნიერები, პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, პუბლიცისტები და ჟურნალისტები.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლებისთვის ბრძოლების მონაწილეებმა შოთა ბუაძემ, ნიკოლოზ ჩარაშვილმა, ტარას იჩქიტიძემ და მოსე მდინარაძემ, რომელთა მოგონებებმა ყველა დამსწრე ძალიან ააღელვა.
მთავარი მომხსენებლები დანარჩენი მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგნენ მოხსენებებით, რომლებიც მრგვალი მაგიდის ზემოხსენებულ თემას ეხებოდა:
1. ოქსანა სოლოპოვა – მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – სწავლული მდივანი, დოცენტი: “ფაშიზმის წინააღმდეგობის ფორმების ეროვნული და რეგიონული თავისებურებები ბელორუსიაში”;
2. ფიოდორ გაიდა – მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი: “ეკლესიის ფაქტორი იდეოლოგიურ ცვლილებებში დიდი სამამულო ომის დროს”;
3. გრიგოლ ონიანი – საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე: “უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც დიადი გამარჯვების შემოქმედი”;
4. დარეჯან ანდრიაძე – ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი: “ქართული პრესა უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების შესახებ”;
5. ვილჰელმ მახარაძე – საქართველოს სახალხო-პატრიოტული კავშირის თავმჯდომარე:
“ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”;
6. ნანა დევდარიანი – გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: “დიდი სამამულო ომის ისტორიის გადაწერის მცდელობა, შედეგები, შეფასებები”;
7. თამარ კიკნაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე: “დიდი სამამულო ომი და ისტორიული მეხსიერება”;
8. ვალერიან დოლიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: “დიდი სამამულო ომი, როგორც თანამედროვე პოლიტიკის შემეცნების წყარო”;
9. არნო ხიდირბეგიშვილი – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი: “ფაშიზმის რესტავრაცია, როგორც დასავლეთის მიზანმიმართული პროვოკაციული პოლიტიკის შედეგი”;
10. დავით ფურცხვანიძე – უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი: “ფაშიზმის შედეგები და თანამედროვე საფრთხეები”;
11. ირაკლი უბილავა – „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ ხელმძღვანელი: “დიდი სამამულო ომი და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მნიშვნელობა”;
12. ვიტალი ქარჩავა – “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი”: “დიდი სამამულო ომი – სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე”.
მრგვალი მაგიდა „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი” მიჰყავდა ღონისძიების ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელ ტარიელ გაგნიძეს, რომელმაც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” კორესპონდენტ ნატა წერეთელთან საუბარში აღნიშნა: “დღევანდელი ღონისძიება ვეტერანთა კავშირთან ერთად დავგეგმეთ და იგი დიდ სამამულო ომში უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავს ეძღვნება. მსგავსი ღონისძიებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ტარდება, მათ შორის ჩვენთანაც. დასკვნითი შეხვედრა აპრილში კურსკში გაიმართება, სადაც სტუმრები საქართველოდანაც იქნებიან მიწვეული. მრგვალ მაგიდაზე გავიხსენეთ ომის დროინდელი პერიპეტიები და რას ნიშნავდა იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის.
გარდა ამისა, დღეს განვიხილეთ უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, რომლებიც შეიძლება ფაშიზმის აღორძინების მცდელობად ჩაითვალოს. უკრაინელი ხალხი 70 წლის წინ იმისთვის არ სწირავდა სიცოცხლეს, რომ 21–ე საუკუნეში იგივე განმეორებულიყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჩვენი ისტორიული მეხსიერება არ დაიკარგოს და დღევანდელი ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე ძველსა და ახალ თაობასაც შევახსენოთ და გავაგებინოთ, თუ რისთვის იყო ეს ომი, რას ნიშნავდა იგი კონკრეტულად ქართველებისთვის და საერთოდ, საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს დიდ სამამულო ომში, რომ ჩვენთვის მომავალი, მშვიდობა, კეთილი ცხოვრება, სამშობლო და ქვეყანა შეენარჩუნებინათ”.
მრგვალი მაგიდის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა რევაზ ნაცარიშვილმა, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა: “მეორე მსოფლიო ომში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს საქართველომ, უკრაინამ და ბელორუსიამ. ცხადია, ამ თემაზე კონფერენციის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პირველ რიგში იმ გმირების უკვდავსაყოფად ხდება, რომლებმაც თავი გაწირეს ფაშიზმთან ბრძოლაში, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებში ყოფილიყო მშვიდობა.
