Home რუბრიკები პოლიტიკა სოჭის ოლიმპიური მედლის მეორე მხარე

სოჭის ოლიმპიური მედლის მეორე მხარე

594

7 თებერვალს სოჭში ზამთრის XXII ოლიმპიადა დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ბოიკოტის მომხრეებმა, რომელთა ძირითად ნაწილს «ნაციონალები» შეადგენდნენ, მთავრობასა და საზოგადოებას პოზიცია ვერ შეაცვლევინეს _ «ენდიაის» ბოლო გამოკითხვის თანახმად (ეს ორგანიზაცია «პრორუსულობით» არასოდეს გამოირჩეოდა, უფრო პირიქით), საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში მისაღებია რესპონდენტთა 66 პროცენტისთვის, მიუღებელი კი _ მხოლოდ 17 პროცენტისთვის. ჩვენი ნაკრების ჩასვლა სოჭში რუსულქართული «გადატვირთვის» პირველი ეტაპის ერთგვარ სიმბოლურ დაგვირგვინებად იქცა და, ალბათ, ყველას აინტერესებს, რა მოხდება ორი ქვეყნის ურთიერთობაში ამის შემდეგ.

 

ოპერაცია «ციტადელი»

სოჭის ოლიმპიადას რუსეთისთვის დიდი საიმიჯო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, გაცილებით მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიული ქვეტექსტი, რომელიც ამ პროექტის უკან დგას. გაწყვეტილება სოჭის  განაცხადის შესახებ რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2005 წლის ივლისში მიიღო (შესაბამისად, კრემლმა _ უფრო ადრე). ამას წინ უძღოდა «ფერადი რევოლუციები» საქართველოსა და უკრაინაში, ხელისუფლებაში სააკაშვილის და იუშჩენკოს მოსვლა მკვეთრად პროდასავლური ლოზუნგებითა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილით; მაშინ ყველა როდი ვარაუდობდა, რომ მათი ძალისხმევა კრახით დასრულდებოდა. თუ რუკას დავხედავთ, ვნახავთ, რომ მოსკოვისთვის ნეგატიურ ვარიანტში, სოჭის მიმდებარე რუსეთის ტერიტორია და გასასვლელი შავ ზღაზე «ალყაში ექცეოდა» _ ორი მხრიდან ნატო შესაძლო წევრები, უკრაინა და საქართველო; ზურგში კი ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილური რესპუბლიკები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ანგლო-ამერიკული გეოპოლიტიკის ფარგლებში, რომლის ცენტრალურ იდეას საზღვაო ძლიერება წარმოადგენს, კონტინენტალურ სახელმწიფოებზე ზემოქმედების დროს მთავარ სამიზნედ განიხილება მისი გასასვლელი ზღვაზე. სავარაუდოდ, ამ ნიადაგზე კრემლში დაიბადა პოტენციურად პრობლემურ რეგიონში პოზიციების სასწრაფო გამაგრების გეგმა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიური განაცხადის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არის არაერთი სხვა ქალაქი, რომელშიც გაცილებით უკეთაა განვითარებული სპორტული და «ჩვეულებრივი» ინფრასტრუქტურა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაცილებით მეტი თოვლია.

მომზადებამ სოჭის ოლიმპიადისთვის, მოსკოვს შესაძლებლობა მისცა, შემჭიდროებულ ვადებში აეშენებინა ახალი და განეახლებინა ძველი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, სპორტული ნაგებობები, მოეხდინა ელექტროსადგურების რეაბილიტაცია და გაცილებით მაღალ საფეხურზე აეყვანა რეგიონის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ამასთანავე, გაეკეთებინა უსაფრთხოების სფეროში ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, რადგან ამას ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამართლებდა; რეგიონში საკმაოდ შთამბეჭდავი სამხედრო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ოლიმპიადა დასრულდება, ხოლო ყოველივე ეს დარჩება _ ტერიტორია, 2005 წლის მდგომარეობასთან შედარებით, დღეს გაცილებით მომზადებული ჩანს იმისთვის, რომ შეასრულოს ციხესიმაგრის როლი თავდაცვისთვის და პლაცდარმის როლი წინსვლისთვის (არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც).

