თეატრალურ საგამომცემლო სივრცეში რომ, ჰამლეტის ცნობილი ფრაზის არ იყოს, «Something is rotten» («რაღაც დალპა»), კარგა ხანია, ცნობილია ყველასთვის, გარდა… საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა (თავმჯდომარე _ გ. ქავთარაძე) და მისი «ფლაგმანი» ჟურნალისა «თეატრი და ცხოვრება» (მთ. რედაქტორი _ გ. ბათიაშვილი).
ქართული თეატრის ისტორიის 1500-გვერდიან მონოგრაფიაში რომ აკაკი ხორავას აკაკი ვასაძისაგან ვერ გაარჩევ, გრიგოლ რობაქიძის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პირველივე ერთობლივ ნამუშევრებს («ლონდა», «მალშტრემ») რუსთაველის თეატრის რეპერტუარიდან ამოყრი, შემდეგ კი გრიგოლ რობაქიძეს საერთოდ წაართმევ ერთ პიესას («მალშტრემ») და ვიღაც გადამთიელს (ირლანდიელ ჯ. სინგს) გადაულოცავ, ამასთანავე, მსოფლიოს უპირველეს რომანს («დონ კიხოტი») პიესად გამოაცხადებ, ქართული თეატრის მშვენება ლადო მესხიშვილზე (1857-1920) კი დაწერ, დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945) კინოში გადაიღესო, და ა. შ., მერე კი ყოველივე ამის შემოქმედ თეატრმცოდნეს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (გოგი ქავთარაძე) «ქართული თეატრის პატრიარქად» გამოაცხადებს, ხოლო ჟურნალი «თეატრი და ცხოვრება» ამ მოწოდებას ლოზუნგად აიტაცებს, რა ჰქვია ასეთ, გურულად რომ მოვუქციო, აბდლობებს (თუნდაც ამგვარ ზოგად შტრიხებში მოცემულს), ამის პასუხი თქვენთვის მომინდია, ძვირფასო მკითხველო!
ეს ყველაფერი გასაგებია, იტყვის მავანი, მაგრამ დავითას თავგადასავალი და გოგი ქავთარაძე როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს? რა, ამ ჩვენს საყვარელ მსახიობს მიუძღვისო ბრალი, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თეატრალურ საგამომცემლო სივრცის აბდლობებში?!
დიახ, დიახ, თქვენ ზუსტად ჩაავლეთ, მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, ჩემთა ფიქრთა სავალს, ძვირფასო მკითხველო! რაც თეატრალურ საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში ეს ჩვენი ძვირფასი გოგი ქავთარაძე და ჩემი ნახევარსაუკუნოვანი მეგობარი, სულ ჩავჩიჩინებ შინ და გარეთ (ანუ პირადი შეხვედრებისას თუ საჯარო გამოსვლებში), მიხედე–მეთქი ამ საქმეს, მაგრამ ამაოდ. ვინმეს ეს რომ ლიტონ სიტყვად არ მოეჩვენოს, იძულებული ვარ, ორიოდე ფაქტი მოვიშველიო:
როცა სამი წლის წინათ შემთხვევით გადავაწყდი სრულიად ინკოგნიტოდ გამოსულ სამარცხვინო ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) ბუკლეტს რუსთაველის თეატრის რეპერტუარსა და გასტროლებზე, უმალ პრესით მივმართე ჩემს ძვირფას გოგი ქავთარაძეს, თანაც მეტად სიმპტომატური სათაურით («ღია წერილი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმს, ანუ აქა ამბავი ერთი უავტორო, ურედაქტორო, უკორექტორო, უმთარგმნელო, უსტილისტო, უგამომცემლო და ა. შ. და ა. შ. წიგნისა», გაზ. «24 საათი», 07.X.2011) და მეგონა, აი, ახლა ნახეთ, რა ამბებს დაატრიალებს-მეთქი ჩემი მეგობარი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! მაშინ, ერთი თვის თავზე მეორე ღია წერილი გავუშანშალე («ევრიკა! ღია წერილი საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს, ბ-ნ გ. ქავთარაძეს», გაზ. «ასავალ-დასავალი», 14.XI.2011), ამჯერად უკვე მეორე სამარცხვინო გამოცემაზე (ვ. კიკნაძის «ქართული დრამატული თეატრის ისტორია») და შევახსენე, რომ შენ ახლა კოჭოიას როლის შემსრულებელი კი არ ხარ, ჩემო ძმაო, არამედ შალვა დადიანისა და აკაკი ხორავას სავარძელში ზიხარ და გიმეორებ, მიხედე ამ საგამომცემლო საქმეს, თორემ ცუდ დღეში ჩავარდები–მეთქი და ა.შ.
