დაეტყო! აშკარად დაეტყო უკრაინის ახალ ხელისუფლებას კონსულტანტ მიხეილ სააკაშვილის ხელი _ იკარგება ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა ბეწვზე კიდია, ქვეყნის დანარჩენ ტერიტოტიაზე კი ნაკლები წესრიგია ვიდრე ცეცხლმოკიდებულ ბორდელში, «პოსტრევოლუციური ქაოსი», უკრაინის ახალი შს მინისტრის არსენ ავაკოვის აღიარებას თუ დავეყრდნობით.
ასე თუ გაგრძელდა, მალე, ალბათ, ჰალსტუხების ღეჭვასაც დაიწყებენ. კაცმა რომ თქვას, კიევის მთავრობის ერთადერთი შანსი ქვეყნის ტერიტორიიდან კონსულტანტ სააკაშვილის სასწრაფო გაძევებაა, თუმცა ეს უკვე მათი პრობლემაა და არა ჩვენი. ვერაფრით დავეხმარებით, მაქსიმუმ ჰუმანიტარული მისიით რამდენიმე გამოცდილი ფსიქიატრი გავუგზავნოთ; საყოველთაო აღიარებით ქართველმა ფსიქიატრებმა თავისი საქმე რუს სპეცრაზმელებზე უკეთ იციან. ხოლო სანამ კიევი დახმარების თხოვნით მოგვმართავს, ალბათ, აჯობებს, ჩვენ სამამულო ჰალსტუხებს და მხიარულ მამიდებს მივხედოთ, რადგან უკრაინაზე ამ დღეებში ისედაც საკმარისზე მეტი იწერება.
გლობალური გეოპოლიტიკური დებოშის ფონზე ადგილობრივი ახალი ამბები შეიძლება ერთობ მოსაწყენად მოგვეჩვენოს. არის მხოლოდ რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, პროკურატურამ, ასე თუ ისე, აკრიფა ტემპი და სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის სოდ–ის ყოფილ უფროს ერეკლე კოდუას, ბრალი წარუდგინა. მართალია, ტემპი თავისთავად არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არაა სირბილი ბარიერებით და მხოლოდ სასამართლოში გამოჩნდება, რამდენად კარგად მოემზადა პროკურატურა, მაგრამ ფაქტია, რომ უკმაყოფილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯაზე უარს ამბობს, ბოლო პერიოდში აშკარად შემცირდა. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც ვანო მერაბიშვილისთვის 26 მაისის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, კვლავინდებურად ღიაა: თუ ისჯებიან შემსრულებლები, რატომ არ დაისაჯა ან, როგორც მინიმუმი, არ დაიკითხა დამკვეთი და დანაშაულებრივი სისტემის მთავარი არქიტექტორი? გაბედავს თუ არა პროკურატურა (და დასავლელი მოკავშირების «დაჟინებულ რჩევებზე» დამოკიდებული ხელისუფლება) თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილთან კითხვები აქვს? ყველაზე საინტერესო, ალბათ, სწორედ ესაა და არა სკანდალური ნიუანსები მერაბიშვილის, კოდუას თუ როლანდ ახალაიას საქმეებში.
რაც შეეხება ეკონომიკას, საქსტატის მონაცემები მეტ-ნაკლებად დამაიმედებელია: «იანვარ–თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1567 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 440 მლნ აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1127 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი)». მიუხედავად ამისა, სავაჭრო ბალანსი მთლიანობაში მაინც კოშმარულად გამოიყურება, ხოლო მოსაზრება «მაინც არაფერი გვეშველება» საზოგადოებაში კვლავინდებურად დომინირებს. წინასაარჩევნოდ მას ტრადიციულად ცვლის მოსაზრება «იქნებ გვეშველოს რამე», შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. ამ პროცესის გრაფიკულ გამოსახულებას, ალბათ, შეიძლება «ეროვნული იმედგაცრუების სინუსოიდა» ვუწოდოთ.
