Home რუბრიკები სამართალი თამაზ გელაშვილი: ნოტარიუსი ნინო გინტური ყველას აშინებს და, ვიდრე კუბლაშვილი იქნება, მას...

თამაზ გელაშვილი: ნოტარიუსი ნინო გინტური ყველას აშინებს და, ვიდრე კუბლაშვილი იქნება, მას ხელს ვერავინ ახლებს

ნინო გინტური, ნოტარიუსი, რომელიც, არაერთი დაზარალებულის მტკიცებით, წართმეულ ბიზნესსა და ქონებას «ნაცებს» უფორმებდა და ბიზნესმენებს ციხეში უშვებდა ან ციხეში შედიოდა შუაღამისას და «წილის გაჩუქებაზე» აწერინებდა ხელს პატიმრებს, ამ დრომდე პროკურატურის მფარველობის ქვეშ იმყოფება. მას დღემდე მოსამართლე გიორგი სულაკაძე ასამართლებს და ამართლებს, ხოლო ვიდრე კოტე კუბლაშვილი მთავარი მოსამართლე იქნება, მის სახელს ჩრდილიც ვერ მიადგება, ამიტომ უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესჩამორთმეული ასობით ადამიანი სამართლიანობის აღდგენას და წართმეული ქონების დაბრუნებას ამაოდ ელის.

 

ბიზნესმენი თამაზ გელაშვილი:

_ საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურების მეიჯარე ვიყავი, შემდგომში _ მეპატრონე. ეს ბიზნესი 1992 წელს დავიწყე, «ნაცების» მთავრობა რომ მოვიდა, დამიბარეს და მაიძულეს, რომ ბენდუქიძის დისთვის ხუთჯერ იაფად მიმეყიდა ჰესი, რომელიც მერე თვითონ 20 მილიონ დოლარად გაყიდეს. ჰესი ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მე-10 კილომეტრზე მდებარეობს, ეს არ არის პატარა ჰესი, მტკვარი მთლიანად შედის. მე ჩალის ფასად გამაყიდინეს და ფული ქართული არმიის განვითარების ფონდში შემატანინეს. მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

მას შემდეგ ნელ-ნელა და ეტაპობრივად წამართვეს ყველაფერი. ჩემი და ნინო გინტურის შეხვედრაც სწორედ მაშინ მოხდა. გინტურის ბიუროში გადაიფორმეს ჩემი ქონება, სამ-ნახევარი მილიონი გადამიხადეს. გინტურმა არ იცოდა, რომ ეს ფული წამართვეს და არმიის განვითარების ფონდში გადარიცხეს. სასოწარკვეთილს გინტურმა სამშენებლო კომპანიის მეწილეობა შემომთავაზა და მითხრა, რომ ხელისუფლებასთან პასუხისმგებელი ის იქნებოდა. დავთანხმდი, მაგრამ ყველა მშენებლობაში «გადამაგდო». ყველაზე დიდი შეცდომა სოლოლაკის სახლის მშენებლობის დროს მოუვიდათ. ამ დროისთვის საქმიდან უკვე გამოსული ვიყავი და სასამართლოში სარჩელიც შევიტანე, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან ადეიშვილი და კუბლაშვილი ნინო გინტურს მფარველობდნენ. მაშინდელი საქმეები დღესაც თაროზეა შემოდებული.

სოლოლაკის სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს, ბინების მეპატრონეები გავაფრთხილე, ვუთხარი, რომ აფერისტები იყვნენ, მაგრამ მიპასუხეს, ისინი თქვენი სახელით გველაპარაკებოდნენ და ამიტომაც შევქმენით ამხანაგობაო. მათ ვთხოვდი, ამხანაგობა დაეშალათ. მართლაც, მივიდნენ გინტურთან და ამხანაგობის დაშლა მოითხოვეს, მაგრამ ნოტარიუსმა დიდი თანხა მოითხოვა, მან განუმარტა, თუ რა ჯდებოდა ბაჟი და კიდევ ბევრი სხვა რამ. მოკლედ, ხალხი გადასახადებით დააშინა. მობინადრეებმაც გადაიფიქრეს სარჩელის შეტანა ამხანაგობის გასაუქმებლად, იმის იმედით, რომ მშენებლობა დაწყებულია და რაღას იზამენო, მაგრამ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა გელა ხუციშვილმა ბინები 400 ათასი დოლარით იპოტეკით დატვირთეს. გინტურმა ისე გააკეთა ხელშეკრულება, რომ ვითომ მობინადრეების ქონების განმკარგავი ხუციშვილი იყო, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა. მათ, უბრალოდ, შრომა დაეზარათ, სახლის აშენებას კერძო მევახშეების ხელში ჩაგდება სჯობდა. ექვსი თვის თავზე მევახშემ ბინების მფლობელებს უჩივლა, სასამართლოც მოიგო და ქონებაც გადაიბარა. 31 ოჯახი ქუჩაში რჩებოდა. ხალხის პროტესტის საფუძველზე 2010 წელს გელა ხუციშვილი დააპატიმრეს. მას, რა თქმა უნდა, თავის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ გინტურმა ის დააშინა, დანაშაული თავის თავზე ააღებინა. შეუთვალა, რომ ყველა ბინის გაკოტრება მას დაბრალდებოდა და შეკრებითობის მეთოდით სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. გარდა ამისა, ამხანაგობის თავმჯდომარეც ის იყო, გინტური არსად ფიგურირებდა. სინამდვილეში ბრალი გინტურს მიძღვოდა, სწორედ მან გააყალბა ბინის მეპატრონეების ხელმოწერები, ასე აკეთებდა ყველა ბინის მშენებლობის დროს. ხელმოწერებს აყალბებდა, ბანკებიდან ხალხის სახელით სესხებს იღებდა და თან არავინ არაფერი იცოდა.

