Home რუბრიკები საზოგადოება როცა პარლამენტის კულტურის კომიტეტს არ აინტერესებს… კულტურის საკითხები, ანუ ვინ და...

როცა პარლამენტის კულტურის კომიტეტს არ აინტერესებს… კულტურის საკითხები, ანუ ვინ და რატომ ბლოკავს რუსთაველის პრემიის ლაურეატის ნაშრომის საჯარო განხილვას

762

ყოველი ახალი წიგნი, ბუნებრივია, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ ავტორს, არამედ გამომცემლობასაც, მაგრამ, როცა საუბარია სტუდენტებისთვის განკუთვნილ დამხმარე სახელმძღვანელოზე (მით უმეტეს, თუ ამას თავად უმაღლესი სასწავლებელი გამოსცემს), მაშინ უკვე პასუხისმგებლობა, ლოგიკის მიხედვით, უმაღლეს რანგში უნდა იქნეს აყვანილი.

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი», სამწუხაროდ, ამ ლოგიკის მიღმა დგას, მაგრამ რატომ, მთელი წელია, ვერ გავარკვიე. არადა, როგორც უნივერსიტეტის მთავარ სამეცნიერო კონსულტანტს, სამსახურებრივად მევალება თვალყური ვადევნო, რა სახის ლიტერატურა ქვეყნდება უნივერსიტეტის ეგიდით, რამდენად შეესაბამება მისი პროფესიული დონე, როგორც მეცნიერული, ისე პოლიგრაფიული თვალსაზისით, თანამედროვე სტანდარტებს.

2012 წელს «კენტავრმა», უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე სტუდენტებისთვის გამოსცა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ ნოდარ გურაბანიძის მონოგრაფია «ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე» (რედაქტორი _ ს. ახმეტელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ვასილ კიკნაძე, ფორმატი _ A4, გვ. 440).

ნაშრომს უდიდესი ინტერესით ველოდით, რადგან მისი ავტორიც და რედაქტორიც თანამედროვე ქართული თეატრმცოდნეობის აღიარებული ლიდერები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა, ძალიან მოკლედ რომ ითქვას, გამომცემლობის მესვეურთა პროფესიული უმწიფრობის გამო…

ყოველივე ამის შესახებ თავდაპირველად მოხსენებითი ბარათით მივმართე (25.III.2013) უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, მაგრამ _ არანაირი გამოხმაურება. მერე უნივერსიტეტის რექტორს (გიორგი მარგველაშვილს) მივადექი (17.IV.2013) და გადაწყდა, რომ ჯერ ფაკულტეტის საბჭოს განეხილა ეს საკითხი, მაგრამ ფაკულტეტის საბჭოზე (22.V.2013) არც ავტორი გამოცხადდა და არც რედაქტორი, რის გამოც, ბუნებრივია, განხილვა გადაიდო.

ერთი თვის შემდეგ ისევ რექტორი შევაწუხე (24.VI.2013), მაგრამ ისევ ამაოდ, მაშინ კულტურის მინისტრთან ვაფრინე წერილი (1.VIII.2013), მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ბოლოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს მივმართე როგორც პირადი წერილით, ისე პრესით (გაზ. «რაო-რაო», 31.X.2013), რაზეც ბატონმა ივანე კიღურაძემ მიპასუხა (01.XI.2013), ეს საკითხი სცილდება ჩვენს კომპეტენციასო, და რაღა მექნა?! ბოდიში მოვუხადე (გაზ. «საკვირაო», 5.XII.2013), მაპატიეთ, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ კულტურის საკითხები შედიოდა-მეთქი თქვენს კომპეტენციაში…

როგორც ხედავთ, ვერაფრით მივაღწიე იმას, რომ სადღაც შევკრებილიყავით და გვემსჯელა ხსენებულ დამხმარე სახელძღვანელოს ავ-კარგზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მომავალში უკეთესი ნაშრომები მივაწოდოთ ჩვენს სტუდენტობას.