დღეს მსოფლიო გლობალიზაციის საკითხი დგას, რომელიც ყველა ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებშიც სწორედ გლობალისტების ხელი ურევია, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი ეს მცდელობა მარცხით დამთავრდება, რადგან ხალხმა იცის, რა საშინელებაა ფაშიზმი და მას 21-ე საუკუნეში ფესვების გადგმის საშუალებას არ მისცემს. დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მოსული ძალები თანამედროვე ფაშისტები არიან, რომელთაც ერთგვარი რევანში უნდათ და იმედია, უკრაინელი ხალხი მათ მოღვაწეობას ადეკვატურად შეაფასებს”.
ოქსანა სოლოპოვამ თავის მოხსენებაში უამრავი ქართველი გმირი (კონკრეტული სახელებით და გვარებით) გაიხსენა და ფაშიზმთან ბრძოლაში მიღწეულ საერთო გამარჯვებაში მათ პირად დამსახურებებზე ვრცლად ილაპარაკა. ქალბატონმა ოქსანამ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმ გმირულ წარსულს, რომელიც ჩვენმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს, გაფრთხილება სჭირდება: “მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება ძალიან ძნელია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ – საერთო ისტორია გვაქვს. ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები, რომლებმაც თავის დროზე მორალური არჩევანი გააკეთეს და საკუთარი სიცოცხლე რეალურად შესწირეს, ახლაც ცოცხლები არიან, ჩვენ გვერდით არიან და უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ფაშიზმთან ბრძოლაში მათი მონაპოვარი გვახსოვს და ვიცავთ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. დღეს ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ განა ბევრ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი საერთო ისტორიით, ასეთი სიმდიდრით იტრაბახოს? ის, რომ დღეს შეგვიძლია რაღაც ნიუანსები დავივიწყოთ და ვთქვათ, რომ გვახსოვს ჩვენი ნათესაობა – იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს საზოგადოებებში მოქალაქეობრივი პოზიცია მომწიფდა და ადამიანები მიხვდნენ – სად არის აბსოლუტური ფასეულობა, სად – ამწუთიერი გეოპოლიტიკური სარგებელი, სად – უბრალოდ ადამიანური წესიერება და ისტორიული არჩევანის წინაშე პასუხისმგებლობა. ამიტომ ამგვარი ღონისძიებები მხოლოდ ჰუმანიტარულ საზოგადოებას კი არ აერთიანებს, მათ მაღალი მნიშვნელობის მორალური ხასიათიც აქვს.
მე ეროვნებით ბელორუსი ვარ და ის მოვლენები, რომლებიც ბელორუსიაში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში აღინიშნება – პირადი ხასიათის მოვლენებიც არის. და რადგან ბედმა ქართულ მიწაზე მომიყვანა, მე, როგორც ისტორიკოსმა, სიტუაციით ვისარგებლე და მოვამზადე მოხსენება იმ ქართველებზე, რომლებიც ბელორუსიის მიწის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ეს გვარები და სახელები ბელორუსიაში ახსოვთ და პატივს მიაგებენ, მათი სახელობის ქუჩები არსებობს, ალბათ, სწორედ ეს არის იმ კავშირის მაჩვენებელი, რომლის დარღვევა შეუძლებელია. ამიტომ მინდა, უბრალოდ მოგიყვეთ ამ ადამიანებზე, მათ გმირობაზე, იმაზე, რატომ გახდნენ ისინი ომის გმირები, საბჭოთა კავშირის გმირები.
რა თქმა უნდა, ეს მათი საერთო გამარჯვება იყო და ისინი ერთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენი დიდი ბაბუების, ბაბუების და მამების ასეთი მემკვიდრეობა, მათი საერთო გმირული წარსული – უზარმაზარი ფასეულობაა. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება – არ გავფანტოთ, არ დავკარგოთ, შევინარჩუნოთ ის! ისტორიული წარსულისადმი პატივისცემა ეროვნული სიამაყის გრძნობას აყალიბებს, გვასწავლის სამშობლოს სიყვარულს არა მარტო გამარჯვების დღეებში, არამედ დანაკარგებისა და დამარცხების მომენტებშიც.