მოსკოვი ყრუ თავდაცვაზე გადასვლას არ აპირებს და, აქედან გამომდინარე, რეგიონში მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამი სატრანზიტო პროექტი იძენს, რომელთა რეალიზაციის შემთხვევაში «განახლებულ» კრასნოდარის მხარეზე ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი მაგისტრალი, გადაჭარბების გარეშე, «სტრატეგიული ღერძი» გაივლის. ესენია: ყუბანსა და ყირიმს შორის სარკინიგზო ხიდის აშენება (სტალინის ძველი პროექტი), აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და სომხეთ-ირანის რკინიგზის აშენება (საავტომობილო დუბლირებით). ცალ-ცალკე, ყველა ეს პროექტი ეკონომიკურად წამგებიანია, თუმცა ერთად აღებული არა მხოლოდ მომგებიანი გახდება, არამედ რუსეთის სამეზობლოში გავლენის პროეცირების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს და მის პოზიციებს რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

უკრაინის «მაიდანური ვნებების» გადამკიდე, ბევრმა კომენტატორმა, უბრალოდ, ვერ შეამჩნია, რომ გასულ კვირას, 30 იანვარს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაამტკიცა შეთანხმება რუსეთთან ყირიმისა და ყუბანის დამაკავშირებელი ხიდის აშენების თაობაზე.

ახლო მომავალში აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი დომინანტური თემა გახდება. აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზისა და საავტომობილო ტრასის რეაბილიტაციას გაცილებით ნაკლები დრო და რესურსი სჭირდება, ვიდრე სომხეთ-ირანისა და ყირიმ-ყუბანის დამაკავშირებელი მაგისტრალების აშენებას. მაგრამ ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ ძალისხმევას (და, სავარაუდოდ, დროს) პოლიტიკური წინაღობების მოხსნა მოითხოვს. ამის გაკეთება 2008 წლის ომამდე ვერ მოხერხდა და ახლა კიდევ უფრო რთული იქნება. 

სარკინიგზო მიმოსვლა ბეწვის ხიდზე

2005 წლის 17 დეკემბერს რუსეთის ტრანსპორტის იმჟამინდელმა მინისტრმა იგორ ლევიტინმა ვლადიმერ პუტინს ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე მოუთხრო: «ძირითადი მოვლენა გახდა ქართული მხარის თანხმობა სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე სოჭითბილისის მონაკვეთზე. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საქართველო აპირებს, ეს მონაკვეთი რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად აღადგინოსსაქართველოს პრემიერმინისტრმა პროტოკოლს ხელი მოაწერა». ამის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: «ეს, არსებითად, ჩვენი და პრეზიდენტ შევარდნაძის სოჭის შეთანხმებების რეალიზაციაა. მაგრამ მაშინ, ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს სინქრონიზებული იქნება გალის რაიონში სიტუაციის სტაბილიზაციასთან, დევნილებთან და ელექტროენერგეტიკის პრობლემებთან. მე ცალკე მითითებას მივცემ უშიშროების საბჭოს, რომ ქართველ კოლეგებთან ერთად ამ სიტუაციას შემდგომშიც ყურადღება მიაქციონ». რამდენიც უნდა აკრიტიკონ «ნაციონალებმა» შევარდნაძის ხელისუფლება, ფაქტია, რომ მან მიაღწია იმას, რომ რკინიგზის აღდგენა მიბმული ყოფილიყო დევნილების დაბრუნებასა და კონფლიქტის ეტაპობრივ დარეგულირებაზე და ამას არც რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა. სააკაშვილის ხელისუფლება, რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით, მცირე დროის განმავლობაში ინერციით ამავე ხაზს მიჰყვებოდა, თუმცა ძალიან მალე მუშაობა ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, შეწყვიტა.

დღეს, ომისა და რუსეთის მიერ სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ, სასტარტო პირობები გაცილებით რთულია. ერთის მხრივ, აშკარაა, რომ კრემლი მზადაა პროექტის რეალიზაციისთვის გარკვეული საფასური გაიღოს (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი, პოლიტიკური მნიშვნელობით), თუმცა ათი წლისწინანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, იმ ბონუსების ჩამონათვალი, რომელთაც ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, შესთავაზებს, გაცილებით მოკრძალებულია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე იყო მომენტი, როდესაც მოსკოვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა ოფიციალური თბილისის თანხმობა გარკვეულ საკითხზე; ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დროს მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გადაწყვიტა, თანხმობის სანაცვლოდ რუსეთისგან ყველა წარმოსადგენი დათმობა მიეღო და, როგორც ყოველთვის, მძიმე შეცდომა დაუშვა. კრემლმა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს მიმართა, მათი ზეწოლის გამო სააკაშვილი იძულებული გახდა, უკან დაეხია და ამდენი ვაჭრობის შემდეგ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი რეალური სარგებელი არ მოუტანია. მალე მსგავს სიტუაციაში ახალი ხელისუფლება აღმოჩნდება. რუსეთს სჭიდება მისი თანხმობა, რათა სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო დერეფანი გაჭრას, მაგრამ აშკარაა, რომ ამ თანხმობის სანაცვლოდ ყველა პირობას არ დათანხდება და უარის შემთხვევაში შეიძლება ალტერნატიული (დიდი ალბათობით, საქართველოსთვის მეტად საზიანო) სტრატეგია აირჩიოს. ერთი მხრივ, ღარიბაშვილის მთავრობამ მაქსიმუმის მიღება უნდა სცადოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობის პროცესში ზომიერება გამოავლინოს და არ გადააბიჯოს ზღვარს, რომლის მიღმა შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, ისევე, როგორც სააკაშვილმა _ თავის დროზე.