უზნეობაა, როცა რომელიმე უწყებაში მუშაობ და, თუ სათქმელი გაგიჩნდება რაიმე, უმალ პრესაში გამოაჭენებ, მაგრამ რაკი ყველა შესაძლო ვარიანტი მოვსინჯე და არაფერი გამოვიდა, სხვა გზა აღარ დამრჩა _ ახლა უშუალოდ უნდა მივმართო მის უდიდებულესობა მკითხველს!

თუ წიგნი არ არის რედაქტირებული, რაც გულისხმობს ხელნაწერი ტექსტის გასწორებას, ლიტერატურულად დამუშავებასა და დასაბეჭდად მომზადებას, ვერანაირი ინტელექტი და საერთო განსწავლულობა ავტორისა (თუნდაც ეს იყოს ჩვენი ძვირფასი ნოდარ გურაბანიძე) ვერ მიაღწევს მიზანს და მკითხველი იმედგაცრუებული რჩება. ამის მიზეზი კი ნაირ-ნაირი შეცდომების კორიანტელია ყოველ გვერდსა და ყოველ წინადადებაში, დაწყებული სარჩევითა და შესავლით.

ვერაფერი სიამოვნებაა, როცა ევროპულ დრამატურგიაზე წიგნს გადაშლი და იქვე, სარჩევის დასაწყისშივე, ოსკარ უაილდი მოხსენიებულია, როგორც «ოსკარ უაილიდი», მაგრამ, როცა იგივე მეორდება 21-ე გვერდზეც, ეს უკვე ნამეტანია, მე და ჩემმა ღმერთმა! აქვეა, სარჩევის დასაწყისშივე _ «იოქანან» (უნდა იყოს _ «იოქანაან») და «გოლდსმიტი» («გოლდსმითი») და ა. შ. ამასთანავე, ისევ აქვე, სარჩევში მეტად უყურადღებოდაა ციტატები სხვადასხვა პიესიდან, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა, საგაზეთო სტატიის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა…   

ახლა ცალკეული საკითხები:

I. დავიწყოთ იმით, რომ თურმე (გვ. 6): «ი. ჭავჭავაძემ სპეციალური წერილი მიუძღვნა ლ. მესხიშვილის გამოსვლას . ზუდერმანის პიესაში «შეშლილია» (ხაზი ყველგან ჩემია _ გ. დ.). ვიტყვი მოკლედ და კატეგორიულად _ ეს ინფორმაცია არ არის სწორი: 1. ი. ჭავჭავაძემ მხოლოდ ორ მსახიობს მიუძღვნა ასეთი «სპეციალური» წერილი: პირველი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი ტრაგიკოსი ერ. როსი («ერნესტო როსი მეფე ლირის როლში». იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზ.,  ტ. V, გვ. 486, 1991), რომელიც 1890 წელს სწორედ ამ როლით იყო გასტროლებზე საქართველოში და მეორე _ ვიქტორ გამყრელიძე («ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლიონიძის როლში», იქვე, გვ. 556), რომელმაც გახმაურებულ სპექტაკლში («სამშობლო») ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ვიმეორებ, სხვა არც ერთი მსახიობისთვის ი. ჭავჭავაძეს არ მიუძღვნია ე. წ. სპეციალური წერილი. «ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა», ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისია, მხოლოდ გადავხედოთ სარჩევს (გვ. 730-732) ი. ჭავჭავაძის თხზულებათა V ტომისას, რომელიც მთლიანად ეძღვნება მის წერილებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე;…

2. ცნობილი გერმანელი მწერლის ზუდერმანის სახელია «ჰერმანი». ასე რომ, ინიციალი «გ» რუსულიდან არის გაუაზრებლად თარგმნილი;

3. და მთავარი: ავტორი პიესისა «შეშლილია» არის არა ჰ. ზუდერმანი, არამედ _ მანსფელდი და ამის შესახებ ჯერ კიდევ 1955 წელს მიუთითებდა… ნ. გურაბანიძე (იხ. კრებული «ილია ჭავჭავაძე თეატრის შესახებ»).

