Home რუბრიკები საზოგადოება ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქალბატონზე არსებობდა ფარული ვიდეოჩანაწერი

ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქალბატონზე არსებობდა ფარული ვიდეოჩანაწერი

698

არასამთავრობო ორგანიზაციის «უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის» წარმომადგენლები ამერიკაში საქმიანი ვიზიტით გამგზავრებას აპირებდნენ, მაგრამ აშშის საკონსულოდან მოულოდნელად უარით გამოისტუმრეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი აცხადებს, მათ ორგანიზაციას სპეციალურად ავიწროებენ და პროექტების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

 

_ ქალბატონო თამარ, კონკრეტულად რა მიზნით მიდიოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში?

_ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის «უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის» მისია უმუშევართა უფლებების დაცვა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ორგანიზაციის 7-კაციანი დელეგაცია, რომელსაც ჩემი თანათავმჯდომარე, იურისტი დავით ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.

ჩვენი ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკაში არსებულ ქართულ დიასპორასთან, რადგან ამ ადამიანებმა გულთან მიიტანეს საქართველოში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა და მუდმივად გვეხმარებოდნენ. 2012 წელს, სწორედ ნიუ იორკის ღვთისმშობლის საფარველის ამერიკული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის, ამ ეკლესიის არქიმანდრიტის, ქრისტეფორ კალინის დახმარებითა და ფულადი სახსრებით, თბილისში გრანდიოზული _ «სურვილების ასრულების აქცია» ჩავატარეთ და უამრავ გაჭირვებულ და უსახლკარო ოჯახს დავეხმარეთ. გარკვეული  თანხა მამა სერაფიმე ჩეკურიშვილმა ამერიკიდან პირადად ჩამოგვიტანა.

ამჟამად ვმუშაობთ «შემწეობის კალათის» პროექტზე, რომლის განხორციელებაც ჯერ ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან, საქართველოში ვისაც მივმართეთ, ყველამ უარი გვითხრა. «ვისოლ ჯგუფს», «ქართუ ჯგუფს», ბიზნესმენ ლევან ვასაძეს გავაცანით ეს პროექტი, ყველამ უარი გვითხრა დახმარებაზე. ყველა გვეუბნება, ძალიან კარგი იდეა გაქვთ, მაგრამ გვაცადეთ, არ გვცალიაო. ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს მსგავსი «შემწეობის კალათები», მაგრამ საქართველოში პროექტის პოპულარიზაციაა საჭირო. როდესაც აშშ-ში საქართველოს დიასპორას გავაცანით პროექტი, ისინი დაგვთანხმდნენ, მაგრამ გვთხოვეს ამერიკაში ჩავსულიყავით, ჩაგვეტანა ვიდეო და ფოტო მასალა, მოგვეწყო გამოფენა, რათა არამარტო მრევლს, არამედ ამერიკელებსაც გასჩენოდათ დახმარების სურვილი. ჩვენი მიზანი იყო ამ საქველმოქმედო პროექტების პოპულარიზაცია, რასაც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვეღარ ვახორციელებთ.

_ უარის მიზეზად რა დაგისახელეს?

_ მიზეზი არ უთქვამთ, ერთადერთი, ჩემს თანათავმჯდომარეს, დავით ჩიხლაძეს უთხრეს, რომ ძალიან კარგები ხართ, ნამდვილად საჭირო საქმეს აკეთებთ, მაგრამ არ გვჯერა, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად მიდიხართ ამერიკაშიო. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, როგორც გვეუბნებიან, რატომ ბლოკავენ და უღობავენ გზას ისეთ ქმედით არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორიც «უმუშევართა კავშირია»? მით უმეტეს, საქმიანი ვიზიტისთვის ისეთი თანამშრომლები შევარჩიეთ, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ ორგანიზაციაში და მათი ფინანსური მდგომარეობაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მგზავრობის ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აეღოთ, თუმცა ვიზის გაცემაზე ყველას უარი უთხრეს.

«უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის» ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უმუშევართა უფლებებს იცავს. სხვა არც ერთი ორგანიზაცია, რომელთა წევრებიც რეგულარულად დადიან აშშსა და ევროპის ქვეყნებში, არ ინტერესდება უმუშევართა პრობლემებით. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ ვართ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხაში, რომლებიც ქვეყანაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ადრე «ნაციონალურ მოძრაობასთან» ასოცირდებოდნენ, ახლა კი რესპუბლიკურ პარტიასთან მოიაზრებიან.

ყველა ორგანიზაცია, რომლებიც მათი ხელიდან არ იკვებება და დასავლეთიდან არ ფინანსდება, იბლოკება. არც ერთი ჩვენი პროექტი არ დაფინანსდა; ვერც ერთი ფონდიდან ვერ მივიღეთ გრანტი, როცა ძალიან კარგი პროექტები და იდეები გვაქვს. ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას კი მოგონილ, სულელურ პროექტებს უფინანსებენ. ვფიქრობ, ამით უბრალოდ დიდი «ფულის გათეთრება» ხდება. ასეთი პრივილეგიებით 7 არასამთავრობო ორგანიზაცია სარგებლობს საქართველოში.

_ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ?

_ ახლა მათ გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებ, მაგრამ ყველა იცნობს მათ საქმიანობას, ისინი «გრანტიჭამია» ორგანიზაციების სახელით კარგად არიან ცნობილი. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უხვად ფინანსდებიან დასავლეთიდან და მათ საქმეს აკეთებენ. უმუშევრებისა და ღატაკი ხალხის პრობლემები მათ არ აინტერესებთ, აფინანსებენ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იქადაგებენ და ხალხს თავს მოახვევენ ვითომდა დემოკრატიულ პრინციპებს. ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ამ ყველაფერს ადვილად მიხვდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მათი სჯერათ. სწორედ ეს დასავლეთიდან მართული და დაფინანსებული ორგანიზაციები აქტიურობენ უკრაინაშიც და ხალხს აწვდიან ვითომდა სიმართლეს, რომელიც სინამდვილეში დასავლეთს სჭირდება. მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები  აშშის სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოგონილი, ძალიან ეფექტური იარაღია «ნარინჯისფერი» თუ «ხავერდოვანი» რევოლუციებისთვის. თუ ხვდებიან, რომ მართლაც ეროვნული სულისკვეთების ხალხია და არსაიდან იმართება, ყველას ბლოკავენ, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში მოხდა.

ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები გარყვნილებისა და უმსგავსობის პროპაგანდას პრესითა და ტელევიზიის საშუალებითაც ეწევიან, რომელსაც  დემოკრატიული ღირებულებებითა და თავისუფლებაზე საუბრებით ნიღბავენ. ეს ორგანიზაციები, რომლებიც რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების დაცვაზე გაჰყვირიან, ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს და შემდეგ ამაში ფულს იღებენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ გარდა ამ სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობებისა, არავისი უფლებები არასდროს დაუცავთ. უამრავი გაჭირვებული ადამიანია, უამრავი უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ მათი ბედი ამ არსამთავრობო ორგანიზაციების მესვეურებს არ ადარდებთ.

 _ ფარული ვიდეოჩანაწერების გამომზეურების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელზეც ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას მსგავსი კომპრომატი და მათი მართვისა და დაქვემდებარების მიზეზიც ეს იყო

_ ადამიანი, რომელიც ნამუსს ყიდის, ადვილი სამართავია. ჩემი ინფორმაციით, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქალბატონზე არსებობდა ფარული ვიდეოჩანაწერი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. დაანებეთ რა თავი ამ მატხოვრობას. სირცხვილია უკვე,არაფერი ხალხთან არ მიდის არ ჯერავს ეს არავის.მოითხოვეთ,რომ ხალხს მისცენ სამუშაოები და თვითონ მოუვლიან თავიანთ პრობლემებს.

  2. შვიდი ადამიანი რად უნდა ინფორმაციის ჩატანას? უბრალოდ გასეირნება გინდოდათ… არასამთავროები ყველა აფერისტები არიან… არც ერთის არ მჯერავს. ხალხს სახელმწიფომ უნდა მიხედოს.

  3. ინტერვიუდან კარგად ჩანს თქვენი ორგანიზაციის"კვალიფიციურობა"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here