Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაგანავა: თურქები, როგორც მონებს, ისე გვექცევიან ქართველებს

ლევან ჩაგანავა: თურქები, როგორც მონებს, ისე გვექცევიან ქართველებს

655

34 წლის ლევან ჩაგანავას ამბავი საკმაოდ ტიპიურია «პოსტნაციონალურ» საქართველოში, რადგან დღემდე ვიმკით ნაპრეზიდენტალი სააკაშვილის დამღუპველი «ნაციონალური» პოლიტიკის სავალალო შედეგებს, მაგრამ თავად ლევანის გადაწყვეტილება და მოქმედება, სამწუხაროდ, არატიპიურია _ მან თავის მჩაგვრელებს სასამართლოში უჩივლა! სჯობს, თავად ლევანს მოვუსმინოთ:

 

«შპს «დაფნაში» დავიწყე მუშაობა სარეკლამო აგენტად 2012 წლის ივნისიდან. 2013 წლის 29 დეკემბერს, კვირა დღეს, რომელიც, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დასვენების დღეა, რეალიზაციის უფროსმა _ ბულეთ გუმოშმა მნახა უნიფორმის _ ჟილეტის გარეშე და უთხრა ვაიზერს _ ჯანო ჯაფარიძეს, რომ ჩაგანავა დაჯარიმებულია ხელფასის 50%-ითო. ვაიზერმა ეს ამბავი შემატყობინა. საქმის გასარკვევად იმ დღესვე მივედი უფროსთან, მაგრამ მან არ მიმიღო. მეორე დღეს, დილით, მივედი ბატონი ბულეთის კაბინეტთან, მაგრამ ვაიზერმა _ ჯანო ჯაფარიძემ მასთან არ შემიშვა იმ მიზეზით, რომ რეალიზაციის უფროსს შენთან შეხვედრის სურვილი არ აქვსო. იმავე დღეს, სამუშაოს შემდეგ პირადად დავურეკე ბატონ გუმოშს და შეხვედრა ვთხოვე. მითხრა: ნახევარ საათში დაგირეკავ და გნახავო. არ დამირეკა. იძულებული გავხდი, კაბინეტთან დავლოდებოდი. როგორც იქნა, ბატონი გუმოში გამოვიდა და საპირფარეშოსკენ გაეშურა. ვისარგებლე შემთხვევით და შევეკითხე: რის გამო დამაჯარიმეთ-მეთქი. ჟილეტის გამოო, _ მიპასუხა. ავუხსენი, ერთი ჟილეტი მაქვს, გავრეცხე, ზამთარია და არ გაშრა, თანაც ეს ჟილეტი მე არ მეცვა კვირას-მეთქი. გამაოგნებელი პასუხი მივიღე: კვირა კი არა, შაბათი დღე იყოო… აღვშფოთდი: როგორ! გუშინდელი დღე _ 29 დეკემბერი _ კვირა დღეა-მეთქი! არც მომისმინა, ისე მიდიოდა საპირფარეშოსკენ, თან შარვალს იხსნიდა. გამოსვლისას განმიცხადა: დაგაჯარიმე და მორჩაო! მაშინ მოვთხოვე, მოეცა შიდაგანაწესი, მაგრამ უარი მითხრა. ამის შემდეგ ვუთხარი: მე თქვენ სასამართლოში გიჩივლებთ-მეთქი! პროტესტის ნიშნად, 31 დეკემბერს სამსახურში არ გამოვცხადდი.

ამა წლის 3 იანვარს ჩვეულებრივად გავედი სამსახურში და მივაკითხე კადრების უფროსს _ ქალბატონ იასამანს, რომელიც ბულეთ გუმოშის მეუღლეა, და ვთხოვე, ჩემთვის შიდაგანაწესი მოეცა, რათა გამერკვია, რისთვის დამაჯარიმეს, მაგრამ უარით გამომისტუმრა: არ გაქვს შიდაგანაწესის მოთხოვნის უფლებაო. იმავე დღეს მათივე იურისტი მივიყვანე კადრების განყოფილებაში და ქალბატონ იასამანის თანდასწრებით შევეკითხე, მქონდა თუ არა შიდაგანაწესის გაცნობის უფლება. გაქვსო, _ მიპასუხა და ეუბნება იასამანს: მიეცი შიდაგანაწესიო. ამ ქალბატონმა კი მაინც არ მომცა! არც ჩემს ადვოკატს მისცა, რომელიც მას 10 იანვარს ეახლა!

მიუხედავად ამ გაუგებრობისა, 3 იანვრიდან 7 იანვრამდე _ შობამდე ჩვეულებრივად ვიმუშავე. 8 იანვარს გავხდი ცუდად. დილაადრიან დავურეკე და შევატყობინე ვაიზერს და საავადმყოფოში წავედი, ბიულეტენი გავხსენი. 20 იანვარს მირეკავს ვაიზერი _ ჯონი ჯაფარიძე და მეუბნება: ცნობა მოიტანე, ბიულეტენზე რომ ხარო. მე ავუხსენი ბატონ ჯაფარიძეს, კანონით, სანამ ბიულეტენი არ დაიხურება, ცნობას ექიმი არ იძლევა-მეთქი. იმავე დღეს ფოსტით მივიღე გაფრთხილება, რომ 31-ში არ გამოვცხადდი სამსახურში, ხოლო 23 იანვარს, ბიულეტენზე მყოფი, საერთოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან…»

ლევან ჩაგანავას ნაამბობის შემდეგ ვეცნობი შრომით ხელშეკრულებას (#/22), რომელსაც ხელს აწერენ «დამსაქმებელი», შპს «დაფნას» დირექტორი (და მეწილე) მეჰმედ სურქითი და «დასაქმებული» ლევან ჩაგანავა.