გასულ კვირას საქართველოს უგვირგვინო მენეჯერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ დაარსებულმა ორგანიზაცია «მოქალაქემ» სთხოვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, წერილობით აცნობონ, რა კონკრეტული მიმართულებით სჭირდებათ ტრენინგების ჩატარება მათ მედიასაშუალებაში დასაქმებულ ჟურნალისტებს: «მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს თვლიან ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას». გამორიცხული არაა, რომ მასმედიის ზოგიერთ წარმომადგენელს ამ განცხადების შემდეგ გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი, სპონტანურად ეპასუხა: «გირჩევნიათ, თავიდან ტრენინგი თქვენ მიერ შერჩეულ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს ჩაუტაროთ, თორემ გაუმაძღრობითა და არაპროფესიონალიზმით მალე წინამორბედებს დაჩრდილავენ». პრინციპში, რას ვერჩით, თავის ფულს, როგორც უნდა, ისე დახარჯავს. პინგვინების ფერმის პროექტმა, როგორც ჩანს, არ გაამართლა და ახლა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მომზადებით დაკავდება. ისე, ურიგო არ იქნებოდა, ვინმეს «ოლიგარქების სკოლა» (საბავშვო ბაღი ნამეტანია) გაეხსნა, სადაც მილიარდერებს ტრენინგებს ჩაუტარებდა და მათ დაახლოებით ასეთ წერილებს მისწერდა: «ძვირფასო ოლიგარქებო, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, რა კონკრეტული მიმართულებით გჭირდებათ გადამზადება». ვინ თქვა, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქებს გადამზადება არ სჭირდებათ?
სიტყვამ მოიტანა და კახა ბენდუქიძე პროკურატურაში დაიბარეს. მართალია, ავთანდილოვიჩი არ არის ოლიგარქი, კლასიკური გაგებით, ისევე, როგორც ვასილ ჩაპაევი არ იყო ბოდჰისატვა, მაგრამ სიტყვამ მაინც მოიტანა. მთავარი პროკურატურა, «მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე» (ეს მაგარი იციან), განმარტავს, რომ «საქმე ეხება სსიპ «საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის» ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ «სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის» არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი–სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ–მოძრავი ქონების შპს «აგრომეტის» კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს «აგრომეტის» 100% წილის 5150000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8000000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს «აგრომეტის» საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ–მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ–ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10790000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც».
გამორიცხული არაა, რომ ამ ინფორმაციამ ფართო მასებში გამოიწვია კლასიკური რეაქცია, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობილი უკრაინელი ექსპერტი გიორგი პოჩეპცოვი შემდეგნაირად აღწერს: «ან მან მოიპარა, ან მას მოჰპარეს, მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო». აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ «ნაციონალების» «ლიბერალური» ფრთა (აქ სიტყვა «ლიბერალური», იდეაში, სამმაგ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ) კახა ბენდუქიძეს უყურებს სწორედ როგორც ბოდჰისატვას, რომელიც ოდნავ ზემოთ ესოდენ უადგილოდ ვახსენეთ. სანსკრიტის ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ბენდუქიძე მათთვის არის «ის, ვისი არსებაც არის სრულყოფილი ცოდნა, მომავალი ბუდა, ადამიანი, რომელმაც მიაღწია შინაგან სრულყოფას, მაგრამ ნირვანის დამკვიდრებამდე თავგამოდებით ეხმარება კაცთა მოდგმას». მარტივად რომ ვთქვათ, ისინი, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა-დაპატიმრების მიუხედავად, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ პროკურატურა ავთანდილოვიჩს შეეხებოდა და მომხდარი მათთვის, სავარაუდოდ, (მათი) სამყაროს მოახლოებული აღსასრულის ერთ-ერთ უტყუარ ნიშნად იქცა. ამ შემთხვევაში «ნაციონალების» წინააღმდეგ მათ მიერვე დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა იმუშავა _ ზოგადად, ამა თუ იმ პიროვნების დაბარება დაკითხვაზე არანაირად არ ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში პროპაგანდისტული მანქანა დაკითხვას ბრალეულობის და გარდაუვალი დასჯის ნიშნად წარმოაჩენდა. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა მანკიერი სტერეოტიპი, რომელმაც ამ შემთხვევაში მისი შემქმნელების წინააღმდეგ იმუშავა და (სოცქსელებში გაკეთებული კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) არაერთმა მათგანმა ჩათვალა, რომ ბენდუქიძე უკვე ეშაფოტზე აჰყავთ. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა _ ახსნის, რა მოხდა აგრარული უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით და ისევ შინაგან სრულყოფას დაუბრუნდება; ან ვერ ახსნის და, შესაბამისად, ვერ დაუბრუნდება. ხანდახან ასეც ხდება.