სწორედ ამიტომ ისტორიული მეხსიერება ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი საფუძველია და გამოიხატება ხალხის მიერ თავისი ისტორიისა და თავისი გმირების ცოდნაში, საკუთარი ქვეყნის წარსულის სწორად აღქმაში, ეროვნული ტრადიციების და ზნეობრივი საფუძვლების დაცვაში. ამიტომ დიდი სამამულო ომის თემა არა მარტო გუშინდელი დღის, არამედ მომავლის საქმეც არის. და ჩვენ – ბელორუსებს, ქართველებს, რუსებს – საერთო გმირები გვყავს! ჩვენმა დიდმა ბაბუებმა და ბაბუებმა მძიმე წუთებში თავისი თავისა და ჩვენთვის, დღევანდელებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს, საკუთარი თავი არ დაინდეს და გაიმარჯვეს! შესაძლოა, დღეს – ჩვენი ჯერია…”.
ფიოდორ გაიდამ თავის მოხსენებაში აღნიშნა: “ღონისძიების თემა უაღრესად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თბილისში, საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უახლესი ისტორია რთულია, მაგრამ ის, რომ ჩვენს გმირულ წარსულს ვიხსენებთ, რომელიც გვანათესავებს – ძალიან კარგია, და სწორედ ამ წარსულში ვიპოვით ყლორტებს ჩვენი საერთო მომავლისათვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძმები ვართ, ამიტომ უფრო მნიშვნელოვან თემას ძნელად თუ ვიპოვიდით.
ჩემი მოხსენება ეხება ეკლესიის როლს 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მოვლენებში და როგორ გააერთიანა მან საბჭოთა კავშირის ყველა მართლმადიდებელი ხალხი – რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ქართველები; რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს სულის მხნეობა შეენარჩუნებინათ და არ დემორალიზებულიყვნენ იმ საშინელ პირობებში, რომლებშიც აღმოჩნდნენ.
მეორე მსოფლიო ომის წინ, 1939 წელს, სიტუაცია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ისეთი იყო, რომ მან, როგორც ორგანიზაციულმა სტრუქტურამ, უბრალოდ, არსებობა შეწყვიტა, დაიკეტა თითქმის ყველა ტაძარი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც, დარჩენილი იყო 400-ზე ნაკლები მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი და არცერთი მონასტერი. თუმცა 1939-ში დასავლეთის საზღვრებზე ახალი ტერიტორიები შემოვიერთეთ და სიტუაცია შეიცვალა, რადგან იქ ბევრი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი იყო, მაგრამ 1941 წელს ყველა ეს ტერიტორია მაშინვე ოკუპირებული აღმოჩნდა.
ეკლესიამ, რომელიც იქ იმყოფებოდა, არ დაკარგა კავშირი რუსეთის ეკლესიასთან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, და თუმცა ისინი ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს იმყოფებოდნენ, სულიერი ერთობა შენარჩუნებული იქნა. ამის შესახებ საბჭოთა ხელმძღვანელობამ იცოდა და სწორედ იმის შედეგად, რომ ეკლესია ომში ჩართულ საბჭოთა კავშირსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ძალა იყო, მთავრობა დათმობაზე წავიდა და საბჭოთა იდეოლოგიის ისე შეცვლა დაიწყო, რომ ის უკვე ისტორიულ წარსულს და ეკლესიას ეფუძნებოდა. აღორძინება დაიწყო ტრადიციებმა, რომლებიც საერთო იყო როგორც რუსების, ისე უკრაინელების, ბელორუსების და ქართველებისთვის. გაჩნდა ახალი ორდენები და დაიწყეს 1912 წლის სამამულო ომის დროინდელი მხედართმთავრების სახელების განდიდება, მათ შორის – ბაგრატიონის. ბელორუსიის გათავისუფლების ოპერაციას “ბაგრატიონი” ერქვა, თუმცა 1941 წლამდე ასეთი რამის წარმოდგენა რთული იყო. შედეგად, 1943 წლის თეირანის კონფერენციის წინ, რუსულ ეკლესიას ნება დართეს, ახალი პატრიარქი აერჩიათ, რომელიც 1925 წლიდან არ ყოფილა. დაიწყო სასულიერო განათლების აღდგენა, მასობრივად იხსნებოდა ტაძრები და მონასტრები. ცვლილებები მოხდა არმიაშიც, მაგალითად – ფორმა შეცვალეს, რადგან შეტევაზე გადასული არმია გარეგნულად პრინციპულად განსხვავებული უნდა ყოფილიყო იმ არმიისგან, რომელიც 1941-ში ფრონტზე მიდიოდა.