II. 402 გვერდზე მოხმობილია ცნობილი იტალიელი პოეტისა და დრამატურგის _ კარლო გოცის (1713-1786) ერთ-ერთი სიუჟეტი და გაკეთებულია დასკვნა:

«აი, ასე ფერიული ზღაპარი უდევს საფუძვლად კ. გოცის ფაბიოს «ქალი გველი» (ხაზი ყველგან ჩემია _ გ. დ.).

 პიესის სახელწოდება იწერება დეფისით («ქალი-გველი») და არა ცალ-ცალკე («ქალი გველი»);

«ასე» თუ «ასეთი»? პრინციპული თვალსაზრისით, ორივე შეიძლება, მაგრამ შესაბამისად საჭიროა მთელი წინადადების გააზრება: თუ დარჩება «ასე», მაშინ მის შემდეგ აუცილებლად უნდა დაისვას მძიმე, მაგრამ აზრობრივად აქ უფრო «ასეთი» იგულისხმება, კერძოდ, «ასეთი …ზღაპარი…».

ახლა სწორედ ესაა დასაზუსტებელი, როგორი: «ფერიული» თუ «ფეერიული»? რა თქმა უნდა, მეორე _ «ფეერიული», რადგან სიტყვა «ფერიული» არც არსებობს საერთოდ და აქ, ალბათ, კორექტურული შეცდომაა. ერთი «ე» დააკლდა, თორემ იქნებოდა «ფეერიული», რაც ნიშნავს ზღაპრული შინაარსის საცირკო-თეატრალურ წარმოდგენას (ფრ. feerie), რომელიც იდგმება სხვადასხვა სცენური ეფექტის გამოყენებით. ტერმინიც არის ასეთი _ «ფეერიული წარმოდგენა».

ბუნებრივი მონტაჟური სვლით მივადექით მთავარს _ ესაა სიტყვა «ფაბიოს». არც ასეთი სიტყვა არსებობს, მაგრამ აზრობრივად აქ უნდა იგულისხმებოდეს «ფიაბა» (იტალიურად _ «ზღაპარი»), რომელიც სწორედ კ. გოციმ დაამკვიდრა თეატრისა და დრამატურგიის ახალ ჟანრად, კ. გოლდონისა და პ. კიარის ყოფითი კომედიების საწინააღმდეგოდ…

III. როცა საუბარია რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ შესანიშნავ სპექტაკლზე (იგულისხმება _ «ესპანელი მღვდელი»), კერძოდ, დიეგოს «გარდაცვალების», მისი «დატირების» სცენაზე, ნათქვამია, რომ ამ დროს «იწყებოდა საყოველთაო მხიარულება და კავალკადა (ხაზი ჩემია _ გ. დ.), სიცილით იხოცებოდა ხალხი დარბაზში…» (გვ. 150).

ცხადია, ეს სცენა მართლაც იყო, როგორც დამდგმელი რეჟისორის (მ. თუმანიშვილი), ისე უშუალოდ შემსრულებელი მსახიობების (ერ. მანჯგალაძე, ე. აფხაიძე) დიდოსტატობის სრული დემონსტრაცია, მაგრამ რა შუაშია აქ «კავალკადა»? საუკუნის შემდეგ რომ ამას წაიკითხავენ (რაღა დარჩა, ღვთის გულისათვის, 60 წელი უკვე გავიდა ამ სპექტაკლის დადგმიდან!), ხომ გადაირევიან, ეს რა თეატრი ჰქონიათ ქართველებს მე-20 საუკუნეში, სცენაზე თურმე «კავალკადას» აწყობდნენო?!

