Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანა მხოლოდ «უკიდურეს შემთხვევაში» მოხდება

ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანა მხოლოდ «უკიდურეს შემთხვევაში» მოხდება

512

4 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვთან ახლოს, ნოვოოგარიოვოში, გამართა პრესკონფერენცია, რომელიც უკრაინაში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

 

«რუსეთი არ განიხილავს ყირიმის მიერთების საკითხს და მოსკოვი არ შეეცდება უკრაინაში სეპარატიზმის გაღვივებას, რადგან მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება, გაარკვიონ თავიანთი ტერიტორიების ბედი», _ განაცხადა პრეცკონფერენციის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ «კამუფლაჟიანი ადამიანები, რომლებმაც თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ყირიმის რამდენიმე ობიექტი, «თავდაცვის ადგილობრივი ძალების წარმომადგენლები» არიან და მათ მომზადებაში რუსეთი არ მონაწილეობდა.

ვლადიმერ პუტინმა ლეგიტიმურად ცნო ყირიმის პარლამენტის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერმინისტრად სერგეი აქსიონოვის დანიშვნა: «პარლამენტის სესიაზე აქსიონოვის არჩევისას ყველა პროცედურა იყო დაცული და კანონის დარღვევს ადგილი არ ჰქონია.

 შეიარაღებული პირების მიერ ყირიმის პარლამენტის შენობის დაკავებამ ნახევარკუნძულის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, სწორედ ამიტომ შექმნეს მათ თავდაცვის კომიტეტი და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ყველა შეიარაღებული ფორმირება.

რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, შედეგებზე მხოლოდ მათ უნდა იფიქრონ, ვინც ამ სანქციების დაწესებას აპირებენ. ეს ორივე მხარეს დააზარალებს. მთავარი ის არის, რომ მათ მხარი დაუჭირეს გადატრიალებას და ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით დამხობას.

ჩვენ მზად ვართ დიდი რვიანის სამიტისთვის, მზად ვართ კოლეგების მისაღებად, თუკი მათ აქ ჩამოსვლა სურთ, მაგრამ, თუ არ სურთ, ნება მათია, არც არის საჭირო,» _ განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანა მხოლოდ «უკიდურეს შემთხვევაში» მოხდება, თუმცა მოსკოვი უფლებას იტოვებს, ძალა გამოიყენოს ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად, ჯერჯერობით კი ამის აუცილებლობა არ არის.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია ევრომაიდნელთა მოტივები: «მე მესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც კარდინალურ ცვლილებებს ითხოვენ და არა ხელისუფლების ფასადის შელამაზებას. უკრაინელები მიეჩვივნენ, რომ თაღლითების ერთ ჯგუფს სხვა თაღლითები ცვლიან, უბრალო გლეხი კი «სისხლისმსმელი» ნიკოლოზის დროსაც იტანჯებოდა, კუჩმას, იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდებშიც. ეს რევოლუციური ვითარება კი უკრაინის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან შეიქმნა».

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში 2014 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს ანტიკონსტიტუციური და შეიარაღებული ძალის მიერ მოწყობილი გადატრიალება უწოდა და თქვა, რომ არ ესმის, რატომ გადადგა უკრაინის ოპოზიციამ ასეთი ნაბიჯი, რადგან იმ მომენტში უკრაინის ხელისუფლება უკვე წავიდა დათმობაზე და დაეთანხმა კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებას, აგრეთვე, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. თანაც იანუკოვიჩს პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევის შანსი არ ჰქონდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ურჩია უკრაინელებს, უახლოეს ხანში ჩაატარონ რეფერენდუმი და მიიღონ ახალი კონსტიტუცია. რუსეთი კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს ამ ქვეყანასთან სავაჭრო და ჰუმანიტარულ ურთიერთობას, რაც იქ ვითარება გამოსწორდება და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუ უკრაინაში ტერორი არ შეწყდება და ვითარება არ შეიცვლება, რუსეთი უკრაინის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს, რადგან ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება მოფაშისტო ელემენტი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გარდაცვალების შესახებ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს».

«მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი ჩვენს ტერიტორიაზე გამოჩნდა, მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ორი დღის წინათ. ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. იანუკოვიჩი კიდევ ბევრის დასაფლავებას მოესწრება, ვინც მისი გარდაცვალების შესახებ ხმას ავრცელებს_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

1 COMMENT

  1. პუტინმა უკან დაიხია,რითაც წააგო კიდეც რის გამოც დავდექით მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების წინაშე,აქედან გამოსავალი საქართველოშია:მოვლენაა,ჟამია-მეორედ მოსვლაა და მოსული სიტყვა თუ გადაგვარჩენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here