საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა და გამომცემლობა «გუმბათმა» წამოიწყეს ახალი პროექტი «ქართული კულტურის ოქროს ფონდი», რომლის მიზანია, მკითხველს წარმოუდგინოს მუზეუმში დაცული დოკუმენტები. იდეა კეთილშობილურია, მაგრამ ამ წარმოდგენასაც ხომ თავისი წესი და ლოგიკა აქვს?!
სწორედ ეს ელემენტარული რამ შევახსენე მუზეუმის დირექტორს, ახალგაზრდული ენერგიითა და მამულიშვილური შემართებით გამორჩეულ მოღვაწეს _ ბატონ გიორგი კალანდიას, როცა შარშან გამოიცა ხსენებული პროექტის I ტომი და იგი სცენის დიდოსტატს _ კოტე მარჯანიშვილს მიეძღვნა. საქმე ის არის, რომ მუზეუმის მასალები სწორედ იმ სახით გამოქვეყნდა, როგორაც დაცულია და არანაირი მეცნიერული აპარატი, თქვენ წარმოიდგინეთ, საძიებლებიც არ ახლავს, თითქოს ქსეროასლები გადაუღიათო. ამ მხრივ, მხოლოდ ამ მხრივ, პროექტი მართლაც უნიკალური და უპრეცედენტოა, როგორც ამას ხაზგასმით მიუთითებენ ავტორები შესავალშივე.
სამწუხაროდ, იგივე განმეორდა II ტომშიც, რომელიც ბატონ მიხეილ ჭიაურელს დაეთმო, თუმცა ამჯერად პროექტის ავტორებს რამდენადმე გაუთვალისწინებიათ თქვენი მონა-მორჩილის რჩევა და შესავალში, ერთგვარი თავის მართლების მიზნით, მიუწერიათ _ საარქივო მასალების სტილი და ორთოგრაფია შენარჩუნებულიაო…
ვერაფერი შეღავათია, მე და ჩემმა ღმერთმა! კვლავ არანაირი მეცნიერული აპარატი: კომენტარები, შენიშვნები და მისთ. რომელ მეცნიერულ აპარატზეა საუბარი, როცა სარჩევი რაა, ისიც ვერ შეუდგენიათ ნორმალურად. არადა, სარედაქციო ჯგუფში 6 თანამშრომელია მოხსენიებული. რა არის ეს _ ვერაფრით გამიგია და ამიხსნია: არაპროფესიონალიზმი თუ უპასუხისმგებლობა? ალბათ, ორივე, რადგან დიდი უტაქტობაა ათეულობით ავტორის ასეთი იგნორირება! ნუთუ ნებისმიერმა ავტორმა _ ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა თუ სხვამ, არ უნდა იცოდეს, რომელ გვერდზეა მისი მოგონება და ა.შ.? ამას გარდა, არც რაიმე რედაქტირებაა, შრიფტის გააზრება, დაკაბადონების ელემენტარული ნორმები და ა.შ
საგაზეთო სტატიის ფორმატის შეზღუდულობის გამო, მოვიყვანოთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტი, მსუბუქად რომ ვთქვათ, რა უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებთ მკითხველს ასეთი «უნიკალური” და «უპრეცედენტო” პროექტის პრეტენზიით:
I. დავბერდი კაცი კინომცოდნეობაში და ახლა მიმტკიცებენ, რომ თურმე ცნობილი ფრანგი კინოისტორიკოსი ჟორჟ სადული (1904-1967), არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი კინომცოდნე ყოფილა _ ეს არის, ბატონებო, «საარქივო მასალის სტილისა და ორთოგრაფიის შენარჩუნება»? რა აზრი აქვს ასეთ «შენარჩუნებას», როცა, ცხადია, უნებურად, მაგრამ, ფაქტობრივად, მაინც ატყუებთ მკითხველს?!
ახლა ვნახოთ, კიდევ რამდენ, ვიმეორებ, ნებსით თუ უნებლიეთ, არასწორ ინფორმაციას აწვდით მკითხველს:
II. გვ. 253. ფოტო და მისი წარწერა: «მიხეილ ჭიაურელი და მირზაშვილი, «ბერლინის დაცემა», ფილმის გადაღების პროცესი. 1945 წ.» ისმის სამი კითხვა:
1. რატომ არის ცნობილი მხატვარი რევაზ მირზაშვილი მოხსენიებული უსახელოდ, თუნდაც, უინიციალოდ? რა უნდოდა ამის დადგენას?