«კავალკადა», მოგეხსენებათ, ცხენებით ჯგუფურ გავლას ნიშნავს, თუნდაც ბულონის ტყეში ბანოვანთა ჯგუფურ გასეირნებას და ა. შ., მაგრამ «ესპანელ მღვდელთან» ეს რა შუაშია?! «ესპანელი მღვდელი» თქვენს მონა-მორჩილსაც უნახავს და, ცხადია, ბევრ მათგანსაც, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ასეთი რამ ამ სპექტაკლში და საერთოდ, რუსთაველის თეატრის სცენაზე არასდროს მომხდარა. მარტო ბატონი ნოდარ გურაბანიძისთვის თუ დადგეს და შემდეგ მოხსნეს, სხვა საკითხია… რა საჭიროა ასეთი მამალი ტყუილი, ვერ გამიგია. თუმცა ჩვენს ძვირფას ნოდარ გურაბანიძეს უყვარს ხოლმე, მსუბუქად რომ  ვთქვათ, ასეთი «კეკლუცობა», განსაკუთრებით უცხოურ სიტყვებთან და სულ ეგ არის, მე და ჩემმა ღმერთმა!

ნოდარ გურაბანიძის ამ «კეკლუცობაზე» სტატიის დასკვნით ნაწილში დაწვრილებით ვისაუბრებ, როცა, არ გაგიკვირდეთ, «უნიკალურ» მინილექსიკონებსაც შემოგთავაზებთ ამ თვალსაზრისით… დიახ, დიახ, «უნიკალურ» მინილექსიკონებს, ახლა კი ამ «მთრთოლვარებას» გავეცნოთ:

ყველაფერი მსმენია და წარმომიდგენია კიდეც, ვთქვათ, «სიყვარულისგან მთრთოლვარე ხმა» (22), «როლიც განმსჭვალული მთრთოლვარებით» (62), «მოძრაობაც რომ მთრთოლვარე ხდებოდა» (74), «სცენაც ყოველთვის მთრთოლვარე» (220), «სულის მთრთოლვარე ამონაკვნესიც» (357) და ა. შ., მაგრამ _ «ფეხის მთრთოლვარე თამაში» (46), გინდ მარჯვენა იყოს იგი და გინდ მარცხენა, ან «ავბედითად მთრთოლვარე რუკა» (302), თუნდაც ინგლისისა თუ მესოპოტამიისაც! _ რა ვქნა, გინდ მომკალით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია! ისევე როგორც, ვთქვათ, ვინმემ რომ «კარისკაცს სახეში რუკა მიაფურთხოს» (352), ან «თავმპყრობელი დედოფალი» (399) თუ «ადვილად მოწყვილადი ადამიანი» (178) და ა.შ.  თუმცა, ეს უკვე ბატონი ნოდარ გურაბანიძის სტილია და წეროს, რადგან ასე ძალიან უნდა, ამაზე არავინ დაიჭერს, მაგრამ რედაქტორს (ვ. კიკნაძე) კი უნდა შეეხსენებინა, რომ, მაგალითად, ისეთ სიტყვებში, როგორიცაა: «მთრთოლვარე», «თრთოლვა» (38, 75), «ძრწოლვა» (390) თუ «ჟრჟოლვა» (79), ასო «ვ» სრულიად ზედმეტია. ეს, კარგა ხანია, დადგენილია და საამისოდ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ ორთოგრაფიულ ლექსიკონში… მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ბატონი რედაქტორიც (ვ. კიკნაძე) სწორედ ასე წერს და ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი…

ერთხელაც გავიმეოროთ, რომ სარეცენზიო წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა და, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ჩვენივე სტუდენტებისთვის. ამდენად, აქ ყოველგვარი სახის ინფორმაცია (სახელი, გვარი, თარიღი, სპექტაკლის სახელწოდება, პერსონაჟები და მისთ.) ზუსტი უნდა იყოს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ლექსიკონში. მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, ამ მხრივ აქ, არც მეტი, არც ნაკლები, სრული ქაოსია, სრული!

მკითხველი (სტუდენტი) ვერ გაიგებს, როგორ იწყება, მაგალითად, ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი, რადგან ეს ფრაზა ოთხნაირად არის წარმოდგენილი:

«ყოფნაარყოფნა» (55, 414, 421);

«ყოფნა არ ყოფნა» (48, 179, 418);

«ყოფნა, არყოფნა» (54);

«ყოფნა არყოფნა» (54).

