Home რუბრიკები პოლიტიკა «ახალი ამბები კეთდება აქ!» _ «რუსთავი 2»-ის ტყუილი და ნატოსა და ევროკავშირის...

«ახალი ამბები კეთდება აქ!» _ «რუსთავი 2»-ის ტყუილი და ნატოსა და ევროკავშირის «ჭრელო პეპელა»

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარებას «ნაციონალური მოძრაობის» წევრებში პანიკა მოჰყვა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც რეალურად მოხდა და, გარდა იმისა, რომ ამას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა, ერთი ისეთი სიმართლე გამოჩნდა, რომელმაც ყველა და ყველაფერი გადაწონა. საქმე «რუსთავი 2»- ეხება. იმის მიუხედავად, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, კოლეგიურობა დავიცვათ და ნებისმიერ ჟურნალისტს მხარში ამოვუდგეთ, ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლე უნდა ითქვას და უნდა ითქვას იმიტომ, რომ სხვა გზა თვითონ «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტებმა არ დაგვიტოვეს.

 

22 მარტს, ანუ იმ დღეს, როცა გაირკვა, რომ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმედ დაიბარეს, 18-საათიან «კურიერში» შემდეგი ინფორმაცია გავიდა:

«შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ინტერვიუ მისცა რადიო «თავისუფლებას». ჟურნალისტმა ბილდტს ჰკითხა: შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ახალი ტიმოშენკო გახდეს? პასუხად ბილდტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, უარესიც მოხდეს. ბილდტისავე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა».

ინფორმაცია აშკარად საინტერესოა და ოპერატიულობისთვის ცალკე რადიო «თავისუფლება» და ცალკე «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტები ქებას იმსახურებენ, მაგრამ ნიკა გვარამიას კანტორას, რომელიც თავს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე დებს, ერთი შეცდომა მაინც გაეპარა _ ბილდტი და სიკორსკი საქართველოში 10 დღის წინათ კი არა, გასული წლის ნოემბერში იყვნენ.

 არქივში მოვიძიეთ და ეს ინტერვიუც ნოემბერშია ჩაწერილი და შარშან გაკეთებული კომენტარი «რუსთავი 2»-მა ისე შემოგვაპარა ახალ ამბად, ვითომც არაფერი. გახსოვთ ამ ტელეკომპანიის დევიზი «ახალი ამბები კეთდება აქ!»? ჰოდა, მართალი ყოფილა, ახალი ამბები, თურმე, მართლა იქ კეთდება და მერე ამ ამბებს დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი საქმეა. წესითა და რიგით, გვარამია უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას არ გააკეთებს; არ გააკეთებს იმიტომ, რომ რეალურად ეს ტელეკომპანია ახალი რევოლუციისთვის ემზადება, არ მალავს, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მხარეს დგას და ობიექტურობა, უბრალოდ, არ აინტერესებს.

რაც შეეხება «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს, ისინი ზუსტად ისე გადაეფარნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც თავის დროზე მატროსოვი _ ამბრაზურას… საერთოდაც, «ნაციონალური მოძრაობის» წევრები კომკავშირელებს რაღაცით აშკარად ჰგვანან და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მათი ერთერთი სახე და იდეოლოგი დავით დარჩიაშვილი თავის დროზე კომკავშირის მდივანი იყო, ადვილი მისახვედრია, სტრუქტურა როგორ არის ჩამოყალიბებული. გადაფარება კიდევ არაფერი _ ხან მატროსოვები იქნებიან და ხან ლეღვის ფოთლები, მაგრამ «ნაციონალების» ლიდერთა ხმაში მუქარა გაისმა. ისინი საქართველოში მაიდანს გვპირდებიან და სულ არ ანაღვლებთ, რომ კიევის მაიდანზე ასობით ადამიანი დაიღუპა და ჯერჯერობით ბოლომდე არავინ იცის, ვინ ვისი ხელიდან იღუპებოდა. «ნაციონალებისთვის» ადამიანთა სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკა რომ იყო, კი ვიცოდით, მაგრამ ამას თუ ასე საჯაროდ განაცხადებდნენ, ნამდვილად არ მეგონა.

«ის, რა ფორმითაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაბარება, ყველა საქმის უცებ ერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთან რაღაც სავარაუდო დანაშაულის გამოძიება არ ხდება, რომელზეც შემდეგ შეიძლება ფიგურა გამოიკვეთოს. არიან ფიგურები და სააკაშვილი იყო დეკლარირებული ფიგურა, რომლის გარშემოც კერავენ საქმეებს და ახდენენ საქმეების ფაბრიკაციას, შემდეგ _ დაკვეთას პროკურატურისადმი და ზეწოლას სასამართლოზე. ეს არის ძალიან სახიფათო გზა. ეს არის ის ნაბიჯები, რასაც იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის», _ ეს განცხადება გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ბოკერიას არც მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ჩამორჩა და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება გამოფინა: «იმდენს გააკეთებენ, მიზნად დავისახავ, რომ ივანიშვილი და მისი ზებრები მაგრად ვატირო»…

რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, აი, რას წერს ის: «ადამიანებო, დამშვიდდით, უკრაინის მოვლენები მხოლოდ უკრაინაში არ დაწყებულა და არც იქ დამთავრებულა. ყველა საღად მოაზროვნე ხვდებოდა, რომ იგივე დღეები ელოდა საქართველოსაც. ამისთვის დადიოდა მიშა სააკაშვილი მთელ მსოფლიოში და აფრთხილებდა დასავლეთს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. მორჩით ვიშვიშს და მოვემზადოთ გარდამტეხი ბრძოლისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აბა, ჩემო მთავრობავ, შენი იანუკოვიჩობა აჯობებს თუ საქართველოს ძალისხმევამოემზადეთ ქართული მაიდანისთვის, იქ მიშა სააკაშვილი გელოდებათ!».

«მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება გამოიწვევს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში. ერთდროულად ათ საქმეზე დაბარება პირდაპირ მიუთითებს, რომ საუბარია არა კონკრეტულ სურვილზე რომელიმე საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისა, არამედ პოლიტიკურ მოტივზე. არსად, არასდროს, არც ერთი ქვეყნის პროკურატურა ათ საქმეზე ერთდროულად არ იბარებს ერთსა და იმავე ადამიანს. ამდენად, ეს პოლიტიკური მოტივი არის სრულიად ცხადი, მაგრამ ასევე, ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია ანტირუსული აქტივობის შეზღუდვით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დღეს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენებთან მიმართებით ეწევა», _ არ ჩამორჩა თანაგუნდელებს ნუგზარ წიკლაური.

«მე კომენტარს გავაკეთებ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და იმაზე დაყრდნობით, რაც აქ მესმის და რაზეც მსჯელობა მიდის. ვაშინგტონიდან ჩამოსულ ფორუმის მონაწილეებს უკიდურესად კრიტიკული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, სააკაშვილსაც შეხვდნენ გავრცელებულ ახალ ამბავზე. ნეგატიური შეფასება იყო და თანაც საკმაოდ. იზრდება და უკვე მოახლოვდა პროცესი, რომ საქართველომ სექტემბრის სამიტზე მაპი მიიღოს, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო მაპს არც იმსახურებს იმიტომ, რომ იქ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართალია. ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ფორუმს ესწრებიან და გადაწყვეტილებას იღებენ. ვფიქრობ, ამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა უკვე იქონია,» _ ეს განცხადება კი მეთიუ ბრაიზას ბაგეთაგან გაისმა.

რა გამოდის? ასე ნანატრი მაპი თურმე იმაზეა დამოკიდებული, დაკითხავს თუ არა საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, ანუ ვარაუდი, რომ ნატო და ევროპა «ჭრელო პეპელას» გვეთამაშება, ნამდვილია? რა გამოდის? დამოუკიდებლად იმის უფლებაც აღარ გვაქვს, რომ, თუ ვინმეზე ეჭვი არსებობს, ელემენტარულად, კითხვა დავუსვათ? და ეს არის ის დემოკრატია, რომლისკენაც ასე მივილტვით?

იცით, რა მიკვირს? ეს ის ბრაიზა არ არის, მთელი თბილისი რომ ლაპარაკობდა, თურქეთში ქორწილი «ნაციონალებმა» გადაუხადეს და მისი გრიალი კობა ნაყოფიას ორი მილიონი დოლარი დაუჯდაო? არა, თუ ის არ არის და მეშლება, შემისწორეთ, მაგრამ… რა ბრაიზა და რა მაპი, ბოლოს და ბოლოს, კაცთან კითხვები რამდენიმე მკვლელობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვაზე არსებობს და არ უნდა დავუსვათ? მაშინ დაიმხოს გიორგი მარგველაშვილმაც საქართველოს ბიუჯეტი და მოვეკიდებით გაგებით. ახლა სწორედ ის დროა, არჩევანი რომ უნდა გავაკეთოთ სამართლიანობასა და მაპს შორის. იმ მაპს, რომელზე უკეთესიც თურმე გვაქვს (რა უფლება გვაქვს, სააკაშვილს არ დავუჯეროთ) და კიდევ იმას შორის, დაიკითხოს თუ არა ათას უბედურებაში ეჭვმიტანილი პირი.

რაც შეეხება დაანონსებულ მაიდანს, ამას «ნაციონალური მოძრაობა» 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აპრილში აპირებდა, თუმცა არაფერი მომხდარა. ახლა კი პირდაპირ სასაკლაოს აანონსებს და ამას ძალიან ამაყად აკეთებს. სოციალურ ქსელებში არსებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობასაც ერთი სული აქვს, გამოსვლები და ისეთი უმართავი პროცესები დაიწყოს, როგორიც უკრაინაში იყო. სწორედ ამ დროს აპირებენ ისინი «ნაციონალების» დასჯას და იმ სამართლიანობის აღდგენას, რომელსაც აგერ უკვე წელიწადნახევარი ითხოვენ.

ხალხის სამართალი ხშირად ძალიან სასტიკია და, როგორც ჩანს, «ნაციონალებს» ცეცხლთან თამაშის პერსპექტივა ხიბლავთ.

ითამაშეთ, ბატონებო, ითამაშეთ!..

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. გვარამიამ კარგათ უნდა დაიმახსოვროს რომ "ნაცები" მატყუარები და კაცისმკვლელები არიან და მათი იდეოლოგია დანაშაული და ბოროტებაა. გვარამია მატყუარა და ნაძირალაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here