რა იქნება უფრო გონივრული? პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გამიჯვნა თუ პირიქით _ «ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩადება»? შევარდნაძისდროინდელი დარეგულირების სქემების რეანიმირების მცდელობა? წინა პლანზე დევნილების საკითხის წამოწევა? მთავრობას საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს და მას, ნებისმიერ შემთხვევაში, არაერთი ოპონენტი გამოუჩნდება, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია _ მთავარია შედეგი და იმედია, ის ისეთივე კატასტროფული და სამარცხვინო არ იქნება, როგორც სააკაშვილის მმართველობის წლებში.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აუდიტორიაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მან დააფიქსირა ოფიციალური თბილისის პრინციპული პოზიცია სეპარატისტულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით, მაგრამ, ამასთანავე, პრემიერი, სააკაშვილისგან  განსხვავებით, არ ლანძღავდა რუსეთს ისტერიული ბავშვივით (რაც თავისთავად არაფერს ცვლის), არამედ სავსებით რაციონალურად საუბრობდა მასთან ურთიერთობის დარეგულირების შესაძლებლობებზე. კარგი იქნება, თუ ასეთივე ტონალობაში წარმართავს დიალოგს კრემლთან, რომელშიც სოჭის ოლიამპიადის შემდეგ, სავარაუდოდ, არაერთი ახალი თემა გაჩნდება (რკინიგზა მხოლოდ ერთ-ერთია).

კონსერვატორებო ყველა ქვეყნისა!

თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმის კრახის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების ალბათობა მკვეთრად შემცირდა. რუსეთი, სავარაუდოდ, იომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის (რეალურის და არა წარმოსახვითის) საკითხი დადგება, რადგან სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არშეშვებას მისთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. ამ ეტაპზე კი, როდესაც საქართველოს გაწევრიანება ალიანსში, ფაქტობრივად, დაბლოკილია, ის, სავარაუდოდ, «რბილი ძალის» გამოყენებით იმოქმედებს, რათა თანდათან შეამციროს დასავლეთის გავლენა საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში ევრაზიული ინტეგრაციის იდეა პოპულარული გახადოს.

ბოლო დროს რუსეთში ხშირად ტარდება საქართველოსთან დაკავშირებული სოციოლოგიური გამოკითხვები; გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაადგინოს საზოგადოების შესაძლო რეაქცია თავის «ახალ ქართულ პოლიტიკაზე» და ამისთვის მისი დღევანდელი განწყობისა და აღქმის სტერეოტიპების ტესტირება სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვის შედეგები რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (იგივე «ვციომი») გასულ კვირას გამოაქვეყნა. 1600 რესპონდენტის გამოკითხვა 2-3 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის 42 სუბიექტში ჩატარდა.

რასთან ასოცირდება რუსეთის მოსახლეობისთვის საქართველო?  გამოკითხულთა 37% მიიჩნევს (ეს იყო ე. წ. დახურული კითხვა, ხუთი პასუხის შესაძლებლობით), რომ «ამ ქვეყანას კულტურის სფეროში ბევრი მიღწევა აქვს». 32% თვლის (რაც ომისა და თანმდევი პროპაგანდის კვალობაზე გასაკვირი  ნამდილად არაა), რომ «ამ ქვეყანას რუსეთის მიმართ არამეგობრული განზრახვები აქვს». გამოკითხულთა 29% აზრით, «ეს ქვეყანა მიეკუთვნება იმავე კულტურულ სივრცეს, რომელსაც რუსეთი». რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთანხმა შემდეგ მოსაზრებებს: «ეს კონტრასტების ქვეყანაა, რომელშიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ სიღარიბეში უბრალო ხალხი, ფუფუნებაში კი მდიდრები ცხოვრობენ», «ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის თავისუფლება და დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძლიერი ხელისუფლება» და «ამ ქვეყნის მცხოვრებნი დიდი გაქანებითა და ფანტაზიით მოქმედებენ» (28, 26 და 24 პროცენტი შესაბამისად). ალბათ, საინტერესო იქნება იმ მოსაზრებების (თუნდაც პირველი ხუთეულის) ჩამოთვლა, რომელთაც «ვციომის» რესპონდენტები არ იზიარებენ. 39% არ ეთანხმება მოსაზრებას «ამ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფერო გამართულად ფუნქციონირებს, ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს». 38% უარყოფს მოსაზრებას «ამ ქვეყანაში ხალხი კარგად ცხოვრობს». აგრეთვე, «ვციომის» მიერ გამოკითხული რუსეთის მოქალაქეები არ იზიარებენ საქართველოსთან დაკავშირებულ შემდეგ მოსაზრებებს: «ამ ქვეყნის როლი მსოფლიოში იზრდება», «ამ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება» და «ამ ქვეყანაში წარმოებული საქონელი ძირითადად ხარისხიანია» (35, 33 და 30 პროცენტი შესაბამისად).

