Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს!

სოსო ჯაჭვლიანი: დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს!

618

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.

 

_ ბატონო სოსო, საზოგადოების დიდ ნაწილში დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლების მთავარი დაპირება _ სამართლიანობის აღდგენა ბოლომდე არ შესრულებულა. ბევრი ფიქრობს, რომ, თუკი მმართველმა გუნდმა უახლოეს მომავალში რამე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, შეიძლება მოვლენები უკრაინის მსგავსად განვითარდეს და ხალხი აუჯანყდეს ხელისუფლებას.

_ მე ვარ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და ვლაპარაკობ გასაგებ ენაზე: ხალხი წყვეტს ყველაფერს, ზუსტად ამისთვის არსებობს არჩევნები. მხართეძოზე წამოწოლა და სურვილების ასრულებაც არ გამოვა, თუკი შენ არ აკონტროლე სიტუაცია და მმართველ გუნდს არ მიუთითე, რა გინდა, ზოგჯერ მკაცრი ფორმითაც. მერწმუნეთ, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 100 პროცენტით იმას გააკეთებს, რაც ხალხს უნდა. სანამ ამას არ ვისწავლით, უკმაყოფილების, იმედგაცრუების განცდა ყოველთვის იქნება. განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება პრობლემას ყოველთვის დროულად აგვარებს და საქმეს აჯანყებამდე არ მიიყვანს.

ახლა რაც შეეხება უკრაინას: ტრაგედიაა, რაც იქ ამ დღეებში მოხდა, მაგრამ ვთქვათ სიმართლე, წააქეზეს ეს ხალხი, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, აგორდა ტალღა და  ვიღაცებმა ამით ხელი მოითბეს. მე ვისმენდი შეფასებებს, რომლებიც რუსეთში კეთდებოდა, ვაკვირდებოდი დასავლეთის რეაქციასაც და მინდა გითხრათ, რომ რიგითი მოქალაქეების ინტერესი არსად ჩანდა. ყველამ დაინახა მარტო სისხლი და ხოცვა-ჟლეტა ამ მოვლენებში, რომელზეც შემდეგ ააგეს პიარი… აი, ესაა ორმაგი სტანდარტი.

_ კერძოდ, რაში ჩანდა ეს ორმაგი სტანდარტი?

_ ყველაფერში _ მოქმედებაში, პიარში… ესენი რომ ახლა ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, ეს ვირთხები, «ნაციონალებს» ვგულისხმობ, 26 მაისს, 7 ნოემბერს საუბრობდნენ ამ თემაზე?! ვერ გავიგე, უკრაინაში თავისუფლებისთვის იბრძვიან და, ჩვენ რომ ვითხოვდით, ის სხვა თავისუფლება იყო?!

_ დავუბრუნდეთ სამართლიანობის აღდგენის საკითხს, რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ პროცესზე განაცხადა, ჩემი სახით საქართველოში ევროპას ასამართლებენო. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

_ გადი, შე, საცოდავო-თქო. თუ ევროპას ასამართლებენ შენი სახით, ანუ, თუ შენ ხარ ევროპის სახე, შევარცხვინე ასეთი ევროპა! არ მჭირდება მე ასეთი არც ევროკავშირი და არც ნატო.

_ თავის დროზე არჩილ კბილაშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარონო, თუმცა მას შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გავიდა და პროკურატურას მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება?

_ ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არა თუ შესაძლებელია, ძალიანაც რომ არ უნდოდეს ვიღაცას, სამართლიანი გამოძიება ამას, უბრალოდ, ვერ გაექცევა. სააკაშვილი იყო რეჟიმის შემოქმედი და, თუკი ვინმემ რამე დააშავა ბოლო 9 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში, ყველაფრის თავი და თავი ის სწორედ არის; ამიტომ, ცხადია, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს ეს ადამიანი.

_ 1 და 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველას ეგონა, რომ «ნაცმოძრაობა» წინამორბედის ბედს გაიზიარებდა და «მოქალაქეთა კავშირივით» დაიშლებოდა, მაგრამ რეალურად პირიქით მოხდა _ დღეს ისინი მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსით სარგებლობენ. როგორ ფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად აქვთ მათ იმის შანსი, რომ უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტები მოიპოვონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ან სულაც ხელისუფლებაში?

_ არანაირი შანსი «ნაცმოძრაობას» არ აქვს, ის არის პოლიტიკური გვამი, რომელსაც მიწის მიყრაღა აკლია. რაც შეეხება მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, ჩემთვის პირადად ვერასოდეს იქნება ოპონენტი მკვლელი, ვერ იქნებიან ღირსეული მოწინააღმდეგეები ის ადამიანები, რომლებმაც გააუბედურეს ასობით და ათეულათასობით უდანაშაულო მოქალაქე. ამიტომ არ ვიცი, რა შანსებზე მელაპარაკებით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ: ალბათობა, რომ სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს, არის ნულის ტოლი.

_ პუტინის განცხადებაზეც გკითხავთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა: როგორ ფიქრობთ, რა სიგნალი იყო ეს ჩვენთვის და რას უნდა ველოდოთ?

