Home რუბრიკები სამართალი ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქების შემკვეთები არ დაუსჯიათ

ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქების შემკვეთები არ დაუსჯიათ

როგორ აშენებდა და არემონტებდა შენობებს სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გამოჩნდა გასულ კვირას, როდესაც ქუთაისის ერთერთ რეაბილიტირებულ უბანში სახლის კედლის ჩამონგრევამ კინაღამ მამაკაცი იმსხვერპლა. და რაკი ეს ამბავი ქუთაისში მოხდა, დავინტერესდით, როგორ ცხოვრობენ 2009 წელს დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპული დედაშვილის ოჯახის წევრები

 

2009 წელს საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია გადაწყვეტილებამ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დიდების მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვებას ეძღვნებოდა. 2009 წლის 18 დეკემბერს ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა მემორიალთან საპროტესტო აქცია გამართეს, პასუხად კი სააკაშვილის ხელისუფლებამ ბეტონის კონსტრუქცია 19 დეკემბერს, დაგეგმილზე ორი დღით ადრე ააფეთქა, რომელსაც დედაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპული დედაშვილის _ ქალბატონი ეკა ცუცხვაშვილისა და მისი 11 წლის გოგონას, ნინო ჯინჭარაძის, გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა სამ პირს დაეკისრა: კერძო კომპანია «საქფეთქმრეწვის» ტექნიკურ დირექტორს _ ავთანდილ დარსაველიძეს, ამავე კომპანიის ქუთაისის უბნის უფროსს _ ელგუჯა გაბადაძესა და თბილისის უბნის უფროსს _ თენგიზ დარახველიძეს. მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის _ გაუფრთხილებლობის შედეგად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა პასუხი არ უგიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დიდების მემორიალის აფეთქების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღეს.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საჭიროა საქმის ხელახალი გამოძიება, რადგან იმხანად გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკურ ზემოქმედებას განიცდიდა და ობიექტური ვერ იქნებოდა:

«ძნელი წარმოსადგენია, რომ გამოძიება ყოფილიყო ობიექტური. ალბათ, გამომძიებელი და პროკურორი მოეთათბირებოდნენ წინა ხელისუფლების პირველ პირებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. საჩვენებლად დასაჯეს რამდენიმე ადამიანი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სრულყოფილად გამოძიებული არ არის. კარგი იქნება, თუ პროკურატურა ამ ფაქტს მიუბრუნდება, რადგან უმძიმესი შედეგი დადგა მაშინ», _ განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ განცხადებიდან წელიწადი გავიდა, მაგრამ საქმის ხელახალი გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა.

უნდა დაიწყოს თუ არა ამ საკითხზე ხელახალი გამოძიება და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს? _ «საქართველო და მსოფლიოს» ამ კითხვაზე ეკა ბესელიას პასუხი ამჯერად არ აღმოაჩნდა. მან მოიბოდიშა და თქვა, ახლა ამ საკითხზე პასუხის გაცემა არ შემიძლიაო. პარლამენტარი ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება ძნელი იქნება.

ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი:

_ კარგად მახსოვს ეს ამბები, რადგან სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ჩამოვედი ქუთაისში ამ ვანდალიზმის გასაპროტესტებლად. იმხანად გადაწყვეტილებებს იღებდა ერთი კაცი _ სააკაშვილი და მის ახირებას წინ ვერავინ ეღობებოდა. მე კვლავ იმ თვალსაზრისზე ვრჩები, რომ აქ პარლამენტი არ უნდა აშენებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი კვლევა უნდა ჩატარებულიყო. ძეგლის ამფეთქებლები კი მოსწრებაზე იყვნენ, სააკაშვილის დავალება რომ შეესრულებინათ, მისი შექება დაემსახურებინათ და გულზე მედლები დაეკიდათ. ძალიან სწრაფად და გაუაზრებლად აკეთებდნენ ყველაფერს და ამიტომაც მიიღეს სამწუხარო შედეგი.

რაც შეეხება საქმის გამოძიებას ძეგლის ხელყოფის ნაწილში, არ ვიცი, რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს ამას… გამოძიების დაწყება ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ იმდენი დანაშაულია ჩადენილი წინა ხელისუფლების პერიოდში, რომ ძალიან ბევრი საქმე, სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული.

გოგი წულაია, ყოფილი პარლამენტარი, პარტია «თავისუფალი საქართველოს» იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