ისემც ყველაფერი კარგად აგიხდეთ, როგორც ეს ვარაუდი გამართლდა _ მომდევნო (ანუ, 2012) წელსვე თავად მასზე გამოვიდა (დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით) საიუბილეო კრებული (შემდგენელი და რედაქტორი კ. ნინიკაშვილი) და რა ნახეს ჩემმა დასაფსებმა თვალებმა! ყველაფერი მშვენიერია: დიზაინი (მადლობა ხვიჩა ყალაბეგაშვილს), ყდა, თანაც ფერადი, ცარცის ქაღალდი, ილუსტრაციები, მაგრამ ტექსტი _ მტრისას! ვიღაც ჩიტირეკიას მოუნდომებია კომპიუტერზე «გლახაობა» და ჰაიდა! ჩამოურაკრაკებია, რაც კი თითებს მოეპრიანა, თითებს და არა გონებას, რადგან ეს უკანასკნელი, ვაი, რომ აქ არ ჩანს _ არსად, არც ერთ კომპონენტში… ამის მაგალითები რომ მოვიტანო, მთელი ჩვენი 32-გვერდიანი გაზეთი კი არა, სქელტანიანი ჟურნალიც არ ეყოფა და, მოდი, ასე შევთანხმდეთ _ ეგებ თვით ბატონი გოგი ან ამ უწიგნური გამოცემის მესვეურები შევხვდეთ, გნებავთ, ჩვენთან _ რედაქციაში, გნებავთ, თქვენთან _ თეატრალურ საზოგადოებაში და ერთად გადავხედოთ, რა უბედურება დაგვატყდა თავს, რატომ გამოვიდა ასე უპატრონოდ ეს ძვირფასი (პირდაპირი გაგებით), საიუბილეო გამოცემა ქართული თეატრისა და კინოს ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობსა და რეჟისორზე, ცნობილ საზოგადო მოღვაწეზე იმდენად უვარგისი, რომ, როგორც ვიცი, საერთოდ არც გაუტანიათ ბაზარზე… შარშან, როცა გოგი ქავთარაძეს პირადად ჩამოვუწიკწიკე ეს ყველაფერი და ჩემი ვრცელი სტატიაც გადავეცი კრებულის ღირსება–ნაკლოვანებებზე, მითხრა, მოდი, ამ შენს რეცენზიას ჩავდებ თითოეულ ეგზემპლარში და ისე დავარიგებო… გავიდა ერთი წელი და სად გაქრა ის ჩემი 12-გვერდიანი სტატია, დღემდე არ ვიცი.
ასე რომ, ჯერჯერობით, სხვა გზა არ არის, ისევ თქვენმა მონა-მორჩილმა უნდა მოუხადოს ბოდიში ბატონ გოგი ქავთარაძეს, რაკი ჩემი მახვილი ისე ბასრი არ აღმოჩნდა, რომ აქამდე არ მივსულიყავით და თეატრალურ საგამომცემლო სივრცეში ასეთი ბაკქანალია არ გამეფებულიყო…
გოგი დოლიძე,
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კონსულტანტი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი
P.S. ჩემს წინა სტატიაში (12.II.2014) ერთი უზუსტობა გაიპარა _ პირველსავე სვეტში უნდა ყოფილიყო არა ჩვეულებრივი ძ, არამედ მავანის მიერ გამოგონილი ძ, რომელიც ინგლისურ ენაში საერთოდ არ არსებობს და საგანგებოდ იყო მოსაძებნი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ თუ ვერ მოხერხდა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი მისი უდიდებულესობა მკითხველის წინაშე.