_ მოლოდინზე მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: არაფერს უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს, რის საფუძველსაც ჩვენი პოლიტიკა და სტრატეგია გვაძლევს. ისე, შეხვედრა თუ შედგება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, ორი ქვეყნის ურთიერთობას სერიოზულად წაადგება.

_ ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

_ შეფასებები მეც ბევრი მოვისმინე და ამ ყველაფერში, იცით, სასაცილო რა არის? _ რუსეთს თავისი ინტერესები აქვსო, რომ იძახიან. ბიჭო, სამმილიონიან სომხეთს აქვს ინტერესები და აზერბაიჯანს, რუსეთს რომ ჰქონდეს, რა არის ამაში გასაკვირი?!

_ აქ საუბარია ინტერესთა თანხვედრაზე და არა თავისთავად არსებობაზე ამ ინტერესების.

_ გასაგებია, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ რას ვხედავდით? მიდიოდა გამუდმებული ჭიდილი და ძიძგილაობა რუსეთთან. დღეს აქ ძალიან მკაფიო მოცემულობაა _ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სიმდიდრე აქვს დედამიწაზე. ახლა გეკითხებით: ამ სახელმწიფოს დანგრევას ველოდებით? ვაი, იმის პატრონს, ვინც ასე ფიქრობს, ის რომ დაინგრევა, შენი ბუნდღაც არ დარჩება მანამდე…

_ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასაც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. თქვენ რა აზრის ხართ _ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ?

_ ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივია: ქართველი სპორტსმენების წაუსვლელობა სოჭში იქნებოდა იმ დამღუპველ შეცდომათა ჯაჭვის გაგრძელება, რომელსაც სააკაშვილის უგუნური, ანტიეროვნული ხელისუფლება უშვებდა 9 წლის მანძილზე. სხვათა შორის, თავის დროზე მოსკოვის ოლიმპიადას რომ ბოიკოტი გამოუცხადეს კაპიტალისტურმა ქვეყნებმა,  მათ ეგონათ, ეს იყო სწორი ნაბიჯი და საკუთარი პრინციპების ერთგულება. გავიდა წლები და მიხვდნენ, რა შეცდომაც მოუვიდათ: ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტი პირდაპირ წერს მემუარებში, რომ ყველაზე ცუდი, რაც გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში, ეს ბოიკოტები იყოო.

_ გინდათ, თქვათ, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა?

_ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ 9-წლიანი უფსკრული, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებობს, ერთბაშად ამოივსება, მაგრამ ყველაფერს დეტალები ქმნის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ოლიმპიადას, ამიტომ ჩვენი მხრიდან არანაირად იქნებოდა გამართლებული შანსის ხელიდან გაშვება. ის კი არა, მე თუ მკითხავთ, სამთავრობო დელეგაციაც უნდა გამგზავრებულიყო იქ და პრეზიდენტიც კი უნდა ჩასულიყო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ ოლიმპიადის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური სიგნალი რუსეთისგან, რომელსაც სერიოზული მუშაობა სჭირდება

_ კერძოდ?

_ კერძოდ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ხომ აჩვენა რუკა, რომელზეც საქართველო ტერიტორიულად მთლიანია? რუსეთმა აჩვენა ბურუსში. ჩემი აზრით, ეს უკვე გზავნილია. გარდა ამისა, ასეთი ფართო წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციები, როგორც იქ იყო, ადრე არც ერთ ოლიმპიადაზე არ ყოფილა, პან გი მუნიდან დაწყებული, დამთავრებული წამყვან სახელმწიფოთა უმაღლესი თანამდებობის პირებით, ყველა ესწრებოდა; ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტიც თუ დაესწრებოდა ამ ღონისძიებას, ამით, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებს არაფერი დაუშავდებოდა.

_ თქვენი აზრით, დღეს რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება კრემლთან დიალოგისთვის?

_ ის, რომ ჩვენ შორის ინტერესთა სრული თანხვედრა არ არის და პირიქით, უამრავი საკითხია, რომლებშიც შეიძლება საპირისპირო პოზიციები გვქონდეს, ფაქტია, მაგრამ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება _ დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, ანუ რისი თქმა მინდა: რაც უფრო მეტხანს იარსებებს ეს უზარმაზარი უფსკრული ორ ქვეყანას შორის და რაც უფრო ხანგრძლივად ვიქნებით გაბუტულები, ამით ჩვენვე დავზარალდებით.

ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია საიმისოდ, რომ ესმოდეს, სად დევს ჩვენი უმთავრესი პრობლემების გასაღები. მეტიც, ერთ-ერთი ძირითადი გარემოება, რომლის გამოც ჩვენ ხმა მოგვცა მოსახლეობამ, იყო სწორედ კრემლთან ურთიერთობის მოგვარების დაპირება. აქედან კი უკვე ნათლად ჩანს, რა უნდა საზოგადოებას და რას ითხოვს ის ჩვენგან; ასე რომ, რა გამძაფრებული პროპაგანდაც უნდა დაუპირისპირონ ხელისუფლების კურსს, ერთი რამ აშკარაა: ჩვენ მოსაგვარებელი გვაქვს ურთიერთობა მეზობელთან, ამისთვის კი დიალოგს და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here