1943 წელს აღდგენილ პატრიარქს ახალი ტიტული მიენიჭა – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის (Всея Руси), ნაცვლად 1925 წლამდე მოქმედი ტიტულისა – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის (Всея России). რუსეთი (Россия) 15 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი იყო, ხოლო “Русь” აღნიშნავდა საბჭოთა კავშირის მთელ მართლმადიდებელ სივრცეს (საქართველოს გარდა, საქართველოში საკუთარი ეკლესია იყო). ამავე დროს მოხდა რუსეთის და საქართველოს ეკლესიების შერიგება, აღდგა 1917 წელს გაწყვეტილი ურთიერთობა.
საინტერესოა ისიც, რომ პატრიარქისთვის ახალი ტიტულის მინიჭებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დამტკიცდა სსრკ-ის ახალი ჰიმნის ტექსტი სიტყვით “Русь”. ჰიმნის ავტორის – სერგეი მიხალკოვის მოგონებების მიხედვით, სწორედ ამ სიტყვამ მიიქცია სტალინის ყურადღება და სწორედ ეს ტექსტი გახდა სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი. ამგვარად, ის, რაც ეკლესიას უკავშირდებოდა, სახელმწიფო იდეოლოგიაში აღწევდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეკლესიის აქტიური როლი მოვლენებში, დაწყებული 1941 წლიდან”.
არნო ხიდირბეგიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ “სსრკ-ის დაშლის შემდეგ განადგურებულმა ერთიანმა რუსულენოვანმა საინფორმაციო სივრცემ, განადგურებულმა ფასეულობათა ერთიანმა სისტემამ, საშუალო და უმაღლესი განათლების განადგურებულმა ერთიანმა სისტემამ, ახალმა, რეფორმირებულმა, ბრჭყალებში, ისტორიის სახელმძღვანელოებმა, რომლებშიც ყველაფერი თითქმის საპირისპირომდეა გაყალბებული, და, როგორც შედეგი, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ვნებიანმა ევროატლანტიკურმა მოძრაობებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვება, დიდ სამამულო ომში დიდი გამარჯვება და, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლება დღეს საიმედოდ არის დაარქივებული.
საზოგადოებაში საგანგებოდ ჩამოაყალიბეს ისეთი სტერეოტიპი, სადაც ეს ყველაფერი წარმოდგენილია ვირტუალურ და დიდი ხნის წინანდელ, არანამდვილ, კომპიუტერულ ომობანას თამაშად, ხოლო ჩვენი ძვირფასი ვეტერანები – ისტორიული მუზეუმის ცოცხალ ექსპონატებად, ერთგვარ ძველი კინობოევიკების გმირებად. საკითხი წარმატებით იქნა გადატანილი სხვა მენტალურ სიბრტყეში, მაგალითად, საქართველოში ახალგაზრდა თაობის უმრავლესობა ვეტერანებს უკვე არა პატივისცემით, არამედ სიბრალულით უყურებს. აქაოდა, თქვენ, ბაბუებო და ბებიებო, სულელები და გულუბრყვილოები ხართ, ცდებოდით და საბჭოთა კომუნისტური პროპაგანდისტული მანქანის მიერ მოტყუებული აღმოჩნდით. თქვენ სისხლს სხვის ომში, სხვისი ინტერესებისთვის ღვრიდით. აი, ასე ზრდიან ჩვენთან ახალგაზრდობას, რომელსაც ჩააგონეს, რომ აი, ერაყსა და ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები საქართველოსთვის ღვრიან სისხლს.
