Home რუბრიკები საზოგადოება ყავა კულტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის თუ მსოფლიოს უნიკალური ფილმის საუკუნოვანი იუბილე?

ყავა კულტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის თუ მსოფლიოს უნიკალური ფილმის საუკუნოვანი იუბილე?

589

12 წლის წინათ ამერიკის პრესაში ისეთი (ყურადღება მიაქციეთ: თავიდანვე არც კი განვსაზღვრავ, კერძოდ, როგორი!) სტატია გამოქვეყნდა ქართულ ეროვნულ ხასიათზე, რომ, ალბათ, ბევრი არც დაიჯერებს და ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია, დასაწყისი მაინც ამ სტატიისა, რომ იტყვიან, დედანში გაგაცნოთ, დავძენ მხოლოდ იმას, რომ იქვე იყო აკაკი წერეთლისა და ვასილ ამაშუკელის ფოტოსურათები: Even though America televises the most famous movie awards program and France has the largest film festival, Georgia might just be the be the only country to create a national holiday around the anniversary of the making of a film”, “Kodak”, 21.IX.2002.  

 

«მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ცნობილი კინოდაჯილდოების სატელევიზიო ტრანსლაციებს აჩვენებს (იგულისხმება «ოსკარის» ცერემონია _ გ. დ.), ხოლო საფრანგეთს აქვს უდიდესი კინოფესტივალი (ანუ კანის უძველესი და უპრესტიჟულესი საერთაშორისო კინოფესტივალი _ გ. დ.), საქართველო ეგებ ერთადერთი (ხაზგასმა ჩემია _ გ. დ.) ქვეყანაა, რომელმაც ფილმის იუბილე ეროვნულ დღესასწაულად (ხაზგასმა ისევ ჩემია – გ. დ.) აქცია».

თუ გავიხსენებთ, რაც იმთავითვე ვთქვი აკაკი წერეთლისა და ვასილ ამაშუკელის ფოტოსურათებზე, არ გაგვიჭირდება იმის მიხვედრა, რომ იგულისხმება ქართული კინოს პიონერის – ვასილ ამაშუკელის (1886-1977) გახმაურებული ფილმი «აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს». როგორც ვხედავთ, ფილმის გადაღების თარიღი (1912 წ.) თვით სახელწოდებაშია…

დიახ, ეს ადვილი მისახვედრი იყო, მაგრამ რა იუბილეზეა საუბარი, ამერიკულმა პრესამ მთელ მსოფლიოს რომ მოსდო, ქართველებმა ფილმის იუბილე ეროვნული დღესასწაულის რანგში აიყვანესო? შეგახსენებთ, რომ ეს დღესასწაული საქართველოში «აკაკის მოგზაურობის» 90 წლისთავის აღსანიშნავად 2002 წლის ივლისში გაიმართა ზუსტად იმ მარშრუტით, გრაფიკით, კოსტიუმებითა და ტრანსპორტით, როგორც საუკუნის წინათ აკაკის უშუალო მონაწილეობით. ასეთი მასშტაბური ღონისძიება მე, ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა სახელმწიფოსგან დაუხმარებლად ჩავატარეთ. რომ იტყვიან, ერთი კაპიკიც არ მიგვიღია მთავრობისგან, ჩემ გვერდით იყვნენ: რეზო ჩხეიძე, ოტია იოსელიანი, თეიმურაზ შაშიაშვილი და ქართველი ჩოხოსნები. ასეთი საერთაშორისო აღიარებით შეგულიანებულები, ცხადია, იმთავითვე შევუდექით მზადებას «აკაკის მოგზაურობის» 100 წლისთავის მოსამზადებლად, რადგან ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში, თვით საფრანგეთშიც კი, რომელიც კინემატოგრაფიის სამშობლოა, არ აღუნიშნავთ რომელიმე ფილმის, მით უმეტეს, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, 100 წლისთავი _ კინემატოგრაფი ოლიმპოს მუზათა ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, მას სულ ახლახან შეუსრულდა საუკუნე.

