Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: უკრაინელი ხალხი ქაოსისა და სიღარიბის მეტს ვერაფერს მიიღებს!

აკაკი ასათიანი: უკრაინელი ხალხი ქაოსისა და სიღარიბის მეტს ვერაფერს მიიღებს!

978

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივაზე, მიმდინარე სამართლებრივ პროცესსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება «ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი აკაკი ასათიანი.

 

_ ბატონო აკაკი, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებით ოპოზიციაში, ბევრი კრიტიკული თვალით უყურებს. ძირითადად, ერთი და იმავე შინაარსის შეფასებები კეთდება: ეს შედეგს ვერ მოიტანს, იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და . . თქვენ რას ფიქრობთ, რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ ჯერ ერთი, მიმაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვისაც უნდა იყოს და მეორე _ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიალოგი დაიწყო რაღაც მკაცრი, შეუვალი წინაპირობებით. თუ ამ გზით წახვალ, ეს უკვე დიალოგი კი არა ულტიმატუმია და ულტიმატუმით რუსეთთან ვინ რას მიაღწია, შეგიძლიათ ისტორიას გადახედოთ. პუტინმა თქვა მარტივად და გასაგებად, _ მზად ვარ, მიგიღოთო, ამიტომ ჩვენი მხრიდან ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს შეხვედრა არაფერს მოუტანს, ჩვენვე წარმოგვაჩენს ცუდად მთელი მსოფლიოს, მათ შორის იმ ჩვენი პარტნიორების, თვალში.

_ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტირები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, რა შეიძლება ჩვენმა ხელისუფლებამ კრემლის მესვეურებს შესთავაზოს ის, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი ვერ სთავაზობდა?

_ აქ ამ ეტაპზე რამის შეთავაზება-არშეთავაზებაზე არაა ლაპარაკი. საუბარია იმაზე, რომ მხარეებმა გადადგან რაღაც საწყისი ნაბიჯები და ორ ქვეყანას შორის ელემენტარული კონტაქტი, კავშირი აღსდგეს. ვინც ამას ეწინააღმდეგება, მას ან არ ესმის, რა დამღუპველ პოზიციაზე იმყოფება, ან, უბრალოდ, ავისმსურველია ამ ქვეყნის. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ვერ მივალთ სააკაშვილისებური ზემკაცრი რიტორიკით, ულტიმატუმებით რუსეთთან და ვერ ვეტყვით პუტინს: მოდი ახლა შენ აფხაზეთი, სამაჩაბლო დაგვიბრუნე, ტაო-კლარჯეთიც შემოგვიერთე და მერე ჩვენ ვიფიქრებთ შეხვედრაზე. ვისაც ჰგონია, რომ ამ ფორმით კრემლთან რამის მიღწევა შეიძლება, ვურჩევ, ისტორიას გადახედოს…

_ თავის დროზე პუტინს სააკაშვილიც შეხვდა, მაგრამ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

_ სააკაშვილმა მაშინ ძალიან ხელსაყრელი შეთავაზებები მიიღო და გარკვეული შეთანხმებაც იყო იმავე გაზსადენთან, სადავო ტერიტორიებთან, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მან ეს დაპირებები არ შეასრულა. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანას აქედან, რაც თურმე ჩვენი უდიდესი მიღწევა ყოფილა, ამაზე ისინი ერთადერთ რამეს ითხოვდნენ, _ ჩვენ მივდივართ, მაგრამ სხვა ნურავინ შემოვაო. მე ვთვლი, რომ კარგი პირობა იყო და მაშინდელ ხელისუფლებას ეს უნდა გამოეყენებინა. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა იმ დროს სხვისი მითითებებით იმოქმედა და შედეგიც მალევე მივიღეთ, _ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა, მერე კი იყო ავბედითი მოვლენები აგვისტოში, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტრაგედიაა.

_ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები დღემდე გამოუძიებელია. როგორ ფიქრობთ, თუკი პროკურატურა ამ საქმეს სიღრმისეულად შეისწავლის, შესაძლებელია, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

_ სამართლებრივად ეს უნდა გააკეთონ საგამოძიებო სტრუქტურებმა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით თუ მეკითხებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დანაშაული არის ის, რომ ომამდე მივიდა საქმე. ჩემი აზრით, ესაა დღეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და, როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ საქმის გამოძიება უნდა მოხდეს პირველ რიგში.

_ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმის გამოძიება და მით უფრო სააკაშვილის გასამართლება ამერიკელებს არ აძლევთ ხელს?

_ რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ძალიან უყვართ, აქ სულ სხვა მიზეზია: უბრალოდ, ვინ შეასრულებს მათ დავალებებს, თუ სააკაშვილს არ გამოესარჩლებიან?! ეს წმინდა პოლიტიკური ინტერესია და ამიტომაა, ამათ ბოლომდე რომ იცავენ, თორემ პიროვნულად, მერწმუნეთ, არც მიშა აინტერესებთ ვაშინგტონში, არც ვანო და არც სხვები.

_ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც გკითხავთ: ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მსგავს სირთულეებს, შესაძლოა, საქართველოც წააწყდეს. თქვენი აზრით, გვემუქრება თუ არა რეალურად ეს საფრთხე და რამდენად ვართ ამისთვის მზად?

_ უკრაინული სცენარის ალბათობას საქართველოში ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა: რამდენად სწორად გვაქვს ჩვენ შეფასებული ევროკავშირის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რომ ვიცოდეთ, რის გამკეთებლები უნდა ვიყოთ ამისთვის. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ადექვატური შეფასება არც ოპოზიციაში და არ ხელისუფლებაში არ მომისმენია, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გვაქვს გააზრებული, რას ვირჩევთ.

რაც შეეხება უკრაინას: იქ, ისევე, როგორც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს, ჰგონიათ, რომ ევროპა სამოთხეა, რომ, შევლენ თუ არა მათთან კავშირში, ეკონომიკურად აყვავდებიან, მაგრამ მერწმუნეთ, დახმარება, რომელსაც მათ მსოფლიო ბანკი სთავაზობს, ის დახმარება არ არის, რომელსაც უკრაინელი ხალხი ელოდება.

_ და ამის გამო იქნება იმედგაცრუებაც?

_ დარწმუნებული ვარ, ერთ-ორ წელიწადში იმავე მოედანზე გაცილებით მეტ ადამიანს ვნახავთ უკვე ანტიევროპულად განწყობილს.

_ გამოდის, რომ უკრაინელებმა შეცდომა დაუშვეს? რა მიიღეს ან რას მიიღებენ ისინი რეალურად?

_ უკრაინელი ხალხი ვერაფერს მიიღებს, ქაოსისა და პრობლემების გარდა. ცალკე დგას კიდევ ქვეყნის გაყოფის რეალური საფრთხე, რაზეც პასუხისმგებელია ყველა _ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს საქართველოში, ამიტომ მეტი სიფრთხილე და დაფიქრებაა საჭირო. გაკვეთილები, საუბედუროდ, ძალიან ბევრი გვაქვს მიღებული. ასე რომ, იმედია, ეს ხელისუფლება მაინც აღარ დაუშვებს საბედისწერო შეცდომებს.

_ ევროკავშირისადმი გადაჭარბებული მოლოდინები საქართველოშიც არის.

_ კი, არის და ამის მიზეზია სწორედ ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელშიც საზოგადოება იმყოფება. ხალხმა რეალურად არ იცის, რას მივიღებთ, თუ, ვთქვათ, სასწაული მოხდება და მართლა მიგვიღებენ იმ ევროპულ ოჯახში. არც არავინ კითხულობს, რა გვინდა იქ და რატომაა ეს ჩვენი ისტორიული არჩევანი. აი, ამიტომაა გადაჭარბებული ეს მოლოდინები; თვითონ ევროპლი დიპლომატები ამის გამო შეშფოთებულებიც კი არიან. პირდაპირ ამბობენ ხოლმე პირად საუბრებში: ხალხს ჰგონია, რომ მიგიღებთ თუ არა, ევროპაში უფასოდ ისწავლიან, იმკურნალებენ, დასაქმდებიან და კარგ სამსახურებს იშოვიან; იქნებ მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაციაო. მე პირადად ნეიტრალიტეტის მომხრე ვარ.

_ იძლევა ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ამის საშუალებას?

_ ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია. მოკლედ ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავერკვეთ ჩვენს თავში და დანიშნულებაში საერთაშორისო ასპარეზზე, თორემ ხომ ხედავთ, უკვე სანამდე მივედით: ავღანეთი კიდევ მესმის, იმიტომ, რომ იქ ოდესმე უომიათ ჩვენებს, მაგრამ აფრიკაში თუ ოდესმე ქართველი ჯარისკაცი ფეხს დადგამდა, ვერ წარმოვიდგენდი.

_ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობა ხომ სახელმწიფოს იმიჯისთვის საჭიროა? ყოველ შემთხვევაში, გვარწმუნებენ, რომ ეს ხელს უწყობს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

_ ნებისმიერ მისიასა და კამპანიაში მონაწილეობა საჭიროა, თუ ეს რამეს გაძლევს, მაგრამ ჩვენთან როგორაა, ხომ ხედავთ _ აგერ უკვე 22 წელია, დამოუკიდებლები ვართ, მივდივართ ამ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რომელთა კარიც თურმე ღიაა, როგორც გვეუბნებიან, და ვერაფრით შევედით. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მიხვდე, რომ თავს იტყუებ?! უკრაინაში თავისუფლებისთვის იბრძვიანო, საინფორმაციო ომი რომ იყო გაჩაღებული, ვინმე ედავებოდა მათ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას?! ახლა კი უკვე მართლა სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, იმიტომ, რომ ქვეყნის გახლეჩვის საფრთხე არსებობს. კი იბრიქებოდა იქ უკრაინელი ნაციონალისტთა ლიდერი, ამას არ დავუშვებთო, მაგრამ როგორ არ დაუშვებენ, ძალიან მაინტერესებს, რა, თავს დაესხმებიან ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობას?!