მაგრამ ეს რაა იმასთან შედარებით, რომ თვით წიგნის რედაქტორის (ვ. კიკნაძის) ნაშრომის სახელწოდებაც ოთხ ვარიანტად გვხვდება:

«ქართული დრამატული თეატრის ისტორია» (5);

«ქართული დრამატული თეატრი» (7);

«ქართული დრამატიული» (უნდა იყოს _ «დრამატული» _ . .) თეატრის ისტორია» (21);

«ქართული თეატრის ისტორია» (29).

როგორც ხედავთ, რედაქტორს (ვ. კიკნაძე) ისიც კი ვერ შეუმჩნევია, რომ პირველ 30 გვერდზე ოთხჯერ სხვადასხვაგვარად არის მოცემული საკუთარი წიგნის სახელწოდება და სხვას რას შეამჩნევდა?!

ახლა არ იკითხავთ ცალკეულ გვარებს, სახელებს, სპექტაკლის სახელწოდებებს, პერსონაჟებს და ა. შ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა შესავალი. მეშვიდე გვერდის ერთ სტრიქონში სამი გვარია ჩამოთვლილი და სამივე შეცდომით:

ჰოფმანსტალი (იგივე მეორდება გვ. 19) _ უნდა იყოს: ჰოფმანსთალი;

ბენვენტე (26-ე გვერდზე _ ბენვენიტე) _ უნდა იყოს: ბენავენტე.

ჯ. სანგი (ჯ. სინგი).

აქვე (7) შეცდომითაა «ორი ჯიბგირის» ავტორი, რომლის გვარი იწერება არა ცალ-ცალკე (დე კურსელი), არამედ ერთად (დეკურსელი).

აქვე (7) ასევე შეცდომითაა «ცისფერი ობობას» ავტორის გვარიც, იგი იწერება არა დეფისით (ვან-ლერბერგი), არამედ ცალ-ცალკე (ვან ლერბერგი), მით უმეტეს, რომ მე-19 გვერდზე სულაც სხვანაირად არის: ვან-ლენბერგი, ანუ «ნ» «რ»-ს ნაცვლად.

აქვე (ისევ გვ. 7) ნამდვილი კურიოზია: ცნობილი ოპერეტა «მასკოტას» ავტორებად ლიბრეტისტები (შივო და დიური) არიან მოხსენიებული და არა კომპოზიტორი (ედმონ ოდრანი), რაც იგივეა, ოპერა «დაისის» ავტორად მისი ლიბრეტოს ავტორი, ვალერიან გუნია გამოვაცხადოთ და ზაქარია ფალიაშვილი საერთოდ არ ვახსენოთ. ბრავო, ბრავო, მაესტრო!

ახლა ცალკეული გვარები და სახელები:

შექსპირი ულიამ (311) თუ უილიამ, როგორც აქამდე ვიცოდით?

პიტერ ბრიუკი (416) თუ პიტერ ბრუკი?

ბრეჰტი (244) თუ ბრეხტი?

ჩეხი დრამატურგის გვარია ბალაჟეკის (183) თუ ბლაჟეკი?

ჰაიზენკლევერი (32-33) თუ ცნობილი გერმანელი დრამატურგი და პოეტი ჰაზენკლევერი (1890-1940)?

მხატვარი კ. სიდამონ-ერისთავი თუ ვ. სიდამონ-ერისთავი (ხაზი ყველგან ჩემია _ გ. დ), სხვათა შორის, ერთსა და იმავე გვერდზე (19)?

ჯონ ბოიდონ პრისტლი (123) თუ სახელგანთქმული ინგლისელი დრამატურგი _ ჯონ ბოინდონ პრისტლი (1894-1984)?

მეიერხოლდი (10), ვ. მეიერხოლდი (33),  ვს. მეირჰოლდი (252) თუ ვს. მეიერჰოლდი (277)?

მწერალი გურამ ბარათაშვილი (151) თუ გურამ ბათიაშვილი?

მხატვარი გოგო მესხიშვილი (283, 371) თუ გოგი მესხიშვილი?

მუსიკათმცოდნე გივი ორჯონიკიძეზე (285) თუ გ. ორჯონიკიძე?

ვაჟა ფშაველა (177) თუ ვაჟა-ფშაველა?