_ ამ ძეგლის აფეთქება ნამდვილად იყო ვანდალიზმის გამოვლინება. აღსანიშნავია, რომ მერაბ ბერძენიშვილის ამ მონუმენტზე საბჭოთა სიმბოლიკის არც ერთი ელემენტი არ იყო, ეს მემორიალი გამოხატავდა ქართული სულის ზეიმს. გამოსახული იყო ქართველი მზეჭაბუკი ხმლით ხელში ქართული ორნამენტებით შემკულ ფონზე, ის არა მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების, არამედ, საზოგადოდ, ქართული სულის გამარჯვების სიმბოლო იყო. ამიტომ ამ მემორიალის დანგრევა იმ მოტივით, რომ ის საბჭოთა გადმონაშთი იყო, რასაც «ნაციონალები» გაჰყვიროდნენ, სრული აბსურდია. სხვათა შორის, გაეროს მიერ მიღებულია რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო არ უნდა დაინგრეს არც ერთ ქვეყანაში. სიმბოლურია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო ააფეთქა, თვითონ აღმოჩნდა ეჭვმიტანილი ფაშისტურ მიდრეკილებებში. ერთ დანაშაულს მოჰყვა მეორე, რამაც, თავის მხრივ, ტრაგედია გამოიწვია. დაისაჯნენ მხოლოდ ქვედა რგოლების წარმომადგენლები, ხოლო დანაშაულის შემკვეთები არ დასჯილან. ამჟამად პარლამენტში არიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მემორიალის დემონტაჟს აპროტესტებდნენ _ ეკა ბესელია, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე და სხვ. იმდენი პოლიტიკოსი იყო მაშინ ჩამოსული ქუთაისში, ჩამოთვლა გამიჭირდება. ახლა მათ კეთილი ინებონ და მოითხოვონ გამოძიება ამ დანაშაულისა, რომელმაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 ჯინჭარაძეები ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 8-სართულიან სახლში ცხოვრობენ. ობლადდარჩენილ გოგონაზე მამასთან, სოსო ჯინჭარაძესთან ერთად, ზრუნავს მამიდა _ ნინო ჯინჭარაძე, ისინი ერთსა და იმავე სადარბაზოში ცხოვრობენ. პატარა ანი უკვე 11 წლისაა და იმ სკოლაში სწავლობს, სადაც მამიდა პედაგოგად მუშაობს. ქალბატონი ნინო ყველაფერს აკეთებს, რათა გოგონას უდედობა არ აგრძნობინოს.

 ქალბატონი ნინოს ბინის ფანჯრები პარლამენტის შენობას უყურებს. მას მიაჩნია, რომ ეს შენობა მისთვის ერთგვარი სურამის ციხეა, რომლის აშენებასაც მისი ოჯახის ტრაგედია დაუკავშირდა.

_ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 45 ჰექტარს მოიცავს, თუკი საჭიროდ მიაჩნდათ აქ პარლამენტის აშენება, აეშენებინათ, მემორიალის აფეთქება რა საჭირო იყო? ტერიტორია, სადაც მემორიალი იდგა, ახლა უფუნქციოდაა. რას ერჩოდნენ ამ მემორიალს, ყოფილიყო! ახალგაზრდები მიდიოდნენ იქ, ახლადდაქორწინებულები, ფოტოებს იღებდნენ… ან შემდეგ რომ თქვეს, იქ მაინც არავინ დადიოდაო, ამის გამო უნდა აეფეთქებინათ?! ცოტაოდენი თანხა გამოეყოთ, დაესუფთავებინათ იქაურობა და მოეწესრიგებინათ, ამ ტრაგედიას ხომ გადავრჩებოდით?! ჩვენ წინაშე ყველამ დააშავა… უბედურების მიზეზი ისიც გახდა, რომ დაგეგმილი 21 დეკემბრის ნაცვლად მემორიალი 19 რიცხვში ააფეთქეს, თანაც, ნაჩქარევად. ხელისუფლებას ეშინოდა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მემორიალის აფეთქების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ გაძლიერებულიყო. ან რა უნდა მომხდარიყო, ჩვენი ქალაქი პოლიტიკური აქტივობით ხომ ისედაც არ გამოირჩევა…

მემორიალი ნაჩქარევად ააფეთქეს. როგორც სასამართლო პროცესზე აღინიშნა, დაცული არ იყო უსაფრთხოების წესები… დაცული რომ ყოფილიყო, ტრაგედია არ დატრიალდებოდა. მოსახლეობა ჩამოგვიყვანეს ეზოში, ჩვენ წინ იდგნენ პოლიციელები, მათაც არ იცოდნენ, ეს ადგილებიც თუ არ იყო უსაფრთხო. აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ბეტონის ნამსხვრევებმა შეიწირეს ჩემი რძლის _ ეკასა და პატარა ნინოს, საოცრად ჭკვიანი გოგონას, სიცოცხლე… _ ამბობს ნინო ჯინჭარაძე.

_ სად ჩატარდა სასამართლო პროცესი?

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სამი პიროვნება იყო განსასჯელის სკამზე. მათ, შესაბამისად, ორი, სამი და ოთხ-ნახევარი წელი მიესაჯეს. შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს. ახლა უკვე გათავისუფლებულები იქნებიან.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხომ არ გიფიქრიათ საქმის ხელახალ გამოძიებაზე?

_ ამ ტკივილის განახლება გვიჭირს, ამ თემასთან მიბრუნებას მეტად აღარ ვაპირებთ. ჩვენ მიცვალებულები გვყავს, მათი საფლავები მოსავლელია…

_ როგორ წარიმართა თქვენი ძმის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

_ წლების განმავლობაში ის ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მოახერხა, დეპრესია დაეძლია და ცხოვრების ფერხულში ჩაბმულიყო… ჩვენ გვყავს საერთო საზრუნავი _ მისი უმცროსი გოგონა, რომელსაც, მართალია, დედის მაგივრობას ვერავინ გაუწევს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, უდედობა არ ვაგრძნობინო. ფსიქოლოგის დახმარებაც კი დაგვჭირდა, ბავშვი ცხოვრების ნორმალური რიტმისთვის რომ დაგვებრუნებინა. ვერიდებით მასთან ამ ტრაგედიაზე საუბარს. სასაფლაოზე ერთად დავდივართ და გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

_ სახელმწიფო თუ დაგეხმარათ?

_ დაგვეხმარა, მაგრამ გთხოვთ, მეტად ნუ ჩამეძიებით, არ მსურს ამ საკითხებზე საუბარი.

ირინა მაკარიძე,

ქუთაისიდან,

სპეციალურად «საქართველო და მსოფლიოსთვის»

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here