ეს – ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკა აგებულია საკუთარი წარსულის უარყოფაზე, რომლითაც კი არ უნდა იამაყო, არამედ უნდა გრცხვენოდეს, ხოლო საქართველოს ისტორია ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად “სუფთა ფურცლიდან” იწერება, როდესაც ცოტა ვინმე თუ გარისკავს, საჯაროდ უარყოს საქართველოში “ცეერუს” მრჩეველების მიერ ეროვნული ქართული ელიტის (გამყიდველი პოლიტისტებლიშმენტის და პოლიტიკური მეძავის – ინტელიგენციის) დახმარებით დანერგილი სტანდარტი, რომ სსრკ ხალხების ციხე იყო, სტალინი – სისხლიანი ჯალათი, ხოლო რუსეთი – ისტორიული დამმონებელი, ოკუპანტი და აგრესორი, რომელთან ერთადაც მის მიერ დამონებული ევროსაქართველო მხოლოდ გაუგებრობის გამო იყო 2 საუკუნის განმავლობაში…”
დავით ფურცხვანიძემ შენიშნა, რომ “არ მოხერხდა ამ გამარჯვების განმტკიცება და დღეს გვიწევს ისევ და ისევ დავუპირისპირდეთ ფაშიზმისა და ექსტრემიზმის ტრანსფორმირებულ გამოვლინებებს. საქართველოში რეჟიმის შეცვლამ 2012 წლის ოქტომბერში მხოლოდ დროებით გადასწია უკანა პლანზე პრობლემა, რომელმაც უკვე ახალი ძალით და სრულიად ახალი სახით იჩინა თავი. თითქმის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა უკრაინაშიც, სადაც მისი გადაჭრის საუკეთესო საშუალება შესაძლოა “ბელგიური გადაწყვეტა” აღმოჩნდეს, ანუ უკრაინის საერთაშორისო დონეზე გარანტირებული ნეიტრალიტეტი. უკრაინაში რელიგიურ ექსტრემიზმს სეპარატისტული ხასიათი აქვს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯიბრზე შექმნილი არაღიარებული ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თვითგამოცხადების შემდეგ ორგანიზებული სახე მიიღო. ასეთივე სცენარის განვითარების ხელშეწყობის ტენდენცია ჩანს საქართველოშიც, სადაც პატრიარქი ილია მეორის წინააღმდეგ მობილიზებულია გარკვეული გარეშე და შიდასაეკლესიო ძალები.
ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოში კრიმინალიტეტის რეანიმაციის და უკრაინაში მისი წახალისების მცდელობა, ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ხომ მათი მასობრივი განდევნის შემდეგ ნაყოფიერი ნიადაგი უკრაინაში იპოვეს”.
დასასრულს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანთა მიმართვა უკრაინელ ვეტერანებს:
დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანთა – მრგვალი მაგიდის „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი” მონაწილეთა
მიმართვა უკრაინელ ვეტერანებს
ძვირფასო უკრაინელო ძმებო!
ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანები საქართველოდან – კონფერენციის „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი” მონაწილეები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ იმ შეუწყნარებელი ფაქტის გამო, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ნეოფაშისტური ძალები მოვიდნენ.
70 წლის წინ ჩვენ, რომლებიც ყველა ერთად ვღვრიდით სისხლს ფაშისტური უწმინდურებისგან უკრაინის გათავისუფლებისთვის,, ვერც კი ვივარაუდებდით, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ბანდერასა და შუხევიჩის საქმის გამგრძელებლებთან ბრძოლა მოუწევდათ, რომ წაიბილწებოდა ჩვენი თანაპოლკელების საფლავები და შეიბღალებოდა ჩვენი გმირების ძეგლები.
რუსები, უკრაინელები, ქართველები, ყოფილი სსრკ-ის ყველა ხალხი, ეროვნების მიუხედავად მივდიოდით შეტევაზე, დღეს კი, 21-ე საუკუნეში, უკრაინაში კვლავ წამოყვეს თავი ნაცისტებმა, რომლებიც ადამიანებს ყოფენ “მოსკალებად”, “ურიებად” და გიორგის ჯვრის ბაფთებს გვაგლეჯენ.
უკრაინისათვის ამ მძიმე წუთს ჩვენ თანავუგრძნობთ დიდი სამამულო ომის უკრაინელ ვეტერანებს და სოლიდარობას გიცხადებთ. ხანდაზმული წლების მიუხედავად, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით – ამას გვავალდებულებს მათი ხსოვნა, ვინც ცოცხალი აღარ არის, აგრეთვე ჩვენი შვილიშვილებისა და შვილთაშვილების მომავალი, რომელშიც ფაშიზმის ადგილი არ უნდა იყოს!