Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა პატრიარქზე

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა პატრიარქზე

663

საქართველოს მოქალაქეობის მსურველთათვის მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის კრიტერიუმების გამარტივება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ლგბტ პროპაგანდის ლობირება და პატრიარქის მიმართ ბოლო დროს გახშირებული შეტევები საზოგადოებას უკიდურესად ძაბავს და აღიზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ამომრჩევლებს ეს არ მოსწონთპატრიარქისა და ეკლესიის გაკრიტიკების მოწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მის განცხადებაში სასულიერო პირების, ზოგადად ეკლესიის, მედიისა და ექსპერტების საყოველთაო კრიტიკისა და კონტროლისკენ წამქეზებლური მითითებები პრევალირებდა. «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხებზე უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

 

_ ბატონო დიმიტრი, კრიტერიუმები გამარტივდა და ამიერიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველთათვის მხოლოდ ქართული ენის ცოდნაა სავალდებულო. კანონის თანახმად, მათ არ მოეთხოვებათ საქართველოს ისტორიისა და სამართლის ცოდნა. თქვენ ეთანხმებით კრიტერიუმების ამგვარ გამარტივებას?

_ ქვეყნის დერეფნად გადაქცევა, სადაც ყველა მსურველი თავის ნებაზე მიდი-მოდის, კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს დემოგრაფიული სურათის მკვეთრ ცვლას გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა მიმართ კრიტერიუმების ამგავრი გამარტივება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში იმგვარად გააქტიურდა, რომ 2013 წლის სექტემბერში თურქეთის 2700 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა ისე, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენაზე. ეს მოტივირებული იყო იმით, რომ თითქოს ეს ადამიანები იყვნენ ეთნიკურად ქართული წარმოშობის. ამის შესახებ კი, საზოგადოებისთვის არასდროს არავის არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვერშემდგარ სახელმწიფოთა რიგში ვირიცხებით და ჩვენთვის არჩევითი დემოკრატია მხოლოდ აუსრულებელი ოცნებაა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის ლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებული რეალური ფაშიზმი, ისეთი სისტემის დამყარების მცდელობა, რომელმაც გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჭირვეული ქართველი ხალხის მორჯულება უნდა უზრუნველყოს. დააკვირდით, რესპუბლიკური პარტია, რომელიც, მათი ამერიკელი კურატორების დიდი მონდომების მიუხედავად, არასდროს 3%- არ აცდენია, ბატონი ბიძინას მთავარი ფავორიტი აღმოჩნდა. სწორედ მან მოიყვანა ხელისუფლებაში ის ძალა, რომელსაც «ნაციონალური მოძრაობის» მიერ დაწყებული ყოვლად ანტიქართული პოლიტიკა აქვს დასასრულებელი.

რესპუბლიკელების მხრიდან ბოლო პერიოდში წამოვიდა რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ე. წ.  ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული ანტიზნეობრივი პროცესებისა და ლგბტ პროპაგანდისადმი არალოიალურად განწყობილი სასულიერო პირების წინააღმდეგ. ამ კანონმდებლობით, მათ მიერ ქადაგებისას მრევლის წინაშე წარმოთქმული კონკრეტული ფრაზა თუ წინადადება შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად და კონკრეტული სამღვდელო პირის მიმართ დაიწყოს დევნა. ეს ყველაფერი კი არის  საყრდენის მომზადება დასავლეთის მხრიდან განხორციელებული შეკვეთების ზედმიწევნით შესრულების უზრუნველსაყოფად. ხე ნაყოფით იცნობა, ამ ყველაფრიდან კი ნათლად ჩანს, რომ «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა და კურსი არ შეცვლილა – პირიქით, ანტიქართული მისწრაფებები უფრო გაღრმავდა.

_ მინდა შევეხო ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულ პრეზენტაციასაც. მან სასულიერო პირების მისამართით განაცხადა, რომ ისინიც საჭიროებენ კრიტიკას და მითითებას. საზოგადოებამ კი უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და, იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელიროგორ ფიქრობთ, ამ ნათქვამში ხომ არ ჩანდა ეკლესიაზე კონტროლის დამყარების ფარული სურვილი?

_ რა თქმა უნდა, ეს არის ეკლესიის გაკონტროლების სურვილი. მეტიც, არა მხოლოდ ეკლესიაზე ფარული კონტროლის სურვილი, არამედ აბსოლუტური ამბიცია და პრეტენზია იმაზე, რომ ივანიშვილზე მაღალი რეიტინგით არც ერთი სუბიექტი და ინსტიტუცია არ უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში. მსგავსი ტიპის განცხადებები, მითუმეტეს ეკლესიის მისამართით, მიუღებელია! ეკლესიის, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ინსტიტუციის, მთავარი ამოცანა სულიერებაზე ზრუნვაა. და მისი კრიტიკა ყოფილი პრემიერის მიერ, რომელიც თანამდებობას მხოლოდ ფორმალურად ჩამოშორდა და დღემდე რჩება მმართველი პოლიტიკური ძალის საპატიო თავმჯდომარედ, არის შეუნიღბავი ზეწოლა პატრიარქზე და უხეში ჩარევა ეკლესიის საქმეებში. ასევე სახეზეა მილიონობით მართლმადიდებელი ქართველის რელიგიური გრძნობების ხელყოფა. თქვენ მიერ ხსენებულ განცხადებაში ბატონი ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა სახიფათო და საგანგაშო მესიჯიც გავრცელდა, რომლებიც მედიის კონტროლსა და ექსპერტების აღზრდას შეეხებოდა. სხვანაირად ვერც შევაფასებ მის განცხადებას, როდესაც მის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწება იქნება. შემდეგ კი მითითება კონკრეტული მედიასაშუალებისთვის, მის მიერ მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

აბსოლუტურად გაუგებრად მიმაჩნია ბატონ ბიძინას მიერ გაკეთებული განცხადება ექსპერტების აღზრდასთან დაკავშირებითაც. ექსპერტებს აღზრდა კი არა, დაფინანსება სჭირდებათ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი სტუდენტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები თუ სხვები, სამეცნიერო თემატურ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს, შესაბამისად, მისი არასამთავრობოს მიერ გამოზრდილი და დაკვალიანებული ექსპერტების ობიექტურობის საკითხი, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ადამიანი ჭურჭელია სულიწმიდისა და ტაძარს ყოველი ქრისტიანი ჯერ საკუთარ სულში უნდა აგებდეს. თუკი ადამიანი ტაძრის ამშენებელი მხოლოდ გარეგნული სახით ან ფულადი სახსრებით იქნება, ხოლო მისი სული ამპარტავნობით იქნება დამძიმებული, ამგვარ ქმედებას ნამდვილად არ ექნება მადლი. ვფიქრობ, საზოგადოება ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგად გაიგებს, რისი თქმაც მსურს და დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე მიხვდა, სინამდვილეში რა პროცესებთან გვაქვს საქმე.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

2 COMMENTS

  1. მასონი ჯორჯ სოროსის საუკეთესო მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი გათიშე და იბატონეს პოლიტიკით მიადგა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here