კაცმა არ იცის, როდის დაიწერა პირველი ლექსი, როდის შეიქმნა პირველი სიმღერა, როდის გაჩნდა პირველი ნახატი და ა. შ., მაგრამ ზუსტად ვიცით, როდის ნახა მაყურებელმა პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური («მატარებლის შემოსვლა ვაგზალში») თუ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი («გაწუწული მებაღე», უფრო სწორად _ «გაწუწული მრწყველი»). ეს მოხდა 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში… რაც შეეხება ჩვენი ინტერესის სფეროს, პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად კინოს ისტორიაში აღიარებულია ამერიკელი რეჟისორის, რობერტ ფლაერტის (FLAHERTY), ფილმი «ჩრდილოელი ნანუკი» (NANOOK OF THE NORTH), რომლის გადაღების თარიღია 1922 წელი, მაშინ, როცა ვასილ ამაშუკელმა, როგორც ვიცით, 10 წლით ადრე (1912 .) გადაიღო «აკაკის მოგზაურობა». მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრება სწორედ ამ უნიკალური ფილმის შესწავლა-პროპაგანდას მოვანდომე, შორეულმა ამერიკამაც, როგორც ნახეთ, ასე დამიჭირა მხარი, მაგრამ საქართველოს კულტურის სამინისტროს ვერც შევარდნაძის (2002 წ.), ვერც სააკაშვილის (2012 წ.) და ვერც ახალი მთავრობის პერიოდში ეს ელემენტარული რამ ვერ გავაგებინე – რა სტატიები და წიგნები არ დავწერე, რა ტელეგადაცემები არ გავაკეთე, რა მოხსენებითი ბარათები არ ვაფრინე ყველა მიმართულებით, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ!

რას ვითხოვდი ახლა ასეთს?!

საჭიროა სულ რაღაც ათიოდე კინემატოგრაფიული ქვეყნის, უპირველეს ყოვლისა, კინემატოგრაფიის სამშობლოს _ საფრანგეთის მოწვევა, რომ ჩამოიტანონ თავიანთი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, ჩავატაროთ ამ უნიკალური კინოსურათების საერთაშორისო ფესტივალი (გნებავთ, სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია), ჩვენ წარვადგინოთ «აკაკის მოგზაურობა» და ყველაფერი გაირკვევა კინოს ისტორიაში, რაც მთავარია, ყველა ქვეყნის ენციკლოპედიაში ჩაიწერება, რომ პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს არა ამერიკაში 1922 წელს, არამედ საქართველოში, მთელი ათი წლით ადრე _ 1912 წელს და იგი მიეძღვნა, უპირველეს ქართველ პოეტსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს _ აკაკი წერეთელს.

ამაზე დიდი ამოცანა არ დგას თანამედროვე ქართული კინომცოდნეობის წინაშე, მაგრამ ათეულობით წლები ამაოდ გავისარჯე _ ვერც ერთ მთავრობას ვერ გავაგებინე, რა უძვირფასესი განძი გვაქვს კინოფილმ «აკაკის მოგზაურობის» სახით. სხვა ქვეყნები, მათ შორის, შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც ჩვენი უახლოესი მეზობლები, არც მეტი, არც ნაკლები, სულაც «იგონებენ» ასწლოვანი კინოს საიუბილეო თარიღებს! როგორ? ეროვნული კინემატოგრაფის აღმოცენების თარიღად იმ პერიოდს კი არ ასახელებენ, როცა ადგილობრივი კინოწარმოება დაიწყეს, არამედ კონკრეტულ წელს, როდესაც მათთანაც მიაღწია ევროპული კინოგაქირავების სისტემის ტალღამ და დაიწყეს შემოტანილი კინოსურათების დემონსტრირება…

ჩვენ კი რა გვჭირს, ხალხნო, გამოსაგონი, თუ ღმერთი გწამთ?! მაგრამ ამ ჩვენს ბედოვლათ კულტურის სამინისტროს რას გააგებინებ?! კი, ბატონო, ვთქვათ, თქვენს მონა-მორჩილს მეტყველების პრობლემები აქვს და კაცი ვერ გაუგებს, რას მიედ-მოედება; ეგებ, არც კალამი უჭრის იმ საცოდავს და ა. შ. მაგრამ ამ ტაშ-ფანდურა ოდიშარია-ბერიკაშვილის ტანდემს რა ჯანდაბა დაემართა, რამ დააბრმავა, რომ ვერ ხედავს? ეკრანზე ხომ მართლაც ცოცხალი აკაკია, აკაკი, რომელიც დადის, გვიღიმის, გვესალმება, გვლოცავს და ეს მხოლოდ 1912 წელს შეიძლება მომხდარიყო, როცა მადლიერმა ქართველმა ხალხმა თავის უსაყვარლეს პოეტს თორმეტდღიანი და 200 კილომეტრზე გადაჭიმული დღესასწაული უძღვნა, დღესასწაული, რომლის მსგავსი არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას! პროფესორმა სერგეი ანისიმოვმა, რომელიც თავად შეესწრო ამ ზღაპრულ სანახაობას, აღფრთოვანებულმა ორჯერ (1912 და 1940 წ.წ.) გამოაქვეყნა წერილი ამ სასწაულზე და ისიც ხაზგასმით მიუთითა, რომ თავად ლევ ტოლსტოიც კი, რომელსაც გული სწყდებოდა, მსოფლიო დიდებას მივაღწიე, მაგრამ სახალხო მწერლობას მაინც ვერ ვეღირსეო, არ ხვდა წილად აკაკისეული აღიარება მშობლიურ ხალხში, იმდროინდელი რუსეთის 130 მლნ მოსახლეობიდან მხოლოდ ათეულ ათასობით მკითხველი თუ ჰყავდა და დაბადების 80 წლისთავიც (1908 წ.) ისე უღიმღამოდ გადაუხადეს, რომ თანასოფლელებსაც კი არა გაუგიათ რა, მაშინ, როცა აკაკის იუბილე საყოველთაო-სახალხო დღესასწაულად იქცაო, _ ეს რუსი პროფესორის _ ანისიმოვის სიტყვებია.