_ თქვენ რას ედავებით?

_ როდესაც ასეთი ბიზნესისთვის სესხს იღებ, ამხანაგობის მიერ ჩატარებული კრების ოქმი უნდა არსებობდეს და ეს ხელმოწერით უნდა იყოს დადასტურებული, პროცესს ნოტარიუსი უნდა ესწრებოდეს, ოქმს ხელს აწერს კრების მდივანი და თავმჯდომარე. ასეთი სრულყოფილი საბუთის საფუძველზე უნდა გასცეს ბანკმა სესხი. ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ასეთი ოქმი შედგა, მას ეწერა, რომ კრებას ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი ესწრებოდა, კრების თავმჯდომარე კი მე ვიყავი, ხელი ჩემ მაგივრად მოაწერა, ბანკში მიიტანა და სესხი აიღო, რამდენიმე წელი გავიდა და ბანკმა ყადაღა ჩემს ქონებას დაადო, მომხდარის შესახებ ასე გავიგე. ექსპერტიზა მოვითხოვე, თუმცა ბანკი ამბობს, რომ არაფერ შუაშია. ამ დავასა და უბედურებაში ისიც გავარკვიე, რომ გინტური ასეთ საქმეებს ყოველთვის «პროკრედიტ ბანკთან» ერთად აკეთებს, შეკრულები ყოფილან.

გოგებაშვილის ქუჩის ბინის მშენებლობაში არაფერ შუაში არ ვიყავი, იქ ჩემი მეუღლე უნდა ყოფილიყო, ის არის დამფუძნებელი, საბუთები კი გაყალბებულია ისე, რომ ვითომ ხელს მე ვაწერ. ასეთ შემთხვევაში, ჩემი მინდობილობა ჩემს მეუღლეს უნდა ჰქონოდა, იმის იმედი მქონდა, რომ ამ დანაშაულს მაინც დავუმტკიცებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გინტურს მინდობილობაც გაუყალბებია. ეს ფაქტი დავადასტურე და პროკურატურა პასუხს ამ დრომდე არ სთხოვს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და რამდენი პროკურორიც გამოიცვალა, განცხადება იმდენჯერ ხელახლა შევიტანე.

სულ ვკითხულობდი და მაინტერესებდა, ეს «ნაცები» ისეთი დაუნდობლები იყვნენ, თავისიანებსაც არ ინდობდნენ და ქალი, რომელმაც მილიონები შეჭამა, თავისუფლად რატომ დადის? თან მისი დარღვევები და დანაშაულები ისეთი აშკარაა, ათასობით ადამიანი ჰყავს დაღუპული, რომლებიც სულ ჩივიან. აღმოვაჩინე, რომ რამდენჯერაც კრიტიკულ ზღვარზე მიდგება საქმე, იმდენი «ჩასაშვები» საქმე ჰქონია მომზადებული. ბიზნესმენების დიდი ნაწილი მისი დაღუპულია. რამდენიმე ბიზნესმენის გვარს გეტყვით, რომლებზეც უტყუარი ინფორმაცია მაქვს _ მურმან მუმლაძე, ბეტონის ქარხნების მეპატრონე, გინტურის მიერ გაყალბებული საბუთების საფუძველზე «ნაცებმა» ქონება წაართვეს; ზურაბ ზაქაიძე _ ეს ადამიანიც გინტურის დაღუპულია.

_ გასაგებია, ბატონო თამაზ, «ნაცების» დროს მას ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ დღეს ვინ მფარველობს?

_ არ ვიცი, პროკურატურის ძველი თანამშრომლები პატრონობენ თუ ახლები. ცვლილება მოხდა. გენერალური ინსპექცია პროკურატურას ცალკე ჰყავს და იუსტიციის სამინისტროს _ ცალკე. დავინტერესდი და ვიკითხე, ნოტარიუსი ვის დარჩა სამეთვალყურეოდ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსების საქმიანობა უნდა გააკონტროლოს, მაგრამ გინტურზე მითხრეს, რომ მას იმდენი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, პროკურატურის დაქვემდებარებაში დატოვესო.

საქმეები ჭიანურდება. ამ დრომდე ნინო გინტური ყველას აშინებს და, ვიდრე კუბლაშვილი იქნება, მას ხელს ვერავინ ახლებს.

_ . . გინტურს ახალი ხელისუფლებაც აშკარად ხელს აფარებს.

_ ასე გამოდის. თან საქმეს ხშირად ისიც გვიფუჭებს, რომ მას ყველა ამხანაგობაში მოსყიდული ჰყავს ხალხი. მოსყიდული ჰყავს პროკურატურაც და ასევე «პროკრედიტ ბანკი», რომელიც სესხებს გაურკვეველ ვითარებაში, გაყალბებული საბუთების საფუძველზე გასცემდა.

ამ ქალბატონს რამდენიმე სასამართლო პროცესი ჰქონდა, მის ყველა საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე იხილავს, რომელიც დღესაც თავის ადგილზე ზის. ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია.

მინდა, ყველა მის მიერ მოტყუებული ხალხი შევკრიბო და ერთობლივი ძალებით შევუტევთ. ნინო გინტური ქალი კი არა, ყაჩაღია, მასთან ურთიერთობა ყველასთვის ციხის კართან დასრულდა.

ნინო გინტურს დღესაც ვერის ბაღის შესასვლელთან სანოტარო ბიურო აქვს. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც ღამის სამ საათზე ხალხს ქონებასა და ბიზნესს  ართმევდა, ზოგს ციხეში და ზოგსაც გარეთ. «ნაცებს» თუკი რამ ქონება აქვთ მითვისებული, სულ ამ ქალის ხელით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here