ჟანა დარკი (288) თუ ჟანა დარკი?

ლ. ვარსიმაშვილი (168) თუ ა. ვარსიმაშვილი?

«ჩემი ანტიგონე» რეჟისორ მ. თუმანიშვილის წიგნია (223) თუ მსახიობ ზინა კვერენჩხილაძისა?

დრამატურგი გ. ბირკოვი (96) თუ ბ. ჩირსკოვი? როგორც ვხედავთ, არც ინიციალია სწორი და არც გვარი.

დრამატურგი ბ. ლავრენიევი (98) თუ ბ. ლავრენიოვი («რღვევა»)?

დრამატურგი პოჰოდინი (98) თუ პოგოდინი?

გოლდონი  როგორ არ გამიგონია? კერძოდ, კ. ანუ კარლო გოლდონი, მაგრამ ო. გოლდონი _ არა. ალბათ, ძმა თუ იყო ამ უკანასკნელის ან ბიძაშვილი (მამის მხრიდან).

სპექტაკლების სახელწოდებები:

 «ას ერსგასის დღე» (253), «ას ერგასის დღეები» (380) თუ, როგორც ცნობილია, «ას ერგასის დღე»?

1946 წელს რუსთაველის თეატრში მართლაც დაიდგა სპექტაკლი «თავიანთი კაცი»? რა თქმა უნდა, იგულისხმება _ «თოფიანი კაცი».

 რომელია სწორი: ტოლერის «კაცი მასა» (34-37), «კაცი-მასა» (19, 37, 39), თუ სულაც «კაცის-მასა» (39)?

სენდერბიუს პიესას რა ჰქვია: «ქალთა აჯანყება» (3) თუ «ქალთა ამბოხი» (181)? და ა.შ.

პერსონაჟები:

«ანტიგონე»:

ანტიგონეს დას ჰქვია «ისმენე», მაგრამ უფრო მეტად იგი მოიხსენიება, როგორც _ «ისმინე», კერძოდ, 218 გვ. «ისმინე» არის 9-ჯერ, «ისმენე» _ 2-ჯერ. ასეთივე მდგომარეობაა 216-219, 222 გვერდებზე.

კრენონი (216) თუ კრეონტი?

«ბერნარდა ალბას სახლი»:

ბერნარადა (376) თუ ბერნარდა?

მარტირო (377) თუ მეორე გვერდზე _ მარტირიო?

«გოდოს მოლოდინში»:

მსახური _ ლაქი (420), მაგრამ მეორე სტრიქონშივე _ ლაკი. ვლადიმირი (420) თუ იქვე, იმავე აბზაცში _ ვლადიმერი?

«ესპანელი მღვდელი»:

კოტე მახარაძის გმირი _ ბართოლუსი (147, 149), მაგრამ იქვე _ ბართოლოსი?

«მაკბეთი»

მაკბეტი (285) და მეორე სტრიქონშივე _ მაკბეთი?

მაკბეტი და მაკბეთი ერთ სტრიქონში (389)?

გ) ბენქო (390), ერთი სტრიქონის შემდეგ _ ბანქო და მომდევნო გვერდზე _ ბენკო _ ერთი სიტყვით, მისამღერივითაა: ბენქო, ბანქო, ბანკო.

«მარიამ სტიუარტი»:

სოვაჟი (397) თუ იმავე გვერდზე _ სევაჟი?

ელისაბედი (394) თუ ელიზაბეთი (401)?

«მეფე ლირი»:

გონერილი (336, 341, 347) თუ გონერილა (343, 347)?

რიგანა თუ რეგანა ერთსა და იმავე გვერდზე (341)?

რიჩარდ III:

ჰესტინგსი (299) თუ იმავე აბზაცში _ ჰოსტინგსი?

რიჩარდ III (300) თუ რიცარდ III (300)?

«ორი ბატონის მსახური»:

ტრუფალდინი (99) თუ ტრუფალდინო (100) და იმავე აბზაცში _ ტრიუფალდინო?