_ ლევან, გავეცანი თქვენს შრომის ხელშეკრულებას და არავითარი დისკრიმინაციული მომენტები მასში არ აღმომიჩენია. სამუშაოს იწყებთ დილის 9 საათიდან, ამთავრებთ საღამოს 6 საათზე. 1-დან 3-მდე შესვენება გაქვთ, მთელი ორი საათი! გაქვთ უფლება, ისარგებლოთ ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ოდენობით. ერთადერთი, რაც მაკვირვებს, რატომ არ გაძლევენ საშუალებას, გაეცნოთ შრომის შიდაგანაწესს. ეს დამსაქმებლის ვალდებულებაა.

_ ამ შრომის ხელშეკრულებას «დაფნას» ხელმძღვანელობა არღვევდა ისე, როგორც მოისურვებდა! ხშირად გვამუშავებდნენ კვირა დღეს ანაზღაურების გარეშე, თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას შესაბამისი ანაზღაურება უნდა მოჰყოლოდა! მანდ კი წერია, მუშაობა დილის 9 საათიდან იწყებაო, სინამდვილეში, ვალდებული ვიყავით, სამსახურში ცხრის ნახევარზე მივსულიყავით. ხუთი წუთის დაგვიანებას არ გვპატიობდნენ, ეგრევე გვაჯარიმებდნენ. ვერც შესვენებით ვსარგებლობდით. აი, ზედნადებები და ამორტყმული ჩეკები, რომლებიც ჩემს სიტყვებს ადასტურებს. საღამოს 6 საათზე სამუშაო არ მთავრდებოდა. ხშირად ღამის ათი საათისთვის მივდიოდი სახლში ლილოდან დიდუბემდე. თავდაპირველად ხელფასი მქონდა 510 ლარი, შარშან კი, ნოემბერში 110 ლარი დამაკლეს და 400 ლარს ვიღებდი ხელზე… ეს ფაქტი ოფიციალურად არსად გაფორმებულა. როცა ამ ყაჩაღობაზე პროტესტი განვაცხადე, მითხრეს: არ მოგწონს? წადი! მოკლედ, «დაფნაში» ქართველები მონებად ვყავდით თურქებს!

_ ლევან, რას საქმიანობს ეს «დაფნა»?

_ აზერბაიჯანში აწარმოებს პროდუქციას და მერე მას საქართველოში ასაღებს.

_ კონკრეტულად, რა პროდუქციას?

_ ზეთებს: «ჩვენი სუფრა», «ფინალი», «მიჯუზე», «საოცრება», «ზოლოტოე სოლნიშკო»; მარგარინებს: «ვიტამი», «ჩვენი სუფრა», «საოცრება», «სულთან ქათქათი»; ჩაი «მარიამს». ასევე, მოშუშული ხორცის კონსერვებს, ე. წ. ტუშონკებს: «ფინალი», «ჰუსარსკი»; შოკოლადს ქილაში _ «შოკიმოკი», ხელსახოცებს «სანი» და მრავალ სხვას. მათ ხელშია, ასევე, «აგარის შაქარი».

_ «აგარის შაქარი» თურქების ხელშია?! ააა, მეც არ გამიკვირდა, ერთ დროს მშვენიერი ქართული შაქარი რა უხარისხო პროდუქციად იქცალევან, თქვენი შრომითი ხელშეკრულება დათარიღებულია 2013 წლის 1 ოქტომბრით, თქვენ კი მითხარით, «დაფნაში» 2012 წლის ივნისიდან ვმუშაობო. ეს როგორ გავიგო?

_ თქვენ იცით, რომ ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის დროს მიღებული დრაკონული შრომის კოდექსი შეცვალა, რა თქმა უნდა, «დასაქმებულთათვის»; და, აი, ამ ცვლილებამ მომცა სასამართლოში ჩივილის უფლება! ჰოდა, «დაფნას» ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, შრომითი ხელშეკრულება ახალ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა, ამიტომაც 2013 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება. მაგ კანონში ყველაფერი გარკვევით და კარგად წერია! სამწუხაროდ, ამ ფირმის ხელმძღვანელობა მის არც ერთ მუხლს არ ასრულებს! მეტიც, ამ ხელშეკრულებას ხელს რომ ვაწერდი, შევეკითხე უფროსს: ისე უნდა ვიმუშაოთ, აქ როგორც წერია-მეთქი? მან გაღიზიანებით მიპასუხა: თუ შენ ასე აპირებ მუშაობას, როგორც ხელშეკრულებაში წერია, შეგიძლია დღესვე წახვიდე ფირმიდანო!..

_ და, აი, ასე დაუფარავად გითხრათ უცხო ქვეყნის მოქალაქემ,საქართველოს კანონმდებლობას არაფრად ვაგდებო?!

_ ფაქტობრივად, მისი ნათქვამი ასე ჟღერს! 23 იანვარს გამათავისუფლეს, მაგრამ ჩემი გაშვება «დაფნამ» ჯერ კიდევ 31 დეკემბერს გადაწყვიტა, რადგან იმ დღეს ფირმამ შემიწყვიტა კორპორატიული დაზღვევა. აი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეტყობა, ზედმეტად გულმოდგინეთ ვიცავდი ჩემს უფლებებს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here