როდესაც რესპონდენტებს სთხოვეს, დაესახელებინათ სამი ღირებულება, რომელიც, მათი აზრით, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სოციოლოგებს შემდეგი პასუხი გასცეს: ტრადიცია _ 63%, ოჯახი _ 53%, სიამაყე _ 35%, რელიგიურობა _ 16%, თავისუფლება _ 13%, კანონის პატივისცემა _ 11% (დანარჩენი _ 10%- ქვემოთ). ეს მონაცემები რუსეთის უბრალო მოქალაქეების პოზიციას ასახავს, მაგრამ დაახლოებით იგივე პრიორიტეტები ფიგურირებს რუსი მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების ზოგიერთ განცხადებებში, რომლებშიც ცდილობენ, საქართველოს მდგომარეობა შედარებით ვრცლად აღწერონ. როგორც ჩანს, სწორედ ასეთებად წარმოვუდგენივართ და, სავარაუდოდ, დახლოებით ამ სივრცეში მდებარეობს ის რესურსი, რომელსაც მოსკოვი საქართველოში პოზიციების გაძლიერებისთვის გამოიყენებს.

საქმე ისაა, რომ ყოველივე ჩამოთვლილი კონსერვატორებისა და  ტრადიციონალისტების პრიორიტეტული ღირებულებების რიცხვს მიეკუთვნება (აქ საუბარია შესაბამისი იდეების მატარებლებზე და არა ამავე სახელწოდებების მქონე ქართულ პოლიტიკური პარტიებზე). ახლახან თავის ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთის პარლამენტისადმი ვლადიმერ პუტინმა საყოველთაო ანტიგლობალისტური მობილიზაციისკენ მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ძალებს მოუწოდა და, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ ძალებმა საქართველოშიც გაიმარჯვონ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ იდეების მატარებლები ნებისმიერ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოვლისმომცველ კონფლიქტში შევლენ თანამედროვე დასავლურ ლიბერალიზმთან და გლობალიზაციის ძირითად იდეებთან და პუტინის რუსეთს ბუნებრივ მოკავშირედ აღიქვამენ. მნიშვნელობა არ აქვს, ექნება ამ დაპირისპირებას ისეთი ფორმები, როგორიც მან გასული წლის 17 მაისს თბილისში, ფართო მასების მიერ ლგბტ-აქტივისტების დარბევის დროს მიიღო თუ რაიმე სხვა, მოსკოვისთვის მთავარია, რომ დაფიქსირდეს პრინციპული შეუთავსებლობა (უპირველესად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების) კონსერვატორ-ტრადიციონალისტების ღირებულებებსა და იმ პერსპექტივას შორის, რომელსაც მათ დასავლეთი სთავაზობს. ასე რომ, ყველაზე სასურველ პარტნიორებად საქართველოში კრემლი, სავარაუდოდ, განიხილავს არა მათ, ვინც უბრალოდ ყვირის, რომ «მზე ჩრდილოეთიდან ამოდის», არამედ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, «საშუალო-სტატისტიკურ» კონსერვატორებსა და ტრადიციონალისტებს, რომელთაც ყველაზე მეტად ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების დაცვის პრობლემები აღელვებთ. ეს საკმაოდ სერიოზული რესურსია (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა) და მოსკოვი გააკეთებს ყველაფერს, რათა ის სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტებისთვის გამოიყენოს. შემდეგ კი, როდესაც ანტიდასავლური განწყობა საქართველოში პიკს მიაღევს, გამორიცხული არაა, პუტინმა კიდევ ერთხელ, ამჯერად გაცილებით მკაფიოდ თქვას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია (ცხადია, რუსული ქოლგის ქვეშ), როგორც ეს უკვე ორჯერ გააკეთა სადისკუსიო კლუბ «ვალდაისა» და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე, რომლის შემდეგაც ბრძოლა საქართველოსთვის ახალ სტადიაში შევა, ხოლო ქართულ საზოგადოებაში, საგარეო ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, სწრაფი და მკვეთრი პოლარიზაციის პროცესი დაიწყება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. სადაა სააკაშვილი, თუ არა მაგენს კი უჩვენებდა ოლიმპიადას! რომ დაუშვებდა გრადების წვიმას))))))))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here