წინასაარჩევნო პრობლემატიკა ნელ-ნელა წინა პლანზე გამოდის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საზოგადოებაში დომინირებს განწყობა «ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია». აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე არაერთი ამომრჩეველი, სავარაუდოდ, ჩათვლის, რომ მისი მისვლა უბანზე საჭირო არაა და «ისედაც ცნობილი» შედეგის დაფიქსირებას მის ნაცვლად სხვები უზრუნველყოფენ. «ნაციონალები», დიდი ალბათობით, ისევ მოახდენენ მხარდამჭერების ტოტალურ მობილიზებას და, «ოცნების» ამომრჩევლების შედარებით დაბალი აქტიურობის პირობებში, ისეთივე გამაოგნებლად მაღალ პროცენტს მიიღებენ, როგორც გასული წლის 27 ოქტომბერს. თუმცა იმაში, რომ მმართველი კოალიცია დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს, ეჭვი ჯერჯერობით არც ერთ სერიოზულ კომენტატორს არ ეპარება და ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, სად წავა «ოცნებაზე» განაწყენებული იმ ამომრჩევლების ხმები, რომლებიც «ნაციონალებს» ვერ იტანენ და ხმას ცოცხალი თავით არ მისცემენ. საპრეზიდენტო არჩევნებში მათმა ნაწილმა მხარი ნინო ბურჯანაძეს დაუჭირა, ნაწილმა კი «ჩუმი ბოიკოტი» არჩია. ვიხილავთ თუ არა მერობის ისეთ კანდიდატებს, რომელნიც ამ ხალხის მობილიზებას შეძლებენ? მათ გარეშე არჩევნები ძალზე უინტერესო იქნება, რადგან ბიპოლარული დაყოფა «ოცნება»-»ნაციონალები» უკვე აშკარა ანაქრონიზმად იქცა და ახალ რეალობაში ადეკვატური აღარ არის. ხატოვნად (და ოდნავ არაკორექტულად) რომ ვთქვათ, ერთნი წარმოადგენენ ბნელ, სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებულ წარსულს, მეორენი _ უკეთეს, მაგრამ მაინც ძალზე პრობლემურ აწმყოს. ამ ამომრჩევლებს კი ისეთი კანდიდატები სჭირდებათ, რომელთაც მომავლის იმედს დაუკავშირებენ. სასურველია, დღეს არსებული სიტუაცია შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარსულსა და აწმყოს შორის გაჭედილი ქვეყანა ისევ უფსკრულისკენ წავა, რომელსაც ჯერჯერობით ორიოდე ნაბიჯით თუ დაშორდა.
მთლიანობაში კი გასულ კვირას საქართველოში სიმშვიდე და ცვალებადი მოღრუბლულობა სუფევდა. ალბათ, ისღა დაგვრჩენია, უკრაინის ამბებს მივუბრუნდეთ და მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ერს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რა შარში გაყო თავი მისმა ახალმა მთავრობამ, როდესაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით (თანაც სრული სერიოზულობით!) მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებით დაინტერესდა და მასთან ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ყირიმის კრიზისის დაძლევის სცენარებს განიხილავდა (რასაც უკრაინის უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ანდრეი პარუბი ადასტურებს). მედიცინა მსგავს შემთხვევებში უძლურია, უბრალოდ, ხალხია ცოდო და ამიტომ ამ დიდი გაუგებრობიდან თავის დაღწევა მთელი გული უნდა ვუსურვოთ.
დიმიტრი მონიავა
მაგარი ხართ, დიმიტრი