2. მოკლედ და კატეგორიულად: რევაზ მირზაშვილი კი არ არის კინოფილმ «ბერლინის დაცემის» მხატვარი, არამედ: ვლ. კაპლუნოვსკი და ალ. პარხომენკო.
3. რაც მთავარია, «ბერლინის დაცემა» გადაღებულია არა 1945 წელს, არამედ ოთხი წლის მოგვიანებით _ 1949 წელს.
III. იმავე გვერდზე ფოტო და წარწერა: «მიხეილ ჭიაურელი ფილმიდან «მჭედელი მიქავა» (შემდეგ უნდა ყოფილიყო მძიმე _ გ. დ.) 1935 წ». ისმის ორი კითხვა:
1. ამ ფილმის სახელწოდებაა «ნათელა» და არა «მჭედელი მიქავა» _ მიქავა იმ გმირის გვარია, რომელსაც მიხეილ ჭიაურელი თამაშობს, ხოლო მჭედელი მისი პროფესიაა.
2. ფილმი გადაღებულია არა 1935 წელს, არამედ 9 წლით ადრე _ 1926 წელს.
IV. გვ. 45: აკაკი ხორავა 60 წლის იყო, როცა მიხეილ ჭიაურელის ბოლო ფილმში («რაც გინახავს, ვეღარ ნახავ») ითამაშაო.
1. სინამდვილეში ამ დროს ბატონი აკაკი ხორავა 70 წლის გახლდათ.
2. არც «ახალგაზრდა ყარაჩოხელი» (იმავე გვერდზე) უთამაშია 70 წლის აკაკი ხორავას _ მისი გმირი ყარაჩოხელების უსტაბაშია.
V. კინოფილმი «საბა» არ არის მიხეილ ჭიაურელის პირველი დამოუკიდებელი სურათი (გვ. 205) _ მისი კინორეჟისორული დებიუტი იყო ფილმი «უკანასკნელ საათს», რომელიც გადაიღო არა 1927 წელს (გვ. 203), არამედ 1929 წელს.
VI. არც «არსენას» თარიღია სწორი: უნდა იყოს 1937 წელი და არა _ 1936 (გვ. 208). ასევე ერთი წლითაა «გადაწეული» კინოფილმ «ხანუმას» გადაღების თარიღი: უნდა იყოს 1926 წელი და არა 1927 (გვ. 209).
VII. გვ. 249:Fფოტოზე წარმოდგენილია ექვსი კინემატოგრაფისტი, მაგრამ წარწერაში _ მხოლოდ ოთხი (კინორეჟისორები: მიხეილ ჭიაურელი, შოთა მანაგაძე, ნიკოლოზ სანიშვილი და მერაბ კოკოჩაშვილი), არადა, სრულიად ადვილი ამოსაცნობი არის ის ორი დანარჩენიც: კინოოპერატორი ფელიქს ვისოცკი და კინორეჟისორი ლეო ესაკია… სხვა თუ არაფერი, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილისთვის დაგერეკათ და გეტყოდათ, თქვე კაი დედმამიშვილებო! ისიც უნდა მიეთითოს, რომ რაღაც თანმიმდევნობით ხომ უნდა იყვნენ ფოტოზე აღბეჭდილი კინემატოგრაფისტები, ანუ ვინ ვის გვერდითაა, ვინ ზის, ვინ დგას და ა.შ. ასე, მაპატიეთ, მაგრამ «უპრაკონოდ» დაბეჭდვა ფოტოსურათისა უხერხულია!
საერთოდაც უხერხულია, ბატონებო, ამ სერიის ასე გაგრძელება და ეგებ, ამიერიდან მაინც მოაყაროთ მადლს მარილი…
გოგი დოლიძე,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, პროფესორი
P.S. რაც შეეხება პოლიგრაფიული უმწიფრობის ნიმუშებს, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა, მაგრამ, თუ ეს გამომცემლობის მესვეურებს აინტერესებთ, ერთ სემინარს სიამოვნებით ჩავუტარებ, პროფესიულ–კოლეგიური სოლიდარობის ნიშნად.