«როგორც გენებოთ…»:

ჰერცოგი ორსინო (407) თუ გრაფი ორსინო (409)? იმავე გვერდზე _ ჰერცოგი ორსინიო და მესამე ვარიანტიც _ ორასინო?

«სამგროშიანი  ოპერა»:

რ. ჩხიკვაძის გმირის სახელი არის  მეკხიტი (191) თუ ამავე გვერდზე _ მექხიტი?

 «ტიტუს ანდრონიკუსი»:

აარონი თუ არონი ერთსა და იმავე გვერდზე (358)?

ასევე ერთ გვერდზე (359) _ სატიურნიუსი თუ სატურნინუსი?

«ფედრა»:

მერაბ თავაძის გმირის სახელია არა იპოლიტე (242), არამედ იპოლიტ.

XIV. «დონ სეზარ დე ბაზანი»:

ლაზარილოო (139) თუ ლაზარილიო (140)?

XV. «ჰამლეტი»:

პოლონიუსი (418), მაგრამ მეორე სტრიქონში _ პოლინიუსი, ხოლო ორი სტრიქონის შემდეგ _ პოლნუსი. რა ხდება?!

შეიძლება ასე ავუბნიოთ სტუდენტს თავგზა, სტუდენტს, რომელსაც ცოდნის მიღება აინტერესებს და არა ის, თუ ვისი ბრალია ეს აბდაუბდა _ ავტორის, რედაქტორის, კორექტორის, ჩიტირეკია ამწყობის და ..?

ახლა იმაზეც ვთქვათ, რაც საერთოდ არ აქვს წიგნს _ ეს არის მეცნიერული აპარატი, ურომლისობაც გამოუსწორებელი ნაკლია ამ ყაიდის მონოგრაფიისთვის _ არავითარი საძიებლები აქ არაა _ არც სახელთა, არც სპექტაკლების, არც გეოგრაფიული სახელებისა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არც ილუსტრაციები _ უამრავ სპექტაკლზეა საუბარი, მაგრამ არც ერთი ფოტო, პარადოქსია ნამდვილად! რაც შეეხება სქოლიოებს, იცოცხლე, ბლომადაა, მაგრამ იმდენად სამარცხვინო, ნეტავ, საერთოდ არ ყოფილიყო. ასეთი უპასუხისმგებლობა და უწიგნურობა, ასეთი აგდება მკითხველისა, ყოვლად წარმოუდგენელია… ზოგადად და მკაცრად იმიტომ მივუთითებ, რომ ეგებ პრეტენზია განაცხადოს ავტორმა ან რედაქტორმა, საგულდაგულოდ რომ გატრუნულან და საბაბიც მომეცემა ამ კონკრეტულ საკითხზეც ვისაუბრო დაწვრილებით…

დასასრულ, «სიაბდლეებზე», რომელთაც, ჩვენი შესანიშნავი კომპოზიტორის _ ვაჟა აზარაშვილის ამ ცნობილი ტერმინის გარდა, ვერაფერს უწოდებ. კერძოდ, რომ თურმე «კრიტიკამ «რიჩარდ მესამესა» და «მაკბეთს» რობერტ სტურუას შექსპირული დიალოგი (ხაზი ჩემია _ გ. დ.) უწოდა» (391), თემურ ჩხეიძემ მეტეხის თეატრში «ოიდიპეს (ხაზი ჩემია _ გ. დ.) მეფე» დადგაო (291), ან მთლად უკეთესი, რომ პოლონიუსის საკრამენტული  ფრაზა ყოფილა _ «დიანა (ხაზი ჩემია _ გ. დ.) საპყრობილეა!» (435). გურიაშიც კი, ამ მართლაც სიაბდლეებზე უმალ მოგახლიან, ისემც დაგიმშვენდა ცხვირიო. არა, მოფიქრება არ გინდა?! – სად «დიანა» და სად «დანია», კარგით რა, ღმერთი არ გწამთ?!

(დასასრული მომდევნო ნომერში)

 გოგი დოლიძე,

პროფესორი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთ.

სამეცნიერო კონსულტანტი, აკაკი წერეთლის პრემიის

 ლაურეატი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here