«აკაკის მოგზაურობის» გრანდიოზულობასა და მასშტაბურობას მხოლოდ დანახვა უნდა, მერე კი სხვებსაც უნდა შევთავაზოთ _ თანამედროვე კინოელიტას, მაგრამ ამ ტაშ-ფანდურა ოდიშარია-ბერიკაშვილის ხელში ეს არ მოხდება, თუმცა საიმედო მხოლოდ ისღაა, რომ მინისტრები მიდიან, ხელოვნება კი რჩება, როგორც დღეს იტყოდა ვლადიმერ მაიაკოვსკი…

ამ ჩემი ბედდამწვარი პროექტისთვის იმდენი თანხა რომ გამომეგლიჯა კულტურის სამინისტროსთვის, რამდენსაც უფალი მინისტრი ერთი ღამის გათენებაში ხარჯავდა ევროპის სასტუმროებში, ჩემი მოკლე ჭკუით, კულტურის სამინისტროს საქმე გავუიოლე, უარი ვთქვი იმ შეპირებულ 40 000 ლარზე და შევთავაზე: მოდი, ნუღარავის მოვიწვევთ, რაკი ასე ძვირი ჯდება ეს სტუმრიანობა და თბილისში აკრედიტირებულ საელჩოებს ვთხოვოთ, დისკები გადმოგვიგზავნონ თავიანთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმებისა და მერე სწორედ აქ მყოფი ელჩების მონაწილეობით ჩავატაროთ, ასე ვთქვათ, სატელევიზიო რეჟიმში, მსოფლიოს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების რეტროსაერთაშორისო კინოკონკურსიმეთქიგენიოსი ხარო, მითხრეს და მაგას 10 ათასი ლარიც ქე ეყოფაო. ხელახლა, უკვე მერამდენეჯერ, მომთხოვეს ოფიციალური წერილი გურული გულუბრყვილობით ისიც გავიფიქრე, ავიღებ ნამუსზე ხელს, ავდგები და პირდაპირ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევაწუხებ, სხვა თუ არაფერი, აკაკი წერეთელი ხომ მისი «ზემლიაკი» არის-მეთქი და პირადი წერილიც შევიტანე სახელმწიფო კანცელარიაში, რეგისტრაციის ნომერიც საგულდაგულოდ ჩავიწერე, ჩემი ახალი წიგნიც მივაყოლე ვასილ ამაშუკელზე გულის ამაჩუყებელი წარწერით, ამასთან, ყოველ შემთხვევაში, ეს წერილი პრესაშიც გამოვაქვეყნე (გაზეთი «რაო-რაო», 5.VIII.2013), მაგრამ ვის დაჰკარგვიხარ! სახელმწიფო კანცელარიამ ჩემი წერილი ქალბატონ მაია ცქიტიშვილის ხელმოწერით ოპერატიულად კი გადაუგზავნა (7.VIII.2013) კულტურის სამინისტროს, მაგრამ, თავის მხრივ, ისეთი «მაგარი» მინაწერი გაუკეთა («გთხოვთ განხილვის შედეგების შესახებ პასუხი აცნობოთ წერილის ავტორს»), იმთავითვე ნათელი იყო, ოდიშარია-ბერიკაშვილის ტანდემს რა რეაქცია ექნებოდა ამაზე… და მართლაც, არც სამინისტროს პასუხმა დააყოვნა (13.IX.2013), მაგრამ რად გინდა! როცა სამინისტრო ოფიციალური წერილით გატყობინებს, რომ ა. წ. 20 სექტემბრისთვის ვერ მოესწრება თქვენ მიერ მოაზრებული პროექტის ისეთ მაღალორგანიზებულ დონეზე განხორციელება, როგორც ეს ეკადრებაო კინოფილმ «აკაკის მოგზაურობას», ლოგიკურია, რომ იგულისხმება, საკითხი დროებით უნდა გადაიდოს და მომზადდეს სათანადოდ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი ლოგიკა შემდეგში საერთოდ გაქრა სამინისტროს პასუხში (მეც რა გულუბრყვილო ვარ, რომ ოდიშარია-ბერიკაშვილის ტანდემს ლოგიკას ვთხოვ!) და წერილიც ისე მთავრდება, რომ არანაირი პერსპექტივა პროექტს აღარ აქვს. მოშველიებულია «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 49-ე მუხლის III ნაწილი, რომლის შესაბამისადაც თურმე რაღაც ვადაში (ეს გასარკვევია და ამიტომ გავხაზე), თურმე აკრძალულია ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ახლა რა ვადაზე, დროის რა მონაკვეთზეა საუბარი და ამასთან, რა «ნათლად» არის ეს ვადა ფორმულირებული, აღარ იკითხავთ?

«არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულიაო» _ რომელი არჩევნების, რის მესამოცე დღიდან, თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა, რას ჰგავს ეს-მეთქი, გადავირიე კაცი. მერე, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, გადმოვიღე ის ხსენებული კოდექსი და რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები _ მართლაც ზუსტად ასე არაა ჩარაკრაკებული: არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების ჩათვლით აკრძალულიაო… თუ არ გადავირეოდი, არ მეგონა _ უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და, ბუნებრივია, ჩემი დღე და მოსწორება სულ უცხოენოვან კონსტრუქციებთან მაქვს ჭიდილი რაღაც აზრის გამოსატანად, მაგრამ ამჯერად ეს ნამეტანი იყო, მე და ჩემმა ღმერთმა, ნამეტანი! ვერაფერი გავუგე ამ ვაი-ქართულს და სასოწარკვეთილს ისღა აღმომხდა, _ არა, ბატონო, ნამდვილად კიდევ კაი ჭკუაზე არიან ჩვენი «ჩინოვნიკები», თუ ამნაირი კოდექსებით უწევთ-მეთქი საზოგადოებასთან ურთიერთობა…

თუმცა ყველა ვარიანტში რაიმე ვადის მომიზეზება, მით უმეტეს, თავის მართლება ამა და ამ თარიღისთვის ვერ მოესწრებაო, მსუბუქად რომ ვთქვათ, უადგილოა, რადგან «აკაკის მოგზაურობის» 100 წლისთავის საიუბილეო პროექტი ოდიშარია-ბერიკაშვილის ტანდემს სამინისტროში დახვდა _ «ეტო რაზ», როგორც იტყვის საკუთარი უმწეობით გამწარებული მავანი. მთავარი კი ისაა, რომ ახალ, ასე ვთქვათ, «მეოცნებე» მინისტრს, მოსვლისთანავე წარედგინა პროექტის ახალი ვარიანტი და, ჩვენი დაუვიწყარი რამაზ ჩხიკვაძის 85-ე წლისთავზე (25.II.2013) რომ შემხვდა, დიდი ამბით მომახარა, მანანას (ბერიკაშვილს) დავაწერე შენი განცხადებაო. ამით, ცხადია, მიმანიშნა, მანანა ხომ შენი ახლობელია და ამ მხრივ მართალიც იყო… «ჩემმა» მანანამ კი დამაიმედა, ეს დამოუკიდებლობის დღე გადამაგორებინეო (ანუ 26.V.2013) და მერე მე ვიციო… მაგრამ მაისიც გავიდა, მთელი გაზაფხულ-ზაფხულიც და, შემოდგომაზე რომ მითხრეს, კაი ახლა, 10 000 ლარიც გეყოფაო და მეც გავიტრუნე, ჯანდაბას-მეთქი ამათი თავი, ადგა და იმ 10 000 ლარს 300-ც დაამატა და სამინისტროს თანამშრომლებისთვის შეიძინა… ყავა. ჰოდა, წრუპავენ და წრუპავენ მერე ამ ყავას და თვალსაც ნებიერად აყოლებენ ჩაილურის წყალს, რომელიც ნება-ნება მიალივლივებს 100-წლოვანი «აკაკის მოგზაურობის» საიუბილეო პროექტის გაფანტულ ფურცლებს…

ბრავო! უკეთესი ზრუნვა თანამშრომლებზე წარმოუდგენლია! ზუსტად ისეა, ღმერთმანი, ერთმა დიქტატორმა რომ ბრძანა: «მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს _ კანონი»! კანონი კი თურმე კრძალავს ყველაფრის დაფინანსებას _ არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, არჩევნების დღის ჩათვლით. ამაზე იტყვიან იმერეთში _ რას შობი ახლაო?! ა, თქვენ რას იტყვით, ძვირფასო მკითხველო?

გოგი დოლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here