_ ჩვენ ვისაუბრეთ ევროინტეგრაციისთვის საჭირო ცვლილებების პოლიტიკურ ნაწილზე, მაგრამ ეს ყველაფერი ასევე გულისხმობს საკმაოდ რთულ და ფუნდამენტურ იდეოლოგიურ, მენტალურ ცვლილებებსაც საზოგადოების ცნობიერებაში. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებობს სერიოზული შიში ამ პროცესისადმი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა წინააღმდეგობები ელის ქართველ ხალხს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოების გზაზე?

_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სერიოზულ გარდატეხებს უკავშირდება ეკონომიკაში, კულტურაში, ცნობიერებაში. ამას ისინი არც მალავენ; ანუ, მათი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაქვს მავნე ცნობიერება და აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილება. შემთხვევით კი არ ამბობდა სააკაშვილი თითქმის ყველა გამოსვლაში, აი, რამხელა გარდაქმნა მოხდა მენტალობაშიო. ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლისთვისაც დასვეს სათავეში და, სამწუხაროდ, იგივე დავალება აქვს ამ ხელისუფლებასაც. რამდენად კარგად შეასრულებენ, ამაზე მერე ვისაუბროთ…

_ ამ დავალების ერთერთი მთავარი ასპექტი, ალბათ, ეკლესიის დისკრედიტებაა. «ნაციონალებმა» უკვე ღიად დაიწყეს სასულიერო პირების კრიტიკა, მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილმა ორი კვირის წინათ საკომიტეტო სხდომაზე პირდაპირ შეურაცხმყოფელი სიტყვებით ისაუბრა მეუფე იაკობზე.

_ ეკლესია იმთავითვე იყო და, ბუნებრივია, დღესაცაა ე. წ. ლიბერალურ ძალთა მთავარი სამიზნე. ამას თავისი მიზეზები აქვს და ახლა ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. აქ, უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავიაზროთ ყველამ: ვინ დგას ამ პროპაგანდის უკან, რა ინტერესები. მე მგონი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს იცის და ამის ფონზე ჩემთვის მით უფრო გაუგებარია, რატომაა ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტული სწრაფვა იმ სივრცისკენ, რომლიდანაც მოდის ასეთი რიტორიკა.

_ დასაწყისში თქვით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ობიექტური ინფორმაცია ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივაზე. რომ მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია, დამოკიდებულება შეეცვლებათ?

_ როგორც მინიმუმ, რაღაცების გადაფასება მოხდება და დარწმუნებული ვარ, პროდასავლურობა აღარ იქნება პოლიტიკური ვექტორის, ორიენტაციის სიჯანსაღის საზომი. ჩემი აზრით, სწორედ რეალური ალტერნატივა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ყველაზე მეტად, თორემ «ნაციონალები» ვინმეს თუ გააკრიტიკებენ და გალანძღავენ, ამ მკრეხელობისთვის მათ აუცილებლად მიეზღვებათ; იქ გადაწყდება ყველაფერი _ ზეცაში; და «მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი და კბილთა ღრჭენანი». მოკლედ, ვერავინ გაექცევა თავის წილ სასჯელს, თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატ.აკაკი იქნებ მოვითხოვოთ ტელევიზიაში ამ საკითხზე ცალკე გადაცემების მომზადება.აიღეთ ინიციატივა

  2. სავსებით ვეთანხმები ბატონ აკაკის. 18 წელია პოლონეთში ვცხოვრობ. არ არის ჩვენი ადგილი აქ. არავინ არ გველოდება დამერწმუნეთ. ჩვენ თავს ჩვენ თუ არ მივხედეთ, ცუდად წავა ჩვენი საქმე….

  3. საზღვარგარეთიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და ლამის გული გამისკდეს,ვერ გამიგია რა გამოიყენეს ისეთი რომ ხალხი დააშტერეს,სძინავთ მგონი,მაგრამ მგონი განათლების ნაკლებობა ამოტივტივდა.ელემენტარული აზროვნება არ აქვს ხალხს.

  4. და რატომ დუმან და არ აგებინებენ ხალხს ამ ყველაფერს მარტო ოცნება და ნაცობა დარჩა ამ ქვეყანაში მეტი აგარ გვყავს პოლიტიკოსები?რათქმაუნდა ქართულად მოაზროვნეს ვგულისხმობ

  5. უკრაინა განწირულია! ეს რისეთის ხრიკებია და სააკაშვილი სულ მალე ჩააბარებს რუსეთს ყირიმს, როგოც ჩააბარა კოდორის ხეობა და ახალ გორი. ყირიმი გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და რუსეთი ცნობს მას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here