Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: ნუ ჩათვლის ბიძინა, რომ ბრმები ვართ

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ნუ ჩათვლის ბიძინა, რომ ბრმები ვართ

644

21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება. გამართლდა თუ არა საზოგადოების მოლოდინი? ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი აფასებს.

 

_ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ხშირად ვხვდები და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხალხის მოლოდინი არ გამართლდა. ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას უკმაყოფილებისა და უკმარისობის გრძნობა აქვს. ხალხს ახალი ხელისუფლების დიდი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ეს მოლოდინი დათესილი იყო ისევ თავად «ქართული ოცნების» და მისი ლიდერის _ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ხალხს ქვეყნის ერთადერთ გადამრჩენად მიაჩნდა. არც ერთი დანაპირები არ შესრულდა. ქვეყანაში ქაოსია, «ნაციონალები» «გულაობენ», გვამადლიან რაღაცებს, ბიძინა კი გვირჩევს, მათ ღიმილით შევხედოთ. თუმცა თავად რატომღაც არ შეხედა ღიმილით, «ნაციონალებმა» რომ ფული წაართვეს, პირველივე შემთხვევაში, თავისი ფული დაიბრუნა.

რაც შეეხება ანგარიშს, მგონი, დროა, თავად ამ მიმართულებითაც, კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელსაც არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია. მისი პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლა მხოლოდ ფორმალობაა. ჩემი აზრით, საერთოდ თავი უნდა დავანებოთ ასეთ ტყუილ-ტყუილ გამოსვლებს, ვინაიდან სააკაშვილის მრავალწლიანი პრეზიდენტობის დროსაც კი ეს გამოსვლები მხოლოდ «ცირკი» იყო, სერიოზულად მის გამოსვლებსაც არავინ აღიქვამდა. სხვათა შორის, ვუყურე სენატის წინაშე აშშ-ის პრეზიდენტის _ ობამას გამოსვლასაც და მინდა გითხრათ, დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუ პრეზიდენტი მართლაც მოქმედი პირია, პოლიტიკოსია, როგორც, მაგალითად, არიან რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასეთ შემთხვევაში, ისინი, წელიწადში ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ უნდა გამოდიოდნენ ანგარიშით პარლამენტისა და საკუთარი ხალხის წინაშე.

 _ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ხელისუფლებას დაპირებების შესრულებაში?

_ იცით, აქ არის ქვეყნის ობიექტური მდგომარეობა და სუბიექტური მიდგომა საკითხებისადმი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მიდგომა საკითხებისადმი  უაღრესად სუბიექტური და არაპროფესიონალური იყო. ივანიშვილს სახელმწიფოს მართვაში არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, რასაც თავადაც არ მალავდა. მას ეგონა, რომ, რადგან წარმატებული ბიზნესმენია და 7 მილიარდი შეაგროვა, ქვეყნის მართვასაც თავისუფლად შეძლებდა, თუმცა ესეც საკამათო საკითხია. მე არ მინახავს პიროვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პატიოსანი შრომით გამდიდრდა, ეს გამორიცხულია. ნუ ჩათვლის ბიძინა, რომ ბრმები ვართ.

_ რა სიახლეებს შესთავაზებს სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას?

_ დღესაც კი ივანიშვილი  თავის გამოსვლებში აცხადებს, რომ ყველა დაპირებას შეასრულებს, მაგრამ ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. როდესაც კაცმა რაღაც არ იცის, ვიღაცას მაინც უსმენს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ივანიშვილი ყურს არავის უგდებს და მიაჩნია, რომ მან ყველაზე მეტი იცის. ასეთი ადამიანისთვის რჩევის მიღებაც წარუმატებელია.

მართალია, ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი წავიდა პრემიერის თანამდებობიდან, მაგრამ დღეს საკუთარი სურვილისამებრ, ყოველგვარი ენერგიის დახარჯვის გარეშე ქვეყანასა და ხელისუფლებას კულისებიდან მართავს. თუმცა თავად ეს _ კულისებიდან ქვეყნის მართვის ტენდენცია, თანაც ისე, როგორც მხოლოდ ერთ კაცს უნდა, ქვეყნისთვის და სახელმწიფო სისტემისთვის დამანგრეველია. პირდაპირ ვამბობ: ჩვენ მივიღეთ ის, რომ ივანიშვილს ჰყავს თავისი ჯიბის პარლამენტი და მთავრობა, ამერიკელებთან შეთანხმებული.  მეტიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში, არასამთავრობო სექტორიც ივანიშვილის იქნება. ბიძინა ივანიშვილი მთელი ქვეყნის მონოპოლიზაციას ახდენს. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია. მივიღებთ ერთი კაცის დიქტატურას მთელ ქვეყანაზე. ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებულია.

_ საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიის კრიტიკა დასაშვებია. «ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას», _ განაცხადა ივანიშვილმა. სასულიერო პირების ნაწილმა ამ განცხადებაში საშიში ტენდენციები დაინახა. რატომ არის ეკლესიის კრიტიკა ასეთი საშიში?

_ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ის იყოს ერთადერთი. ეს რომ ირწმუნა, ამ ბრიყვი ხალხის დამსახურებაა. კი, ბატონო, მადლობა მას სააკაშვილის გაგდებისთვის, მაგრამ ამდენი ქება, როგორც ჩანს, თავში აუვარდა, ჩათვალა, რომ მართლაც გმირია. ბიძინას კი არა, მასზე ძლიერ ადამიანს აუვარდებოდა თავში. აქედან გამომდინარე, ირწმუნა რა თავისი ძალა, მწვერვალიდან გადმოიხედა და დაინახა მეორე ძალა, რომელიც გაცილებით მაღალია. ეს არის პატრიარქი, რომელსაც ხალხი ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე ეთაყვანება და რომელსაც დიდი გავლენა აქვს, ამიტომ საჭიროა მისი გავლენის გაფერმკრთალება. ახლა დაიწყება შეტევა ეკლესიაზე. არ ვამბობ, რომ ეკლესიას ნაკლი არ აქვს, მაგრამ ეს არ არის შარაზე გამოსატანი საკითხი.

_ ფიქრობთ, რომ ვიღაცებს სტიმულს მისცემს ეს განცხადება?

_ ბუნებრივია. ინტერნეტი ხომ სავსეა ეკლესიისა და პატრიარქის ლანძღვა-გინებით, ახლა ტელევიზიებიდანაც იმავეს იზამენ. ამით მან ბიძგი მისცა საზოგადოებას, _ აგინეთ ეკლესია და პატრიარქიო.

_ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ მასპრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ადასტურებს თუ არა ეს განცხადება გავრცელებულ ხმებს ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების თაობაზე?

_ ის, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შეხმატკბილებული ურთიერთობა არ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ხდება უკმაყოფილება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის და მით უმეტეს ჩვენთან. გახსოვთ, ამას წინათ მაია ფანჯიკიძე ჯერ აცხადებდა, რუსეთის პრეზიდენტს არ დაველაპარაკებით, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში მათი საელჩოები იქნებაო, მაგრამ როგორც კი პრემიერმა თქვა, მზად ვარ სალაპარაკოდო, იმწამსვე ყველამ, მათ შორის ფანჯიკიძემაც, აზრი შეიცვალა. ეს ყველაფერი საქართველოსთვის დამახასიათებელი უაზრო, უკბილო პოლიტიკის ბრალია.

_ რუსეთის პრეზიდენტმა 14 თებერვალს ალექსანდრე ჭაჭია საპატიო ორდენით დააჯილდოვა. საგულისხმოა, რომ ეს მოხდა სოჭში პუტინის განცხადების შემდეგ, როდესაც მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგი არ არის. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამით მოსკოვმა თბილისს მიანიშნა, თუ ვის ისურვებდა მასთან საკონტაქტო პირად

_ დიდი ხანია, ალექსანდრე ჭაჭია საქართველოსა და რუსეთის დაახლოებისთვის მოღვაწეობს, რაც, ჩემი აზრით, პოზიტიური მომენტია და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება. სწორედ აქედან გამომდინარე დააჯილდოვა ჭაჭია პუტინმა. მაგრამ ვფიქრობ, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სალაპარაკოდ, მან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იგულისხმა, ალექსანდრე ჭაჭია კი არ არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.

 ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. სრულად ვეტანხმები ამ ადამიანის.რა ტკმა უნდა რტულია, მაგრამ კველაფრის გაკეტება სეიდზლება.ასეტი გაუტავაბელი ლანზგვაც მომაბეზრებელია, მოხსნა იმ ადამიანების ვინც მუსაობდა სხვადასხვა ტანამდებობებზე,/მხდველობასია უბრალო სასუალო მოკალაკეები/.რა ექნატ ,არ ემუსავატ? რა უყონ ოჯახს.უნდა გასამარტლდეს სახელმციფო დამნასავეები,დაისაჯონ.ცამოერტვად უსამარტლოდ მიტაცებული ქონება.კანონს უნდა დაექვემდებაროს ტვიტ პრეზიდენტიც.გამოასცორონ ეკონომიკა.დგეს უკვე არგვევენ კანონს, პრემიას იწერ და ჯიპს კიდულობ,ხალხი მსიერია,ესაა საქმე ამას ვერ ხედავენ?ერტ რაიონსი საქმეს კარგი ოჯახის ქალიც გამოასცორებს ტუ უყვარს ქვეყანა და ხალხი,სირცხვილია .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here